რამდენიმე დღის წინ ცისფერ ეკრანზე ეკონომიკის მინისტრი ვიხილეთ, რომლის მოსმენაც, თუ ქვეყნის მტერი არ ხარ, უნდა გაგხარებოდა, რომ საქართველო ბიზნესის წარმოებით 190 ქვეყანას შორის პირველ ოცეულში შევიდა. გვიხაროდა და გვიკვირდა, თუ როგორ გადავუსწარით მთელ რიგ ეკონომიკურად და ბიზნესგარემოს კუთხით ძლიერ ქვეყნებს?
„ქრონიკა+“ ამ თემით დაინტერესდა: რა ხდება სინამდვილეში და რას გულისხმობს ბიზნეს-„წარმოება“ საქართველოში?!
კვლევის თარგმანს, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, „მსოფლიო ბანკის“ საქართველოს ოფისი ავრცელებს. მისი სრული ვერსია მათ ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული:
მერსი ტემბონსი _ „მსოფლიო ბანკის“ რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში: „მსოფლიო ბანკის“ ჯგუფმა „ბიზნესის წარმოება 2017: თანასწორი შესაძლებლობები ყველასათვის“ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა; ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კი საქართველო მესამე ადგილზეა უმაღლესი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის _ მაკედონიისა და ლატვიის შემდეგ. საქართველო, ასევე, იმ მოწინავე 10 ქვეყანას შორისაა, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საკუთარი მაჩვენებლები გლობალური მასშტაბით.
„მსოფლიო ბანკის“ ჯგუფმა გასული წლის განმავლობაში ყურადღება გაამახვილა ელექტროენერგიის მიღების, ქონების რეგისტრაციის, მინორიტარი ინვესტორების უფლებების დაცვის, საერთაშორისო ვაჭრობისა და გადასახადების გადახდის კუთხით გატარებულ რეფორმებზეც. ის აღნიშნავს, რომ საქართველომ აამაღლა ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საიმედოობა მიმწოდებელი კომპანიებისთვის ჯარიმების დაწესებით.
გაუმჯობესდა მიწის ადმინისტრირება თბილისში კერძო მფლობელობაში არსებული ნაკვეთების რუკაზე დატანით. საქართველომ გააძლიერა მცირე ინვესტორების დაცვა აქციონერთა უფლებებისა და როლის გაზრდით ძირითადი კორპორაციული გადაწყვეტილებების მიღებაში და მფლობელობისა და მაკონტროლებელი სტრუქტურების მკაფიოდ განსაზღვრით. ელექტრონული დამუშავების სისტემის გაუმჯობესებით შესაძლებელი გახდა ექსპორტისა და იმპორტის დოკუმენტების უფრო სწრაფი წარდგენა; ასევე დაინერგა წინასწარი ელექტრონული დოკუმენტების წარდგენის შესაძლებლობა. გადასახადების გადახდის სფეროში საქართველომ გააუქმა მოგების გადასახადის დეკლარაციის დამატებითი დანართი და გააუმჯობესა დღგ-ის დეკლარაციების წარსადგენად გამოყენებული ონლაინ სისტემის ეფექტიანობა.
„ბიზნესის წარმოების“ კვლევის მიერ შეფასებულ ხუთ სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველოს წინსვლა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს. ქვეყანა კვლავაც წარმატებულ რეფორმატორებს შორისაა მდგრადი ეკონომიკური ზრდით და გლობალური შოკების მიმართ მდგრადობის გაძლიერებით“.
„ქრონიკა+“-სთან საუბრობს „მსოფლიო ბანკის“ ქართული ოფისის საგარეო საქმეთა მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ინგა პაიჭაძე:
_ პირველად წლევანდელ ანგარიშში შეტანილია გენდერული განზომილება სამი მაჩვენებლით: ბიზნესის წამოწყება, ქონების რეგისტრაცია და კონტრაქტების შესრულება. მათივე ინფორმაციით, აღმოსავლეთი ევროპა და ცენტრალური აზია ერთადერთი რეგიონია, სადაც არ არსებობს ბარიერები ქალებისთვის ახალი კვლევის მიერ შეფასებულ სფეროებში. მაგალითად, რეგიონის თითოეულ ქვეყანაში ქალს ისევე შეუძლია ბიზნესის დაწყება, როგორც მამაკაცს, თუმცა ამ უკანასკნელზე უშუალოდ საქართველოს სტატისტიკური მონაცემები არ გაგვაჩნია.
_ რას გულისხმობს ტერმინი, „საზღვრამდე მანძილი“?
_ კვლევის მიხედვით, „საზღვრამდე მანძილი“ გაუმჯობესებულია 2.48%-ით და ამჟამად ის 80.20%-ია, შარშან კი 77.72%-ს შეადგენდა. მაჩვენებელი „მანძილი საზღვრამდე“ აფასებს იმას, თუ რა მანძილი აქვს გასავლელი თითოეულ ქვეყანას ეფექტიანობის საუკეთესო მაჩვენებლამდე. ეს „საზღვარი“ 2005 წლიდან ბიზნესის წარმოების კვლევის თითოეული ინდიკატორის მიხედვით საუკეთესო შედეგს წარმოადგენს (ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ამ ინდიკატორებზე მონაცემები შეგროვდა). ის გვიჩვენებს სხვაობას კონკრეტული ქვეყნის მაჩვენებლებსა და საუკეთესო შედეგს შორის. აღნიშნული მაჩვენებელი 0-დან 100 ქულამდე ფარგლებში ფასდება. 100 ქულა უმაღლეს შეფასებას, ანუ „საზღვარს“ წარმოადგენს.
ანგარიშში, ასევე, გავრცობილია გადასახადების გადახდის ინდიკატორი, რომელიც ახლა მოიცავს დეკლარირების შემდგომ პროცესებს, როგორებიცაა საგადასახადო აუდიტი და ზედმეტად გადახდილი დამატებითი ღირებულების გადასახადის დაბრუნება. საქართველოს ამ მიმართულებით კარგი მაჩვენებლები აქვს. მაგალითად, მოგების გადასახადის აუდიტთან დაკავშირებული მოთხოვნის შესრულებას, ახლა უკვე, დაახლოებით, 2 საათი სჭირდება, მაშინ როდესაც რეგიონის დანარჩენ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 9-საათს შედგენს.
ბიზნესის წარმოება 2017 წელს გახლავთ მე-14 იმ კვლევების სერიიდან, რომლებიც ბიზნესსაქმიანობის ხელის შემწყობ და შემზღუდველ რეგულაციებს იკვლევს. კვლევაში წარმოდგენილია რაოდენობრივი მაჩვენებლები, რომლებიც 190 ქვეყანაში მოქმედი ბიზნესის რეგულაციებისა და საკუთრების უფლების დაცვის ხარისხის შედარების საშუალებას იძლევა. ბიზნესის წარმოება, ასევე, აფასებს კანონმდებლობის იმ ასპექტებს, რომლებიც 11 სფეროში ახდენს გავლენას ბიზნესის ქმედითუნარიანობაზე. ამ თერთმეტი სფეროდან ათი ბიზნესის წარმოების სიმარტივის წლევანდელ რეიტინგშია წარმოდგენილი. ესენია: ბიზნესის წამოწყება, მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული საქმიანობა, ელექტროენერგიის მიღება, ქონების რეგისტრაცია, კრედიტის აღება, მინორიტარი ინვესტორების უფლებების დაცვა, გადასახადების გადახდა, საერთაშორისო ვაჭრობა, კონტრაქტების შესრულება, გადახდის უუნარობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა. ბიზნესის წარმოება, ასევე, აფასებს შრომის ბაზრის კანონმდებლობას, რაც რეიტინგში არ შედის. „ბიზნესის წარმოება 2017 წელს“ მოყვანილი მონაცემები 2016 წლის პირველი ივნისის მონაცემებს ეფუძნება. ეს მაჩვენებლები გამოიყენება ეკონომიკური შედეგების ანალიზსა და იმის დადგენაში, ბიზნეს-კანონმდებლობის რომელმა რეფორმამ იმუშავა, რა სფეროში და რატომ.
თუ რა რეალური ნაბიჯები გადაიდგა მსგავსი შედეგების მისაღებად და რომელი პოზიციებიდან გადმოვინაცვლეთ ამჟამინდელ მგომარეობამდე, აღნიშნული კითხვებით „ქრონიკა+“-მა ეკონომიკის სამინისტროს მიმართა.
ირმა ქავთარაძე _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე:
_ „მსოფლიო ბანკის“ ბოლო ანგარიშით „ Doing Business 2017“ საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული _ ნაცვლად შარშანდელი 23-ე ადგილისა, ჩვენ მე-16 ადგილზე გადავინაცვლეთ.
ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო მესამე ადგილზეა უმაღლესი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის. 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო დასახელებულია, როგორც რეგიონის ლიდერი ქვეყანა, განხორციელებული რეფორმების კუთხით.
წინა წელთან შედარებით საქართველომ გადაასწრო ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არის გერმანია (მე-17 ადგილი), ირლანდია (მე-18 ადგილი), ავსტრია (მე-19 ადგილი), ისლანდია (მე-20 ადგილი), ლიტვა (21-ე ადგილი), კანადა (22-ე ადგილი), მალაიზია (23-ე ადგილი), პოლონეთი (24), პორტუგალია (25), ჩეხეთის რესპუბლიკა (27), ნიდერლანდები (28), საფრანგეთი (29), სლოვენია (30), შვეიცარია (31), ესპანეთი (32), სლოვაკეთი (33), იაპონია (34), ყაზახეთი (35), რუმინეთი (36), ბელარუსი (37), სომხეთი (38), ბულგარეთი (39), რუსეთი (40), უნგრეთი (41), ბელგია (42), ხორვატია (43), მოლდოვა (44), სერბეთი (47), იტალია (50), მონტენეგრო (51), ისრაელი (52), აზერბაიჯანი (65), თურქეთი (69), უკრაინა (80) და სხვ.
საქართველო 5 ინდიკატორის მიხედვით მსოფლიო მასშტაბით 190 ქვეყანას შორის პირველ ათეულში შედის. ეს ინდიკატორებია: ქონების რეგისტრაცია (მე-3 ადგილი), კრედიტის მიღება (მე-7 ადგილი), მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა (მე-7 ადგილი), ბიზნესის დაწყება (მე-8 ადგილი) და მშენებლობის ნებართვა (მე-8 ადგილი).
აღსანიშნავია, რომ რეიტინგის მიხედვით საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მესამე პოზიციაზე იმყოფება და 10-დან 8 ინდიკატორში ტოპხუთეულში, ხოლო მშენებლობის ნებართვის გაცემის ინდიკატორში პირველ ადგილზეა. საქართველო მსგავსი ეროვნული შემოსავლის (upper middle income) მქონე 51 ქვეყანას შორის მეორე ადგილზეა, ხოლო მშენებლობისა და ქონების რეგისტრაციის ინდიკატორების მიხედვით _ პირველ ადგილზე.
2017 წლის რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატება და საერთაშორისო აღიარება საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგია.
განხორციელებული რეფორმები:
• ქონების რეგისტრაცია _ გაუმჯობესდა მიწის ადმინისტრირება თბილისში კერძო მფლობელობაში არსებული ნაკვეთების რუკაზე დატანით;
• მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა _ საქართველომ გააძლიერა მცირე ინვესტორების დაცვა აქციონერთა უფლებებისა და როლის გაზრდით ძირითადი კორპორაციული გადაწყვეტილებების მიღებაში და მფლობელობისა და მაკონტროლებელი სტრუქტურების მკაფიოდ განსაზღვრით;
• ვაჭრობა საზღვრებს შორის _ ელექტრონული დამუშავების სისტემის გაუმჯობესებით შესაძლებელი გახდა ექსპორტისა და იმპორტის დოკუმენტების უფრო სწრაფი წარდგენა. ასევე, დაინერგა წინასწარი ელექტრონული დოკუმენტების წარდგენის შესაძლებლობა;
• გადასახადების გადახდა _ ამ სფეროში საქართველომ გააუქმა მოგების გადასახადის დეკლარაციის დამატებითი დანართი და გააუმჯობესა დღგ-ის დეკლარაციების წარსადგენად გამოყენებული ონლაინ სისტემის ეფექტიანობა;
• ელექტროენერგიით მომარაგება _ გაუმჯობესდა ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობა, რადგან დაწესდა საჯარიმო სანქციები ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის ხანგრძლივობის დადგენილ ნორმაზე გადაჭარბებისთვის (SAIDI) და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის სიხშირის დადგენილ ნორმაზე გადაჭარბებისთვის (SAIFI). ასევე გაუმჯობესდა მომხმარებლის ინფორმირება ელექტროენერგიის დაგეგმილი გათიშვის შესახებ.
„მსოფლიო ბანკის“ „ბიზნესის წარმოების“ რეიტინგი უნიკალურია იმით, რომ ის ემყარება მხოლოდ ობიექტურ და ყოველმხრივ გადამოწმებულ მონაცემებს და ზუსტად ასახავს, თუ რას აკეთებს მთავრობა იმისთვის, რომ ბიზნესს მუშაობა გაუადვილოს.
ჩვენი ეფექტიანი მუშაობა, რამაც ბიზნესგარემოს გაუმჯობესება გამოიწვია, იმის მტკიცებულებაა, რომ „მსოფლიო ბანკმა“ საქართველო კიდევ ერთხელ აღიარა, როგორც ბიზნესის ხელშემწყობი ქვეყანა და რომ ჩვენ გავატარეთ ისეთი რეფორმები, რომლებიც კერძო სექტორს საშუალებას აძლევს, უმოკლეს ვადებში და დაბალი დანახარჯებით დაიწყოს და განავითაროს ბიზნესი.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს რეიტინგი არ ნიშნავს მხოლოდ ბიზნესის ხელშეწყობას. დასახელებული რეფორმები აუმჯობესებს ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მდგომარეობას.
„მსოფლიო ბანკის“ 2017 წლის რეიტინგი პოზიტიურად აფასებს საქართველოში ქონების რეგისტრაციის მხრივ გატარებულ რეფორმებს და მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის საქართველო კვლავაც პირველ სამეულშია, როგორც ქვეყანა, სადაც ყველაზე ეფექტიანად ხორციელდება ქონების რეგისტრაცია და დაცულია საკუთრების უფლება.
აღნიშნული რეფორმის გატარებამ მოაგვარა საკუთრების უფლების დაცვის პრობლემა. წლების განმავლობაში ქონების რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობდა გარკვეული ხარვეზებით, იყო გადაფარვები. ეს გარემოება პრობლემას უქმნიდა მოქალაქეებს, რომლებსაც არ ჰქონდათ შესაძლებლობა, მარტივი ადმინისტრაციული პროცედურით დაეცვათ საკუთარი უფლებები და არა სასამართლოს გზით.
შედეგად, გატარებული რეფორმა უზრუნველყოფს საკუთრების უფლების დაცვას.
საქართველომ გააძლიერა მცირე ინვესტორების დაცვა აქციონერთა უფლებებისა და როლის გაზრდით ძირითადი კორპორაციული გადაწყვეტილებების მიღებაში მფლობელობისა და მაკონტროლებელი სტრუქტურების მკაფიოდ განსაზღვრით.
გარდა ამისა:
• მნიშვნელოვნად გამარტივდა საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული პროცედურები. მაგალითად, შემცირდა ექსპორტის დოკუმენტაციის შესაბამისობის დასადგენად საჭირო დრო. კერძოდ, 48 საათიდან 2 საათამდე;
• ბიზნესს 92 საათით შეუმცირდა გადასახადის დეკლარირებისთვის საჭირო დრო, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ბიზნესის დანახარჯი და ადმინისტრაციული წნეხი.
„მსოფლიო ბანკის“ რეიტინგში დაწინაურება კარგი გზავნილია საერთაშორისო ინვესტორებისთვის. ეს არის მათთვის დამატებითი სტიმული, რათა მათ არჩევანი გააკეთონ საქართველოზე და ინვესტიციების შემოსვლით, ახალი საწარმოების დაფუძნებით, ახალი სამუშაო ადგილები შექმნან.
ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ეკონომიკის რეფორმირებას და დარწმუნებული ვართ, მიღებული შედეგები ასევე დადებითად აისახება არა მხოლოდ „მსოფლიო ბანკის“, არამედ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ავტორიტეტულ შეფასებებსა და რეიტინგებში.
საქართველოს პოზიცია გასული წლების ანალოგიურ კვლევებში:
2016 წელს, 2012 წელთან შედარებით, „მსოფლიო ბანკის“ „Doing Business “-ის რეიტინგის შედგენისას, მეთოდოლოგია შეიცვალა. შესაბამისად, ის მე-8 ადგილი, რომელიც საქართველოს წინა ხელისუფლების დროს ეკავა, ახლა უდრის 24-ე ადგილს, დღევანდელი მე-16 ადგილი კი იმ მეთოდოლოგიით, რომელიც იყო 2012 წელს, ახლა მე-7 ადგილია. ეს ცალსახად ნიშნავს, რომ საქართველოს წინსვლა აქვს. დღევანდელი მეთოდოლოგიით მაშინდელი სიტუაცია რომ გაზომილიყო, საქართველო იქნებოდა არა მე-8, არამედ 24-ე ადგილზე.
„მაგალითად მოვიყვან „Doing Business “-ის ერთ-ერთ კომპონენტს, რომელიც აჩვენებს, არის თუ არა ქვეყნის მასშტაბით მიწა აზომილი და რეგისტრირებული. ეს ინდიკატორი იმ დროს არ არსებობდა. შესაბამისად, როგორც კი შემოვიდა, საქართველოს პოზიციაც შეიცვალა. ასე რომ, არაფერი არ გაუარესებულა. პირიქით, 2012 წელთან შედარებით ყველა კომპონენტში გაუმჯობესება გვაქვს.
აღსანიშნავია, რომ „მსოფლიო ბანკის“ ანგარიშში ვერ აისახა ყველა ის რეფორმა, რომელიც ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს მთავრობამ განახორციელა. თუმცა ის გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის რეიტინგში, რის გამოც, ვფიქრობ, ჩვენი ქულა და ადგილი გაცილებით უკეთესი იქნება.
ბუნებრივია, „ქრონიკა+“ დაინტერესდა ამ სფეროში არა მხოლოდ ხელისუფლებისა და კვლევის ავტორი ორგანიზაციის, არამედ ექსპერტების მოსაზრებითაც. ისინი ცალსახად აღნიშნავენ, რომ ეს კვლევა აჩვენებს არა შემდეგ განვითარების, არამედ ბიზნესის წამოწყების სიმარტივეს, ანუ რამდენად სწრაფად გავივლით დასარეგისტრირებელ გზას და რამდენად მარტივია გარემო ბიზნესის დასაწყებად?
აკაკი ცომაია _ ექსპერტი:
_ ონლაინ ფორმა რეგისტრირებისთვის, ჯერ კიდევ, ბენდუქიძის დროს დაიწყო და მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა საქართველოში. სწორედ ამან გამოიწვია ამ კონკრეტულ პოზიციაზე ჩვენი დაწინაურება. ასევე, რეგულაციების მნიშვნელოვანი რაოდენობის შემცირებამ და იმან, რომ ბიზნესს არ უწევს ბევრი ლიცენზიისა თუ ნებართვის აღება.
რაც შეეხება ზოგადად ბიზნესის წარმოებას, აქ კრიტიკული წერტილია ბიზნესის დასრულება. რამდენადაც მარტივია წამოწყება, იმდენად მარტივია გაკოტრება. ანუ გაკოტრების შესახებ კანონი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ფაქტობრივად, აქ საჭიროა გარღვევა, რომ ბიზნესის წარმოების კუთხით ჩვენ გადავინაცვლოთ არა 83-ე ადგილზე, არამედ უფრო მნიშნელოვნად წავიდეთ წინ. ეს მოცემულობა კი ინვესტორებს მნიშვნელოვნად უშლის ხელს _ როგორც ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებული ბარიერები, ასევე გაკოტრებასთან დაკავშირებული არსებული გაურკვევლობა.
კვლევის საგანი _ ბიზნესის წარმოება არის კომპლექსური მაჩვენებელი და წარმოებაში ფუნდამენტური მდგენელია ბიზნესის წამოწყების სიმარტივე, ამაში დასრულებაც იგულისხმება და ამ შემთხვევაში კი ცუდი პოზიცია გვაქვს.
პაატა შეშელიძე _ ახალი ეკონომიკური სკოლის დირექტორი, ეკონომისტი:
_ კვლევა სწავლობს ბიზნესის წამოწყების სიმარტივეს, სპეციფიკურ კომპონენტებს, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია ბიზნესის წამოწყებასთან, გადასახადების გადახდის სიმარტივესთან და ძალიან ბევრ სხვა ტექნიკურ საკითხს. ამ პარამეტრების მიხედვით, მაჩვენებელი მაღალია, მაგრამ განვითარება ჭკუაზეა დამოკიდებული. მსგავსი კვლევები ინვესტიციურ გარემოს სწავლობს და ამ შედეგის მისაღებად ბევრი კარგი გადაწყვეტილება მიიღო ახალმაც და ძველმა მთავრობამაც.
ფაქტი კი ისაა, რომ კვლევა კომპეტენტურმა პირებმა დადეს და მასში ჩვენი ქვეყნის მონაცემებმა რამდენიმე ნიშნულით აიწია. საქმე კი ისაა, როგორი სახით მიაწოდებ ამ კვლევას მოსახლეობას ბიზნესის წარმოებისა თუ წამოწყების განსავითარებლად. რამდენადაც მარტივია ბიზნესგარემო დასაწყებად, იმდენად რთულია ბიზნესის შენარჩუნება ამ გარემოში. რიგი კანონი ქონების დეკლარირებასა თუ გაკოტრებასთან დაკავშირებით კრიტიკას ვერ უძლებს. ვინ იცის, იქნებ, ამ კვლევის შედეგებმა გავლენა იქონიოს იმ ინვესტორების დაბრუნებაზე, რომლებიც თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ ჩვენი ქვეყნიდან.
ნინო ტაბაღუა