QronikaPlus
„თიბისი გალერეაში“ ჟურნალ „ანაკლიის“ პრეზენტაცია გაიმართა

„თიბისი გალერეაში“ ჟურნალ „ანაკლიის“ პრეზენტაცია გაიმართა

2016-07-23 10:05:11

 „თიბისი გალერეაში“ ჟურნალ „ანაკლიის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც დეტალურად აშუქებს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებას, ისევე როგორც სხვა ეკონომიკურ, გეოპოლიტიკურ და კულტურულ თემებს. ჟურნალს გამოსცემს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი. მის ავტორებს შორის არიან: აკა მორჩილაძე, გიორგი კეკელიძე, ნათელა გრიგალაშვილი, გოგა ჩანადირი, მანანა ვარდიაშვილი, მერაბ ადეიშვილი, დავით მაჭავარიანი და სხვები. ჟურნალი „ანაკლია“ ორ თვეში ერთხელ გამოვა, მისი ტირაჟი იქნება 3000 ცალი და უსასყიდლოდ გავრცელდება. ჟურნალის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თანადამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე; კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ახვლედიანი; სახელმწიფო სტრუქტურებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ჟურნალის პირველი ნომერი, რომელიც დამსწრე საზოგადოებას უსასყიდლოდ გადაეცა. პრეზენტაცია კონცეპტუალურ ხასიათს ატარებდა.  გვაჩვენეს ზღვის თემატიკაზე შექმნილი არტობიექტი და ვიდეოინსტალაცია, რომელიც ახალგაზრდა არტისტებმა სალომე დუმბაძემ და დიმიტრი დადიანმა მოამზადეს. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი შავი ზღვის სანაპიროზე ოპერირებას გაუწევს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 1000 ჰა-ზე განთავსდება. პორტში გაჩერებას შეძლებენ 10 000 კონტეინერის ტევადობის ხომალდები. პორტი უზრუნველყოფს დიდი ზომის გემების მომსახურებას, რომელთა შემოსვლა საქართველოს პორტებში აქამდე შეუძლებელი იყო. ანაკლიის პორტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად წარიმართება. საქართველოს მოქალაქეებისგან დაკომპლექტდება მშენებლობის ეტაპზე მომუშავეთა 90% და პორტის განვითარების ეტაპებზე დასაქმებულ კვალიფიციურ თანამშრომელთა, სულ მცირე, 40-50%. პორტი ოპერირებას შეუდგება მშენებლობის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 წელიწადში. მამუკა ხაზარაძე - „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: - ა. წ.-ის თებერვალში როგორც კი ჩვენი კომპანია  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის თავისუფალი ეკონომიკური ზონის მშენებლობაში, კონკურენციის შედეგად, გამარჯვებულად გამოცხადდა, ორწელიწადნახევარია  ეს პროცესი მიმდინარეობს. ყველა საკითხი, რომელიც მოლაპარაკების ნაწილი იყო, ამ კვირას დამთავრდა. ახლა მიმდინარეობს წინა მოსამზადებელი სამუშაოები. დაახლოებით წლის ბოლომდე დამთავრდება ყველა ის გეოლოგიური, გარემოზე ზემოქმედებისა და სხვა სამუშაოები საერთაშორისო კომპანიებთან ერთად, ასევე სამშენებლო დოკუმენტაცია. ანაკლიის მშენებლობის პირველი ფაზა დაიწყება გაზაფხულზე და დამთავრდება სამ წელიწადში, რაც ნიშნავს, რომ მიიღებს გემებს და პირველი ფაზის მისი ჯამური ღირებულება იქნება 600 მილიონი დოლარი. პროექტის მთლიანი ღირებულებაა 2,5 მილიარდი დოლარი. ასევე პორტის უკან ვიწყებთ თავისუფალი ეკონომიკური ზონის მშენებლობას, ეს სწორედ იმ დიდი ხელშეკრულების შედეგად გახდა შესაძლებელი, რომელსაც საქართველომ შარშან მოაწერა ხელი. საქართველოს მთავრობას და ჩვენს კომპანიას აქვს ამბიცია, რომ ანაკლია გავხადოთ ცენტრი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს რეგიონში თამაშის წესები, ლოჯისტიკური, ფინანსური და წარმოების წესები, რამეთუ ჩვენ ღმერთმა მოგვცა ეს მდებარეობა და შანსი, რომ მოხდეს ამის მატერიალიზაცია. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ვაწყობთ ჟურნალის პრეზენტაციას, რამეთუ გადაწყვეტილება მივიღეთ, საზოგადოებამ პირველი დღიდანვე იცოდეს იმ მოქმედების, კონტრაქტების, ინვესტიციის და ამბების შესახებ, რომელსაც შეხება ექნება ანაკლიასთან. მადლობას ვუხდი ჟურნალის გამომცემელს მერაბ ადეიშვილს, რედაქტორებს რუსუდან ფანოზიშვილსა და თეონა დოლენჯაშვილს, რომელთაც დიდი შრომა გაწიეს, რომ საინტერესო ჟურნალი მიგვეღო როგორც ინფორმაციული, ასევე ვიზუალური თვალსაზრისით. ამ ჟურნალის მთავარი მიზანია პირველი დღიდანვე მივდიოთ იმ ადამიანების ისტორიას, რომლებიც დღეს ანაკლიაში ცხოვრობენ. შეიძლება ჩვენ ვილაპარაკოთ ეკონომიკურ, საკმაოდ სერიოზულ ზონაზე, შიდა მოხმარების პროდუქტის გაზრდაზე, ფინანსების მოზიდვაზე და ინვესტიციების რაოდენობაზე, მაგრამ ჩვენ გვინდა ეს ყველაფერი მივუსადაგოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ანაკლიაში ცხოვრობენ. იმიტომ, რომ ამით უნდა შეიცვალოს მისი ოჯახური მდგომარეობა, განათლება, პერსპექტივა და სწორედ ეს ჟურნალი იქნება იმის ბარომეტრი,  წლიდან წლამდე როგორ შეიცვლება სოციალური, კულტურული, მატერიალური და ა. შ. სიტუაცია პირველ რიგში იმ რეგიონში. ჩვენ გვაინტერესებს იმ პატარა ბიჭების ბედი, რომელთაც ამ ჟურნალის ფურცლებზე ნახავთ, რომლებიც დღეს ფეხბურთს თამაშობენ დაჭაობებულ სანაპიროზე. ჩვენ გვაინტერესებს იმ მეთევზის ბედი, რომელიც დღეს თევზის ჭერით არჩენს თავის ოჯახს. ეს რეალობა უნდა შევცვალოთ და სწორედ ეს პროექტი შეცვლის ამ რეალობას. ეს იქნება წარმატების განმსაზღვრელი, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი რაც კეთდება, უნდა ემსახურებოდეს იმ ადგილზე მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობას. მადლობას ვუხდი ყველა სტატიისა და სიუჟეტის ავტორს, ჩვენს უსაყვარლეს მწერლებს და პუბლიცისტებს, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობას სიხარულით დაეთანხმნენ და რაც მთავარია, ეს ჟურნალი ორიენტირებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოზიტივზე. ამ ჟურნალში გაშუქდება არა მხოლოდ ანაკლიაში, არამედ მთელ საქართველოში წარმატებული საკითხები და წარმატებული ადამიანების ისტორია. ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოში ყველა წარმატებული საქმე მხარდაჭერილი იქნება ამ ჟურნალის მიერ, იმიტომ, რომ საქართველო შენდება არა ერთ წერტილში. სწორედ ამის გამო ჟურნალში ჩვენ შევქმენით სამეთვალყურეო საბჭო, სადაც გაერთიანებული არიან ჩვენი საზოგადო მოღვაწეები და მათთან კონსულტაციით გაგრძელდება ჟურნალის შემდგომი საქმიანობა. დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოს ეკონომიკის მინისტრი: - პროექტი, რომელმაც უნადა შეცვალოს საქართველოს ეკონომიკა, საჭიროებს მეტ კომუნიკაციას როგორც მოსახლეობასთან, ასევე ინვესტორებთან და ამ მიმართულებით ეს ჟურნალი იქნება ერთ-ერთი წამყვანი ინსტრუმენტი იმისა, რომ ის ძირითადი გადაწყვეტილებები, რომელიც პროექტის მიმდინარეობის პერიოდში იქნება მიღებული, აისახება ამ გამოცემაში. გადაწყვეტილებები, რომელიც უნდა იყოს მიღებული როგორც განხორციელების, მენეჯმენტისა და ტექნიკურ ნაწილში, გამოქვეყნდება და ვიმედოვნებთ, რომ არაერთი მნიშვნელოვანი გამოგონებაც კი შეიძლება გამოქვეყნდეს. რა თქმა უნდა, ეს ჟურნალი  ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კომუნიკაციისთვის. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჩვენ პრაქტიკულად დავასრულეთ მოლაპარაკებები საინვესტიციო ხელშეკრულებაზე, რომელიც ასევე გახლავთ საკმაოდ რთული ხელშეკრულება და რომელიც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ განვახორციელოთ პროექტი. ფაქტია, ჩვენ ვართ მსოფლიოს განვითარების ნაწილი, სადაც მნიშვნელოვანია სტაბილური ამინდი, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური. ჩვენი ხელისუფლება  ყველას ვარწმუნებთ და ვიღებთ ვალდებულებას, რომ საქართველოში იქნება გეოპოლიტიკური სიმშვიდე, იქნება სტაბილურობა. სწორედ ეს უნდა გახდეს წინაპირობა ინვესტიციებისა, რომელიც უნდა ჩაიდოს ჩვენს ქვეყანაში. გიორგი ალიბეგაშვილი - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე: - ამ ღონისძიებაზე ხაზგასმული იყო იმ ამბიციური პროექტის შესახებ, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. ძალიან სასიხარულოა ხაზგასმა იმაზე, რომ ჟურნალი „ანაკლია“ მთლიანად აგებული იქნება პოზიტიურ საკითხებზე და ის არ შემოიფარგლება მხოლოდ ანაკლიის თემატიკით. თავს უფლებას მივცემ და თქვენთან ერთად გზას დავულოცავ ამ ჟურნალს. იმედია, რომ ის იქნება ერთ-ერთი საინტერესო გამოცემა და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის საუკეთესო საქმის ნაწილი. მერაბ ადეიშვილი - ჟურნალ „ანაკლიის“ გამომცემელი: - საქართველო გადადის განვითარების სრულიად ახალ სტადიაში. ამ პორტის აშენება გახლდათ თაობათა უდიდესი სურვილი. ჯერ კიდევ 1964 წელს იყო იდეა, რომ ანაკლიაში პორტი აშენებულიყო, შემდგომ კი, ყველა თაობის ოცნებად იქცა. სანაოსნო მშენებლობაში ორი საერთაშორისო ტენდერიც გამოვაცხადეთ, მაგრამ ამაოდ. ამ პორტის გარშემო ძალიან ცუდი წრე შეიკრა და კარგია, რომ ახლა გაიხსნა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი მასშტაბის პროექტი არ განხორციელებულა. არ განხორციელებულა ინვესტიციები ეკონომიკის განვითარების ზონის თვალსაზრისით და ა. შ. მინდა, ყველა სკეპტიკოსს ვუთხრა, რომელიც ითვლის, რამდენი კონტეინერი იქნება ანაკლიის პორტში, რომ ააშენებენო, ნიკო ნიკოლაძეს კონტეინერები არ დაუთვლია, როდესაც ფოთის პორტს აშენებდა. ავაშენოთ და ყველაფერი იქნება. მსოფლიოში დიდი გადანაწილება მიმდინარეობს. გარშემო ტანკები და სამხედროები გვიდგას, ჩვენ კი ვაშენებთ. შეუძლებელია, ასეთ სერიოზულ პროექტს არ ჰქონდეს მედიამხარდაჭერა. ჟურნალ „ანაკლიას“ აქვს ძალიან პროფესიონალური ნაწილი, დაბეჭდილია კომპეტენტური და საინტერესო სტატიები. ყველა იმ ჯგუფს და ექსპერტს, რომელიც ამ სფეროში კომპეტენტურია, ადგილი  ეთმობა და არ არის გადმოცემული ჭორებზე აგებული ამბები. მეორე ნაწილი დათმობილი აქვს ზღვას, ერთხელ და სამუდამოდ ქართველებმა უნდა გავითავისოთ, რომ საზღვაო ქვეყანა ვართ. ჟურნალში წამოწეულია პერსონები არა მარტო ანაკლიიდან, არამედ შორეული ნაოსნობის კაპიტნებიდან, რომელთა წინაშე ყველამ ქედი უნდა მოვიხაროთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ანაკლია არის აფხაზეთის საზღვარი და ჟურნალში ეს რუბრიკა განსაკუთრებულად არის ხაზგასმული. ზვიად კვაჭანტირაძე - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი: - ამ ჟურნალის გამოცემას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფონზე, როდესაც საქართველოში პრაქტიკულად დაიწყო საუკუნის პროექტის განხორციელება, ანაკლიის პორტის მშენებლობას ვგულისხმობ. ამ პორტის სწორი და გამართული ფუნქციონირებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივ მხარდაჭერას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. ამ ჟურნალს აქვს თავისი გრანდიოზული და შესანიშნავი გეგმები და მხარდაჭერის ძალიან დიდი პოტენციალი. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია ფართომასშტაბიანი რამდენიმე ენოვანი ვებგვერდის ამოქმედებაც. მე ვარ ჟურნალის საკონსულტაციო საბჭოს წევრი და აქტიურად ვიქნები ჩართული თითოეული ნომრის მომზადებაში და შევეცდები, ჩემი ლამაზი კონტრიბუციებიც გავაკეთო ამ ჟურნალში. ალექსანდრე ჯეჯელავა - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი: - თვითონ ანაკლიის პორტისა და თავისუფალი ეკონომიკური ზონის შეფასება ძალიან ძნელია, რადგან ეს არის საუკუნის კი არა, შეიძლება ათასწლეულის პროექტი ვუწოდოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას აკეთებს წარმატებული ქართველი ბიზნესმენი, რომელსაც გული შესტკივა საქართველოზე, საკუთარი საუკეთესო კავშირები აქვს, ფინანსური ინსტიტუტი აქვს. ყველა მხრივ ამ პროექტის განხორციელება ძალიან სასიხარულოა და ასევე ძალიან სასიხარულოა, რომ შედგა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობა. ეს ძალიან კარგი მაგალითია და მგონია, რომ ამით ყველა ვიამაყებთ.  

თამარ ბატიაშვილი

გაზიარება