QronikaPlus
„დაეშის“ პანიკა

„დაეშის“ პანიკა

2016-07-09 08:03:50

ათათურქის აეროპორტის აფეთქება, დასავლეთისა და რუსეთის კორუფციული კრიზისი და გამოსავლის გზები სტამბულის ქემალ ათათურქის აეროპორტში ტერორისტული დივერსიის დროს ბარსელონიდან სტამბულში მოვფრინავდი. ჩვენს დაჯდომამდე, დაახლოებით, 20 წუთით ადრე თვითმფრინავში შუქი ჩაქრა და ლაინერი ავარიულ მართვაზე გადავიდა. მფრინავს სიმაღლეში კლება უკვე კარგა ხნის დაწყებული ჰქონდა და ისევ სიმაღლის აღება მოუწია. ცხადია, მგზავრებში პანიკის ნიშნები გაჩნდა. „აირბასს“ საკმაოდ უცნაური მოძრაობების გაკეთეა მოუწია და მფრინავმა გადაწყვიტა, ეს ყველაფერი მისი მგზავრებისთვის აეხსნა, რომელთა დიდი ნაწილი უკვე ლოცვაზე იყო გადასული, სიკვდილის მოახლოებასთან ერთად რომ სჩვევია ადამიანს: „ქალბატონებო და ბატონებო, მინდა, ერთი მხრივ, ცუდი ამბავი გითხრათ, მეორე მხრივ, აგიხსნათ, რას ვაკეთებთ. სულ რამდენიმე წუთის წინათ სტამბულის ქემალ ათათურქის აეროპორტში აფეთქება მოხდა და ჩვენ იძულებულები ვართ, სხვა ქალაქში გავაკეთოთ ექსტრემალური დაჯდომა. ამ მომენტისთვის იზმირის აეროდრომმა უკვე განაცხადა თანხმობა ჩვენს მიღებაზე და დაახლოებით 40-50 წუთის შემდეგ იმედია, იქ მშვიდობიანად დავსხდებით. როგორც ვიცით, მთელ ქვეყანაში გამოცხადებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული რეჟიმი და წესით, პრობლემები არ უნდა იყოს“. ასეთი განცხადების მოსმენა, სტამბულის აეროპორტში თვითმფრინავის დაშვებამდე 20 წუთით ადრე, საკმაოდ რთული მოსასმენია. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ პილოტის ასეთმა გაბედულმა განცხადებამ თვითმფრინავის თითქმის ყველა მგზავრი ცოტა მაინც დააწყნარა. ამის შემდეგ ლაინერმა, დაახლოებით, საათნახევარი ჰაერში დაჰყო _ იზმირის აეროპორტში დაჯდომამდე დროის შერჩევა იყო საჭირო და ბუნებრივია, ამანაც გარკვეული დრო წაიღო. ბოლოს, როდესაც თვითმფრინავი იზმირის აეროპორტის ლამაზ ასაფრენ ბილიკზე დაჯდა, ცხადია, მგზავრებმა პილოტს ხანგრძლივი აპლოდისმენტებით მადლობა გადაუხადეს. ყოველთვის საინტერესოა კატასტროფის წინ ადამიანების ქცევის პატერნი. ძველი ბერძნები თავის არისტოტელური ტრაგედიის მიხედვით კატასტროფის წინა პერიოდს ანაგნოროზისს უწოდებენ, სადაც ადამიანი ცდლობს, მთელი საკუთარი ენერგიისა და ცნობიერების მარაგის კონცენტრირება მოახდინოს გადარჩენის მიზნით. იზმირში ჩაფრენის შემდეგ აეროპორტში, დაახლოებით, 2 საათი გავატარეთ. ჩვენ შემოგვიერთდა რამდენიმე სხვა რეისის მგზავრები _ მთლიანობაში, დაახლოებით, 1000 ადამიანი დავთვალე, თუმცა თვალი მატყუარაა და რეალური ციფრი რა იყო, არც ახლა ვიცი. „თურქული ავიახაზების“ წარმომადგენლებმა სასწრაფოდ აგვიხსნეს, რომ მათი კომპანია სასტუმროებში განგვათავსებდა და შემდეგ უკვე ჩვენი რეისის ალტერნატიულ დასრულებაზე იზრუნებდა. დაახლოებით ღამის პირველ საათზე რამდენიმე ავტობუსში ჩაგვსხეს და 2-საათიანი მარშრუტის შემდეგ აღმოვჩნდით კარგად ცნობილ კურორტ კუშადასში, სადაც თითქმის მთლიანად ცარიელი სასტუმროები დაგვხვდა. უცნაური შესახედი იყო _ ზაფხულის ზღვის ძალიან მაღალი დონის კურორტი, სადაც რამდენიმე ათასი დამსვენებლის მაგივრად ტერორისტულ აქტს გადარჩენილი ადამიანები იყვნენ. კუშადასში გავატარეთ მორე დღის პირველი ნახევარიც, სადაც საჭმელი ზოგს შეხვდა და ზოგსაც _ არა. დასასვენებელ კომპლექსში ერთი ფრანგი წყვილი და რამდენიმე თურქმენი წვრილშვილიანი ოჯახი შევამჩნიეთ. რა თქმა უნდა, „თურქული მაიამი“ თავისი კიჩური მოწყობითაც გამოირჩევა და საკმაოდ უგემოვნებო ამერიკული სიმღერების გადმოთურქულებულ ვარიანტზე აუზში ახალგაზრდა გოგოებს რაღაც ახალი თამაშის ფარგლებში აჭიდავებდნენ. ამ კიჩური „სპორტშოუს“ გამარჯვებული აღმოჩნდა „მშვენეირი თურქმენი ქალწული“ ჯესიკა, რომელსაც წყალში ჭიდაობის პროცესში მთელი მისი თურქმენი სამოქალაქო და სეკულარული წარმოშობის ოჯახი უჭერდა მხარს. კუშადასის კომპლექსის გარეთ გასვლა არ გვირჩიეს _ ჩემს მეზობლად მცხოვრებმა ისრაელიდან ჩამოსულმა მგზავრებმა „ჭორის რეჟიმში“ მითხრეს, რომ თურქეთი ახლა ომის მდგომარეობაშია _ ერთი მხრივ, მთავრობისა და ქურთების განმათავისუფლებელი ორგანიზაციების დაპირისპირება უკვე დიდი ხანია, მიდის, მაგრამ, მეორე მხრივ, „დაეშის“ წევრებმა, მათი თქმით, უკვე საბოლოოდ გადაწყვიტეს, ბოლო მოუღონ თურქეთის „ევროპა-ცენტრისტული“ და „რუსოფილური“ ტურიზმის ინდუსტრიას. მათ თქვეს, რომ ათათურქის აეროპორტში ჩეჩენი და სხვა ეროვნების მებრძოლების მიერ განხორციელებული ეს ტერორისტული აქტი მარტო ერთი პატარა ნაწილია დიდი ტერორისტული კამპანიისა, რომლის მთავარი მიზანი არის რაც შეიძლება მეტი ევროპელის, ან რუსის, ან, სულაც, ქრისტიანის ან ებრაელის მოკვლა თურქეთის ტერიტორიაზე, რომ ამით სახელი გაუტყდეს ერდოღანის მთავრობას და ტურისტებსაც შეეშინდეთ ყოფილი ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე ჩამოსვლა. კუშადასის დასასვენებელ კომპლექსში ეს უკვე აშკარად შეიმჩნეოდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩვენზე ამან კარგად იმოქმედა _ ამდენი ცარიელი ოთახის პირობებში იზმირში ექსტრემალურად დამსხდარი 1000, ან მეტი მგზავრის განთავსება არანაირი პრობლემა არ იყო. მომსახურე პერსონალიც ძალიან მეგობრულად გვეპყრობოდა და შუაღამისას უფასოდ წყალიც შემოგვთავაზეს, ხოლო დილით _ საჭმელი მათ, რომელთაც 6 საათზე დაძინების შემდეგ 8 საათზე ადგომა შეძლეს. მოკლედ, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ტერორისტულმა აქტმა თავის მიზანს მიაღწია. გარდა იმისა, რომ უდანაშაულო ადამიანების ცხოვრება ასე ტრაგიკულად დაამთავრა, უამრავი მგზავრის ცხოვრებაში ეს სტრესებით სავსე 48 საათი „დაუვიწყარი კოშმარი“ აღმოჩნდა და ახლა უკვე ბევრი მათგანი ორჯერ, ან სამჯერ დაფიქრდება, სანამ არათუ თურქეთში წავა დასასვენებლად, არამედ სტამბულის გავლით დააპირებს ფრენას. ტერორისტებმა სიმბოლური გამარჯვებაც მოიპოვეს, _ ევროპა და არა მარტო ევროპა, ამ 48 საათის განმავლობაში, ნაწილობრივ მაინც, პანიკის რეჟიმში მუშაობდა. იზმირში ყოფნისას ერთ-ერთმა უბრალო თურქმა კარგად ამიხსნა არსებული მდგომარეობა. მისი თქმით, შარშან დაწყებულმა „დევნილების კრიზისმა“ ჩვეულებრივი მოქალაქეები კიდევ უფრო გაამწარა. მილიონობით ადამიანი საკუთარი სახლიდან ძალით აყარეს. უბრალო ადამიანის მოტყუება ცოტა ხნით კი შესაძლებელია პოლიტიკური ელიტებისთვის, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს შეუძლებელია. ხალხი მასობრივად ფიქრობს, რომ მთელი ეს საშინელი ძალადობა გარკვეული ელიტების ეკონომიკურ ინტერესებს და ნავთობის რესურსებზე ბატონობას უკავშირდება. ამის გამო მოსახლეობის დიდი ნაწილი მთავრობის მიმართ უკვე პირდაპირ ზიზღით არის განწყობილი. დასადგურებულია თითქმის სრული უნდობლობა. მართალია, ტერორისტულ ორგანიზაციაში ადამიანების პატარა რაოდენობაა, მაგრამ მათთან მებრძოლი სახელმწიფოსა და ბიზნეს-ისტებლიშმენტის სიძულვილი მოსახლეობას ან ნეიტრალურ მდგომარეობაში აგდებს, ან სულაც მათი სიმპათიები „დაეშის“ მხარეს გადადის. სოციოლოგიური კვლევის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მეთოდი „თანამონაწილეობითი დაკვირვებაა“. სწორედ ამ მეთოდით შეიძლება ყველაზე კარგად გაიგოს ადამიანმა მოსახლეობის ნამდვილი განწყობა. დღეს ახლო აღმოსავლეთშიც, ევროპაშიც, რუსეთშიც და უკვე ჩრდილო ამერიკაშიც საშუალო მოქალაქე ამ სისტემის პირობებში სრულიად გამიჯნული, გაუბედურებული და მარგინალიზებულია, რაც ტერორიზმისთვის არაჩვეულებრივად ნოყიერ ნიადაგს ქმნის. მთელ მსოფლიოში არსებულმა სისტემამ საკუთარი პოზიტიური პოტენციალი, პრაქტიკულად, ამოწურა, მაგრამ არ ჩანს ისეთი ხალხი, რომელიც კრეატიულად მოიგონებს ახალ გამოსავალს ამ კატასტროფული სიტუაციიდან. ძველი წესრიგი აღარ მუშაობს და ახალი ჯერ მოგონილიც არ არის. ასეთი გაუსაძლისი მდგომარეობა უკვე ევროკავშირს გახლეჩითაც ემუქრება _ „კეთილდღეობის საზოგადოების“ კონტინენტსაც. დღეს ევროპაში არსებული კრიზისი გვაჩვენებს, რომ კორუფციის პრობლემა სერიოზულად დგას. საქართველოში საჭიროა ჩამოყალიბდეს ახალი მემარცხენე ძალა, რომელიც არც მემარჯვენე პოპულისტურ პოლუსს აირჩევს და არც კორუფციული ისტებლიშმენტის _ „პეპეს“ გზას. „პეპე“ ესპანეთში საშუალო „გივის“ ნიშნავს. თუმცა დღეს „სახალხო პარტიისა“ და მათი მეგობარი სოციალისტების კორუმპირებული ცენტრისტული მმართველობის შედეგად ვხედავთ დიდ პოლიტიკურ კრიზისს. საბედნიეროდ, ესპანეთში დონალდ ტრამპის მსგავსი მემარჯვენე ექსტრემისტული ხედვის პარტიები ნაკლებად არის _ ეს, ალბათ, იმის ბრალია, რომ „პეპემ“ გენერალ ფრანკოს მომხრეების დიდი ნაწილი შეისისხლხორცა. ამიტომაც აქ კონკურენცია, ძირითადად, ცენტრისტულ ისტებლიშმენტსა და მემარცხენე რადიკალებს შორის მიდის. იგლესიასის „პოდემოსი“, რომელსაც ბევრი ახალგაზრდა ქალი ლიდერიც ჰყავს, წმინდა XXI საუკუნის მემარცხენე ძალაა. ეს არ არის არც XX საუკუნის ყავლგასული ბოლშევიზმი და არც ასევე ყავლგასული და კორუფციაში გასვრილი სოციალისტები, ან სოციალ-დემოკრატები, ეს „ახალი მემარცხენეებია“, როგორც, თავის დროზე, ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენლები წინასწარმეტყველებდნენ. ჰერბერტ მარკუზე, ჯერ კიდევ, 1960-იან წლებში წერდა, რომ ტრადიციულ ბოლშევიკურ, ან, თუნდაც, სოციალისტურ პარტიებს მაინც ტექნოკრატიული სულისკვეთება აქვთ და ისინიც „პეპეებთან“ (ე. წ. სახალხო პარტიებთან, რომლებიც ხალხს კი არა, მდიდრებს წარმოადგენენ რეალურად) ერთად არიან კორპორატოკრატიისა და მათი მომსახურე ბიუროკრატიის წარმომადგენელი ძალა. „პეპეს“ და სოცინტერნს ბოლო 50 წლის განმავლობაში გადანაწილებული ჰქონდათ ისტებლიშმენტის კუთვნილი ძალაუფლება და ფული. ისინი კორუფციამ შეჭამა. ალენ ბადიუ კარგად ამბობს თავის წიგნში, რომ ფრანსუა მიტერანის ხელისუფლებაში მოსვლიდან დაიწყო სოციალისტურმა პარტიებმა რეალურად მტაცებლური კაპიტალიზმის სამსახური. ამან, დაახლოებით, 30 წელიწადს იმუშავა. ამ ტალღაზე მოვიდა საერთაშორისო პოლიტიკაში ყოფილი საბჭოთა კოლონიები თავისი კოლონიური აზროვნებით. დასავლეთ ევროპის ყველა „პეპეზე“ უფრო მეტი კათოლიკე და უზენაესი „პეპე“ სწორედაც რომ ყოფილია საბჭოთა კავშირია. პუტინით დაწყებული და უკრაინა-საქართველოთი დამთავრებული, ყოფილი საბჭოთა კოლონიები არიან ნეოლიბერალური მსოფლიო უსამართლობის ყველაზე ერთგული დამცველები. საქართველოშიც ერთადერთი დისკურსი „პეპეს“ დისკურსია. ლაპარაკი მიდის მხოლოდ მარჯვნივ, უფრო მარჯვნივ და კიდევ უფრო მარჯვნივ. საქართველოში დღეს მხოლოდ ახალგაზრდების მცირე ჯგუფია, რომელიც ბრწყინავს გამართული აზროვნებით _ ეს უნივერსიტეტის ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც მიხვდნენ, რომ ლიბერალიზმი დღეს თავისუფლება კი არა, ციხეა. ეს ახალგაზრდები მიხვდნენ, რომ ლიბერალიზმის ალტერნატივაა მოსაძებნი. მთავარია, ახლა ის შეცდომა არ დავუშვათ, რომ ტრადიციულ სოცინტერნს მივუერთდეთ. ტრადიციული, ცენტრალიზებული სოციალიზმი არ ამართლებს. ჩვენ საბჭოთა კავშირის მაგალითზე უკვე ვნახეთ, რომ ლენინი, ტროცკი, სტალინი და ორჯონიკიძე არ არის გამოსავალი და არც მათი სტუდენტი მაო ძედუნი. ეს, ისევ და ისევ, დომინაციის სისტემაა. ახალი მემარცხენეობა ნიშნავს დომინაციაზე უარის თქმას _ და არა მარტო ეკონომიკური თანასწორობის მოპოვებას, არამედ მულტიფაქტორულის, ანუ მრავალხმიანი პარადიგმის ფარგლებში რასობრივი, ეთნიკური, გენდერული და ყველა სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მივიღოთ „მთლიანი ადამიანის“ თანასწორობა. დიმიტრი უზნაძის ეს არაჩვეულებრივი ტერმინი დღეს მთელ მსოფლიოში მოდაშია. ახალი აზროვნების პოლიტიკური მოღვაწეები მეტს და მეტს ლაპარაკობენ „ჰოლისტურ“ (ანუ მთლიან) გადაწყვეტაზე. აქ შედის ის, რომ უარი უნდა ითქვას რასისტულ დომინაციაზეც (რასაც საბჭოთა ბანაკი ყოველთვის აკეთებდა რეიგანის ამერიკასთან ერთად). უნდა დავიწყოთ განვითარება ე. წ. „გლობალურ სამხრეთთან“ ერთად, სადაც უკვე ეკონომიკური და სოციალური განვითარების მთავარი ცენტრები ინაცვლებს. დღეს ყველაზე სწრაფად განვითარებული დემოკრატია მსოფლიოში გალხავთ ინდოეთი. უდიდესი სახელმწიფო, რომელსაც ბირთვული იარაღიც კი აქვს. „ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის ქვეყანა“ დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყანას საგრძნობლად უსწრებს განვითარების ტემპებით და მაღალი ტექნოლოგიების ათვისებით. ასევე ძალიან გაძლიერდნენ სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, ჰონ კონგი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა კი უკვე მდიდარი სახელმწიფოა, იაპონიაზე აღარაფერს ვიტყვი. აღმოსავლეთის მთელი რიგი ქვეყნები დიდი აღმავლობის გზაზე არიან და ცხოვრებაც იქ ბევრად უფრო დინამიკურია, ვიდრე „ჩრდილოეთის“ ცენტრებში _ რუსეთსა და ევროპაში. რუსეთი და აღმოსავლეთ ევროპა მთლიანად გამო-პეპე-ვებულები არიან. დასავლეთ ევროპას და ჩრდილო ამერიკას იდეოლოგიური კრიზისები აქვთ _ მათ სჭირდებათ ახალი იმპერიულ-მესიანური იდეა, რადგან მისი არსებობის გარეშე ტექნოკრატია ამ ქვეყნებს ჭამს. მაგრამ ტექნოკრატიის „მითოლოგიზაციის“ პროცესი წარმატებული ვერ გამოდგა. ხალხი ამ მითებში მხოლოდ საშინელ შეთქმულების თეორიებს ხედავს. როლან ბარტის ეს არაჩვეულებრივი ანალიზი კარგად უდგება თანამედროვე დასავლურ ცხოვრებას. დღევანდელი ახალი მემარცხენეობა უნდა იყოს ზომიერად სულიერი მოძრაობა და არა ბოლშევიკურ-იაკობინური ტერორისტული ათეიზმი. თავსმოხვეულმა ათეიზმმა უარესი შედეგები გამოიღო და არათუ ვერ გაიმარჯვა, არამედ უარესი ტიპის პოსტმოდერნული ფუნდამენტალიზმის მიზეზი გახდა. „პეპეს“ ისტებლიშმენტი ამ პრობლემას ვერ ხედავს და ცდლობს, რელიგიურ საკითხებზე ითამაშოს. დღეს კი მთავარი რელიგიური საკითხი პირდაპირ სახარებიდანაა მოწოდებული: 6 მილიარდი ღატაკი რამდენიმე ათას მდიდარს კარზე უკაკუნებს და სთხოვს, რომ შიმშილით არ დახოცონ, მდიდრები კი კარს არ უღებენ. ახლა მათ ბრექსიტის კარი ააშენეს და ტრამპი კი საერთოდ ღობის აშენებას ჰპირდება, ხოლო ეს ახალგაზრდა ქალები კი უფრო მეტ სიმართლეს ამბობენ. იქნებ, მართლაც იმის დრო მოვიდა, რომ ადამიანური ფილოსოფიის გამტარებლებად სწორედ რომ ასეთი ახალგაზრდა ქალები იყვნენ, როგორიც ეადა კოლაუა, ან კიდევ ვირჯინია რეჯი. და ჩვენთანაც არიან ეს ახალგაზრდა ქალები და კაცები. სულ ცოტა ხნის წინათ უნივერსიტეტის დე-სუს-იზაცია სწორედ ამ ჯანმრთელმა ძალებმა მოითხოვეს. და საქართველოს გამო-პეპე-ვებული მდგომარეობიდან გამოყვანაც, იქნებ, მათ შეძლონ. ჩვენთან ერთად, რა თქმა უნდა. „დაეშის“ პანიკა გამო-პეპე-ვებული და დისფუნქციური დასავლური მოდელის გამოსადეგარი მდგომარეობის ბრალიცაა. ამ სისტემას ვერ შეცვლიან კარგი ტექნოკრატები. ამ მდგომარეობას კარგი გააზრება სჭირდება და ახალი ხედვის გამომუშავება. ისეთი ხედვის, რომელიც უბრალო მოქალაქისთვის პოზიტიურ გამოსავალს დატოვებს.  

                                                                                                                ირაკლი კაკაბაძე

 

გაზიარება