QronikaPlus
ოდესური სერობა და კულუარული დაპირისპირება „ენმ”-ს ვერტიკალში!

ოდესური სერობა და კულუარული დაპირისპირება „ენმ”-ს ვერტიკალში!

2016-07-08 07:40:21

ენმ-ში ყველა თუ არა, რეგიონული ორგანიზაციების ლიდერები მაინც, 2012 წლის შემდეგ, სულ ელოდნენ, რომ ქვების შეგროვებიდან სროლაზე გადასვლის დრო დადგებოდა და ეს დროც დადგა: სააკაშვილმა ისინი ოდესაში იხმო. არა, აქ იმ ქვების სროლას სულაც არ ვგულისხმობთ, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა რომ თავიანთ აქტივისტებს მწვანე აუნთეს _ პოლიტიკურ ბრძოლაზე ვსაუბრობთ. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის აწეწილ-დაწეწილ გრაფიკშიც გამონახა დრო, რათა შიდაპარტიული სამომავლო გეგმებისთვის მიეხედა. ოდესის შეხვედრა უცებ არ დაგეგმილა. კულუარული ინფორმაციით, ამ შეხვედრას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, პირველ რიგში, ენმ-ს ცენტრალურ ოფისში. არავისთვის დასამალი არაა, რომ ენმ-ში სააკაშვილის როლსა და მნიშვნელობაზე პარტიის ვერტიკალს არცთუ ერთიანი პოზიცია აქვს. უფრო სწორად, ყველა თანხმდება, რომ სააკაშვილი რეგიონული მნიშვნელობის პოლიტიკოსია და ენმ-ში სიტყვა კვლავ ეთქმის, მაგრამ, ამავე დროს, ეს „სიტყვა“, ვერტიკალის აზრით, გადამწყვეტი არ უნდა იყოს და გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტსაბჭოზე, უმრავლესობით უნდა მიიღებოდეს. ერთ-ერთი ვერსიით, ამ პარტიული წყობის მომხრეებს (და ეს წყობა სხვა, დემოკრატიულობით ცნობილი დასავლური პარტიების წყობიდანაა აღებული) ოდესაში შეხვედრის ჩატარების საკითხის გატანაც პოლიტსაბჭოზე უნდოდათ, რასაც სააკაშვილის მხრიდან მძაფრი წინააღმდეგობა შეხვედრია. ჩვენი ინფორმაციით, არა იმიტომ, რომ სააკაშვილს ეშინოდა, საკითხი ჩავარდებაო, არა: მიხეილ სააკაშვილთან, ანუ ამ პარტიის დამფუძნებელთან და მასთან ორგანულად დაკავშირებულ პირთან შეხვედრის ჩატარება-არჩატარებაზე მსჯელობა მისი, როგორც პოლიტიკური ფიგურის, როგორც ენმ-ს პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ძალის ავტორიტეტსაც აყენებდა ეჭვქვეშ, ბუნებრივია, არა თვითონ ენმ-ს შიგნით, არამედ გარე პოლიტიკური ძალებისთვის. სააკაშვილი კი, როგორც ვიცით, არაფერს ისე არ უფრთხილდება, როგორც თავის პოლიტიკურ წონას, ამიტომ მან თავისი გაიტანა და ოდესაში შეხვედრა შედგა, თანაც, ისე შედგა, რომ მას ენმ-ს ყველა გამოკვეთილი ლიდერი დაესწრო, როგორც რეგიონულ, ასევე ცენტრალურ დონეზე. რა მოუტანა ამ შეხვედრამ ენმ-ს? სწორი აღმოჩნდა თუ არა მიშას პოლიტიკური გათვლა? შეხვედრიდან, სულ რაღაც, ერთი კვირის შემდეგ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ენმ-მ წინასაარჩევნოდ უკვე ჩაიწერა ქულები: რეგიონული ლიდერებისთვის, რომლებიც, თითქმის ყველანი, მიხეილ სააკაშვილის დროს ადგილებზე ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ და სააკაშვილი, შესაძლოა, ბევრჯერ არც კი ჰყავდათ ნანახი ლაივში (რასაკვირველია, ყველა რეგიონული ლიდერი არ იგულისხმება) ოდესაში, არაფორმალურ გარემოში სააკაშვილთან მოხვედრა და მასთან კონტაქტის საშუალება წინასაარჩევნო დოპინგი აღმოჩნდა _ ყოველი ასეთი შეხვედრის შემდეგ ჩნდება დეჟავიუს განწყობა და მტკიცდება ხელისუფლებაში დაბრუნების რწმენა, ამ რწმენის გარეშე კი არჩევნებზე სერიოზულ შედეგს ვერ დადებ, მოწინააღმდეგესთან შედარებით მუხტსა და „ჟილკას“ ვერ გამოაჩენ... რაც შეეხება თვითონ შეხვედრის დეტალებს, ის არ იყო მხოლოდ ერთი და მხოლოდ დიდ, მრგვალ მაგიდასთან, როგორც ეს ოდესაში გადაღებული მწირი ფოტო და ვიდეომასალიდან ჩანდა: მიხეილ სააკაშვილი პარტიის რეგიონულ ლიდერებსა და წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა, ცალ-ცალკეც შეხვდა. რასაკვირველია, შეხვედრებზე იმას გაესვა ხაზი, რომ სადაც წვრილია, იქ უნდა გაწყდეს, ანუ „ქართული ოცნების“ სუსტ მხარეებზე დარტყმას _ სოციალური თემები, ხელფასები და პრემიები, კრიმინალი და გაჩერებული პროექტები. ამ მხრივ განსაკუთრებული დავალებები მაინც სამეგრელოს წარმომადგენლებმა მიიღეს. სამეგრელოდან შეხვედრას თენგიზ გუნავა და ლაშა დამენია ესწრებოდნენ. იქვე იყო ზუგდიდის ყოფილი გამგებელი ალექსანდრე ქობალია. როგორც ლაშა დამენიამ განმარტა, ის ოდესაში პირად საქმეზე იყო ჩასული და შეხვედრას არ ესწრებოდა, როგორც პარტიის წარმომადგენელი, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ალექსანდრე ქობალია ზუგდიდის დამოუკიდებელი ტელეკომპანია „ოდიშის“ მფლობელია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის ოდესაში სააკაშვილთან შეხვედრაზე შემთხვევით და პირად საქმეზე არ მოხვედრილა _ რასაკვირველია, წინასაარჩევნოდ რეგიონული მედიაომიც მოსაგებია და ეს კარგად ესმის მიხეილ სააკაშვილსაც, მით უმეტეს, როცა ახსოვს, რამდენად დიდი როლი ითამაშა „ოდიშმა“ 2003 წელს სრულიად სამეგრელოს მობილიზაციის დროს... როგორც კულუარებიდან შევიტყვეთ, გაფართოებული შეხვედრა, სადაც რამდენიმე კამერა მუშაობდა, უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებდა _ ძირითადი თემები დახურულ კარს მიღმა იყო განხილული. სააკაშვილის განწყობა ყველასთვის გასაგები გახდა _ არ ვიცით, ნამდვილად მან გამოიყენა თუ არა ეს ფრაზა დახურულ კარს მიღმა, მაგრამ პირად საუბრებში ორმა რეგიონულმა ლიდერმა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ქართულ რეალობაში კარგად ცნობილი, არცთუ ჰუმანური ფრთიანი გამოთქმა ახსენა, სადაც ავადმყოფი, საწოლი და სექსუალური აქტი ფიგურირებს, ანუ უფრო ჰუმანურად თუ მოვთარგმნოთ, შეხვედრებზე გადაწყდა, რომ ქვების შეგროვების ხანა დასრულდა და ახლა ქვების სროლის ჟამი დგება _ პოლიტიკური ქვების... კონკრეტულ დავალებებს რაც შეეხება, თუ ბოლოდროინდელ კვლევებს გავითვალისწინებთ, ენმ-სთვის არცთუ უტოპიურად ჟღერს: თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში, მინიმუმ, მეორე ტური, ხოლო აჭარასა და სამეგრელოში _ გამარჯვება პირველსავე ტურში. სააკაშვილის ამ მოთხოვნებში გადამწყვეტი როლი, სავარაუდოდ, გამოკვლევების შედეგების ცოდნამაც ითამაშა. მან უკვე იცოდა, რომ: „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ყველა სხვა პარტიის რეიტინგი შემცირებულია, მათ შორის, ჩვენგან წასულ, ახლად შექმნილ პარტიებს საერთოდ პულსი არ ესინჯებათ“. ასევე, სააკაშვილს ეკუთვნის ეს ციტატაც: „ყველაზე მეტად კი ის გამიხარდა, რომ ჩვენი ადგილობრივი ლიდერები კარგ ფორმაში და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან“, _ ანუ მან თავისი ჯარისკაცებისგან პოლიტიკური ბრძოლისთვის მზადყოფნის პირობა მიიღო. „ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა ჩავატაროთ წინასაარჩევნო კამპანია და რა მიმართულებით. ვიმსჯელეთ ჩვენს საარჩევნო კანდიდატებზეც. ყურადღება გავამახვილეთ ასევე იმ შეცდომებზე, რაც ხელისუფლებაში ყოფნისას დავუშვით. მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ, ასე ვთქვათ, იქნება ერთი დიდი შერიგება, რადგან ქართულ პოლიტიკას ძალადობა და აგრესია უნდა ჩამოვაშოროთ“, _ აღნიშნა შეხვედრის შემდეგ ზუგდიდში ჩასულმა ენმ-ს საარჩევნო შტაბის ლიდერმა, ლაშა დამენიამ. ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დავით მჟავანაძე კი ამბობს, რომ ეს შეხვედრა უკანასკნელი არ არის და შეხვედრას არჩევნებამდე კიდევ რამდენჯერმე გამართავენ, რათა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი მიხეილ სააკაშვილთან გაიარონ: „ვისაუბრეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ. აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტიდან ვიყავით წარმომადგენლები. ძირითადი საუბარი იყო რეგიონებში შეჩერებულ პროექტებზე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო დაგეგმილი. ისაუბრა დღევანდელი ხელისუფლების პრობლემებზე. სააკაშვილმა თქვა, რომ მისი მომავალი საქართველოს უკავშირდება, რის გამოც მან ბევრჯერ თქვა უარი ძალიან მაღალ თანამდებობებზე, რისი შეთავაზებაც ჰქონდა. თქვა ის, რომ ამ არჩევნებს ვიგებთ და ხელისუფლებაში ვბრუნდებით. აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც ყველა ოლიგარქი,  ერთჯერადი მოხმარებისთვის არის გამოყენებული და ის ვერ შეინარჩუნებს ხელისუფლებას“. მოკლედ, ოდესის შეხვედრით, რომელსაც იქ დაგეგმილი, ვარშალომიძის ხმაურიანი დაბრუნება მოჰყვა, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ენმ-ს ბირთვში, მის მხარდამჭერებსა და აქტივისტებში შეუცვლელი ფიგურაა და რომ მისი ქარიზმატულობა, პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები და ფორმები, ასევე, შეუცვლელია და მათი ჩამოწერა ნაადრევია. ენმ-ს კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ოდესის მასშტაბური შეხვედრით მიხეილ სააკაშვილმა ენმ-ს ლიდერის ფუნქცია დაიბრუნა, რისგანაც მის დისტანცირებას „ნეონაციონალები“ აშკარად თუ ფარულად ცდილობდნენ. წარიმართება თუ არა ენმ-ს წინასაარჩევნო კამპანია მიხეილ სააკაშვილის სცენარით, თუ ერთგვარი სიმბიოზი შემუშავდება, უახლოეს მომავალში გამოჩნდება.  

                                                                                                              ლაშა ბერულავა

 

გაზიარება