QronikaPlus
ცეზარ მაღლაკელიძე: „ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე და პროკურორი ჩემი ქონების წართმევას ცდილობენ!“

ცეზარ მაღლაკელიძე: „ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე და პროკურორი ჩემი ქონების წართმევას ცდილობენ!“

2016-06-17 11:12:44

  შპს „საირხის“ დამფუძნებელი ცეზარ მაღლაკელიძე ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარეს და რაიონულ პროკურორს მის მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებში სდებს ბრალს. როგორც მაღლაკელიძე „ქრონიკა+“-თან აცხადებს, დავით ხუსკივაძის მეშვეობით, რომელსაც მისი ფირმის 25%-იანი წილი სასამართლომ, თავის დროზე, კორუფციული გარიგების შედეგად მიაკუთვნა, ზესტაფონელი მაღალჩინოსნები ქალაქის ცენტრში არსებული კუთვნილი ტერიტორიის წართმევას, დიდი რაოდენობით თანხის გამოძალვასა და მის ციხეში გაშვებას ცდილობენ. „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ცეზარ მაღლაკელიძე: _ შპს „საირხე“ 1995 წლიდან ფუნქციონირებს. ვფლობთ ტერიტორიას, რომელზედაც განთავსებულია ტანსაცმლის ბაზრობა. თავიდან შპს-ს 100%-იანი წილის მფლობელი ვიყავი, ახლა 75% მაქვს. 2007 წელს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე სიმონ ჩხაიძემ, ღიად და აშკარად, კორუფციული გარიგებით, ჩემი წილის 25% დავით ხუსკივაძეს მიაკუთვნა. ძალიან დიდი ისტორიაა და ძველი ამბების გახსენებით თავს არ მოგაბეზრებთ. მოკლედ გეტყვით: იმერეთში მოღვაწე მაშინდელი მაღალჩინოსნები სასამართლოსთან გარიგდნენ იმიტომ, რომ ხუსკივაძეს მათი უსიტყვო დავალებები შეესრულებინა. „კანონიერი ქურდებიც“ კი ჩარიეს, გამიტაცეს ბორჯომის ტყეში, 12 საათი ხეზე ვიყავი დაბმული, რომ ჩემი ქონება დამეთმო. ბოლოს დათო ხუსკივაძისთვის წილის 25% მიმაცემინეს და, როგორც გითხარით, ეს ადამიანი არის შირმა. _ ვინ არის დავით ხუსკივაძე და როგორ იყენებდნენ მას? _ 2006 წელს იმერეთის მაშინდელმა  გუბერნატორმა მუმლაძემ, როდესაც ხუსკივაძე „მოქალაქეთა კავშირიდან“  „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადავიდა, „ზესტაფონგაზის“ დირექტორად დანიშნა, მაგრამ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი თანხები შემოეჭამა და იძულებული გახდნენ, დაეკავებინათ. პასუხისგებაში მისცეს, გაასამართლეს, მაგრამ მუმლაძე რის მუმლაძე იყო, საქმე არ ჩაეწყო. იმ დროისთვის უკვე შს მინისტრის მოადგილე გახლდათ, ამიტომ ხუსკივაძეს 2008 წელს 5 წლით პირობითი სასჯელი მიუსაჯეს, რომლის ვადა 2013 წელს გავიდა. ასეთი სასჯელის ქვეშ მყოფი პიროვნება „ქართული ოცნების“ დროს შპს „მექანიზატორის“ დირექტორად დაინიშნა, რომელიც სახელმწიფოს 100%-იანი საკუთრებაა. 2009 წელს ჩემს ფირმაში შემოვიდა ფინანსური პოლიცია, რაიონის პროკურორმა და რიგითმა პროკურორმა კობა სირაძემ ხუსკივაძეს რაღაც გამოგონილი ბრალდებები დააწერინეს, თითქოს მილიონები შევჭამე, ბიუჯეტს თანხებს ვუმალავ და ა. შ. დასავლეთ საქართველოში თავისი სიმკაცრით განთქმულია ელდარ ქირია. რომ გაიკითხოთ, ფინანსურში ამაზე მკაცრი გამომძიებელი ბოლო 30 წელი საქართველოში არ ყოფილა. ამ კაცმა და მისმა გუნდმა წელიწადნახევრის განმავლობაში 60-ჯერ დამკითხეს, ჩემ გარშემო დაკითხა 500 კაცი. წელიწადნახევრის ძიების შემდეგ, 2010 წლის 24 დეკემბერს, დადგენილება გამოიტანა, რომ ცეზარ მაღლაკელიძეს 2000-დან 2009 წლამდე არ ჩაუდენია არანაირი სისხლის სამართლის დანაშაული, არ მიუთვისებია სახელმწიფო ქონება. მხოლოდ საგადასახადო კოდექსის მიხედვით დამაჯარიმეს 500 ლარით. „ოცნებას“ რომ არაფერი გამოუვიდა, ისევ დათო ხუსკივაძის გამოყენება სცადეს. ზესტაფონში აგრარული ბაზრის მოვაჭრეების აჯანყება იყო. ამ ხალხს ხუსკივაძე მიეტმასნა, საკუთარ სახლში ორი შპს დააფუძნა და, თითქოს, როგორც დაჩაგრული და დევნილი ისე შევიდა მაშინდელ მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილთან. არადა, ის შპს-ები იმიტომ დააფუძნეს, რომ ფერადი ლითონი გაეტანათ. ნახაზები ჰქონდათ, თუ როგორ უნდა გაეკეთებინათ გვირაბი შპს „საირხის“ ბაზრობასთან დასაკავშირებლად. კბილაშვილთან შეხვედრის შემდეგ საოლქო პროკურატურამ 2010 წლის ისევ საოლქო დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ გააუქმა და საქმის წარმოება განაახლა. კბილაშვილი ამ ე. წ. დაჩაგრულებს დახმარებას შეჰპირდა. სწორედ კბილაშვილის კაბინეტში დაიგეგმა ცეზარ მაღლაკელიძის ციხეში გაშვება. შეხვედრის დამადასტურებელი ფოტომასალაც გვაქვს, სადაც სწორედ ეს ადამიანები არიან აღბეჭდილნი. საინტერესოა, რა უნდოდა ამ ხალხს აგრარულ ბაზართან, მით უმეტეს, ხუსკივაძეს?! რა თქმა უნდა, არანაირი დანაშაული არ დამტკიცდა, მაგრამ საქმე დღემდე არ დამთავრებულა. ასეთი მეთოდით რომ ვერ გამიშვეს ციხეში, პოლიციის დახმარებით ჩემს საწყობშიც კი სცადეს იარაღის ჩადება, მაგრამ გავიგე და ვერაფერს გახდნენ. _ ახლა როგორ იყენებენ? _ ისევ მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში და გირაო შეუფარდეს, რომ ჩემ წინააღმდეგ გამოიყენონ. პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგვისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მითვისების ფაქტზე დააკავეს: ზესტაფონის სერვისცენტრის მენეჯერი დავით ხუსკივაძე, ბრიგადის მენეჯერები: გრიგოლ გელხვიიძე, ვარლამ ბარამაძე, ავთანდილ ლომინაშვილი და ახალციხის სერვისცენტრის ბრიგადის მენეჯერი ივანე სარალიძე. გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ 100%-იანი წილით დაფუძნებული შპს „მექანიზატორის“ ოპერატორებს ევალებოდათ, ხვნის ბარათების საფუძველზე ფერმერებისთვის მიწის ნაკვეთები უსასყიდლოდ დაემუშავებინათ, ხოლო ასეთი ბარათის არქონის შემთხვევაში ფერმერსა და შპს „მექანიზატორს“ შორის უნდა გაფორმებულიყო შესაბამისი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ფერმერისთვის მომსახურების გაწევა შპს „მექანიზატორის“ საბანკო ანგარიშზე სამუშაოს საფასურის შეტანის შემდეგ უნდა მომხდარიყო. მიუხედავად ამისა, წინასწარ შემუშავებული სქემის თანახმად, ზესტაფონის სერვისცენტრის მენეჯერ დავით ხუსკივაძისა და ბრიგადის მენეჯერების: ვარლამ ბარამაძის, ავთანდილ ლომინაშვილისა და ახალციხის სერვისცენტრის ბრიგადის მენეჯერის ივანე სარალიძის დავალებით, შპს „მექანიზატორის“ ოპერატორები, ამავე საწარმოს ტექნიკით, ფერმერებს ხვნის ბარათებისა და შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე უსრულებდნენ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს. აღნიშნული სამუშაოებისთვის მიღებულ თანხას, ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანისა, ხუსკივაძე, ბარამაძე, ლომინაშვილი და სარალიძე ხელზე იღებდნენ და ინაწილებდნენ. აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით შპს „მექანიზატორის“ ზესტაფონის სერვისცენტრის თანამშრომლებმა 2014 წლის განმავლობაში, საერთო ჯამში, სახელმწიფოს მიაყენეს დიდი ოდენობით _ 260 783,14 ლარის ზიანი. გამოძიებით ასევე დადგიდა რომ, იმავე პერიოდში, მენეჯერმა დავით ხუსკივაძემ და ბრიგადის მენეჯერმა გრიგოლ გელხვიიძემ, ფერმერებისთვის მიწის ნაკვეთების უსასყიდლოდ დასამუშავებლად მიღებული 46 570 ლარის ღირებულების დიზელის საწვავი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგეს, რითაც სახელწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ზიანი. აღნიშნულ პირებს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, რაც ოთხიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ახლა ჰპირდებიან, რომ ისევ პირობით სასჯელს მისცემენ, თუ მე გამანადგურებენ. ამ ყველაფერში ჩართულია რაონის პროკურორი, საკრებულოს თავმჯდომარე და კიდევ სხვა ბევრი ადამიანი, მაგრამ ყველაზე მეტად ესენი მებრძვიან. დღეს სანდო წყარომ შეგვატყობინა, რომ დავით ხუსკივაძესთან ერთად სხვა ბრალდებულებს შპს „მექანიზატორიდან“, ისევ კორუფციული გარიგებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, სადაც პროცესზე იქნება პროკურორი ლეპერტი, ბრალდებულებს შეუცვლიან მუხლებს და აღმკვეთ ღონისძიებად გაუფორმებენ საპროცესო გარიგებას. სავარაუდოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ აწყობს ამ საქმის ხმაურით დამთავრება. ამის შესახებ ლაპარაკობენ ადვოკატებიც, რომლებიც ამბობენ, პროკურატურა გვეხვეწება, საპროცესო გარიგებაზე დაგვთანხმდით და სასამართლო პირობით სასჯელს გამოიტანსო. ეს ინფორმაცია სანდოა და ამ პროცესებში ერთ-ერთი მონაწილისგან გავიგეთ. როგორც ჩანს, ამიტომ მალავენ დავით ხუსკივაძის 2008 წელს ნასამართლეობას სახელმწიფო ქონების დატაცების ფაქტზე. _ რატომ არის, მაინცდამაინც, ამ ტერიტორიის გამო ასეთი დიდი ინტერესი? _ ზესტაფონი ძალიან მცირემიწიანია, ჩემი ბაზრობის ტერიტორია მოიცავს 5000 კვ.მ.-ს, აუდიტის დასკვნით რომ შევაფასოთ, 1 კვ.მ. მიწა 170-დან 200 დოლარამდე ღირს, მაგრამ ეს მხოლოდ ფულში არ არის გამოხატული. საქმე ის გახლავთ, რომ ამ ტერიტორიაზე ათასნაირი რამის აშენება შეიძლება, ქალაქის მთავარი ღერძი ქუჩაა. რუსთაველის ქუჩა პარალელურად მდებარეობს. სწორედ ხუსკივაძემ ჩამოიყვანა აქ ვიღაც მაფიოზები და მიდის ამოთხრა. მთავარი საიდუმლო: რუსთაველის ქუჩა არის 1 კმ სიგრძის, სიგანით 30 კვ.მ. და ყოფილ საკოლმეურნეო ბაზარს მიჰყვებოდა, ჩვენ შორის შუაში 20-30 მ-ია და უნდოდათ, ჩემი ტერიტორიაც მიეერთებინათ. 3 დღის წინათ ხუსკივაძე მოვიდა და ამბობს, _ დავით მაღრაძეს უნდოდა, მაგრამ ახლა არ აქვს 300 000 ლარიო. საკრებულოს თავმჯდომარეზე ლაპარაკობს. საკრებულოს თავმჯდომარეს შევუთვალე, _ ხუსკივაძე ასეთ რამეს ამბობს-მეთქი... მაგრამ რეაგირება ნულია, მიუხედავად იმისა, რომ ათასნაირი დოკუმენტაცია და ვიდეომასალა მივუტანე, სადაც ჩემი გატაცებების ამბებია ასახული. ამის გამო გუშინ აქცია მოვაწყვე. რომელ სამართალდამცველებზეა ლაპარაკი, ახლოს არავინ მომეკარა. ჩემი მოთხოვნა მხოლოდ ერთია, _ ნუ იქნება ადამიანი კანონის მიერ აბუჩად აგდებული, 72 წლის კაცს რატომ მიმეტებენ განადგურებისთვის?! ზემოთ გითხარით, რუსთაველის ქუჩა გადათხრილია, ლიცენზირებული საქმიანობა მიდის და ერთ წელიწადზე მეტია, დაკეტილია. როგორც გითხარით, ხუსკივაძემ თავის საკუთარ სახლში რამდენიმე შპს დააფუძნა, ეს მაფიოზური დაჯგუფება ვამხილე და ირაკლი ღარიბაშვილს მივწერე, როცა პრემიერ-მინისტრი იყო, _ ამ მაფიოზების შეკვეთით აუქციონი 10 000 ლარად კი არ უნდა მოეწყოს, მინიმუმ, ნახევარი მილიონით მაინც უნდა დაიწყოს-მეთქი. 3 დღეში ის აუქციონი გაუქმდა, ახალი აუქციონი ჩატარდა და 550 000 ლარად გაიტანეს. ხედავთ, რა ხდებოდა?! ერთი კვირით ადრე 10 000-ად გაჰქონდათ! ამ საქმეში ერთ-ერთი, ვისი ხელიც ერია, ახლა გარდაცვლილია, _ ამირან გიორგაძე, რუსეთში 4 კაცი რომ მოკლა ამ 5-6 თვის წინათ, ხუსკივაძეც მასთან იყო შემძვრალი. შავი პროექტი ვნახე, ამ დაჯგუფებას ხელში უნდა ჩაეგდო ეს ტერიტორიები, „საირხის“ ადგილი ავტომანქანების სადგომად უნდა გამოეყენებინათ. _ ხუსკივაძე თქვენი შპს-დან დივიდენდებს თუ იღებს? _ კანონით მას ეკრძალება სახელმწიფო სამსახურში ყოფნაც და კონკურენტი საწარმოების დაფუძნებაც. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო სამსახურში წავიდა. ამის შესახებ მას, მინიმუმ, პარტნიორთა კრებისთვის უნდა მიემართა. ამას რომ თავი დავანებოთ, ამ პერიოდში, რაც წილის მფლობელი გახდა, უკანონოდ 143 000 ლარი აქვს მიღებული, რომელიც სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიაკუთვნა. მან სწორედ დივიდენდების მიღების თაობაზე იჩივლა სასამართლოში. უიმედოდ გავასაჩივრე უზენაეს სასამართლოში, თუმცა მოსამართლე ალავიძემ ეს გადაწყვეტილება გააუქმა და პირდაპირ დაწერა, რომ დივიდენდების განაწილება, კრებების ჩატარება და ა. შ. ეს არის მხოლოდ შიდასამეწარმეო საქმიანობა, ეს არის მათი პრეროგატივა და არც ერთ სასამართლოს უფლება არ გააჩნია, რომ მიაკუთვნოსო. ამის მიუხედავად, სასამართლოს მეშვეობით 11 000 ლარს ითხოვს. არაოფიციალურად, ქუჩურად კი, ასტრონომიულ თანხებს ითხოვს. იყო დრო, 40 მილიონს ითხოვდნენ, ახლა 200 000-ზეა ლაპარაკი, ეს თანხა მომეცი და 25% წილს დავთმობო. ასეთი არაფერი მინახავს! წლების განმავლობაში, მონაცვლეობით უამრავი ხალხი იყენებს ხუსკივაძეს, რომ ეს ტერიტორია წამართვან! 43 წლის შვილი მომიკლეს, ამ დროს ჩემი მეუღლე სიმსივნით იყო დაავადებული, კვდებოდა, 2 თვის განმავლობაში საჭმელს არ ჭამდა, ამიტომ სახლში ვერ მივასვენე, სამსახურში 2-სართულიანი ადმინისტრაციული შენობა მაქვს და იქ დავასვენე, სხვა გზა არ მქონდა. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, გარდაცვლილი შვილი ბაზრობის შენობაში დავასვენე, მეორე დღეს 8 პოლიციელი დამეცა, შიგნით შემოვიდნენ, კიდევ კარგი, იმ დროს მეორე ოთახში ვიყავი. დაითხოვეს იქ მყოფები, ჩემი ბაზრობის დაცვის 2 თანამშრომელი დაისწრეს და კუბო გაჩხრიკეს. ამოიყვანეს ჩემი შვილი, თითქოს კუბოში იარაღი მქონდა შენახული. ეს ყველაფერი ხუსკივაძის საჩივრის საფუძველზე მოხდა, ასეთი გარეწარი ადამიანია! 2012 წელს რესტორანში მცირე სუფრაზე მოხვდა ჩემი მეგობარი, რომელიც 20 წელია, არ მინახავს. იქ შემთხვევით ახსენეს ცეზარ მაღლაკელიძე, ამან ყურები დაცქვიტა, ბოლოს უკითხავს, _ ზესტაფონელი ხომ არ არისო? და კიო, _ უთქვამთ. იმ სუფრაზე თქვეს, _ რა გახდა ეს კაცი, კარით წიხლი და ყვირილაში გადააგდეთო. სწორედ იმ სუფრასთან იჯდა დღევანდელი საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გაქანებული „ნაციონალი“ იყო. გახსოვთ, ქიბარ ხალვაშს რესტორანი რომ დაუწვეს თბილისში, ადეიშვილთან პირდაპირ დაუძახეს, 2 ადამიანი ახლდა, რომელთაგან ერთ-ერთი ჩემი მეზობელია. ხალვაშს უთხრეს, _ ეს ტერიტორია ჩვენ მიერ მითითებულ ადამიანზე უნდა გადააფორმო, თორემ პრობლემებს შეგიქმნითო. ამათ რომ დაუსვეს კითხვა, _ ვისზე უნდა გადავაფორმოთო? უპასუხეს, _ როცა მიხვალთ, ის კაცი იქ დაგხვდებათო. ჩემი მეზობელი ამბობს, რომ წამოვიდნენ, იქ დათო მაღრაძე დახვდათო. ახლა ეს კაცი აპირებს, ზესტაფონში იყაროს კენჭი, პარლამენტი მოუნდა, იმიტომ, რომ იმუნიტეტი ჰქონდეს. ყველაფერი რომ გავიხსენო, თქვენი გაზეთი არ ეყოფა. დამერწმუნეთ, საქართველოს ყველა კუთხეში მყავს ნაცნობები, ახლობლები, კომუნიკაცია მაქვს და ვიცი, ამაზე უპატრონო რაიონი არ არსებობს, ამინდის პროგნოზშიც არ ვართ! მარტო მკვდრებს აცხადებენ ტელევიზორში, ეს არის ზესტაფონი! აქ გამგებელია ტარიელ თუთარაშვილი. ჩემს პრობლემებთან დაკავშირებით შევხვდი, დამეხმარა, რაც შეეძლო და რაც მის კომპეტენციას შეეხებოდა, უწესიერესი კაცია, მაგრამ მაღრაძის მაფიას ვერ ერევა. ჩვენს დეპუტატ გოგი ქავთარაძეს ჩემი 20-წლიანი ისტორია წინ დავუდე, როგორც თქვენ არ წაგიკითხავთ, ისე _ მას. ჩემთვის ის კაცი მსახიობია და პატივს ვცემ, მაგრამ როგორც დეპუტატი არც მიყვარს და არც პატივს ვცემ! „ქრონიკა+“ კომენტარისთვის ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით მაღრაძეს დაუკავშირდა: _ საერთოდ, ამ კაცს ახასიათებს ასეთი რამეები. მე ცეზარს არ ვიცნობ. როცა საკრებულოს თავმჯდომარე გავხდი, თვითონ მოვიდა ჩემთან, იმის დამადასტურებელი რაღაც საბუთები მომიტანა, რაზედაც ბატონ ხუსკივაძესთან დავა აქვს. თვითონ ჩამაყენა საქმის კურსში და დახმარება მთხოვა. მაშინვე ავუხსენი, რომ ეს არ იყო საკრებულოს საქმე, მით უმეტეს, საქმეს სასამართლო იხილავს. ვუთხარი, რომ ამ საქმეში ვერანაირად ჩავერეოდი და ერთმანეთთან ვერ მოვარიგებდი. ეს იყო და ეს, ამ კაცს მხოლოდ ერთხელ შევხვდი. არც დათო ხუსკივაძეს ვიცნობდი, მას შემდეგ გავიცანი, რაც საკრებულოს თავმჯდომარე გავხვდი და ის იყო შპს „მექანიზატორში“. თავისთავად მქონდა ურთიერთობა სოფლის მეურნეობის პროგრამიდან გამომდინარე და ვხვდებოდით ხოლმე. ახლა აღარც „მექანიზატორის“ დირექტორია, არც მინახავს და არც შეხება მაქვს. მისი საკითხის ირგვლივ რომ სასამართლო დავები აქვს ხუსკივაძესთან, ისევე ვიცი ყურმოკვრით, როგორც სხვა ადამიანებმა. შიგნით რა ხდება, არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ცეზარი ცდილობდა და დღესაც ცდილობს, ხელისუფლება ამ დავაში ჩაითრიოს, არ ჩავრეულვართ. არც ის ვიცი, აქედან რა სარგებლის ნახვას ელოდება. რაც შეეხება დანარჩენს, ისეთი საინტერესო ზღაპრები მომიყევით, ქიბარ ხალვაშს შეეკითხეთ და იმ ადამიანს ეცოდინება, თუ ასეთი რაღაც ხდებოდა და ქვეყანას ვაქცევდი, პროკურატურა უნდა დაინტერესებულიყო. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ახლოსაც არ გავკარებივარ და ეს ყველაფერი ბატონი ცეზარის ფანტაზიებია.   „ქრონიკა+“ კომენტარისთვის დავით ხუსკივაძეს დაუკავშირდა: _ სად აქვს ცეზარ მაღლაკელიძეს ბაზრობა? წილის 100% ჩემი იყო და მან მიითვისა ისე, რომ ერთი თეთრიც არ გადაუხდია. შემიძლია, ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც ჩამოგიტანოთ. მე მაქვს ცეზარ მაღლაკელიძის მიერ დაწერილი პარტნიორთა კრების ოქმები. ამ 16 წლის მანძილზე, მინიმუმ, 16-ჯერ მაინც გამრიცხა წილიდან და სასამართლოთი აღვიდგინე თავი. საერთოდ, ეს კაცი სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ცნობს. თვითონ როგორც მექცევა მე, იმას ამბობს ჩემზე, რომ ასე ვექცევი. ამ კაცმა ეს ბიზნესი წამართვა და არა მარტო მაგან, ამ საქმეში სხვაც ურევია. მაღლაკელიძე მანდ ძალიან პატარა ფიგურაა, პაიკია და დიდი ფიგურები სხვები არიან. 25%-ის მფლობელმა როგორ უნდა წავართვა 75%-ის მფლობელს?! მან ეს წილები მიითვისა, ჯერ 50% წაიღო, შემდეგ 23% და ერთი თეთრი არ გადაუხდია. ნაწილ-ნაწილ ვისაც მიჰქონდა ეს წილები, მერე ერთად მოაგროვეს. მე ამოშლილი ვიყავი სამეწარმეო რეესტრიდან და 2007 წელს თავი აღვიდგინე. ეს ძალიან დიდი თემაა და ასე გარკვევა შეუძლებელია. მაღლაკელიძეს დაავიწყდა, რას წერდა „ოცნების“ გუნდზე, ეს კაცი ახლაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ნატრობს იმიტომ, რომ რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, რამდენიმე პროცესი მოვუგე. მას არავინ არ ავიწროებს და ეს კაცი სხვის ბიზნესზე ზის. დღეს თუ ხვალ სამართალმა პური უნდა ჭამოს და ასეც იქნება. ქონება რომ გამიყოს, ესეც არ უნდა. დივიდენდები რომ მომცეს, ესეც არ უნდა. 16 წლის თანხები აქვს მითვისებული და ვინ ვის დევნის, ესეც საკითხავია. მაგას წლების მანძილზე ძალიან დიდი ფიგურები ეხმარებოდნენ და ჰგონია, რომ სულ ასე იცხოვრებს. ახლა ისევ ატარებს კრებებს, რასაც უნდა, იმას წერს, ოქმებს არ გვაბარებს არც მე და არც ჩემს ადვოკატს, უნდა, რომ კომპენსაციის თანხა ჩამირცხოს და წილიდან ასე გამაგდოს.   „ქრონიკა+“-მა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, წერილობით მიმართა მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, მაგრამ პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.  

                                                                                                           თამარ ბატიაშვილი

   

გაზიარება