QronikaPlus
რას უნდა ველოდოთ ნატოს ვარშავის სამიტიდან?

რას უნდა ველოდოთ ნატოს ვარშავის სამიტიდან?

2016-04-19 07:05:03

თუ 90-იან წლებში ყველაზე ხშირად გამოყენებულ სიტყვათა შეხამება „მეცხრე ბლოკი“ იყო, ალბათ, შემდგომ პერიოდში ასეთი „მაპის მიღებაა“. აქამდე მაპი მხოლოდ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ მივიღეთ და რა ვითარებაში, ამას აქ ნუ მომაყოლებთ, გამგები გაიგებს. ფაქტი ერთია, ამ საკითხში საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსული დათვის დაშოშმინების გარეშე პროგრესი გაძნელდება. ამ თემაზექრონიკა+“-ის პირველი რესპონდენტია ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დიმიტრი შაშკინი: _ რა გველის ნატოს ვარშავის სამიტზე? _ სამწუხაროდ, სკეპტიკურად ვარ განწყობილი, ზუსტად იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელშიც ახლა ვიმყოფებით _ ამ წუთისთვის საერთაშორისო პოლიტიკის რადარებზე საერთოდ არ ვჩანვართ. აქედან გამომდინარე, ხაზს ვუსვამ, _ უკეთეს შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ მხარდამჭერ განცხადებას, ხოლო უარეს შემთხვევაში ჩვენზე საერთოდ ლაპარაკიც არ იქნება. _ მაპის მონიჭებაზე საუბარიც აზრს მოკლებულია? _ არა, მაპზე საუბარი მაშინ დამთავრდა, როდესაც გენერალური შტაბის უფროსი ტუალეტთან დაიჭირეს. ამ ხელისუფლებამ მაშინ ამოწურა გაწევრიანების სამოქმედო პროგრამაზე ლაპარაკი, როდესაც გენშტაბის ყოფილ უფროსს ასე მოექცა და რამდენიმე მაღალჩინოსანი ოფიცერი ციხეში გაუშვა. _ რეგიონული კონფლიქტები და საერთაშორისო პროცესები რა გავლენას ახდენს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე? _ ამ ხელისუფლების მთელი პრობლემა შემდეგია, _ იმ საბაბით, რომ რუსეთის ფედერაცია არ უნდა გავაღიზიანოთ, მან საქართველო მსოფლიო რადარებიდან ბოლომდე მოხსნა... ამიტომ ის პროცესები, რომელიც ჩვენთვის შეიძლება სასარგებლო ყოფილიყო (მაგალითად, სირიაში), უკვე ვერ იქნება გამოყენებული, რადგან ჩვენ რადარების სიახლოვეს საერთოდ არ ვართ, _ რაც არ უნდა ხდებოდეს ამ წუთისთვის მსოფლიოში, ჩვენზე ეს არანაირ ზეგავლენას არ ახდენს. ამ ხელისუფლებას აწყობს, რომ ნატოში ინტეგრაცია, მხოლოდ და მხოლოდ, დეკლარაციის გზით იყოს ნახსენები. მაგრამ მსურს შეგახსენოთ, რომ ასეთივე დეკლარაციებით ცნობილი იყო ედუარდ შევარდნაძე. ის ძალიან ბევრ განცხადებას აკეთებდა, რომ ნატოსკენ სიარული გვინდა, მაგრამ არანაირი პრაქტიკული ნაბიჯები ამ მიმართულებით არ იდგმებოდა. ამდენი წლის განმავლობაში ასე ხდებოდა. ამიტომ მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ ვიყოთ რეალისტები. ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ნატოში ჩვენი ინტეგრაცია მხოლოდ დეკლარაციების დონეზე დარჩეს. _ რა გავლენას ახდენს ამაზე მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტი? _ ყარაბაღის კონფლიქტი პროცესზე პირდაპირ გავლენას ვერ მოახდენს, ვიმეორებ, _ ზუსტად იმის გამო, რომ ჩვენ იმ საჭირო მიმართულებით არ მივდივართ. დარჩა მხოლოდ განცხადებები, ლამაზი სადღეგრძელოები, რომ ჩვენ გვინდა ნატოში, მაგრამ ხელისუფლება არანაირ ქმედით ნაბიჯებს არ დგამს, რომ ალიანსში გავწევრიანდეთ; რეალურად, ამას თავს არიდებს. _ რა პროცესები მოიტანს გარღვევას ამ მიმართულებით? _ სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება, არანაირ პროგრესს ადგილი არ ექნება. ჩვენი პარტნიორებიც ბავშვები არ არიან. ყველას ძალიან კარგად ესმის და ამაზე უზარმაზარი ინსტიტუციები მუშაობენ; აღნიშნული ინსტიტუტები შექმნილ მდგომარეობას აანალიზებენ. საკმარისი არ არის ხელისუფლების განცხადება, რომ ჩვენ ნატოს რიგებში ყოფნა გვინდა. ძალიან დიდი მიამიტობაა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ გზით პროგრესს მივაღწევთ. ერთი მხრივ, ხელისუფლება დეკლარაციის დონეზე ამბობს, რომ გვინდა ნატო, მეორე მხრივ, მაგალითად, ცდილობს, „გაზპრომის“ შემოყვანას საქართველოში, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ნატოს ვექტორი არ არის. უკრაინამ, რომელიც ბოლომდე რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული, მოახერხა ამ ორბიტიდან გამოსვლა. მეტს იხდის, მაგრამ ევროპულ ბუნებრივ აირს იღებს. ჩვენ კიდევ ყურებით ვითრევდით აქეთ რუსულ გაზს. მეორე მაგალითია ის, რაც ახლა ხდება საქართველოში რუსული პროპაგანდის თვალსაზრისით. ჩვენ ხომ სხვა პლანეტაზე არ ვცხოვრობთ და ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ვაკვირდებით. პრორუსული ძალებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა, კომფორტის რეჟიმი არის შექმნილი.   კახა გოგოლაშვილი _ პოლიტოლოგი: _ რამდენადაც ვიცი, ვარშავის სამიტიდან მაპის მოლოდინი არ არის. ეს მოლოდინი არ არის არც ჩვენს სახელმწიფო სტრუქტურებში და არც საერთაშორისო თანამეგობრობაში. დანარჩენზე საუბარი გამიჭირდება, ალბათ, ახალი აქცენტები დაისმება. ახლა ყველაზე მთავარი საკითხი, რაც ჩვენ წინაშე დგას და რაზედაც ნატოს სახელმწიფოები ხაზს უსვამენ, ეს არის სამხედრო შესაძლებლობების გაზრდა საქართველოში. ამ კონტექსტში, ქვეყანაში ნატოს სასწავლო ცენტრი იხსნება. მაგრამ ეს არასაკმარისია და, ალბათ, ამ მიმართულებით რაღაც დამატებითი გადაწყვეტილებები მიიღება, რომ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. დანარჩენში ეჭვი მეპარება, რომ რაღაც ინსტიტუციური ნაბიჯი იყოს, განსაკუთრებით კი მაპის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. _ რეგიონული კონფლიქტები რა გავლენას ახდენს ამ ეტაპზე ალიანსთან დაახლოების პროცესზე? _ ყარაბაღის იმდენად არა; უშუალოდ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა მოქმედებს. ეს კონფლიქტები გავლენას ახდენს, ანუ რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხე საქართველოს მიმართ, რადგან ჩვენ ამით ხაფანგში მოხვედრილ ქვეყანას ვგვავართ, რომელსაც აქედან თავის დაძვრენა სურს, მაგრამ იქვე თავზე ადგას ეს მხეცი, რომელიც უყურებს, _ როგორც კი მსხვერპლი ხაფანგიდან განთავისუფლდება, იმწუთშივე შეჭამოს. ჩვენ ოდითგან ამის ლოდინი გვიწევს, თუ როდის წავა აქედან ეს მხეცი. ნატოში ჩვენი მიღების პროცედურა რომ დაჩქარდეს, რუსეთი, უბრალოდ, შეეცდება, ეს არ დაგვაცალოს. მანამდე საქართველოს ტერიტორიების დამატებით ოკუპირებას განახორციელებს. აი, ეს აფერხებს გაწევრიანების პროცესს. რეალურად, ჩვენ ვემზადებით, ვვითარდებით, ნატოსაც აინტერესებს ჩვენი ინტეგრირება, მაგრამ ეშინიათ, რომ ამან ქვეყნის მიმართ რუსეთის აგრესიის პროვოცირება არ მოახდინოს. _ სად არის გამოსავალი ამ მოჯადოებული წრიდან, რა მოახდენს გარღვევას ინტეგრაციის გზაზე? _ საქმე ის არის, რომ ჩვენ ყველაფერი გვაქვს, რაც ამ პროცესზეა დამყარებული. თავისთავად, როგორც ჩანს, ეს გრძელვადიანი პროცესია, ამიტომ ჩვენ შესაძლებლობის გახსნას უნდა ველოდოთ. მანამდე შიდა კონსოლიდაციისა და შიგნიდან გაძლიერების პროცესი უნდა გავაგრძელოთ. ეს არის სამხედრო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, პოლიტიკური კონსოლიდაცია, ქვეყნის ეკონომიკურად გამყარება და ა. შ. ეს პროცესი, მთელი ძალისხმევა, სწორედ აქეთკენ უნდა მივმართოთ. და, რასაკვირველია, უნდა ვემზადოთ ალიანსში გასაწევრიანებლად. როგორც კი შესაძლებლობების ფანჯარა გაიღება, ამ ნაბიჯის გადადმა, უნდა მოვასწროთ, რის შემდეგად აღარაფერი დაგვემუქრება. მაგრამ, რასაკვირველია, ზუსტად არ ვიცით, ეს როდის მოხდება. ამიტომ სულ მზადების პროცესში უნდა ვიყოთ და ჩვენთვის ხელსაყრელ დროს დაველოდოთ.  

                                                                                                         გელა მამულაშვილი

 

გაზიარება