QronikaPlus
გადავა თუ არა თელავის საკრებულო ბოიკოტის რეჟიმში?

გადავა თუ არა თელავის საკრებულო ბოიკოტის რეჟიმში?

2016-04-14 10:22:17

2014 წლის სექტემბერში ქალაქ თელავის საკრებულოს სამმა დეპუტატმა განცხადებით მიმართა. ისინი ფრაქცია „ძლიერი თელავის“ დარეგისტრირებას ითხოვდნენ. აღნიშნული ფრაქციის შექმნას საკრებულოს ხმათა უმრავლესობით უარი ეთქვა. შესაბამისად, დეპუტატებმაც არ დაიზარეს და სასამართლოს მიმართეს... თითქმის წელიწადნახევრიანი დავის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს მოთხოვნით ფრაქცია „ძლიერი თელავი“ უნდა შეიქმნას... მართალია, სასამართლომ წარმომადგენლობით ორგანოს გადაწყვეტილების მისაღებად ერთი თვის ვადა მისცა, მაგრამ ფრაქცია, ჯერ კიდევ, არ დარეგისტრირებულა... ქრონიკა+“ ამ თემაზე დე იურე ფრაქციის ერთ-ერთ წევრს, ბაადურ რევაზიშვილს ესაუბრება: _ სამმა ადამიანმა: მე, ლევან არჯევანიძემ და ნიკოლოზ ვარდოშვილმა, საერთო პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე დეპუტატებმა, თუმცა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ფრაქცია „ძლიერი თელავი“. კანონი ამის შესაძლებლობას გვაძლევდა, მაგრამ იგი არ აღარსრულეს. არ ვიცი, მგონი, ასე ამბობდნენ, აქ ორნაირად იკითხებაო... ბოლოს აღმოჩნდა, რომ როგორც ჩვენ ვკითხულობდით კანონს, ისე წაიკითხა სამივე ინსტანციის მოსამართლემ. _ ანუ სამივე ინსტანცია მოიარეთ? _ სამივე ასე მორჩილად მოვიარეთ და სამივე ინსტანციაში საკრებულო სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა. უფრო სწორად, უნდა დავაკონკრეტო: საკრებულო კი არა, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე გიგიაშვილი! _ რატომ ფიქრობთ, რომ მათ ეს ფრაქცია არ უნდოდათ? _ ეს გახლდათ პირადი შურისძიება, ისევ ვაკონკრეტებ: ეს არის ვიღაცის პირადი ინტერესი... თავიდან, როგორც ინფორმაცია მქონდა, ეს იყო უშუალოდ გუბერნატორის მითითებით, შემდეგ ამას საკრებულოს თავმჯდომარის, გია გიგიაშვილის მოთხოვნა დაემატა, ასევე საკრებულოს აპარატის იურისტი და თავმჯდომარე გვარწმუნებდნენ, რომ ამ პროცესებს ვერ მოვიგებდით. ყველაზე მთავარი ის არის, რომ პროცესში საკრებულოს თავმჯდომარეა ჩართული... მაგალითად, წინა ხელისუფლების პერიოდში დღევანდელი საკრებულოს თავმჯდომარე იყო საკრებულოს წევრი „მრეწველებიდან“, მას საკრებულოში ფრაქცია ჰქონდა. აქედან გამომდინარე, მიჩნდება კითხვა და ვამბობ ხმამაღლა: იმ დროს თელავში დემოკრატია იყო  და დღეს არანაირი დემოკრატიული პრინციპები არ სრულდება? მაშინდელი ფრაქციის თავმჯდომარე საერთო პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე პარტიის წევრთა ფრაქციის დარეგისტრირებას ბლოკავს, რომელთაც აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური ოპოზიციური შეხედულებები აქვთ. _ ფრაქციის შექმნის შემდეგ ქალაქში რა შეიცვლება? _ შევალთ კონკრეტული ინიციატივებით, გვექნება ბიუროზე ხმის უფლება და აუცილებლად ვფიქრობ, რომ ამ ქალაქში ბევრ რამეს შევცვლით. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ინიციატივით მოვითხოვთ, რომ ხალხისთვის რამე სასიკეთოდ შეიცვალოს. მე კი მჯერა, რომ ჩვენს ინიციატივებს არც მოისმენენ და არც გაითვალისწინებენ, მაგრამ ეს ჩვენი ვალდებულებაა... _ ამ დრომდე ბიუროზე ხმის უფლებით არც ერთი არ სარგებლობდით? _ ბუნებრივია, არა, არც ბიუროზე გვქონდა ხმის უფლება, ვერც სამსახურის უფროსებს დავიბარებდით და მოვთხოვდით პასუხს, თუ რა სჭირს ამ გადათხრილ თელავს, ასიათასობით პრობლემა რომ აქვს?!. მოკლედ, ფრაქცია არ აწყობთ, იმიტომ რომ ჩვენ უფლებამოსილება უნდა გაგვეზარდოს. _ სასამართლოს აღსრულებას როდის ელოდებით? _ როგორც იცით, უზენაესმა მესამე ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რის შემდეგაც ველოდებოდით, რომ ფრაქცია დარეგისტრირდებოდა და მივმართეთ, რომ რიგგარეშე სხდომა ჩაენიშნათ... სასწრაფოდ მოიწვიეს ბიუროს სხდომა, სადაც გადაწყვიტეს, რომ სასამართლოსთვის წერილით მიემართათ, თუ როგორ უნდა დაერეგისტრირებინათ. 7 მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენი ვერ წაიკითხეს და ახლა ისევ სასამართლოს სწერენ, რა ქნან და როგორ დაამტკიცონ, ანუ სასამართლომ უნდა დაუწეროს, აუხსნას, დაუღეჭოს, რა როგორ უნდა გააკეთონ... სამწუხაროდ, ასეთ დღეში ვართ!.. _ თუ მაინც არ შეიქმნა ფრაქცია, რა ღონისძიებებს მიმართავთ? _ პირველი: სამართლებრივი ფორმით გავაგრძელებთ კანონის აღსრულებას, მეორე: ბოიკოტის რეჟიმში გადავალთ და ვაფრთხილებ, რომ სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაიდინონ, პატივი სცენ სასამართლოს და 7 მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღასრულონ! მე კი ვურჩევდი, რომ ეს შიში გადაელახოთ! ნუ გეშინიათ, კოლეგებო, ნუუ!.. ჩვენ გვინდა, კეთილდღეობისკენ შევცვალოთ ეს ქალაქი!   ქრონიკა+“ კომენტარისთვის თელავის საკრებულოს თავმჯდომარეს, არჩილ თხლაშიძეს დაუკავშირდა: „მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა „ნაცმოძრაობის“ დეპუტატებს, რომ ნუ სპეკულირებენ თემით, გამოიჩინონ მოთმინება და დაელოდონ საკრებულოს სხდომას, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, მას პატივი უნდა ვცეთ და აღვასრულოთ, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა. ამ საკითხზე აზრი არ შემიცვლია და არ ვმალავ, რომ სასამართლოსგან სხვა მოლოდინი მქონდა, განსაკუთრებით უზენაესისგან. ამასთან დაკავშირებით მზად ვარ, ინტერვიუ მოგცეთ, სადაც დეტალურად შემიძლია ვისაუბრო ამ ე. წ. გახმაურებულ თემაზე“.  

                                                                                                                   მაკა მოსიაშვილი

     

გაზიარება