ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი, ფარული კადრების გავრცელების წინააღმდეგ გამოდის და ამბობს, რომ ეს გზა ივანიშვილს ციხის კარამდე მიიყვანს...
ზაზა ხატიაშვილი:
_ მე მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც ამბობენ, რომ თანამდებობის პირი ამორალური არ უნდა იყოს. როცა პირი არის ძალიან მაღალ თანამდებობაზე და მას ევალება სახელმწიფო უსაფრთხოება, აწარმოებს მოლაპარაკებებს და მასზე ვიღაცას ასეთი სახის კომპრომატი აქვს, ამით ის შეიძლება დააშანტაჟონ და სახელმწიფოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიაღებინონ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყნის უმაღლეს თანამდებობებზე მორალური ქცევის მქონე ადამიანები იყვნენ. ისმის კითხვა, _ როგორ უნდა გავარკვიოთ, ვინ არის მორალური, ან ვინ სჩადის ამორალურ საქციელს? რაც საქართველოში ახლახან მოხდა, მსგავსი რამ სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ იქ ამ ფაქტებს იძიებენ. ელცინის მმართველობის დროს გენერალურ პროკურორს ორ ქალბატონთან ყოფნის კადრები გაუვრცელეს, საქმე აღიძრა და ეს ადამიანი ორ დღეში თანამდებობიდან გადადგა. მიიჩნიეს, რომ ეს პიროვნება მის სტატუსს არ შეესაბამებოდა და მსგავსი კადრებიც შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო მის დასაშანტაჟებლად, რაც ცუდ შედეგს მოიტანდა. საქართველოში როცა ასეთი რამ ხდება, ის ადამიანი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური თანამდებობიდან უნდა გადადგეს და საქმე გამოიძიონ. უნდა დაისაჯოს პირი, ვინც ეს კადრები გადაიღო და გაავრცელა, მაგრამ თუ დამტკიცდა, რომ ეს არის სიმართლე, კომპრომატი ვისზეც არსებობს, არც ის უნდა დარჩეს მაღალ თანამდებობაზე.
გადაღება და უკანონო თვალთვალი უნდა იყოს აკრძალული, ასევე უნდა შეიქმნას რაღაც კრიტერიუმები, რომლის დაცვითაც უნდა ინიშნებოდნენ ადამიანები თანამდებობებზე.
_ რას გულისხმობთ?
_ თანამდებობაზე დასანიშნ ადამიანს უნდა ჰქონდეს მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაცია. ასეთ დროს მისი შანტაჟი, მე ვფიქრობ, გამოირიცხება. ეჭვი მეპარება, რომ საქართველოში, სადაც ძალიან მაღალია პატიოსნება, ისეთი ქალბატონი, ან მამაკაცი ვერ იპოვონ, რომლის წინააღმდეგაც შანტაჟს ვერ განახორციელებენ. ცოტა ხნის წინათ პეტრე მამრაძემ ტელეეთერით თქვა, _ სააკაშვილის დროს იმდენად ავადმყოფ ადამიანებს ებარათ ეს საქმე, რომ ცნობილი ოჯახის შვილები რომ ქორწინდებოდნენ, მათ პირველ საქორწინო ღამის დროს უღებდნენ და მერე ერთად უყურებდნენო. ცნობილია ისიც, რომ ცოლ-ქმრის სარეცელს იღებდნენ. ეს უნდა დამთავრდეს ჩვენს ქვეყნაში!
_ არადა, პირადი ცხოვრება საქართველოში კანონით დაცულია. სხვა ქვეყნებშიც ასეა _ კანონი იცავს, მაგრამ აკეთებენ?
_ ამერიკის პრეზიდენტს როცა ქალბატონმა უჩივლა და განაცხადა, რომ წერილები მიიტანა სამართალდამცველ ორგანოებში, ბილ კლინტონი ამ ქალის ერთ კოცნას ლამის გადააყოლეს. მერე ბოდიში მოიხადა ამის გამო. ამერიკაშიც კი, სადაც ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობაა, თავის პრეზიდენტს არაფერს პატიობენ. ყველა ქვეყანაში ასეა, ამორალური ადამიანი არ უნდა იყოს მაღალ თანამდებობაზე, მაგრამ არც უკანონო მოსმენები შეიძლება. უკანონო მოსმენების გამო ამერიკაში პრეზიდენტი ნიქსონი თანამდებობიდან გადადგა. ის თუ ასე მოიქცა, საქართველოში რატომ არ უნდა გადადგნენ, პასუხისმგებლობა რატომ არ უნდა დადგეს იმ პირებისა, რომლებიც ამას აკეთებდნენ? ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ უდიდესი სიბინძურე ჩაიდინა, როცა ეს კადრები აღმოაჩინეს _ რამდენიმე ათასი ჩანაწერი და იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს გააკეთეს და შექმნეს, ხელშეუხებლობის გარანტია მისცა, რათა ამჯერად მის ხელისუფლებას მომსახურებოდნენ.
_ კადრები გაანადგურეს, თუმცა, როგორც ითქვა, არსებობდა რამდენიმე ეგზემპლარი. ამ შემთხვევაში რა უნდა ექნათ?
_ უნდა ჩატარებულიყო ეფექტიანი გამოძიება და ვინც პირადი ცხოვრების მასალებს იწერდა, ყველა ეს ადამიანი პასუხისგებაში უნდა მიცემულიყო, თუნდაც ყოფილიყო 500 კაცი. სწორედ ეს ხალხი აშანტაჟებდა შემდგომ სხვა ადამიანებს. მსხვერპლები იყვნენ სკოლის მასწავლებლები, მსახიობები, უბრალო ადამიანები. მათ ეუბნებოდნენ, შენს ცოლს ვაჩვენებთ, შენს ქმარს ვაჩვენებთო და ა. შ. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ჩვენ იმიტომ ავირჩიეთ, რომ ეს სიბინძურე დამთავრებულიყო, მაგრამ ახალი ხელისუფლება ამ ნაძირალა ადამიანებს გაურიგდა.
ლევან მურუსიძე ჩემთვის ყველაზე დიდ უსამართლობასთან აღიქმება, მაგრამ მას ბიძინა ივანიშვილი გადაეფარა და თქვა, მსხვერპლიაო. აქედან გამომდინარე, ბიძინამ, ეტყობა, ყველა იმ ადამიანზეც თქვა, მსხვერპლიაო, რომლებიც დაგვდევდნენ, გვისმენდნენ, გვწერდნენ, გვიღებდნენ. საიდან ჰქონდა მას იმის უფლება, რომ დამნაშავე მურუსიძისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის მიეცა ხელშეუხებლობის გარანტია, რომლებიც ხალხს ატერორებდნენ, იმ პროკურორებისთვის ეჩუქებინა თავისუფლება, რომელბიც ადამიანებს ქონებას ართმევდნენ და საპროცესო შეთანხმებებს აიძულებდნენ?! ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს ადამიანი უფრო მეტად არის დამნაშავე, ვიდრე სააკაშვილი, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებდა. ივანიშვილმა სააკაშვილის ხელისუფლება გაათეთრა. როცა ქვეყანაში წესიერი ხელისუფლება იქნება, სააკაშვილთან ერთად ბიძინა ივანიშვილიც უნდა დაისაჯოს.
_ პროკურატურა დამნაშავეთა გამოვლენისთვის მუშაობს, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ჩანაწერები კიდევ გამოქვეყნდება. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს საშინელება გაგრძელდება?
_ ვფიქრობ, რომ ჩანაწერები კიდევ გამოქვეყნდება. დადგა დრო, როცა ადამიანი პოლიტიკურ თანამდებობაზე მოვა, მის მიმართ არ უნდა იყოს ისეთი მტკიცებულებები, რომ შემდგომ დააშანტაჟონ. ამ კონკრეტულ კადრებზე მე ვერ ვიტყვი, ფაბრიკაციაა თუ სიმართლე, მაგრამ ხელისუფლებამ, რომელმაც ეს გადაიღო, მეორე ხელისუფლებამ, ვინც ასეთ ადამიანებს ხელშეუხებლობის გარანტია მისცა, ორივე უნდა აღგავოს პირისაგან მიწისა. საქართველოში არც ერთი მათგანი არ უნდა შემოუშვან. სამწუხაროდ, ამ დანაშაულობებზე ძალიან მცირე სასჯელია, 1-დან 3 წლამდე. სამოქალაქო საზოგადოება უკვე მოითხოვს კანონის გამკაცრებას. პარლამენტიც თანახმაა, რომ სასჯელი 10 წელი იყოს. როცა ამ სავარაუდო დანაშაულს გახსნიან, ვინმეს დასჯიან და ამდენ ხანს იჯდება ციხეში, შეიძლება ეს პრევენცია აღმოჩნდეს. ელისო კილაძეს რომ არ ეყოჩაღა, პირველი საქმეც არ გაიხსნებოდა. ორი წლის განმავლობაში კილაძე განცხადებას განცხადებაზე აკეთებდა, მაგრამ პროკურატურა ამაზე არც კი რეაგირებდა. ვსვამ კითხვას, _ ელისო კილაძის განცხადებებზე გამოძიება რომ არ ტარდებოდა და ახლა ასეთი რამ მივიღეთ, არ უნდა დადგეს ,,ქართული ოცნების“, შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობა? ყველა თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რადგან ადამიანი აცხადებდა, ასეთი რამ ხდებაო და რეაგირებას არავინ ახდენდა. მაშინ ხელისუფლებაში ღარიბაშვილ-თამაზაშვილის კლანი იყო. ძალიან დიდი სიბინძურეები ხდებოდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს და იგივე ხდება ივანიშვილის ხელისუფლების დროსაც. ამის ბრალია ის, რომ ადამიანებს, რომლებიც ამას აკეთებდნენ, ივანიშვილმა ხელშეუხებლობის გარანტია მისცა; ადამიანები, რომლებიც პროკურორებზე აცხადებდნენ, _ ქონება წაგვართვესო, ახალმა ხელისუფლებამ არ დასაჯა და გულში ჩაიხუტა. ხალხი გაოგნებული იყო. როცა ეს გავიგე, ამ ხელისუფლების მოსვლიდან 3-4 თვე იყო გასული. გამოვედი და განცხადება გავაკეთე, _ ხალხო, ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმის გათეთრება დაიწყო-მეთქი. ამის შემდეგ ჩემზე ამბობდნენ, `ნაციონალიაო~. ამჯერად ამ კაცმა ჭაობში ჩაგვაგდო. გამოვიდეს ის ხალხი, რომელიც ჩემზე ამას ამბობდა და ბოდიში მომიხადოს. მე მაშინ იმიტომ ვიბრძოდი, რომ ეს სიბინძურე არ მომხდარიყო.
_ როგორც ამბობენ, ვიდეოები უცხოეთიდან იტვირთება და ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებას ამ პროცესების შეჩერება არ შეუძლია, ანუ ამ ფსიქოლოგიურ ტერორთან ხელისუფლება უძლურია და რა გვეშველება?
_ საპროტესტო აქციაზე მეც ვიყავი, სადაც ითქვა, რომ უნდა შეიქმნას ძლიერი საგამოძიებო ჯგუფი, სადაც შევლენ ფბრ-ის, სკოტლანდ იარდის წარმომადგენლები, რომელთაც კიბერდანაშაულთან ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვთ. ასევე, საქართველოში უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება, რათა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელთაც ეს ჩაიდინეს. დარწმუნებული ვარ, როგორც ძველი ხელისუფლების წევრები არიან დამნაშავეები ამ საქმეში, ასევე არიან ახალი ხელისუფლების წამომადგენლებიც. ქალბატონმა მიშველაძემ განაცხადა, რომ ჩემს მეუღლესთან 2015 წლიდან მაქვს ურთიერთობა და მე ეს ხელისუფლება მაშანტაჟებსო. ნიკა გვარამიამაც გააკეთა განცხადება, რომ მას ამ ხელისუფლების პირობებში დაემუქრნენ დაშანტაჟებით. როცა ადამიანები ასეთ განცხადებებს აკეთებენ და ხელისუფლება არ რეაგირებს, მდუმარე თანხმობა ნიშნავს იმას, რომ რაც ხდებოდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს, იგივე აღმოჩნდა მისაღები ივანიშვილის ხელისუფლებისთვისაც, რომ საკუთარი მოქალაქეები დაეშანტაჟებინა. თუ ყველა არ დაისაჯა, ეს ქაოსი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, ყველა ჩაწერონ და მერე ეს ჩანაწერი საქვეყნოდ გამოიტანონ. სამოქალაქო საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს და თქვას: ივანიშვილ-სააკაშვილი არ გვინდაო. როგორც სააკაშვილზე არის საქმე აღძრული და მას ქვეყანაში შემოსვლა არ შეუძლია, ასევე უნდა მოხდეს ივანიშვილის შემთხვევაშიც. ჩვენ ხელისუფლებაში უნდა მოვიყვანოთ ადამიანი, რომელიც სააკაშვილის დროს მოსამართლეების გადაწყვეტილებებს შესაბამის სამართლებრივ მიმართულებას მისცემს, პროკურორების მოქმედებას სამართლიანად შეაფასებს, იმ პროკურორებს, რომლებიც ქონებას ართმევდნენ და ხალხზე ძალადობდნენ, თანამდებობებზე არ გააჩერებენ და მათზე სისხლის სამართლებრივ საქმეებს დაიწყებენ. ეს იმიტომ გვჭირდება, რომ დავინახოთ, როგორი არ უნდა იყოს მოსამართლე, პროკურორი, პოლიციელი თუ ხელისუფლების მაღალი რანგის ჩინოვნიკი. ივანიშვილმა დაუშვა ის, რასაც აკეთებდა სააკაშვილი. მისი მოყვანილი ხელისუფლებაც იგივეს აკეთებს, ამიტომ მათ პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადონ. ადრე თუ გვიან, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დაიწყება სამართლებრივი შეფასებები და პასუხისმგებლობა იმ ადამიანისა, რომელმაც ქვეყანა უარესი ჭაობისკენ წაიყვანა და ის ციხეში მოხვდება.
_ „ქრონიკა+“-ში მოტანილ ფირთან დაკავშირებით პროკურატურამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. მათ შორის ერთ-ერთი იყო ადვოკატი. თქვენ თითქმის ყოველთვის იცავთ ადვოკატებს და ფხალაძის დაცვას არ აპირებთ?
_ მე ვიცავ ადვოკატებს, რომლებიც საადვოკატო საქმიანობის პროცესში ხელისუფლებისგან ზეწოლას განიცდიან. არ ვიცი, ეს ადამიანი არის თუ არა დამნაშავე, მაგრამ მას ბრალი ედება, რომელიც საადვოკატო საქმიანობასთან არ არის დაკავშირებული. მე, როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ვალდებული ვარ, რომ გავარკვიო, მასზე ხდება თუ არა ზეწოლა, შანტაჟი, ამიტომ დავუკავშირდი მის ადვოკატს და დახმარება შევთავაზე. ვუთხარი, _ გადაეცით მას, თუ ტყუილად აბრალებენ რაიმეს, ზაზა ხატიაშვილი დაეხმარება-თქო. თუ ადვოკატის მიმართ რამე უკანონობა ხდება და ამას გავიგებ, არ არსებობს, მას არ დავეხმარო, მაგრამ ესენი არ დამკავშირებიან. ადვოკატი კი არა, ჩემი ძმაც რომ იყოს, თუ მან დანაშაული ჩაიდინა, რანაირად დავიცავ? ჯერჯერობით, როგორც ვიცი, თავს დამნაშავედ არ ცნობს, მაგრამ დაველოდები გამოძიებას და საჯარო სასამართლო სხდომებს, თუ მეტყვიან, რომ ჩავერთო და უდანაშაულო ადოკატი დავიცვა, ცხადია, ჩავერთვები. ამჯერად მოლოდინის რეჟიმში ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი თუ დადასტურდა, იგი კანონის წინაშე პასუხს აგებს და საადვოკატო საქმიანობა შეუწყდება.
მე ჩემი შეხედულება მაქვს ღარიბაშვილ-თამაზაშვილზეც. ისინი არ წავიდნენ იმაზე, რომ უკანონო ვიდეოფირები არ გაენადგურებინათ და მასზე ეფექტიანი გამოძიება დაეწყოთ. უნდა გამოკითხულიყვნენ, ვინ აკეთებდა ამ ჩანაწერებს, რატომ იღებდნენ და ა. შ. ცხადია, მათ იცოდნენ, ვინ ჩაიდინა, მაგრამ ეს ხალხი ხელისბიჭებად აქციეს. როცა ქურდი რამეს მოიპარავს, მერე სხვა პირთან მიიტანს და ეტყვის, _ შენ ეს გამიყიდე და ფული მომიტანეო, გამყიდველიც ქურდია. ჩემთვის ქურდია სააკაშვილის ხელისუფლებაც და ივანიშვილისაც. ორივე ხელისუფლება დამნაშავეა ამ ფირების გადაღებაში, გავრცელებაში, შენახვაში. გამოძიება უნდა ჩატარებულიყო და მისი განადგურება არ შეიძლებოდა. იქ ასახული პირები, ცხადია, ბევრი იმ ხელისუფლების მხრიდან იქნებოდა დაშანტაჟებული. უნდა გაეგოთ, ვინ აშანტაჟებდა მათ. ნიურნბერგის პროცესის მაგვარი უნდა ჩატარებულიყო. მაშინ ერთ-ერთი ძლიერი ფიგურა თამაზაშვილი და ივანიშვილი იყო. სავარაუდოდ, ისინი დამნაშავეებს გაურიგდნენ. ეს გარიგება ყველაზე კლასიკური ფორმით ვნახეთ მურუსიძის მაგალითზე. მურუსიძე ჩემს თვალში იყო ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურა, რომელიც, ჩემი აზრით, ციხეში უნდა მჯდარიყო. მიქიაშვილის საქმეზე ამბობდა, მე ჩავიდინეო, მაგრამ რა ქნა ივანიშვილმა? თქვა, რომ მურუსიძე მსხვერპლიაო. იმ პოლიციელებზეც, რომლებიც ადამიანების პირად ცხოვრებას იწერდნენ და აშანტაჟებდნენ, იტყოდა, ალბათ, მსხვერპლიაო. კაბელების საქმეზე ივანიშვილმა დეტალები იცოდა, საგანელიძე პარლამენტში გამოვიდა და საქმის დეტალები მომიტანესო, ანუ რასაც სააკაშვილის რეჟიმი აკეთებდა, იმას აკეთებენ ესენიც. ყველა ის ადამიანი, რომელთაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ვებრძოდით, ივანიშვილმა თავზე დაგვასვა. ეს არის ადამიანების მოტყუება, გაცურება, დანაშაულის დაფარვა და სამოქალაქო საზოგადოების მასხრად აგდება. ამიტომაც ვამბობ, რომ ივანიშვილმა თავისი სიცოცხლე ციხეში უნდა დაასრულოს.
_ უკვე გამოქვეყნდა ფირები, რომლებიც ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ეხება. თქვენ ამბობთ, რომ ყველას უღებდნენ. შეიძლება, რიგითი ადამიანების კადრებიც დაიდოს?
_ რა თქმა უნდა, სააკაშვილის დროს სკოლის მასწავლებლებსაც უღებდნენ, ექიმებსაც, ადვოკატებსაც, პროკურორებსაც, ყველა ადამიანს. სწორედ ეს უნდა გამოძიებულიყო, მაგრამ ხელისუფლებამ დამალა და გააქრო. დამნაშავეებთან გარიგებული და ახალი დანაშაულის ჩამდენი ხელისუფლება გვყავს. ეს არ დამთავრდება. ივანიშვილი კიდევ რა ტელესერიალებს აჩვენებს არჩევნების წინ, ღმერთმა იცის. ერთხელ ხომ მოვიდა ხელისუფლებაში ტელესერიალებით, ახლაც უნდა, რომ იგივე ფორმით შეინარჩუნოს ეს ადგილი. სავარაუდოდ, იგი დასასჯელია, მაგრამ რადგან პროკურატურა შუშის მბრძანებლის ხელშია, სანამ ქვეყანაში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი არ გვექნება, ივანიშვილები, ღარიბაშვილები და თამაზაშვილები ხელშეუხებლები იქნებიან. აქციაზე ახლა 300 კაცი რომ მოვიდა, 300 ათასი უნდა მოვიდეს და მაშინ ექნება ძალა ასეთ აქციებს.
_ გასაგებია, რომ ეს არის ბრძოლა წესების გარეშე _ მორალურად კლავენ იმ ადამიანებს, ვინც მათთვის მიუღებელია. ცოტა ხნის წინათ ერთ-ერთმა ადვოკატმა თქვენზეც დაიწყო ბინძური კამპანია და თქვა, რომ შვილებს უცხოეთში ასწავლით. საიდან აქვს ხატიაშვილს ამდენი ფულიო?
_ ადვოკატმა ემზარ პაქსაძემ დამაბრალა, რომ ჩემი შვილები უცხოეთში სწავლობენ, რაც ტყუილია. მან თქვა, ხატიაშვილი შვილს საფრანგეთში ასწავლის და საიდან აქვს ამდენი ფული, უნდა გაირკვესო. მე რა გამიხარდა, იცით? _ ივანიშვილის ხელისუფლებამ მეტი რომ ვერაფერი იპოვა ჩემ წინააღმდეგ და თქვა, რომ ჩემი შვილები კარგად სწავლობენ, კარგი ბავშვები არიან. ჩემი შვილი სწავლობს მე-12 კლასში, ის მთელ კლასთან ერთად იყო საფრანგეთში, გაცვლითი პროგრამით, ნანტის მერიის დაფინანსებით და ეს ყველამ იცის. პირველად გავიგე, კარგი შვილების ყოლა რომ კომპრომატი ყოფილა. ყველამ კარგად იცის, რომ ასოციაციის ფულს ძალიან ვუფრთხილდები. ჩავაბარე ასოციაციის მანქანა და ჩემი მანქანით დავდივარ, ხელფასი შევიმცირე. ხელისუფლებისგანაც იგივეს ვითხოვ, _ ამხელა პრემიებს ნუ იღებენ, იუსტიციის საბჭოსაც ვაყენებ შეურაცხყოფას მათი ქმედებების გამო, ამის პასუხი ის იყო, რომ პაქსაძე გამოვიდა და მოსამართლეებზე ცუდ ტონში საუბრობსო, ჩემზე თქვა. არაპირდაპირ განაცხადა, მართვად პრესკონფერენციას ვატარებო. არც ერთმა ჟურნალისტმა არ იკადრა და არ გააშუქა მისი პრესკონფერენცია. ყველა მიხვდა, რომ ეს იყო დაკვეთა. ამ ფაქტს ცუდი რეაქცია მოჰყვა ადვოკატებშიც. როცა პაქსაძემ მერე გაიგო, ჩემი შვილი საფრანგეთში არ სწავლობდა, შემეშალაო. 2011 წელს რომ ფული ვისესხე, ეს ყველამ იცის, მაშინ ბრიუსელში ადვოკატების დევნაზე პრესკონფერენცია ჩავატარე. სააკაშვილის დროს ლალი ჯიმშერაშვილი პოლიციის სამმართველოში დაიბარეს და ხატიაშვილზე რამის დაწერას აიძულებდნენ. ლალიმ უთხრა, ხვალვე მოგიტანთ ინფორმაციასო. იმავე დღეს აიღო ბილეთი და ბრიუსელში ჩაბარდა. როცა ბელგიის ხელისუფლება მტკიცებულებებს გაეცნო, სარწმუნოდ მიიჩნია მისი ნათქვამი და სამუდამო პოლიტიკური თავშესაფარი მისცა, ფულიც დაუნიშნა. ქალმა, რომელსაც არ ვიცნობდი, არ იკადრა და პაქსაძემ ეს როგორ გააკეთა, არ მესმის?! ლაპარაკია 11 და 17 წლის ბავშვებზე, რომლებიც თბილისში, ფრანგულ სკოლაში სწავლობენ, მან კი ეს მოიგონა.
_ შვილებს შეეშვით! _ ეს მოწოდება უკვე ბევრი ადამიანისგან ისმის...
_ სააკაშვილის დროს ასეთი რამ არ ყოფილა. ეს შეიძლება ჩემი გაფრთხილებაც იყო, თუ წყნარად არ ვიქნები, ჩემს შვილებს ხელისუფლება რაღაცას დაუშავებს. ამაზეც ვფიქრობ, რადგან ამ სამარცხვინო პრესკონფერენციის მიზანი რაღაც ხომ უნდა ყოფილიყო? ივანიშვილი თანდათან უფრო იშიფრება, რადგან ვერაფერი გადამიღეს, ადვოკატს ათქმევინეს ის, რაც თავად სურდათ. მანაც ისეთი რამეები თქვა, რომ ორ დღეში თავისივე ნათქვამის უარყოფა მოუხდა, რაც სამარცხვინო იყო. ის ადვოკატები, რომლებიც ჩემზე ცუდი წარმოდგენის იყვნენ, დღეს მირეკავენ და ბოდიშს მიხდიან _ ეს ხელისუფლება ნაძირალა ყოფილა, სააკაშვილი ამას შვილების მიმართ არ აკეთებდა, რაც ამათ გააკეთესო.
როცა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელად მირჩევდნენ, ადოკატები ხელისუფლებას ჩემ წინააღმდეგ ყვითელი ავტობუსებით ჩამოჰყავდა. პაქსაძე მაშინ ამ ავტობუსში იჯდა, მერე კი, სავარაუდოდ, ,,ოცნებაში“ გადახტა. როლანდ ახალაიამ აღიარა, რომ სამეგრელოში ავტობუსები შევკრიბე, 84 ადვოკატი ჩავსვი, პოლიციელები გამოვაყოლე, რომ შენთვის ხმა არ მოეცათო. იქ ხალხი ესწრებოდა, ეგ როცა მითხრა. პაქსაძეც იყო იმ გუნდში და ყველამ კარგად იცის, როგორ გავხდი თავმჯდომარე, მაგრამ ,,ნაციონალების“ დროს რაზეც ვამბობდი, დარღვევა არის-მეთქი, ივანიშვილის პერიოდში როგორ ვიტყვი, არ არის დარღვევა-მეთქი? მაგათნაირად ყველა ხელისუფლების ნავში ხომ ვერ ჩავხტებით, ეს ხომ უზნეობაა?! ემზარ პაქსაძე, რომელიც მაშინ ყვითელი ავტობუსებით მივიდა, მე რომ არ ავერჩიე, დღეს ამბობს, რომ, თურმე, ,,ნაციონალები“ მაფინანსებენ და სირცხვილია ეს ყველაფერი.
ნელი ვარდიაშვილი