QronikaPlus
ეჰ, პლატონ, პლატონ!

ეჰ, პლატონ, პლატონ!

2016-03-23 07:11:30

ბატონო პლატონ, დიქტატორობაშიც უნიჭო ხართ, მაგრამ არ მინდა, რომ მასწავლებლები შენი მასხარები გახდნენ! რამდენი ხანია ვფიქრობ, აღარ მინდა, თელავის მერიაზე რამე დავწერო... რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ არ მინდა, ვინმეს ჩასაფრებული ვეგონო, მაგრამ ორი რამ არ მაძლევს მოსვენებას, პროფესიული მოვალეობა და მოქალაქეობრივი ვალდებულება... თელავი პატარა ქალაქია, აქ ყველანი ვიცნობთ ერთმანეთს, ჩემს მობილურ ტელეფონზე გამუდმებით დაკავებაა, რადგან სულ ვიღაც მირეკავს და რაღაცას მიყვება. მიყვება არ ჰქვია, შემომჩივის. ჰოდა, ერთმა ქალმა დამირეკა... ბაღში მუშობს, 180 ლარი აქვს ხელფასი, ესაა სულ ის თანხა, რითაც ოჯახს არჩენს. სხვაგან არც არსად უმუშავია არასდროს, მხოლოდ საბავშვო ბაღი იცის და მისი სპეციფიკა... დამირეკა და მომიყვა, როგორ გადაუწყვიტეს თებერვალში ყველა ბაგა-ბაღის მასწავლებელს, აღმზრდელსა და გამგეს 35 ლარის დადება, შემდეგ დაავალეს, რომ რესტორანში ყველა ბაღს გასართობი ნომერი უნდა შეესრულებინა, რესტორანში ჟიური იქნებოდა და ის გამოავლენდა გამარჯვებულს. რაც შეეხება ამ გართობას, ღონისძიება 3 მარტს ჩატარდებოდა და მას თელავის მერი დაესწრებოდა... მალე სოციალურ ქსელში ფოტოებიც გაჩნდა... ვიდეოებიც მომართვეს და რაც ვიხილე, არ ვიცოდი, მეცინა თუ მეტირა... მოკლედ, ასე: რესტორანი `სავანე~ სოფელ იყალთოშია. რესტორნის ყველა მაგიდას ეწერა, რომელი რომელი ბაღის იყო, გამორჩეულ მაგიდას კი ეწერა _ `თელავის მერი~... საღამო პლატონ კალმახელიძის მისვლის შემდეგ გაიხსნა. 9 ბაღის წარმომადგენლობამ 9 ნომერი გამოიტანა. ვინმეს არ ეგონოს, რომ ეს ნომრები ბავშვებმა შეასრულეს... არა, სცენაზე მასწავლებლები და აღმზრდელები იდგნენ!!! ზოგმა მარაოების თანხლებით უცეკვა მერს, ზოგმა რომელიღაც სპექტაკლიდან შეუსრულა სასაცილო როლი, ზოგი მეეზოვე იყო, ზოგიც მოწვეულ მოცეკვავესთან ერთად ტანგოს ცეკვავდა, ზოგი კი გულმხურვალედ უმღეროდა... ახლა ჩნდება მარტივი კითხვები: პირველი _ სურდათ ბაღის მასწავლებლებს მერის წინ ცეკვა-თამაში? იქნებ, არ სურდათ? მაგრამ იმ 180 ლარის დაკარგვის შიში ჰქონდათ? მეორე _ თუ ღონისძიებას საბავშო ბაღები აწყობდნენ, ბავშვებს უნდა ეცეკვათ და ემღერათ... მაგრამ იქ ბავშვები არ იყვნენ... მესამე _ თუ ღონისძიება კორპორაციული იყო, მერი რატომ მიიწვიეს მასწავლებლებმა? და თუ მერი მიიწვიეს, მაშინ თვითმმართველობის ის ადამიანებიც მიეწვიათ, რომლებიც აღნიშნულ საქმეს კურირებენ... მაგრამ ჩვენში ამბობენ ხოლმე, არა შეჯდა ვირი ხესა, არა იყო გვარი მისი... როცა ფოტოებს ვათვალიერებდი, პირველი ეს ბელადი გამახსენდა _ კიმ ჩენ ინი! შემდეგ ეს ამბავი: „ჩრდილოეთ კორეული გაზეთის, `ჩოსუნ ილბოს~ ცნობით, ახლანდელი მმართველის მამის, კიმ ჩენ ირის გასართობად შექმნილი ჯგუფი 2011 წლის დეკემბერში მისი გარდაცვალების შემდეგ დაშალეს. ჯგუფის წევრებს საიდუმლოების დაცვის ხელწერილი ჰქონდათ დადებული. გაზეთის ცნობით, ჯგუფის წევრმა ქალებმა სახლში დაბრუნებამდე საჩუქრად თანხა და საყოფაცხოვრებო ტექნიკა მიიღეს. ახალი რაზმის ჩამოყალიბება კიმ ჩენ ირის გამო გლოვის სამწლიანი პერიოდის დასასრულსაც ემთხვევა. ჩრდილოეთ კორეული გაზეთის ცნობით, კიმ ჩენ ინი რაზმის ხელახალი ფორმირებით გასულ ზაფხულს, გაუხმაურებელი ავადმყოფობის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში დაინტერესდა“. მე არ მინდა, რომ ჩემი ქალაქის მერზე როცა ვისაუბრებ, კიმ ჩენ ინი გამახსენდეს... მე არ მინდა, მასწავლებლები მირეკავდნენ და მთხოვდნენ შველას, 180-ლარიანი ჯამაგირიდან 35 ლარს რესტორანში ახდევინებდნენ, თან სცენაზე, უკაცრავად და, ათამაშებდნენ და შენი როგორც ქალაქის მერის ვალდებულება, ტაში იყოს... იმ ტაშსაც ან დაუკრავ, ან _ არა.... მე სამჯერ ვცადე ინტერვიუ ჩამეწერა შენთან... სამივეჯერ თავი ამარიდე და დამემალე... როცა რომელიმე სამსახურის უფროს კომენტარს ვთხოვ, შენი პრესსამსახური მეუბნება, რომ მერი თბილისშია და მის გარეშე კომენტარს ვერ მოგცემთ... მე შენი სათათბირო ოთახიდან გამოსული აცრემლებული თანამშრომლებიც მინახავს და ისიც ვიცი, რომ შენი ძირითადი მოვალეობა ყვირილია... აკი გითხარი, თელავი პატარაა-მეთქი... ამ ქალქში ისიც იციან, რომ როცა მერი აღარ იქნები, სახლის გარეთ ვეღარც გამოხვალ... როცა ყვები, რომ ქალაქი შეცვალე და ათასობით რამ ჩაატარე... აი, ახლა მე გთავაზობ მედიატურს, შენ დაგეგმე და მეც და სხვებიც წამოვალთ... ერთად ვნახოთ, რა გააკეთე და ერთად მოვისმინოთ, რას ფიქრობს ხალხი... მაგრამ ეს სხვა თემაა, უკვე... პლატონ კალმახელიძე, მასწავლებელთა სახელით გეუბნები, აღარ გაბედო და აღარ მიაყენო მათ ასეთი შეურაცხყოფა! შენ არც ფაშა ხარ, არც ოქროს ურდოს ყაენი, ვერც კიმ ჩენ ინად ივარგებ... ამიტომ სჯობია, შენი მოვალეობა დიქტატორული მანევრების გარეშე ჩაატარო, რადგან დიქტოტორობას სხვა ნიჭი უნდა, შენ კი ეგ ნიჭი ღმერთმა ვერ გარგუნა. ბატონო პლატონ, დიქტატორობაშიც უნიჭო ხართ, მაგრამ არ მინდა, რომ მასწავლებლები შენი მასხარები გახდნენ.   P. S. მეგონა, ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ მაინც მიხვდებოდი, რომ მერი იყავი და არა მამასახლისი, მაგრამ კიდევ ერთხელ შევცდი შენში.  

                                                                                                         მაკა მოსიაშვილი

     

გაზიარება