ეკა ბესელია ალექსანდრე ელისაშვილს: `უჩა ნანუაშვილს ვთხოვე გადმოეცა რისთვისაც ვრეკავდი…”
მას შემდეგ, რაც საგურამოს ცნობილ შეხვედრაზე ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა, მანანა კობახიძეს და ეკა ბესელიას პირდაპირ მიანიშნა, რომ მათი ადგილი საპარლამენტო სიაში არ არის, ეკა ბესელიას კი პირდაპირ უთხრა, რომ რამდენადაც მოხერხებული და მიმწოლი, იმდენად ცბიერი ქალი ხარო, მათი პოლიტიკური მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა.
ის, რაც ეკა ბესელიამ არ იცის და იცის „ქრონიკა+“-მა: ყოფილი პრემიერის დავალებით ძალოვანი უწყებები დეტალურად იკვლევენ ეკა ბესელიას საქმიანობას, არა მხოლოდ პოლიტპატიმრების სიასა და შეწყალების სკანდალთან მიმართებით, არამედ მასალების შეგროვება ინტენსიურად მიმდინარეობს ფოთშიც. როგორ დასრულდება „ქართულ ოცნებაში“ ბესელია-კობახიძის ოდისეა, ადრე გაზაფხულზე უკვე გარკვეული იქნება.
„ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ მანანა კობახიძის დაანონსებული სარჩელი ჯერ კიდევ გზაშია, ხოლო ეკა ბესელიას სარჩელის პასუხად, შესაგებელ სარჩელში „ქრონიკა+“ პროკურატურიდან, ერთი მხრივ, ბესელიას პირადი ცხოვრების ფირზე დაწყებული გამოძიების სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვას ითხოვს, რადგან, ჩვენი ინფორმაციით, ეს, შესაძლოა, ასევე უკავშირდებოდეს პოლიტპატიმარს და, მეორე მხრივ, მოსამზადებელ სხდომაზე აუცილებლად დააყენებს სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის დაკითხვის საკითხს, რადგან, ჩვენი ინფორმაციით, სწორედ მათი უშუალო მოთხოვნით პოლიტპატიმრების სიიდან რამდენიმე პირი ამოიღეს. ხელისუფლებას რომ ეკა ბესელია გამეტებული ჰყავს, ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ მისი სარჩელის განსახილველად მოსამართლე თამაზ ურთმელიძე აღარ შეაწუხეს და სარჩელს ასმათ კოხრეიძე განიხილავს.
წინ ხმაურიანი სასამართლო პროცესებია, ამ ეტაპზე კი ეკა ბესელიას სკანდალს ახალი გაგრძელება აქვს: „ქრონიკა+“-მა სკანდალური აუდიო ჩანაწერის ფრაგმენტი მოიპოვა, სადაც ჩვენთვის უცნობი პირი ეკა ბესელიას ურეკავს და მას ძალადობისა და ინტიმური სცენების ამსახველი ვიდეოფირის ნახვას სთხოვს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, უცნობ პირს ნიკოლოზი ჰქვია.
გამომდინარე იქიდან, რომ ქ-ნი ეკა ბესელია „ქრონიკა+“-ს არ სწყალობს, საჯაროდ მივმართავთ მას და ველოდებით განმარტებას იმის თაობაზე: ვინ არის პირი, რომელიც მას ესაუბრება და რა ძალადობის ამსახველი ფირები უნდა ნახოს ეკა ბესელიამ და სად?
ეკა ბესელია ასევე ირწმუნებოდა, რომ მას შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარესთან, ალექსანდრე ელისაშვილთან, კომუნიკაცია არასოდეს ჰქონია და მასთან ე. წ. კოკაინის სკანდალის მონაწილე პირების შეწყალების, ან პატიმართა სხვა საქმეების თაობაზე არასოდეს უსაუბრია. აღნიშნული განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, ტელეკომპანია „იმედში“ ჟურნალისტ შალვა რამიშვილთან ინტერვიუს დროს გააკეთა:
„დიახ, მარტივად გეუბნებით, არც ტელეფონით, არც პირადად, არც შეთვლა-მოთვლით, არ მჩვევია შეთვლები და მოთვლები, პირდაპირ შემიძლია დავსვა კითხვა, სადაც მაქვს და დღეში ათჯერ ვურეკავ უწყებას და დღეში ათ სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელ პირს შეიძლება ველაპარაკო. მე ისეთი კომიტეტი მაბარია და ეს ჩემი ვალდებულებაა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ბატონ ელისაშვილთან არ მისაუბრია, არ მიკონტაქტია სმს-ით არც ამ საქმეზე, არც სხვა საქმეზე. განსხვავებით ბატონი ქორიძისაგან“, _ განაცხადა ეკა ბესელიამ.
კონფიდენციალურმა წყარომ „ქრონიკა+“-ს ალექსანდრე ელისაშვილისა და ეკა ბესელიას მიმოწერის ფრაგმენტი გადასცა. ჩვენი წყაროს ცნობით, მიმოწერა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით განხორციელდა და ავთენტურობის დასტურად ამ მიმოწერის ე. წ. სქრინებიც მოგვაწოდა.
2014 წლის 31 იანვარი
Ekaterine Beselia 31.01.2014 2:42 ალეკო, ვერ გიკავშირდები.
Alexander Elisashvili 31.01.2014 2:43 ვა სალამი კაი გამარჯობა როდის მიკავშირდებოდით?
Ekaterine Beselia 31.01.2014 2:44 როგორ ხართ? ახლა სტრასბურგში ვარ და რომ ჩამოვალ ვეცდები, ისევ დაგიკავშირდეთ, უჩა ნანუაშვილს ვთხოვე გადმოეცა, რისთვისაც ვრეკავდი. ჩვენ კომიტეტის სახელით ვაგზავნით შეწყალების თაობაზე ყველა განცხადებას რაც შემოდის და არის ორი სახის წერილი ჩვენგან.
Alexander Elisashvili 31.01.2014 2:44 ზაუტაშვილზე?
Ekaterine Beselia 31.01.2014 2:45 ერთი, რომელიც ტრაფარეტულია და პირდაპირ ქვემდებარეობით ვაგზავნით, ანუ ჩვენი პოზიციის გარეშე და მეორე სახის _ რომელიც შესწავლილია და ვუწევთ რეკომენდაციას. მეორე სახის წერილები დასაბუთებითაა. ეს მინდოდა ამეხსნა, რომ გქონოდათ ინფორმაცია. ყველა წერილი, რომელიც შემოდის, ჩვენ ვერ ვუწევთ რეკომენდაციას და ვაგზავნით ქვემდებარეობით. არა, კონკრეტულ გვარზე არ გწერთ, ზოგადად მინდოდა ამეხსნა.
Alexander Elisashvili 31.01.2014 2:46 გასაგებია
Ekaterine Beselia 31.01.2014 2:47 ამიტომ ვრეკავდი და მერე უჩას ვთხოვე გადმოეცა.
Alexander Elisashvili 31.01.2014 2:47 უბრალოდ წერილები, რომლებიც შემოდის დასაბუთებით ჩვენთვის, ეგ არის საყურადღებო განსაკუთრებით, ვინაიდან მერე ჩვენ გვიხდება ყველა საქმის "დაშლა-აწყობა" და ტყუილ-მართლის გარკვევა, ასე რომ, როცაა დასაბუთება, ეს ძალიან გვეხმარება.
Ekaterine Beselia 31.01.2014 2:48 ძალიან რთული სამუშაოა და კარგად მესმის ამ სირთულის დეტალები... წარმატებას გისურვებ.
Alexander Elisashvili 31.01.2014 2:48 მადლობა!!!
Ekaterine Beselia 31.01.2014 2:49 დასაბუთება ახლავს მხოლოდ იმას, რომელ საქმესაც ვიცნობთ, ყველას ვერ ვიკვლევთ, არ მოდის საბუთები, ამიტომ მოკლე წერილით ვაგზავნით.
Alexander Elisashvili 31.01.2014 2:49 გასაგებია, ჩვენც დიდ დავიდარაბაში ვართ ხოლმე :(((
Ekaterine Beselia 31.01.2014 2:51 მესმის... რთული სივრცეა... მაგრამ სიკეთე ყველაფერს გადაფარავს.
Alexander Elisashvili 31.01.2014 2:51 !
ჩვენს ხელთ არსებული მიმოწერა 2014 წლის 31 დეკემბრით თარიღდება. ეს ის პერიოდია, როცა პატიმართა საახალწლო შეწყალების სიები დგება. მიმოწერა ცხადყოფს, რომ ეკა ბესელია ცრუობს, მას ნამდვილად ჰქონდა კომუნიკაცია შეწყალების კომისიის მაშინდელ თავმჯდომარესთან და ეს კომუნიკაცია სწორედ პატიმრების თემას ეხებოდა.
პ.ს. თუ სტატიაში დასახელებულ პირებს ფაქტებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთების სურვილი გაუჩნდებათ, `ქრონიკა+” მომდევნო ნომერში მათ ამის გაკეთების საშუალებას მისცემს.
ელისო კილაძე
.