QronikaPlus
ვეტერანები ირაკლი შიხიაშვილის გადადგომას ითხოვენ!

ვეტერანები ირაკლი შიხიაშვილის გადადგომას ითხოვენ!

2016-03-09 06:54:44

ჭადრაკის სასახლეში ვეტერანები შეიკრიბნენ და ხელისუფლებას სოციალური პირობების გაუმჯობესება მოსთხოვეს. ომის ვეტერანებმა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი გააკრიტიკეს და მისი გადადგომა მოითხოვეს. მათივე შეფასებით, შიხიაშვილი არც აღნიშნულ თანამდებობას უნდა იკავებდეს და წარსულში პოლიტიკური აქტივობების გამო, არც მოქმედ ხელისუფლებაში უნდა ჰქონდეს ადგილი. ამ პრობლემებზე სასაუბროდ ვეტერანები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს 10 დღის ვადაში შეხვედრას სთხოვენ, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. გია ბერძენაძე _ „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“: _ ჭადრაკის სასახლეში შეიკრიბნენ საკუთარი ქვეყნის წინაშე ვალმოხდილი ადამიანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლები. შეიკრიბნენ ის ადამიანები, რომელთათვისაც სულ ერთი არ არის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, დამძიმდა სოციალური ფონი, გართულდა კრიმინალური ვითარება, იგრძნობა რევანშიზმის საფრთხე ძველი, მოძალადე ხელისუფლების მხრიდან. უფლება არ გვაქვს, ამ პროცესების მიმართ ვიყოთ წყნარად, გავჩუმდეთ და დუმილი ვამჯობინოთ. ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც იქნება ჩვენი პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელი. ხელისუფლების მხრიდან ერთხელ და სამუდამოდ უნდა განისაზღვროს ვეტერანების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა და გაუთანაბრდეს ის საერთაშორისო კანონმდებლობით არსებულ მოთხოვნებს. უნდა მოხდეს ვეტერანთა სოციალური რეაბილიტაცია, მათი დასაქმება; უნდა აღდგეს ვეტერანთა ჰოსპიტლის დაფინანსება. 2 თვეა, ექიმები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მოდიან ჰოსპიტალში და პაციენტებს ემსახურებიან. დღევანდელმა ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ, თურმე, ვეტერანთა ჰოსპიტალი აღარ ესაჭიროება ვეტერანებს, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ დაფუძნებულ კლინიკაში სთავაზობს მომსახურებას. კლინიკაში, რომელსაც 25 ყადაღა ადევს. იქაური პირობები არ გვაკმაყოფილებს, რადგან მათ მხოლოდ კლინიკური მომსახურება აქვთ და არა ჰოსპიტალური. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვეტერანთა ჰოსპიტალი უნდა შეუნარჩუნდეს ვეტერანებს, ეს არის ბოლო ციტადელი, სადაც იკრიბებიან ვეტერანები, სადაც ნახულობენ ერთმანეთს, სადაც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ მომავალზე საუბრობენ და ზუსტად ამის წართმევა უნდა შიხიაშვილს, რომელიც არის  სააკაშვილის ხელისუფლების გადმონაშთი! შიხიაშვილი არის ადამიანი, რომელიც 26 მაისის დარბევებთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ სახელმწიფო შედგა. ყველა იმ ადამიანს, ვინც მიხეილ სააკაშვილს ებრძოდა, აცხადებდა, რომ ანტისახელმწიფოებრივი ელემენტები იყვნენ და ეს კადრები ამიტომ ვაჩვენეთ ოფიციალურად ამ დარბაზში. შიხიაშვილი არის ადამიანი, რომელიც გივი თარგამაძესთან ერთად დონეცკის ასაღებად მიდიოდა. მისი წარსული მოცულია ბუნდოვანებით და სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმთან თანამშრომლობდა. შეიძლება ითქვას, იმ გუნდის წევრია, ვინც დახოცა და დახვრიტა ჩვენი ბიჭები: გია კრიალაშვილი, სერგო თეთრაძე, როინ შავაძე, ვინც დახვრიტა რობაქიძე, გირგვლიანი, მათი გუნდის წევრი იყო და არანაირი მორალური უფლება არ გააჩნია, რომ დღეს უხელმძღვანელოს ვეტერანთა სამსახურს! ის დღეს ერთგულებას აფიცებს იმ ადამიანებს, რომლებიც მის სამსახურში მუშაობენ. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, მაგრამ მინდა მათ მოვუწოდო, რომ შიხიაშვილი არის გუშინდელი დღე, წარსული, ის არ უნდა იყოს ვეტერანების მორალური განსახიერება! ამიტომ ჩვენ აქედან მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს, ეს ადამიანი გადაიყვანოს სადაც უნდა, ნებისმიერ სამსახურში, ოღონდ მას არ ჰქონდეს ვეტერანებთან შეხება. დღეს თუ რაიმე გაუგებრობა ხდება ვეტერანებს შორის, მისი დამსახურებაა! ძალიან მალე ამას წერტილი უნდა დაესვას! ვეტერანებმა ძალიან ბევრი რამე გავაკეთეთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაგვემარცხებინა სააკაშვილის რეჟიმი, ზუსტად ამ ადამიანების შეურაცხყოფაა ასეთი ხალხის მოყვანა და პორტირება! ირაკლი შიხიაშვილს შევხვდით, მან ამ პრობლემებზე იცის, თუნდაც ვეტერანთა ჰოსპიტლის ამბავი, 22-ლარიანი სუბსიდიის გაზრდა საარსებო მინიმუმამდე, ვეტერანთა რეაბილიტაცია და სხვა, შეთანხმებებს კონკრეტულად ვერ მივაღწიეთ. ვფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა შევხვდეთ პრემიერ-მინისტრს. შიხიაშვილს, ამორალურ ადამიანს, ზონდერს, ჩვენ არ ვცნობთ! გიორგი კვირიკაშვილი არის პოზიტიური ადამიანი და ცდილობს, ყველასთან გამოძებნოს საერთო ენა. ჩვენ მასთან არ ვართ დაპირისპირებულნი. დარწმუნებული ვარ, როდესაც შევხვდებით, რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებს და ამ პრობლემების მოსაგვარებლად ჩაერთვება.   ვახტანგ მაჭავარიანი _ ომის ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაცია „პატრიოტი“: _ ჩვენი შეკრების მიზანია, ხელისუფლებას დავანახვოთ რეალურად არსებული მდგომარეობა. პირველ რიგში ის, რომ ვეტერანთა ჰოსპიტალი არ უნდა დაიკარგოს, ეს არის სპეციალიზებული კლინიკა, რომელსაც 40-წლიანი ისტორია აქვს! მეორე _ უნდა დავანახვოთ იმ პიროვნების რეალური სახე, რომელსაც დღეს ვეტარანთა სამსახურის უფროსი ირაკლი შიხიაშვილი ჰქვია!, ის პრობლემები, რომელიც კანონმდებლობასთან დაკავშირებით გვაქვს. კანონი ვეტერანთა შესახებ არ არის ადაპტირებული დღევანდელ მდგომარეობასთან. 1995 წლის შემდეგ ეს კანონი ყველანაირად გამოხშირულია. ხელისუფლებას ვაძლევთ გარკვეულ პერიოდს _ 10 დღეს და ამ დროის განმავლობაში ვითხოვთ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან. თუ ის არ შეგვხვდება, მივხვდებით, რომ ეს პრობლემები არავის აინტერესებს და ამის შემდეგ ადეკვატურად მოვიქცევით! რა თქმა უნდა, დღეს შიხიაშვილის გადაყენების მოთხოვნას ვაყენებთ! საზოგადოებას ვანახეთ მისი ორპირი ხასიათი და კარგად ხედავენ ვეტერანები, რას წარმოადგენს შიხიაშვილი თავისი ბიოგრაფიით და რეპუტაციით. ასეთი ბიოგრაფიის, რეპუტაციისა და ასეთი საქმის მკეთებელი ადამიანი არ გვჭირდება ვეტერანთა დეპარტამენტში!   ემზარ ქვარიანი _ „მებრძოლ-პატრიოტთა კავშირი“: _ დღევანდელი ჩვენი მოთხოვნაა შიხიაშვილის გადადგომა, რომელიც ვეტერანებისთვის მიუღებელ განცხადებებს აკეთებს, ისე, როგორც გააკეთა 26 მაისთან დაკავშირებით და ხალხის დახოცვა გაამართლა. რამდენიმე დღის წინათ მან თქვა ისეთი რამ, რომელიც ვეტერანებს შორის ძალიან დიდ დაპირისპირებას იწვევს. ვეტერანებს, რომლებიც ჩვენს პრობლემებზე ხმას ვიღებთ, დაგვაბრალა, თითქოს ვიმართებთ უკრაინიდან, „ნაციონალებს“ ამოფარებული ხალხი ვართ და სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოვდივართ, ანუ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში დაგვადანაშაულა. ეს ყველაფერი ჩვენთვის მიუღებელია. საჯარო სტრუქტურის ხელმძღვანელი როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს, ის ადამიანი უნდა წავიდეს სამსახურიდან! ამის გარდა, ეს ადამიანი იყო ზონდერი და მივმართავ მას: დიახ, ზონდერი ხარ და უნდა წახვიდე! ამ მოთხოვნას უპირობოდ ვაყენებთ!   მიხეილ გერგაული _ „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მეომართა საერთაშორისო კავშირი“: _ ძალიან ცუდი მდგომარეობაა ვეტერანთა საკანონმდებლო ბაზის თვალსაზრისით, სისტემური ხარვეზებია, გაუქმებულია გარკვეული უფლებრივი, სოციალური თუ სამართლებრივი დაცვის მუხლები. ამას პროფესიონალურ დონეზე მიდგომა სჭირდება. ერთხელ და სამუდამოდ დინამიკური საკანონმდებლო ბაზა უნდა შეიქმნას და ჩამოყალიბდეს! ერთხელ და სამუდამოდ ვეტერანები უნდა იყვნენ თავიანთი ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები, ჩაებნენ საზოგადოებრივ მოძრაობაში და ქვეყნის მართვის პროცესებში. არავინ არის ამით დაინტერესებული, მხოლოდ ზოგადად შემოიფარგლებიან. ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური შპს-ს დონეზეა. მთელი მსოფლიოს საერთაშორისო აქტები, სახელმძღვანელო რეკომენდაციები მივუტანეთ დეპარტამენტში, პროექტები, ინოვაციები, ის, რაც მოიწონა მსოფლიო თანამეგობრობამ, მაგრამ ვის რაში აინტერესებს?! რომ მოვიკითხე, ეს დოკუმეტები ვეღარც კი იპოვეს. ერთადერთი პრეცედენტია საქართველო, რომ ვეტერანთა ჰოსპიტალს აუქმებენ. არადა, საერთაშორისო კანონმდებლობით, ჰოსპიტალში თავსდება ყველა უწყებრივი კატეგორია _ შს სამინისტრო, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, თავდაცვის სამინისტრო და ა. შ. ყოველი სამინისტრო ამასთანავე თავისი ვეტერანების მიმართ იღებს გადაწყვეტილებას, ვინ, რისთვის მიმართავს ამ ჰოსპიტალს _ საზღვარგარეთ წასვლის საგზურები, პანსიონატებში გაგზავნა და ა. შ. ველაპარაკე 5 ქვეყნის წარმომადგენელს და მითხრეს, _ ომი ხომ არ იწყება, ჰოსპიტალი რომ უქმდებაო?! რაღაც გადათამაშებები მიდის! შიხიაშვილი რომ ამბობს, უკეთეს პირობებში იმკურნალებენ ვეტერანებიო, გუშინწინ შემთხვევა იყო, ვეტერანი გზაში ჩამოსვეს, ამის მონიტორინგი ხორციელდება. ასეთი უკვე 3 შემთხვევა დაფიქსირდა. ჰოსპიტლიდან მძიმე ავადმყოფი გაიყვანეს და უთხრეს, ქრონიკულ ავადმყოფებს არ ვემსახურებთ და რენტგენის გადაღება დაფინანსებაში არ შედისო. ამის გარდა, ჩემთვის გაურკვეველია, უცხო დროშის ქვეშ მყოფი სამკურნალო დაწესებულება ემსახურებოდეს ვეტერანებს და საკუთარი დროშის ქვეშ მყოფი სამედიცინო სტაციონარი არ გააჩნდეს! თუ ასეა, მაშინ გავაფორმოთ საერთაშორისო აქტები და ჩვენი ვეტერანები გავაგზავნოთ საზღვარგარეთ სამკურნალოდ, უკეთესია. ვეტერანებს მეტი გაწონასწორებულობა გვმართებს, თუმცა შიხიაშვილისთვის სჯობს, რომ წავიდეს! ასეთ რეჟიმში, როცა ხორციელდება ვეტერანთა ცდუნება, დაპირისპირება, უმჯობესია, გადადგეს!  მოვუწოდებ და რეკომენდაციას ვაძლევ, რომ გადადგეს!  

                                                                                                               თამარ ბატიშვილი

 

გაზიარება