QronikaPlus
ნანა მასხარაშვილი: „ამ საქმის უკან ანი მიტორაძე დგას!“

ნანა მასხარაშვილი: „ამ საქმის უკან ანი მიტორაძე დგას!“

2016-03-07 07:28:23

ჭიათურაში მცხოვრებ ნანა მასხარაშვილს კანონიერად შეძენილი 25 კვ.მ. კომერციული ფართიდან ასახლებენ, რომელიც მისი ოჯახისთვის საარსებო საშუალებას წარმოადგენს. მასხარაშვილთან დავა თანაქალაქელ ნანული მიროტაძეს აქვს, რომელიც პარლამენტარ ანი მიროტაძის მამიდაა და რომელსაც, მანამდე, ამ კომერციულ ფართთან არავითარი შეხება არ ჰქონია. ორი ინსტანციის სასამართლომ საქმე მასხარაშვილის სასარგებლოდ გადაწყვიტა, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ ყველაფერი ყირაზე დააყენა. ეს კი იმ დროს ემთხვევა, როდესაც ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნება“ მოვიდა და მოროტაძემაც პარლამენტში ადგილი დაიმკვიდრა. „ქრონიკა+“-ს ნანა მასხარაშვილი ესაუბრება: _ 2009 წელს ჭიათურაში შევიძინეთ 25 კვ.მ. კარკასული ფართი, რომელიც მოგვყიდა ავთანდილ დევიძემ. მას საჯარო რეესტრში ყველა დოკუმენტი რიგზე ჰქონდა და რეგისტრირებული იყო. ფართი ავზომეთ, შევამოწმეთ, ნოტარიულად გავაფორმეთ და საჯარო რეესტრში დავრეგისტრირდით, გავხდით მფლობელები, გავარემონტეთ, კომერციული ფართი მოვაწყვეთ, ამის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტაცია გვაქვს. 2011 წლის ბოლოს მოგვაკითხა პოლიციამ და გვითხრა, რომ ამ ფართზე მოდავე გამოჩნდა. საქმე იხილებოდა შს სამინისტროში, 7 თებერვალს იყო ზეპირი განხილვა. მოდავე გახლდათ ნანული მიროტაძე, რომელიც ჩვენს გამოსახლებას ითხოვდა. ამბობდა, _ ფართი მე მეკუთვნისო, მაგრამ საჩივარი არ დაუკმაყოფილდა. _ მიროტაძეს კუთვნილების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი ჰქონდა? _ იმასაც აქვს საჯარო რეესტრის ამონაწერი, მაგრამ ჩემი და იმის საკადასტრო კოდი ერთმანეთს არ ემთხვევა. ამის შემდეგ მიროტაძემ საჩხერის რაიონულ სასამართლოში იჩივლა და ისევ გამოსახლება მოითხოვა. არც აქ დაუკმაყოფილეს მოთხოვნა და საქმე ჩვენ სასარგებლოდ გადაწყდა. გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და იქაც არ დაუკმაყოფილდა მოთხოვნა. ყველგან აქცენტი იმაზე იყო გაკეთებული, რომ მე ვიყავი კეთილსინდისიერი შემძენი და რადგან ყველანაირი დოკუმენტაცია მქონდა, ვერ გამომასახლებდნენ. ჩვენთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი და შს სამინისტროში არის მიროტაძის დაკითხვის ოქმები, სადაც მითითებულია, რომ სანამ ფართს ჩვენ შევიძენდით, მანამდე მას განცხადება შეუტანია პოლიციაში. თავდაპირველად, ვინც ეს ფართი გაყიდა, არის მანანა ყიფშიძე და იმას ედავებოდა. ჩვენებებში წერია, მოვრიგდითო და ყიფშიძე სულ სხვა ფართს შეჰპირებია. ჩვენს ფართზე არ იყო საუბარი, მაგრამ ის ქალბატონი 2011 წლის ბოლოს გარდაიცვალა. მიროტაძე მიხვდა, რომ სულ ისე რჩებოდა, ადგა და ამ ფართზე დაიწყო დავა. ჩვენთან მიროტაძეს არაფერი სადავო არ ჰქონია, ჩვენ რა შუაში ვიყავით, არ ვიცი... ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. საქმე უკვე დამთავრებული იყო, იურისტები გვეუბნებოდნენ, იმდენად უმნიშვნელო საქმეა და კეთილსინდისიერი შემძენები ხართ, არაფერი შეიცვლებაო. ძალიან მშვიდად ველოდით ამ ყველაფრის დამთავრებას, უზენაესი სასამართლოდან მოსამართლე ვასილ როინიშვილისგან მითითება მოვიდა. უკვე ძალიან გამყარებული გვაქვს ეს აზრი, „ოცნება“ ხელისუფელბაში რომ მოვიდა და ანი მოროტაძე რაც დეპუტატი გახდა, რაღაც გააკეთა უზენაეს სასამართლოში. _ რას უთითებს მოსამართლე? _ ისეთი მითითებაა, რომ იურისტები ამბობენ, ეს საქმე ჩაწყობილია, ორი აზრი არ არისო! ქუთაისში სხდომა ჩატარდა და მოსამართლე დურმიშხან ჟორჟოლიანმა გვითხრა, თქვენ სასარგებლოდ კი იყო გამოტანილი გადაწყვეტილება, მაგრამ ახლა უზენაესი სასამართლოდან ისეთი მითითებები მოგვივიდა, სხვა გზა არ არისო და გამოსახლებაზე გამოიტანეს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება თვითონ ნახეთ, ყველა ამბობს, მსგავსი არაფერი გვინახავსო. არც საკადასტრო კოდი უწერია, არც არაფერი, აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ ნანა მასხარაშვილი გამოსახლდეს ჭიათურაში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე 27 კვ.მ. ნანული მიროტაძის სახელზე რეგისტრირებული ფართიდანო. პარალელურად, მათ საქმე შეიტანეს საჩხერეში ჩანაწერის გაუქმების თაობაზე. მოსამართლე იყო შოთა ნიკურაძე, რომელიც გამოსახლების თაობაზე გადაწყვეტილებას ელოდებოდა. პროცესებს  თვითონ მოსამართლე და მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატი აჭიანურებდნენ, სასამართლო სხდომები იდებოდა, სანამ ეს საქმე არ დამთავრდა. ამ დროს ყველა იურისტი მიმტკიცებდა, ამ საქმეებს ერთმანეთთან არავითარი სამართლებრივი კავშირი არ აქვსო. დამთავრდა თუ არა სასამართლო და გამოვიდა თუ არა გადაწყვეტილება გამოსახლების თაობაზე, ამანაც გაგვიუქმა ჩანაწერი. ამის შემდეგ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ, სადაც ასეთი გადაწყვეტილება გამოვიდა: დაევალოს საჯარო რეესტრს, ერთი თვის ვადაში გაარკვიოს, ეს ფართები ვისია და რა არისო. შემდეგ უზენაესში გავასაჩივრეთ, მოსამართლე იყო ნათია წკეპლაძე, განხილვა დაინიშნა, როგორც გვითხრეს, ეს მოსამართლე ცოტა შეუვალი ყოფილა, ვერ ჩააწყვეს თავიანთ სასარგებლოდ და საქმე  ქუთაისში დააბრუნა, ისეთი მითითებები მისცა, რასაც ჩვენ მთელი პროცესების მანძილზე ვითხოვდით. _ რას ითხოვდით? _ ვითხოვდით, რომ დაენიშნათ ექსპერტიზა, დაკითხვა მომხდარიყო, მაგრამ ჩვენი არც ერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. უზენაესმა სასამართლომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დაავალა, რომ საქმე გამოეკვლია. სხდომა ქუთაისში ჩატარდა, უკვე სხვა მოსამართლე იხილავდა. ჩვენი ადვოკატები რას არ ითხოვდნენ, მაგრამ არაფერს ითვალისწინებდნენ. ბოლოს ჩვენს საწინააღმდეგოდ გამოიტანეს გადაწყვეტილება და თან დაურთეს, ეს უკვე გამოსახლებულიაო, ამ დროს ამ წუთშიც ჩემს ფართში ვარ. საბოლოოდ, გაგვიუქმეს წინა გადაწყვეტილებაც და დატოვეს საჩხერის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ჩვენ საერთოდ არაფერი გვეკუთვნის. გავიდა წლები. და 2015 წლის 8 მაისს მოვიდა აღსრულების ფურცელი. განვაახლეთ საჯარო რეესტრის ჩანაწერი და ქუთაისში სააღსრულებო ბიუროში მივიტანეთ. იმავე დღეს დამირეკეს, თქვენი საბუთები რატომ მომიტანეთ, თქვენს ფართს არ ვეძებთ, სულ სხვა ფართის დოკუმენტები გაქვთ მოტანილი საკადასტრო კოდითო. ჩამოვიდნენ, ვერაფერი დაადგინეს, ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არსებობს და ამიტომ მიმართეს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, დაგვეხმარეთ, ფართს ვერ ვნახულობო. თბილისიდანაც ჩამოვიდნენ ჭიათურაში, შეამოწმეს, აზომეს, ერთმანეთს არ დაემთხვა არაფერი და ამის შემდეგ ეს საქმე მიწყნარდა. შემდეგ აღსრულების ბიურომ თვითონ მიმართა სასამართლოს დაზუსტებისთვის. იქ კი ასეთი რაღაც დააუზუსტეს  _ ხომ ეწერა, ნანა მასხარაშვილი გამოსახლდეს 27 კვ.მ.-ის ფართიდანო, ახლა წერია, არ აქვს მნიშვნელობა, ნანა მასხარაშვილი რა ფართშიც არის და სადაც არის, იქიდან გამოსახლდესო. ახლა, 12 თებერვალს მომივიდა აღსრულების ფურცელი, რომ 10 მარტს დანიშნულია ჩვენი გამოსახლება. ვეკითხები, _ საიდან მასახლებთ, საკადასტრო კოდი მაქვს, ფართი ერთმანეთს არ ემთხვევა, მეუბნებიან, _ არ აქვს მნიშვნელობა, სადაც ხარ, იქიდან უნდა გამოგასახლოთო. ახლა ისევ შევიტანეთ განცხადება აღსრულების ბიუროში, მათ პასუხს ველოდებით, მაგრამ რა შედეგი დადგება, ეს სხვა საკითხია. სააღსრულებოში პირდაპირ თქვეს, აღარ შეგვიძლია, ამ საქმეზე ყოველდღე რეკავს ანი მოროტაძეო!.. _ არ მიმართეთ სახელმწიფო ორგანოებს, ვისაც შეუძლია თქვენი უფლებების დაცვა? _ პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს წერილობით მივმართე, მაგრამ პასუხები მოგვივიდა, _ რა ვქნათ, სასამართლო დამოუკიდებელია და ჩვენ ვერ ჩავერევითო. სახალხო დამცველთან ვიყავით, იურისტი შეგვხვდა და გვითხრა, ეს კერძო დავა რომ არ იყოს, სერიოზულად ჩავერთვებოდით ამ საქმეში, მაგრამ ახლა იურიდიულად ჩვენს უფლებებს სცდებაო. გედევან ფოფხაძეს შევხვდით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. ვინმეს დახმარებას კი არ ვითხოვ, უბრალოდ, მინდა, რომ კანონიერად მოიქცნენ, ან დამისაბუთონ, რა შემეშალა და სად ვარ დამნაშავე! მოწინააღმდეგე მხარეს ნასყიდობის ხელშეკრულებაში უწერია, რომ გადახდილი აქვს 750 ლარი, ჩვენ კიდევ გადავიხადეთ 10 000 ლარი. აუდიტის დასკვნაც გვაქვს, რომ 20 000 ლარამდე რემონტში გვაქვს გადახდილი. რა უნდა ვქნათ, არ ვიცი! მხოლოდ ეს კომერციული ფართია ჩვენი ოჯახისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო!   ნათელა თოფურია _ ნანა მასხარაშვილის ადვოკატი: _ ამ საქმის სამართლებრივი შეფასება რომ გავაკეთოთ, ყველაზე მთავარი ის არის, რომ სამართლებრივად უგულებელყოფილია კეთილსინდისიერი მყიდველის ინსტიტუტი. მხარემ, ანუ ჩემმა მარწმუნებელმა, ჩვეულებრივ, რომელსაც ეჭვი არაფერში შეჰპარვია, საჯარო რეესტრში გატარებული უძრავი ქონება თავისი საკადასტრო კოდით, ფართობით და ნომრით რეგისტრირებული შეამოწმა და იყიდა. თავის დროზე, იმ მესაკუთრემაც იყიდა, ვისგანაც იყიდა მასხარაშვილმა. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ქონება არის ნივთობრივად უნაკლო, თუ მასზე რაღაც ვალდებულებები არ არის, იპოთეკა, ყადაღა და ა. შ. თავისუფალი ნივთი იყიდა, დაიწყო მისით სარგებლობა და განკარგვა, როგორც მესაკუთრემ. რატომღაც, უზენესმა სასამართლომ ამ ადამიანის, როგორც კეთილსინდისიერი მყიდველის ინსტიტუტი, მოსპო. ყველაზე მთავარი რაც მოხდა, სასამართლო არ დაინტერესდა იდენტიფიცირებით სად, რა ნივთი მდებარეობს. არ ვიცი რატომ, მაგრამ თვითონ გვარია არასასურველი. 2012 წლის ოქტომბრამდე, სასამართლო პროცესები ჩვეულებრივად მიდიოდა და პირველმა ინსტანციამ დასაბუთებულად უთხრა უარი მოსარჩელეს, ანუ მხარეს, ვინც ედავება ჩემს მარწმუნებელს. პირველმა ინსტანციამ მიროტაძეს სარჩელი არ დაუკმაყოფილა, ასევე აპელაციამ და 2012 წლის ოქტომბრის მერე, მასხარაშვილის მიმართ, თავდაყირა დადგა მთელი სამართალი. ეს რაც შეეხება სამოქალაქო წესით, მაგრამ ადმინისტრაციული წესითაც მიმდინარეობს დავა. ამ დავაშიც იწყება დღევანდელი პერიოდი და უზენაესმა სასამართლომ დასაბუთებულად დააბრუნა ადმინისტრაციული საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში. ქუთაისის ადმინისტრაციულმა პალატამ საერთოდ არ გაიზიარა, ასეთი პრეცედენტიც არ მინახავს ჩემი პრაქტიკის პერიოდში. უზენაესმა სასამართლომ დაუსაბუთა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რა უნდა მიეღო მხედველობაში და რატომ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო ახლა უკვე მიროტაძის ადმინისტრაციული საჩივარი. ეს საერთოდ არ გაიზიარა და ისევ ის გადაწყვეტილება მიიღო ყოველგვარი ცვლილების გარეშე. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავასაჩივრეთ, ის რაც არ გაიზიარა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, დღემდე უზენაეს სასამართლოში იხილება და ნახეთ ახლა როგორ კოლაფსში ვართ _ უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატას უკვე მიღებული აქვს ამ საქმეზე თავისი შეხედულებები და გადაწყვეტილებები, ამ საქმეზე მეორე კოლეგია, განმხილველი მოსამართლე გადაწყვეტილებას არ იღებს. არც დასაშვებობის საკითხზეა მსჯელობა და საქმე იხილება ზაფხულიდან. ადმინისტრაციულ წარმოებაში მოპასუხე უკვე არის საჯარო რეესტრი, მასხარაშვილი მესამე პირია დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. ამ შემთხვევაში, საჯარო რეესტრი აბსოლუტურად წინააღმდეგია იმ გადაწყვეტილებების, რასაც იღებენ მასხარაშვილის საწინააღმდეგოდ, მაგრამ მაინც არ უჩანს თავი და ბოლო ამ საქმეს! „ქრონიკა+“ კომენტარისთვის ანი მიროტაძეს დაუკავშირდა: _ როგორ უნდა მოვახდინო ზეწოლა მოსამართლეზე, მართლა მაინტერესებს? ჯერ ერთი, ეს თემა მხოლოდ ვიცი. ვიცი, რომ მამიდაჩემი არის დაზარალებული, რადგან თავის დროზე ეს ფართი იყიდა და მერე გადაყიდეს. მე თუ მკითხავთ, იქ დასაჭერები არიან ისინი, რომლებიც საჯარო რეესტრში მუშაობენ. ეგ ქალბატონი, ნანა მასხარაშვილი, ზუსტად ისეთივე დაზარალებულია იმიტომ, რომ დასაჭერები იყვნენ, არასწორი გადაყიდვა მოხდა, დოკუმენტაცია გაყალბდა. არ ვიცი, ამაში ვინ იყო ჩართული, მაქვს ჩემი ეჭვები, მაგრამ... თუ თქვენ ნანაზე მეკითხებით, მაგ ქალბატონმა უფრო უკეთესად იცის, ვინ შეიძლება ამის უკან ყოფილიყო და ვინ დაატარებს ამ საქმეს ამდენი წელია. ღმერთმა დამიფაროს ასეთი ჩარევებისგან, მაგრამ მაგ ქალბატონს ჰკითხეთ, თვითონ რას ფიქრობს, მისია ეს ფართი? მამიდაჩემს უჭირავს დოკუმენტები, სადაც წერია, რომ ეს ფართი არის მისი მფლობელობის ქვეშ. თუ ვინმეს უნდა, უჩივლოს მასხარაშვილმა, ეს არის ის საჯარო რეესტრი, რომელსაც, ჩემი აზრით, დანაშაული აქვს ჩადენილი. ძალიან უხერხულია ჩემი ამაში დადანაშაულება. არა მხოლოდ არ გავრეულვარ, მოსამართლის გვარიც არ ვიცი და საერთოდ არაფერი ამის შესახებ. წლებია, ეს საქმე მიმდინარეობს და 4-ჯერ დაბრუნდა, მგონი, ახალი გარემოებების გამო. არაფერ შუაში არ ვარ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ქალბატონმა, რომელიც შესაძლოა, მართლა არის კეთილსინდისიერი მყიდველი, თუ რამე დაკარგა და ზარალი განიცადა, ეს არ არის იმ ადამიანის ბრალი, ვინც ასევე კეთილსინდისიერად შეიძინა და მისი ქონება რაღაც მაქინაციებით გადაყიდეს. თუ ამ ქალბატონს რაიმე პრეტენზიები აქვს, ჩემს მამიდასთან კი არა, სხვასთან უნდა ჰქონდეს. აბსოლუტურად გაყალბებულია დოკუმენტაცია და სხვათა შორის, კარგი იქნება, დოკუმენტაციების გაყალბებებით თუ დაინტერესდებით, მხოლოდ ეს შემთხევვა არ არის, ასეთი ბევრი შემთხვევა ვიცი, რომელიც სხვათა შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხდებოდა, ადამიანის ქონების მიტაცება-მოტაცებას ბოლო არ უჩანდა. ძალიან ცუდი ფაქტია, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს თავისი სიმართლის დაცვის უფლება. რა ვქნა, მამიდაჩემი რომ არის, უარი ვათქმევინო იმაზე, რომ არ იბრძოლოს?   „ქრონიკა+“ ნანული მიროტაძის ადვოკატს, ნათელა გოდერიძეს დაუკავშირდა: - ძალიან კარგად ვიცნობ ნანული მიროტაძის საქმეს. სარჩელიც და სასამართლოში რაც წარმოებული საქმეები იყო, ყველა ჩემი მომზადებულია. იმ კუთხით იმის განმარტება, რომ ანი მიროტაძე ნანული მიროტაძის ძმისშვილია და ამიტომ გადაწყვიტეს უზენაეს სასამართლოში საკითხი დადებითად, აბსურდია. მე პირადად ანი მოროტაძეს არ ვიცნობ, მხოლოდ ტელევიზიით მყავს ნანახი, არანაირ ურთიერთობაში ამ საქმეში არ შემოსულა და სასამართლოშიც ვერ ჩაერეოდა. ჩემი შინაგანი რწმენით მჯერა, რომ ასე საკითხები არ წყდება. ნანა მასხარაშვილი აბსოლუტურად სხვა მიმართულებით მიდის და რატომ მიდის ასე და ვისი შეცდომაში შეყვანა უნდა, არ ვიცი. მასხარაშვილი არ დგას სწორ გზაზე, ან მისი ადვოკატები ატყუებენ, რომ ასე ილაპარაკოს. ნანული მიროტაძემ 2006 წელს შეიძინა ფართი, იგივე ფართი ავთანდილ დევიძემ შეიძინა შეცდომით და ამის შესახებ მან იცოდა. დევიძემ მიჰყიდა ფართი მასხარაშვილს და უთხრა, რომ შეცდომით არის ფართი გაფორმებული, სინამდვილეში მე N16 ფართი კი არ მაქვს ნაყიდი, არამედ N18-იო. შემდგომში მასხარაშვილმა არ დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში ის ფართი. კანონში პირდაპირ არის დაწერილი,  ორი ერთი და იგივე ფართის გაყიდვის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება პირველ მყიდველს. როგორ შეცვლიდა ამას ანი ან ნანული მიროტაძე, ან ნანა მასხარაშვილი? მას ატყუებენ თავისი წარმომადგენლები და ასე უნდა, რომ დაიჯეროს. მასხარაშვილი ნამდვილად მესაკუთრეა, მაგრამ სხვა ფართის მესაკუთრე და არა ნანული მიროტაძის. ადმინისტრაციული წესითაც ვიდავეთ და სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მასხარაშვილზე არსებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი N18 ფართთან დაკავშირებით, ბათილად ყოფილიყო ცნობილი. რა შუაშია ანი მოროტაძე? მე არც ჭიათურის ყოფილ დეპუტატ  გოგატიშვილს ვიცნობ,  „ნაციონალი“ იყო და ახლა გადმოპორტირებულია, მაგრამ, როგორც ჩემთვის ცნობილია, მისი ინტერესი იყო N18 ფართი, მასხარაშვილი მას არ დაუპირისპირდა და პირიქით დაუწერა, რომ არ მაქვს ამ ფართთან პრეტენზიაო და ახლა ფაქტის წინაშე დადგა. ნანული მიროტაძე რა შუაშია? ის არის კეთილსინდისიერი შემძენი, 100 წელიც რომ გასულიყო, იმ ფართს ვერავინ წაართმევდა. აქ შეცდა მასხარაშვილი.  

                                                                                                                          თამარ ბატიაშვილი

   

გაზიარება