„საქართველოში მოსიარულე ბირთვული რეაქტორები და რადიოაქტიური წყაროები არიან“, _ ეს სკანდალური განცხადება „დემოკრატიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელმა, ეკოლოგმა ლაშა ჩხარტიშვილმა „ქრონიკა+“-სთან გააკეთა. მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით რამდენიმე საკითხი არსებობს, რომელიც გადაუდებელ მიხედვას საჭიროებს. ამ საკითხებს შორის ერთ-ერთია რადიოაქტიური მეთოდით მკურნალობის შემდგომი პერიოდი, როდესაც დასხივების მატარებელი პაციენტი პირდაპირ ქუჩაში ხვდება და სხვა ადამიანებისთვის საშიშ წყაროს წარმოადგენს.
საკითხში უკეთ გასარკვევად „ქრონიკა+“ ერთ-ერთ პაციენტს ესაუბრა, რომლის გვარს, მისივე თხოვნით, შეგნებულად არ ვასახელებთ.
ქეთი:
_ ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე მქონდა, ოპერაცია გავიკეთე, რომლის შემდეგ რადიოაქტიური მეთოდით მკურნალობა დამჭირდა. ეს არის საკმაოდ საფრთხილო პროცედურა, საზღვარგარეთ ეს სადაც კეთდება, მაგალითად, უკრაინაში, გერმანიასა და თურქეთში, იქ აბსოლუტურად განსხვავებული სტანდარტია. მკურნალობის შემდეგ თვითონ პაციენტი გარკვეული დასხივების მატარებელია, შესაბამისად, გარშემომყოფებისთვის საშიშია. საქართველოში მკურნალობის ეს მეთოდი მხოლოდ ინგოროყვას კლინიკაშია დანერგილი, რაც ძალიან კარგია, რადგან პაციენტებს საზღვარგარეთ მკურნალობა უჭირთ. თუმცა აქ არ კეთდება ისე, როგორც უცხოეთის კლინიკებში. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენთან კლინიკიდან გამოსული პაციენტები პირდაპირ ქუჩაში ხვდებიან, 20-30 წუთი პაციენტთან ურთიერთობა არ არის ძალიან საშიში, თუ მას არ ჩაეხუტები, მაგრამ... კლინიკიდან ინსტრუქციას გატანენ, როგორ უნდა მოიქცე, ორი კვირის განმავლობაში ბავშვებთან სიახლოვე არ შეიძლება, არ შეიძლება ადამიანებთან 2 საათი დღეში 1 მეტრის რადიუსითაც კი სიახლოვე. ექიმები თვითონ გაძლევენ ინსტრუქციას, რომ 2 კვირის განმავლობაში რაც გაცვია, უნდა დაიწვას, არ შეიძლება ამის არც დამარხვა და არც გადაყრა. ექიმები პაციენტებთან კლინიკაში კონტაქტშიც კი არ შედიან, აბსოლუტურად შეხება არ აქვთ, რადგან საშიში ხარ ადამიანისთვის, მერე ეს რადიაცია გამოდის და გარკვეული პერიოდი, 3-5 თვე სჭირდება, რომ გავიდეს იმ ნივთებიდან თუ საწოლიდან, სადაც იწექი და ა. შ. მე, მაგალითად, მკურნალობის შემდეგ სოფელში წავედი, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ არიან ადამიანები, რომლებიც პირიქით, რეგიონებიდან ჩამოდიან, 1-2 კვირით ბინებს ან სასტუმროს ნომრებს ქირაობენ, 1-2 კვირა ჩერდებიან, მერე იქ შედის და ცხოვრობს სხვა ადამიანი, ეს არის საშიში. მკურნალობის ეს მეთოდი მართლა კარგია და ამ კონკრეტულ სიმსივნეს ასე კარგად სხვა ვერაფერი შველის, ებრძვის კიბოს უჯრედებს და საკმაოდ შედეგიანია, თერაპიის შემდგომი პერიოდია ცოტა მძიმე, მაგრამ როგორც ვიცი, საკმაოდ კარგი მაჩვენებლები აქვს. ერთადერთი პრობლემაა, რომ პაციენტი გადის ქუჩაში და რეაბილიტაციისთვის არ არის სპეციალური შენობა ან პალატები. უხერხული მომენტია, როცა ერიდები შენს შვილებს, იცი, რომ 2 კვირის განმავლობაში მათთვის საშიში ხარ და ამ დროს უნდა იცხოვრო იმ ადგილზე, სადაც მეორე დღეს შეიძლება ბავშვი შევიდეს. მხოლოდ პაციენტის კეთილსინდისიერებაზე და მატერიალურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული და მხოლოდ ეს ფაქტორია დასარეგულირებელი.
ლაშა ჩხარტიშვილი:
_ ინგოროყვას კლინიკა ერთადერთია, სადაც მკურნალობის ამ მეთოდს იყენებენ, მაგრამ უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის. კლინიკაზე უფრო მეტად ვხედავ ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობას, რომელსაც სამედიცნო ობიექტებზე ზედამხედველობა ევალება და ორფეხა მოსიარულე ბირთვული რეაქტორების და რადიოაქტიური წყაროების ქვეყანაში არსებობას არ უნდა ეგუებოდნენ. სამედიცინო კლინიკები უნდა იყვნენ დავალდებულებულნი, რომ მათ ჰქონდეთ სტაციონარი, სადაც მკურნალობის შემდეგ პაციენტები სარეაბილიტაციო კურსს გაივლიან. კარგია ამ ადამიანების გადარჩენა, ახალი მეთოდიკის დანერგვა, მაგრამ უნდა ხდებოდეს უსაფრთხოების ნორმების დაცვა და მათი იზოლაციისთვის შესაბამისი პერიოდით უნდა იყოს გამოყოფილი სპეციალიზებული სტაციონარი ამავე კლინიკის ტერიტორიაზე, ან ქალაქგარეთ, როგორც მოსახერხებელი იქნება იმ სტანდარტების დაცვა, რაც ასეთ შემთხვევებში არსებობს.
ზოგადად, რადიაციული ნარჩენების კუთხით, ქვეყანაში ისევ პრობლემებია. მაგალითისთვის გავიხსენებ კახა ბენდუქიძის დროს ინსტიტუტის ხელში ჩაგდებას, რომელიც რადიობიოლოგიური მიმართულებით კვლევითი დაწესებულება გახლდათ და ბოლოს, როდესაც ამ ინსტიტუტის თანამშრომლებმა მომმართეს თხოვნით მხარდაჭერისთვის, პრაქტიკულად, დაცვის გარეშე იყო დატოვებული. მაშინ რეალურად არსებობდა რადიოაქტიური ნარჩენების მხრიდან გამოწვეული და ე. წ. ჭუჭყიანი ბომბის გაკეთების საფრთხე. არ მგონია, ახლა უკეთესი ვითარება იყოს და მეორე მიმართულებაა ის, რაც წესით და რიგით არ უნდა იყოს უცხო ჯანდაცვის სამინისტროსთვის, ახლად დანერგილი მეთოდიკის შესახებ. საქართველოში სამედიცინო ფიზიკას საკმაოდ დიდი ტრადიციები აქვს და ელემენტარულ საკითხებზე გვიწევს საუბარი, რომ არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა სხვა ადამიანების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების გზით. მეთოდიკა უნდა იყოს გამოყენებული, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს და დაავალდებულოს შესაბამისი კლინიკა, რომ ამ მეთოდიკის პარალელურად ჰქონდეთ სავალდებულო წესით ამ ადამიანების იზოლაციისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ეს ადამიანები საფრთხეს არ შეუქმნიან არც საკუთარი ოჯახის წევრებს, არც სხვა ადამიანებს, არც სასტუმროს პერსონალს და არც კერძოდ დაქირავებული ბინების მეპატრონეებს. დარწმუნებული ვარ, არც ამ პაციენტებს სიამოვნებთ, რომ საფრთხეს უქმნიან სხვებს. ეს საკითხი განგაშის ზარების ჩამოკვრის საფუძველი გახლავთ და თქვენი გაზეთის ფურცლებიდან კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ ამ მიმართულებით უზრუნველყოს საქართველოს მოსახლეობის რადიაციული უსაფრთხოება. ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის ჩემ მიერ ზაჰესის ტერიტორიაზე დასახელებული ობიექტის მიმართულება, რომელიც არსებული ნარჩენების განთავსების საცავს წარმოადგენს. კიდევ ერთი მიმართულებაა, რომელიც ამ თემასთან პირდაპირ კავშირშია, ეს არის სამშენებლო მასალები. თქვენ წარმოიდგინეთ, სამშენებლო მასალების ძალიან დიდი ნაწილი საქართელოში წარმოადგენს რადიაციული დასხივების წყაროს. დღემდე, პრაქტიკულად, ადგილზე არანაირ ლაბორატორიულ კონტროლს არ გადის ეს მასალები და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი კი არის რადიოაქტიური გამოსხივების წყარო და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანებს, რომლებიც ახლად აშენებულ კორპუსებში ცხოვრობენ, იმიტომ, რომ ისინი არანაირად არ არის შემოწმებული. მეორე მხრივ, სარემონტო სამუშაოების შედეგად შემოწმება არ ხდება და იგივე რადონი თუ რადიაციის სხვა წყაროები გავრცელებულია საქართველოში. ეს ყველაფერი, თავისთავად, შეკრული წრე გამოდის, რომელიც სიმსივნური დაავადებების გამომწვევია. რადიაციული ფიზიკური ფაქტორი გახლავთ ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი კიბოს შემთხვევების მატებისა და მის გამომწვევ მიზეზად არის დღემდე მსოფლიოში აღიარებული. ამიტომ მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა შესაბამის უწყებებს, დაიწყონ ქმედებები ჩვენი რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჩვენი ჯანმრთელობის დასაცავად. როგორც მკურნალობის შემთხვევაში, ვგულისმობ ბირთვული და რადიოაქტიური იზოტოპების გამოყენების შემთხევვას, რომელიც უპასუხისმგებლობის მწვერვალს შეიძლება შევადაროთ, იგივე არსებული წყაროების დაცვის გაუმჯობესების კუთხით, მათ შორის ზაჰესთან არსებულ საცავთან მიმართებით. როგორც აღვნიშნე, ასევე მასობრივ საფრთხეს წარმოადგენს სამშენებლო მასალები, რომლებიც საქართველოში გვევლინება რადიაციული გამოსხივების წყაროდ, ხშირ შემთხვევაში, მათი კონტროლი არ ხდება და ეს სასწრაფოდ მოსაწესრიგებელია!
მარინა დარახველიძე, ჯანდაცვის დეპარტამენტი:
_ ეს გარემოს დაცვის სამინისტროს პრეროგატივაა. ამჟამად მათ შემუშვებულიც აქვთ რეგლამენტი სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების დამტკიცების შესახებ. ჩვენთან ეს დოკუმენტი შესათანხმებლად იყო შემოსული და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში განვიხილეთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმაც განიხილა ეს დოკუმენტი. რა მოსაზრებებიც გვქონდა, ჩვენს კოლეგა სამინისტროს მივაწოდეთ, ანუ დოკუმენტი მათ შეიმუშავეს და აღსრულების მექანიზმიც მათია. გარემოს დაცვა გასცემს ლიცენზიას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ. როდესაც ჩვენს სამედიცინო ობიექტებში რადიოლოგიური საქმიანობის შესახებ ნებართვას გავცემთ, ასეთი პირობაა, რომ ვითხოვთ სწორედ, ეს ლიცენზია წარმოადგინონ _ პასუხისმგებლობა აიღონ, რამდენად უსაფრთხოდ არის განთავსებული თვითონ ობიექტი ან გამოსხივების წყარო, მოწყობილობა; როგორია ამასთან დაკავშირებით მათ ურთიერთობა გარემოს დაცვის სამინისტროსთან. შესაბამისად, ჩვენ ვეყრდნობით კოლეგა სამინისტროს მიერ გაცემულ ლიცენზიას.
ჩვენი კომპეტენცია ამით შემოიფარგლება. ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე. სწორედ ამ დოკუმენტში არის გაწერილი ის თემები, რაზედაც თქვენ ბრძანეთ. ვთქვათ, პაციენტის რადიაციული უსაფთხოების უზრუნველყოფა, ასევე გარშემო პირების, პერსონალის უსაფთხოების დაცვა. დოკუმენტში წერია, რომ უნდა მიეწოდოს უსაფრთხოების წერილობითი სამახსოვრო ინსტრუქცია, რაც თვითონ ამ დოკუმენტს ახლავს. რეკომენდებულია ცალკე საწოლით სარგებლობა, ბავშვებთან და ორსულ ქალებთან კონტაქტის აღკვეთა პროცედურიდან 6 თვის განმავლობაშა და ა. შ. ცალკეული თემები გაწერილია და აქ აღარ ჩამოვთვლი.
აქ არის მოცემული შემთხვევები, როცა პაციენტი სტაციონარში უნდა დარჩეს მკურნალობის შემდეგ და არის შემთხვევები, როდესაც ამბულატორიულ რეჟიმში იღებს აღნიშნულ დოზირებას. ორივე ვარიანტში გაფრთხილებულია: რა არ უნდა გააკეთოს, საერთოდ როგორ უნდა მოიქცეს და ა. შ.
ეს დიდ დოკუმენტში, დაახლოებით, 85 გვერდზეა გაწერილი. ვფიქრობთ, რომ როგორც პაციენტისთვის, ასევე პერსონალისთვის და შემდგომ გარეშე პირებისთვის რადიაციული უსაფრთხოების კონკრეტულ მოთხოვნებს ადგენს.
რაც შეეხება აღსრულებას, ასევე გარემოს დაცვა თვითონ განსაზღვრავს, თუ რამდენად სრულდება ეს დოკუმენტი. ამის აღსრულების მექანიზმებსაც თვალყურს ადევნებს. ამით ქვეყანაში პაციენტებზე, სამედიცინო პერსონალზე, მოსახლეობაზე და გარემოზე მაიონიზებელი გამოსხივების წყაროების მავნე ზემოქმედების კონტროლი უნდა გაუმჯობესდეს. ხელი უნდა შეეწყოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასაც. რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების ხარისხი მაქსიმალურად უნდა ამაღლდეს.
ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ვისწრაფით და იქ არის საერთაშორისო მოთხოვნები. ჩვენ და გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში აქტიური ურთიერთობა გვაქვს „მაგატესთან“ და სხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც ამ თემას კურირებენ. შესაბამისად, ეს დოკუმენტებიც აუცილებლად შესამუშავებელი და მისაღებია.
შორენა ესიაშვილი _ ექიმი, ბირთვული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი:
_ ჩვენმა კლინიკამ ეს მკურნალობა 2012 წელს, ხოლო `ავერსის~ კლინიკამ 2014 წელს დაიწყო. `ავერსის~ კლინიკას მეტი პაციენტი ჰყავს, რადგან ამისთვის დიდი სტაციონარი გააკეთეს. ჩვენი და `ავერსის~ კლინიკა ევროკავშირისა და საეთაშორისო ატომური სააგენტოს სტანდარტებს ექვემდებარება. ეს გაწერილი რეგულაციაა და შესაბამისი დოკუმენტი არსებობს, ბოლო, 2009 წლის გამოცემაა.
ამის მიხედვით პაციენტი რა სამკურნალო დოზასაც იღებს, ამაზე სრული კონტროლი ხორციელდება. მაგალითად, ჩვენ პაციენტი, ძირითადად, სამი დღის განმავლობაში გვყავს. გარემოს დაცვის სამინისტრომ იცის, რომ გაწერის დროს ვაწარმოებთ სპეციალურ ჟურნალებს, თუ რამდენი იყო დოზა და ა. შ.
ჩვენ გვამოწმებს გარემოს დაცვის სამინისტრო. ჩამოდის ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო ჯგუფი და ყველაფერს ადგილზე ამოწმებს. მაგალითად, 2014 და 2015 წლებში საერთაშორისო შემოწმება გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად ჩატარდა. პალატებს, პაციენტებს ამოწმებენ, ასევე დოზიმეტრები გვაქვს თუ არა, ყველაფერი ზუსტად არის გაწერილი. ყოველივე ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით კეთდება.
_ პაციენტებმა მითხრეს, რომ როდესაც სამდღიანი კურსის შემდეგ გამოდიან, დანიშნულებას წერილობით აძლევენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ...
_ უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია. ჩვენი კლინიკა რეალურად ბუნკერში გაიხსნა. გვაქვს მიწისქვეშა პალატები. ჩვენი განყოფილება ნულ სართულზე, კლინიკის განაპირას მდებარეობს და გასასვლელიც გვერდიდანაა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ დავიცვათ მსოფლიო სტანდარტები.
თამარ ბატიაშვილი