კიევის ცენტრში, მაიდნიდან, სულ რაღაც, ასიოდე მეტრში, გრუშევსკის სახელობის ქუჩა მდებარეობს. ამ ქუჩის 10 ნომერში, პირველ სართულზე, უკრაინის პირველი პრეზიდენტის, ლეონიდ კრავჩუკის სამუშაო ოფისია განლაგებული. სწორედ მის სახელს უკავშირდება უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადება. 1992 წლის 22 აგვისტოს უკრაინის უმაღლესი საბჭოს სესიაზე ლეონიდ კრავჩუკს უკრაინის სახელმწიფო რეგალიები გადასცეს. უკრაინის გასაბჭოების შემდეგ ამ რეგალიებს უკრაინელი ემიგრანტები საზღვარგარეთ ინახავდნენ და უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ელოდნენ. რეგალიები კრავჩუკს დევნილობაში უკრაინის სახალხო რესპუბლიკის უკანასკნელმა პრეზიდენტმა, ნიკოლაი პლავიუკმა ჩამოუტანა. პლავიუკმა კრავჩუკს აგრეთვე სპეციალური სიგელი გადასცა, სადაც ეწერა, რომ 1991 წლის 24 აგვისტოს აქტით უკრაინამ კვლავ აღიდგინა დამოუკიდებლობა და დღევანდელი უკრაინა ბოლშევიკების მიერ ოკუპირებული უკრაინის სახალხო რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს.
კრავჩუკი მონაწილეა ყველა საკვანძო ისტორიული პროცესისა, რომელიც XX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულსა და 90-იანი წლების დასაწყისში მიმდინარეობდა უკრაინაში. როგორ მიიღეს ბელოვეჟის ნაკრძალში საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ ცნობილი დოკუმენტი? როგორ გაჰქონდათ უკრაინიდან რუსეთში უზარმაზარი ბირთვული იარაღი? და რას ფიქრობს უკრაინის პირველი პრეზიდენტი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასა და ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტზე?
,,ქრონიკა+” გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს უკრაინის პირველ პრეზიდენტთან _ ლეონიდ კრავჩუკთან:
_ 1994 წლის დეკემბერში, ბელარუსში, ბელოვეჟის ნაკრძალში თქვენ ბორის ელცინთან და სტანისლავ შუშკევიჩთან ერთად ხელი მოაწერეთ დოკუმენტს, რომელმაც წერტილი დაუსვა საბჭოთა კავშირის არსებობას. როგორ დაიწყო ეს პროცესი?
_ 1994 წლის დეკემბერში მინსკში, ბელარუსის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, სტანისლავ შუშკევიჩის მიწვევით ჩავედი. იმავე დღეებში ბელარუსში, საკმაოდ წარმომადგენლობით რუსულ დელეგაციასთან ერთად, რუსეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინიც იმყოფებოდა. ჩვენი შეხვედრის ოფიციალურ სარჩულს ენერგეტიკულ საკითხებზე მოლაპარაკება წარმოადგენდა, თუმცა ყველა ხვდებოდა, რომ ეს მხოლოდ საბაბი იყო. ჩემთვის ენერგეტიკულ საკითხებზე რუსეთთან საუბარი ნაკლებად მნიშვნელოვანი გახლდათ. ენერგეტიკაზე და, ზოგადად, ენერგომატარებლებზე ელცინთან საუბარი მოსკოვშიც შემეძლო და კიევშიც. ამისთვის ბელარუსში ჩასვლა სულაც არ იყო საჭირო.
ბელარუსში იმისთვის ჩავედი, რათა ისტორიული საკითხი გადამეჭრა. ჩემი მიზანი იყო იმ გზების ძიება, რომელიც საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის თვისობრივად ახალ ურთიერთობას წარმოშობდა. აი, ეს გახლდათ ამოცანა.
იმ პერიოდში უკვე დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი ვიყავი და ამდენად ბელარუსში ჩავედი არა როგორც უბრალოდ ლეონიდ კრავჩუკი, არამედ როგორც პრეზიდენტი, რომელსაც ხალხის მანდატი აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ შემეძლო გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ საკუთარი შეხედულებით. მე ვმოქმედებდი იმ მანდატის ფარგლებში, რომელიც უკრაინელებმა მომანიჭეს. ხალხმა გამოთქვა საკუთარი ნება საპრეზიდენტო არჩევნებში და უკრაინის რეფერენდუმზე, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. ამიტომ აბსოლუტურად ნათელი ამოცანა მქონდა _ უნდა გამერკვია, იარსებებდა თუ არა საბჭოთა კავშირი ძველი ფორმით და საერთოდ, იქნებოდა თუ არა უკრაინა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში? უფრო მართებულია თუ ვიტყვი, რომ აქ გასარკვევიც არაფერი იყო: უკრაინამ თავისი ნება გამოხატა რეფერენდუმზე და განაცხადა, რომ მას დამოუკიდებელი ქვეყნის აშენება სურს. ამ შემთხვევაში ჩემი ამოცანა იყო, უკრაინელი ერის ნების ასრულება.
მაგრამ აქ მეორე საკითხიც არის: სანამ რუსეთი არ იტყოდა თავის სიტყვას, სანამ რუსეთი არ აღიარებდა უკრაინის დამოუკიდებლობას და არ სცნობდა მას საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად, ამ ამოცანის გადაჭრა ძალიან გართულდებოდა. რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო, უკრაინას თავად ეცადა დამოუკიდებლობის მოპოვება, მაგრამ არსებობდა იმის რეალური საფრთხე, რომ საბჭოთა კავშირი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალას გამოიყენებდა. ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ელცინთან და შუშკევიჩთან მოლაპარაკება.
უკრაინის დელეგაცია სულ 5 წევრისგან შედგებოდა. ეს არ იყო დიდი დელეგაცია. შევხვდით ელცინს და დავიწყეთ ამ ურთულესი საკითხის წინასწარი განხილვა. შემდეგ ვახშამი იყო და იქაც ისევ ამ საკითხზე ვსაუბრობდით. იმ დღეს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ვერ მივედით. განხილვა მეორე დღეს, დილითვე გავაგრძელეთ. ჩვენ ცალკე ოთახში შევიკრიბეთ: რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები და ბელარუსის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე. განხილვას აგრეთვე ესწრებოდნენ რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრები და რუსეთის სახელმწიფო მდივანი გენადი ბურბულისი. ვმსჯელობდით, რა ტიპის დოკუმენტი უნდა მიგვეღო. ეს იყო მთავარი თემა. თავიდანვე მოვილაპარაკეთ, რომ ეს იქნებოდა დოკუმენტი, რომელიც სათავეს დაუდებდა ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. ეს იქნებოდა ჩარჩო-დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც შემდეგ უკვე მიიღებდნენ დოკუმენტების მთელ პაკეტს. ეს ჩარჩო-დოკუმენტი განსაზღვრავდა საბჭოთა რესპუბლიკების ახალ იურიდიულ სტატუსს და მათ ურთიერთობას მთელ მსოფლიოსთან.
_ იყო თუ არა ელცინის, ან რუსეთის დელეგაციის მხრიდან რაიმე დაბრკოლება დოკუმენტის შედგენასა და მისი შემუშავების პროცესში?
_ თავდაპირველად, ბორის ელცინი საბჭოთა კავშირის სრულყოფის გზას ეძებდა. რა თქმა უნდა, იგი პირდაპირ არ ემხრობოდა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას, მაგრამ ქვეყნის კონფედერაციულ საწყისზე გარდაქმნის შესაძლებლობაზე ნამდვილად ფიქრობდა. სხვათა შორის, კონფედერაციის იდეას, რაღაც ფორმით, მეც ვუჭერდი მხარს. ბელოვეჟის ნაკრძალში შეხვედრისას ელცინი ცდილობდა, შუალედური გამოსავალი მოეძებნა. მას სურდა, საბჭოთა კავშირში შექმნილი პოლიტიკური ვითარების შესახებ ზოგადი განცხადება შეგვემუშავებინა და თავი შეგვეკავებინა კონკრეტული დოკუმენტის მიღებისგან, მაგრამ ამაზე მე და შუშკევიჩი არ დავთანხმდით. ელცინს პირდაპირ ვუთხარი, რომ მე მქონდა ხალხის მანდატი და უკრაინელი ხალხის ნების წინააღმდეგ ნაბიჯს არ გადავდგამდი. უკრაინამ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის გადაწყვეტილება მიიღო და სწორედ ამ დამოუკიდებელი უკრაინის პრეზიდენტად ამირჩია. ამდენად, არ მქონდა სხვა ალტერნატივა, სხვა გზა, გარდა იმისა, რომ ამესრულებინა უკრაინელთა ნება.
დავუშვათ, რაღაც მომენტების გათვალისწინებით, გადამეხვია ამ გზიდან (რაც, პრინციპში, შეუძლებელია და ჩემს რწმენას ეწინააღმდეგება), რა უნდა გამეკეთებინა? ჩავსულიყავი კიევში, გამოვსულიყავი ტელევიზიით და რა უნდა მეთქვა ხალხისთვის? _ თქვენ მე ამირჩიეთ, მიიღეთ გადაწყვეტილება დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის თაობაზე, მხარი დაუჭირეთ უკრაინის დამოუკიდებლობის აქტს და მე კი ბელარუსში ამას ხაზი გადავუსვი? ესე იგი, უნდა დამეწერა განცხადება გადადგომის შესახებ, რადგან ვერ ავასრულე ხალხის ნება. ეს ყველაფერი ელცინს ავუხსენი. გავაცანი ჩემი პოზიცია, რომ არ მსურს და არც შემეძლო უკრაინელთა ნების უგულებელყოფა. ამ არგუმენტებს ელცინიც დაეთანხმა.
ყველაზე რთული დოკუმენტის პირველი პუნქტი იყო, რომელშიც ეწერა, რომ საბჭოთა კავშირი, როგორც გეოპოლიტიკური სისტემა და როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, არსებობას წყვეტს. ეს პუნქტი, იურიდიულ ჯგუფთან კონსულტაციის შემდეგ, უშუალოდ ბურბულისმა შეადგინა. მან შემოგვთავაზა ასეთი ფორმულირება და ჩვენც დავეთანხმეთ. კენჭი ვუყარეთ, ხმა მივეცით და მერე ყველაფერი მარტივად წავიდა. ყველა შევთანხმდით, რომ საბჭოთა კავშირი არსებობას წყვეტს. შემდეგ საჭირო იყო უკვე ისეთი პუნქტების მიღება, რომლებიც, საბჭოთა კავშირის ოფიციალური დაშლის შემდეგ, ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავდა.
_ საერთოდ, როგორ მზადდებოდა ბელოვეჟის შეხვედრა? გქონდათ რუსეთისა და ბელარუსის ლიდერებთან წინასწარი კონსულტაციები, თუ შეთანხმება სპონტანური პროცესების შედეგი იყო?
_ რა თქმა უნდა, ისე არ იყო საქმე, რომ წინასწარ არაფერი ვიცოდით, ერთმანეთს ბელარუსში შევხვდით და უცებ საბჭოთა კავშირის დაშლის გადაწყვეტილება მივიღეთ. საბჭოთა კავშირი რომ უნდა შეგვეცვალა, ეს ცხადი იყო – საკითხი იდგა, თუ რა ფორმას მიიღებდა ქვეყანა ამ ცვლილებების შემდეგ და რა სტატუსის დოკუმენტს მივიღებდით. ბელოვეჟის ნაკრძალში, ძირითადად, სწორედ ფორმულირების თაობაზე ვმსჯელობდით.
ცხადია, ბელოვეჟის ნაკრძალში შეკრებამდე ჩვენ ერთმანეთს პერიოდულად ვხვდებოდით და ამ საკითხზე ვმსჯელობდით. მაგალითად, ბურბულისი ორჯერ ჩამოვიდა უკრაინაში, იყო შეხვედრები მოსკოვში, სხვადასხვა ფორმატში ვხვდებოდი ელცინს, შუშკევიჩს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება. ეს იყო ისტორიული მასშტაბის საკითხი.
არსებობდა საბჭოთა კავშირი, უდიდესი სამხედრო ძალა. მარტო უკრაინის ტერიტორიაზე 1,5-მილიონიანი არმია იყო კონცენტრირებული, 165 ბირთვული რაკეტა, ტაქტიკური რაკეტები; კომუნისტური პარტია, უზარმაზარი ნომენკლატურა, უშიშროება, ჩინოვნიკების არმია _ რა აღარ იყო! ასეთი საკითხის მარტივად გადაჭრა შეუძლებელია. უნდა ათვითცნობიერებდე, რომ ნებისმიერმა მცდარმა ნაბიჯმა, ნებისმიერმა გაუფრთხილებელმა გადაწყვეტილებამ, შეიძლება ქვეყანაში საშინელი დაპირისპირება გამოიწვიოს, შეიძლება სამოქალაქო ომს მისცეს ბიძგი. ამიტომ ეს საკითხები მუდმივი მსჯელობის თემა იყო.
საბოლოოდ, შევთანხმდით, რომ შემაჯამებელი შეხვედრა ჩაგვეტარებინა და იგი გორბაჩოვის გარეშე უნდა შემდგარიყო. ასეთი იყო ფორმულირება. გადაწყდა, რომ შეხვედრისთვის ყველაზე კარგი ადგილი ბელარუსი იქნებოდა და იქ უნდა მიგვეღო დოკუმენტი, რომელსაც საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით იურიდიული ძალა ექნებოდა _ დოკუმენტი, რომელიც რატიფიკაციას ექვემდებარება და შესასრულებლად ყველასთვის სავალდებულო გახდება.
_ რა გრძნობა დაგეუფლათ, როდესაც გაათვითცნობიერეთ, რომ თქვენი ხელმოწერით უზარმაზარმა ქვეყანამ არსებობა შეწყვეტა?
_ ჟურნალისტები ძალიან საინტერესო ხალხი ხართ და ყველაფერი გრძნობებში გადაგყავთ. მიმაჩნია, რომ გრძნობები მშვენიერია, როდესაც საქმე გოგოსა და ბიჭის ურთიერთობას ეხება, მაგრამ როდესაც პოლიტიკაში ხარ, გრძნობები სულაც არ არის მთავარი. წინა პლანზე ისტორიული საჭიროება და უზარმაზარი პასუხისმგებლობა დგას. რას გრძნობ? როგორ გრძნობ? _ ეს ყველაფერი ლირიკული გადახვევებია, _ აი, ხედავთ, იგი ამას გრძნობდა, მაგრამ მაინც გადადგა ეს ნაბიჯი, არ შეუშინდა _ არ არსებობს შიში, არის მხოლოდ პასუხისმგებლობა და ისტორიული მომენტის მნიშვნელობა. მხოლოდ ამით ხელმძღვანელობ. არ მინდა, თქვენი გრძნობები შევზღუდო, მაგრამ როდესაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხებია გადასაწყვეტი, ჩემთვის გრძნობები არ არსებობს.
_ ბელოვეჟის ნაკრძალში გაფორმებული შეთანხმების შემდეგ გქონდათ თუ არა საუბარი საბჭოთა კავშირის ლიდერთან, მიხეილ გორბაჩოვთან? ცდილობდა თუ არა იგი თქვენს გადარწმუნებას და საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას რაიმე ფორმით მაინც?
_ ბელარუსიდან კიევში რომ დავბრუნდი, დილით სატელეფონო ზარმა გამაღვიძა, გორბაჩოვის მდივნის თანაშემწე გურენკო მირეკავდა. შეიძლება, გვარი მეშლება, უკვე ძალიან დიდი დრო გავიდა. იგი მეუბნება, რომ ბელოვეჟის ნაკრძალში მიღებული გადაწყვეტილების გამო, გორბაჩოვი ძალიან შეწუხებულია და საკითხის განსახილველად მოსკოვში ჩამოსვლას გთხოვთო. მიხეილ სერგის ძე იმედოვნებს, რომ ჯერ კიდევ შეიძლება მდგომარეობის გამოსწორებაო, _ დაამატა მან.
მე მას ვუპასუხე, რომ ჩვენ ველოდით მოსკოვიდან ასეთი სატელეფონო ზარის ალბათობას და ამიტომ ელცინს ვთხოვეთ, რომ როდესაც ის მოსკოვში ჩავიდოდა, დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა გორბაჩოვისთვის, თუ რა მოხდა ბელოვეჟის ნაკრძალში და რა სახის დოკუმენტები მივიღეთ. ეს იყო ჩვენი საერთო პოზიცია _ ელცინს გორბაჩოვთან საერთო სახელით უნდა ესაუბრა. მაშინ თანაშემწემ მითხრა, რომ იგი გორბაჩოვს შემაერთებდა. დავთანხმდი. გორბაჩოვმა ძალიან ემოციური ფორმით მომმართა: „ეს რა ჩაიდინეთ, მთელი მსოფლიო გაოგნებულია, არავის ესმის, რა მოხდა. გთხოვთ, ჩამობრძანდით მოსკოვში, მე უკვე ველაპარაკე შუშკევიჩს და იგი თანახმაა, მოსკოვში ჩამოვიდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ვიმსჯელებთ და აუცილებლად ვიპოვით გამოსავალს ამ ჩიხური ვითარებიდან“. ანუ თავიდანვე გასაგები იყო, რომ ჩვენს გადაწყვეტილებას გორბაჩოვი ნეგატიურად აფასებდა.
მე დახუჭობანას თამაში არ დავიწყე და პირდაპირ განვუცხადე, რომ მოსკოვში არ ჩავიდოდი. ვუთხარი, რომ ძალიან დაკავებული ვიყავი. გორბაჩოვმა ძალიან აღელვებულმა მიპასუხა, რომ შეცდომას ვუშვებდი, რომლის გამოსწორებაც აღარ შეიძლებოდა. მოკლედ, ძალიან ემოციური საუბარი გამოგვივიდა.
გორბაჩოვთან საუბრის დასრულებისთანავე შუშკევიჩს დავურეკე და ვკითხე, მართლა აპირებდა თუ არა იგი მოსკოვში გორბაჩოვთან ჩასვლას? შუშკევიჩმა მითხრა, რომ ეს აბსოლუტური სიცრუეა. ის მოსკოვში გამგზავრებას საერთოდ არ გეგმავს და ეს პირდაპირ უთხრა გორბაჩოვს. ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, გორბაჩოვი ტყუილის საშუალებით ცდილობდა მდგომარეობის გადარჩენას, რაც ძალიან არ მომეწონა.
_ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინას ბირთვული იარაღის საკმაოდ მნიშვნელოვანი მარაგი დარჩა. ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის შემდეგ, ბირთვული იარაღის მარაგის მიხედვით, იგი მსოფლიოს მესამე ქვეყანა გახდა. სწორედ თქვენი პრეზიდენტობის დროს მომზადდა ამ იარაღის ქვეყნიდან გატანის საფუძველი. რატომ შეელია უკრაინა ამ იარაღს?
_ საბჭოთა კავშირის პერიოდში უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებულ ბირთვულ იარაღს ადგილობრივი ხელისუფლება არ აკონტროლებდა. ყველა ჩიპი და ბირთვული იარაღის მართვის მთელი სისტემა მოსკოვში იყო განლაგებული. იქიდან იმართებოდა არა მარტო უკრაინის, არამედ მთელი საბჭოთა კავშირის ბირთვული იარაღი. იგივე მდგომარეობა დარჩა უკრაინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების შემდეგაც. ანუ სისტემა უცვლელი დარჩა _ ბირთვული იარაღი არ ექვემდებარებოდა უკრაინის ხელისუფლებას და უკრაინის პრეზიდენტს. ამდენად, ჩვენს ტერიტორიაზე კი იყო უზარმაზარი არსენალი, მაგრამ ჩვენ მისი მართვისა და გამოყენების არავითარი საშუალება არ გაგვაჩნდა.
ამ მნიშვნელოვანი გარემოების გარდა, იყო კიდევ ერთი საყურადღებო საკითხი: უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებული ბირთვული იარაღი არ იყო დამზადებული უკრაინაში, ბირთვულ ქობინებს რუსეთში ამზადებდნენ. სადღაც, ქალაქ არზამასთან არსებობდა წარმოება. ისევე, როგორ ყველაფერი ამ ქვეყანაზე, ბირთვული იარაღიც ძველდება, უვარგისი ხდება და მას განახლება სჭირდება. 165 სტრატეგიული ბირთვული რაკეტა იყო უკრაინაში. ერთ რაკეტაზე რამდენიმე საბრძოლო ქობინია. ახლა ზუსტად არც კი მახსოვს, რამდენი ქობინი იყო თითოეულ რაკეტაზე. წინასწარ შედგენილი განრიგის მიხედვით, ბირთვული ქობინები 1998 წლისთვის აუცილებლად უნდა შეგვეცვალა. ასეთი იყო ექსპლუატაციის წესი, რომელიც ბირთვული იარაღის შემთხვევაში ზედმიწევნით სრულდება. საიდან უნდა მოგვეტანა ახალი ქობინები? უნდა გვეთხოვა რუსეთისთვის. რა თქმა უნდა, ზრდასრული ადამიანი, სერიოზული პოლიტიკოსი ხვდება, რომ ეს აბსურდის სფეროს განეკუთვნება. რუსეთმა მაშინვე განაცხადა, რომ ამას ის არც ერთ ვარიანტში არ დასთანხმდებოდა.
ვთქვათ, დაგვეტოვებინა ეს მოძველებული იარაღი ჩვენს ტერიტორიაზე. შესაბამისი პირობებისა და ქობინების შეცვლის გარეშე დატოვებული ბირთვული იარაღი სასიკვდილო საფრთხის შემცველი ხდებოდა. ჩერნობილის უბედურება შეიძლება მონაგონი ყოფილიყო იმ კატასტროფასთან, რომელიც დაემუქრებოდა არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ მთელ კონტინენტს.
რა უნდა გვექნა ამ ბირთვული ქობინებისთვის? როგორც სამხედრო იარაღს, მას ვერ გამოვიყენებდით და იგი ჩვენვე გვიქმნიდა უზარმაზარ პრობლემასა და საფრთხეს. მე მივმართე უკრაინის მეცნიერებათა აკადემიას, ფიზიკისა და ბირთვულ ინსტიტუტებს, ყველა ცნობილ მეცნიერს და ისინი რადის სხდომაზე მოვიწვიე, რათა მათ დეპუტატებისთვის შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდებინათ. მოწვეულები იყვნენ ასევე სარაკეტო ჯარების ხელმძღვანელები და ის სამხედროები, რომლებსაც უშუალო შეხება ჰქონდათ ბირთვულ იარაღთან. ეს საკითხი ძალიან დეტალურად განვიხილეთ, დეპუტატებმა კითხვებიც დასვეს და საბოლოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ იარაღისგან განვთავისუფლებულიყავით. თუმცა გამოჩნდა ხალხი, რომელიც საკითხის ასეთი გადაწყვეტის წინააღმდეგი იყო. რასაკვირველია, მათ საკმაოდ კარგად ესმოდათ პრობლემის არსი და იცოდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება სწორი იყო, მაგრამ ბირთვული თემა პოპულიზმისთვის, არჩევნებისთვის, სხვადასხვა ბრალდებისთვის მაინც გამოიყენეს.
ბირთვულ თემასთან დაკავშირებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო. საქმე ის არის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ოფიციალურად განუცხადა: თუ ჩვენ არ გავიტანდით ბირთვულ იარაღს, უკრაინას მძიმე სანქციებს დაუწესებდნენ. საუბარი იყო როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ სანქციებზე. ეს მათ ღიად განაცხადეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინაში განლაგებული ყველა ბირთვული რაკეტა ამერიკის შეერთებულ შტატებზე იყო დამიზნებული და ამერიკას რაც შეიძლება სწრაფად სურდა ამ საფრთხის განეიტრალება.
ანუ ორი საკითხი იდგა: პირველი _ შეუძლებელი იყო ამ ბირთვული იარაღის მართვა და მისი განახლება, რადგან უკრაინას არ გააჩნდა შესაბამისი მართვის ცენტრი და ინფრასტრუქტურა; მეორე მხრივ _ აშშ-სა და ევროპის ზეწოლა. აქედან გამომდინარე მიიღო უკრაინამ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილება. 1994 წელს ბუდაპეშტში ხელი მოეწერა მემორანდუმს (მემორანდუმს ხელი მოაწერეს: რუსეთის ფედერაციამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და ჩინეთმა), რომელშიც ეწერა, რომ ხელმომწერი ქვეყნები უკრაინას დამოუკიდებლობის, ტერიტორიულ მთლიანობის და სუვერენიტეტის სრულ გარანტიას აძლევდნენ. მეტიც, მემორანდუმში გარკვევით ეწერა, რომ უკრაინის წინააღმდეგ არ გამოიყენებდნენ არასოდეს არა მხოლოდ ბირთვულ იარაღს, არამედ ჩვეულებრივ შეიარღებასაც კი.
_ მიუხედავად ამ მემორანდუმისა, რუსეთმა 2014 წელს ეს ხელშეკრულება უხეშად დაარღვია. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიც, რომლებმაც ვალდებულება აიღეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე და მის სუვერენიტეტზე, მხოლოდ ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლებიან. თქვენი აზრით, რატომ შეიქმნა ასეთი ვითარება?
_ პუტინი იმას ამბობს, რაც მისთვის მომგებიანია. იგი საქართველოსთან ომის დროსაც იმას აცხადებდა, რაც თავად აწყობდა. როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის შემთხვევაში, კრემლი ურცხვად იმეორებს, რომ მან კი არ დაიწყო აგრესია, არამედ ვიღაც უცხოპლანეტელებმა დაიწყეს ომი. ეს უცხოპლანეტელები ისვრიან, კლავენ ჩვენს ხალხს, ბომბებს უშენენ მშვიდობიან მოსახლეობას და ა.შ.
კრემლის პროპაგანდას თუ დავუჯერებთ, დონბასში რუსეთის სამხედრო ნაწილები საერთოდ არ იმყოფებიან. თუმცა, ახლახან, მაგალითად, ცნობილი გახდა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში საზღვაო-სადესანტო ნაწილები შეიყვანეს. ანუ მიმდინარეობს დაუფარავი აგრესია, სეპარატისტებს აწვდიან იარაღს, კონფლიქტის ზონაში აგზავნიან დივერსანტებს, რუსეთის არმიის ჯარისკაცებს.
სინამდვილეში კი ეს არ არის სიმართლე. სიმართლე ის არის, რომ რუსეთმა წამოიწყო ომი ყირიმშიც და დონბასშიც. ამ პროცესებს კრემლი აკონტროლებს და უკრაინულ საშინაო საქმეებში ღიად ერევა. ამას წინათ რომელიღაც გერმანულ ჟურნალთან ინტერვიუში (რომელი ჟურნალი იყო, აღარ მახსოვს) პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს კონსტიტუცია, სადაც გათვალისწინებული იქნება ქვეყნის ფედერალური მოწყობა. რატომ კარნახობს რუსეთის პრეზიდენტი უკრაინას, რა ტიპის კონსტიტუცია უნდა მიიღოს? ეს რაღაც პოლიტიკური აბსურდია.
უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანაა. მას არ შეუძლია იხელმძღვანელოს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებებისა და რჩევების მიხედვით. იგი მოქმედებს მხოლოდ უკრაინელი ხალხის ნებისა და უკრაინელთა მიერ არჩეული ხელისუფლების მიხედვით. რუსეთის მოსახლეობას აბითურებენ საშინელი დეზინფორმაციით. ვიღაც სოლოვიოვები, ვორობიოვები, კისილიოვები ამბობენ, რომ უკრაინაში ხუნტაა, ფაშისტები არიან, ბავშვებს ხოცავენ, მაგრამ მსოფლიო ხომ საკუთარი თვალით ხედავს სიმართელს? ეს სიცრუე, ადრე თუ გვიან, დასრულდება და კრემლის სიცრუეს, პირველ რიგში, თავად რუსეთის მოსახლეობა დაინახავს.
_ უამრავი ფაქტი ადასტურებს, რომ რუსეთი აშკარა აგრესორია. მისი სამხედრო ნაწილები იბრძვიან დონბასში, კრემლმა პირდაპირ მიიერთა ყირიმი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაა. ამ აშკარა აგრესიიდან გამომდინარე, რატომ არ წყვეტს უკრაინა დიპლომატიურ ურთიერთობას რუსეთთან?
_ ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ არ მივცეთ პუტინს საბაბი, ღია სამხედრო აგრესიის დასაწყებად უკრაინის წინააღმდეგ. ხაზს ვუსვამ: ღია აგრესიისთვის, თორემ რუსეთი ისედაც ომობს ჩვენ წინააღმდეგ. უკრაინამ რუსეთთან რომ დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტოს, მაშინ სამხედრო მდგომარეობა უნდა გამოვაცხადოთ. ანუ სამხედრო მდგომარეობას ვის წინააღმდეგ ვაცხადებთ? რა თქმა უნდა, რუსეთის წინააღმდეგ. რას მოიმოქმედებს პუტინი ამის შემდეგ? იგი იტყვის, რომ უკრაინამ ომი გამოუცხადა რუსეთს. ასეთ შემთხვევაში რუსეთის მთელი შეიარაღებული ძალები ღიად შემოიჭრებიან ჩვენს ტერიტორიაზე. დღეს კი უკრაინა მზად არ არის რუსეთთან საბრძოლველად. უფრო მართებულად რომ ვთქვათ, ბრძოლისთვის და დამოუკიდებლობის დასაცავად ყოველთვის მზად ვართ, მაგრამ დასრულდება თუ არა ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით, ძალიან საეჭვოა. ახლა ძალთა თანაფარდობა აშკარად რუსეთის სასარგებლოდ მეტყველებს. უკრაინასთან შედარებით კრემლს განუზომლად დიდი სამხედრო რესურსი და პოტენციალი აქვს. ამიტომ ამ ვითარებაში ჩვენ ვხელმძღვანელობთ მხოლოდ ერთი პრინციპით _ პრობლემა დიპლომატიური, პოლიტიკური გზით უნდა გადაიჭრას. ეს იქნება მინსკის ფორმატი, თუ ნორმანდიული ფორმატი _ ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ ამ მიმართულებით.
პუტინის აზრით, უკრაინული სახელმწიფო ბუნებაში არ არსებობს. იგი მიიჩნევს, რომ ეს ხელოვნურად, შემთხვევით შექმნილი სახელმწიფოა. ჩვენ რომ დიპლომატიური ურთიერთობა გავწყვიტოთ და ომი გამოვუცხადოთ, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით? პუტინი ისედაც ხელოვნურ სახელმწიფოდ მიგვიჩნევს და ამ გაუგებარმა წარმონაქმნა კიდევ გაბედა და მას ომი გამოუცხადა. ასეთ შემთხვევაში მას ხელ-ფეხი გაეხსნება და უეჭველად წამოიწყებს ღია აგრესიას.
პუტინს მიაჩნია, რომ უკრაინა არ უნდა შევიდეს ნატოში. ასეთი საკითხიც კი არ უნდა დაისვას საერთოდ. როგორც ქვეყნის პირველ პრეზიდენტს, მიმაჩნია, რომ უკრაინა ნატოში აუცილებლად უნდა გაწევრიანდეს. უნდა ჩატარდეს საერთო-სახალხო რეფერენდუმი ამ თემაზე, უნდა დაჩქარდეს ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო სფეროს რეფორმები ქვეყანაში, რათა უკრაინა უახლოეს მომავალში გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. სხვანაირად, ასეთი აგრესიული მეზობლის გათვალისწინებით, ქვეყნის სრული უსაფრთხოების დაცვა და მშვიდობიანი აღმშენებლობის პროცესის წარმოება უკრაინისთვის შეუძლებელი იქნება.
რუსეთმა ამას წინათ ძალიან საინტერესო კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც, მისი ნაციონალური ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საერთაშორისო სამართალი. გამოდის, რომ რუსეთთან დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება მხოლოდ ფარატინა ქაღალდია. შეიკრიბება დუმა და დაადგენს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ მიღებული ესა თუ ის დოკუმენტი რუსეთის ეროვნულ ინტერესებს ლახავს და მის შესრულებაზე უარს იტყვიან. მიიღებენ იმას, რაც მნიშვნელოვანია პირადად პუტინისთვის. ასე შეიძლება ქაოსი, უკონტროლო პროცესები მივიღოთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
პრინციპში, რუსეთი უკვე იმყოფება რაღაც თვალსაზრისით ქაოსურ მდგომარეობაში. მის წინააღმდეგ უკვე მოქმედებს სანქციების მთელი პაკეტი, დღითი დღე მცირდება მისი სავალუტო რეზერვები, უარესდება ცხოვრების დონე, პრობლემები კიდევ უფრო მოიმატებს, იზოლაციური პროცესები კიდევ უფრო გაიზრდება, სანქციების გაუქმებას არავინ აპირებს. ანუ რუსეთი თავად იგდებს თავს ძალიან მძიმე ეკონომიკურ და საერთაშორისო მდგომარეობაში. ამიტომ მიმაჩნია, რომ, პირველ რიგში, პუტინი რუსეთზე უნდა დაფიქრდეს, მოეშვას უკრაინაზე ფიქრს. ჩვენ თვითონ მოვუვლით ჩვენს ქვეყანას. მან სჯობია, რუსეთის მომავალზე იფიქროს. ეს მისთვის უფრო მნიშვნელოვანია.
მიხეილ ბასილაძე