QronikaPlus
ბათუმის ბულვარის კონცეფციას ნოდარ ხადურის მეგობარი აკეთებს?!

ბათუმის ბულვარის კონცეფციას ნოდარ ხადურის მეგობარი აკეთებს?!

2016-03-02 07:23:22

ბათუმის ბულვარის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა. დღე არ გავა, რამე ღონისძიება, დისკუსია არ შედგეს ამასთან დაკავშირებით. ბევრს ბათუმის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატსა და ბათუმელ ჯელალ ქიაქვას შორის ფიზიკური დაპირისპირებაც ახსოვს. ამის მიუხედავად, საკითხს აქტუალობა არ დაუკარგავს. საზოგადოების დიდმა ნაწილმა მაინც არ იცის, რეალურად რას უპირებდნენ ბათუმის ბულვარს და ამ საფრთხემ გადაიარა თუ არა? აჭარის ზღვისპირეთი ყოველთვის ექცეოდა მავანთა ფინანსური ინტერესების სფეროში. ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და წარმტაცი ადგილი მსუყე ლუკმაა და მისი კომერციული მიზნებით გამოყენებაზე უარს არავინ იტყვის. 2015 წელს ბათუმის ბულვარის განახლების მიზნით, საქართველოს მთავრობამ 11 მილიონი ლარი გამოყო. ბულვარს განახლება ნამდვილად სჭირდება, მაგრამ ისე უნდა განახლდეს, რომ მისი ფუნქციური დატვირთვა არ შეიცვალოს, რადგან ბათუმის ბულვარი მხოლოდ რეკრეაციული ზონა არ არის. ის ქალაქთან ერთად ვითარდებოდა, ასევე ბათუმის მთელი ისტორია, მეხსიერება, ურთიერთობაც და მის ხელყოფას რომ არავის აპატიებენ, ეს ამ მოვლენებმაც დაადასტურა. როგორც აღმოჩნდა, ეს ცვლილება მის კეთილმოწყობას კი არა, იერსახისა და ფუნქციური დატვირთვის კარდინალურ ცვლილებას ითვალისწინებდა, რომელიც, ბუნებრივია, ბათუმის საზოგადოებამ არ მიიღო. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს, დამოუკიდებლად გაებედა ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელების გადაწყვეტილების მიღება. მას საამისო არც პოლიტიკური და არც შინაგანი რესურსი არ გააჩნია. სავარაუდოდ, ამ საქმის უკან საკმაოდ დიდი ფინანსური ინტერესი დგას, რომლისთვისაც არჩილ ხაბაძეს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.   ბაჩუკი ჩხეიძე: _ ბათუმის ბულვარის მშენებლობა 1884 წელს დაიწყო. მის გასაშენებლად ფრანგი სპეციალისტი მიშელ დალფონსი მოიწვიეს, რომელმაც ბათუმის ბოტანიკური ბაღი გააშენა. საუკუნეზე მეტ ხანს იზრდებოდა და ვითარდებოდა ბულვარი ქალაქის ზრდა-განვითარების პარალელურად. ამ ხნის განმავლობაში მისი ფუნქცია უცვლელი იყო. მისი მთავარი დანიშნულება, ყოფილიყო ქალაქელებისა და მისი სტუმრების დასასვენებელი ადგილი, არ შეცვლილა. _ რა კეთდება ახლა ისეთი, რაც ბათუმელებისთვის მიუღებელია? _ საქართველოს მთავრობამ ბათუმის ბულვარის კეთილმოსაწყობად 11 მილიონი ლარი გამოყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ თანხას გარკვეული წრეც წამოჰყვა, რათა ეს მომენტი სათავისოდ გამოეყენებინა. კერძოდ, ბულვარის ახალი კონცეფციის  შესამუშავებლად აჭარის მთავრობამ ხელშეკრულება დადო „დრიმლენდ ოაზისთან“, რომლის მფლობელი კოკა გეგუჩაძე, როგორც ამბობენ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის თანაკურსელი და მეგობარია. ამიტომ შემთხვევითი არ უნდა იყოს სწორედ მასთან გაფორმებული ხელშეკრულება და ამ კონცეფციის შემუშავებისთვის 240 ათასი ლარის მისთვის გამოყოფა. სწორედ მის მიერ დამზადებული სარეკლამო რგოლის შემდეგ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, თუ რა შეიძლებოდა მოსვლოდა ბულვარს, რამაც მოსახლეობის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია. _ რა იყო ასეთი ამ პროექტში? _ პირველ პროექტში ხეივანში მხოლოდ მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა და ფილაქნების დაგება იგეგმებოდა. სამივე ხეივანი ხელშეუხებელი იყო, ხოლო ვიდეორგოლში შუა ხეივანი საერთოდ გაუქმებულია და ამ განთავისუფლებულ ტერიტორიაზე კომერციული ობიექტების განლაგება იგეგმებოდა, _ კაფე-ბარები, რესტორნები და ა. შ. ეს არის უზარმაზარი სივრცე, ბულვარის დასაწყისიდან ბათუმის უნივერსიტეტამდე, დაახლოებით 2 კილომეტრის სიგრძის ტერიტორია. ეს კი არსებითად ცვლიდა ბულვარის ფუნქციურ დატვირთვას, მის სტრუქტურას, მისი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურებას იწვევდა. ბათუმის ბულვარი მხოლოდ რეკრეაციული ზონა არ არის, ის არის ქალაქის ისტორია, მეხსიერება, თაობები და ტრადიცია. ამის ხელყოფას არავინ დათანხმდება და დაუშვებს. საინტერესოა, რომ აჭარის მთავრობას ბულვარის კონცეფციის შემუშავებაზე კონკურსი არ გამოუცხადებია და პირდაპირ გაუფორმა ხელშეკრულება კოკა გეგუჩაძის კომპანიას. სწორედ ეს იწვევს ეჭვს და აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს, რომელზედაც დღემდე პასუხი ვერავისგან მივიღეთ. საკვირველია, ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელების დაწყება საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლად როგორ გაბედეს? როგორც ჩანს, თავადაც ვერ გათვალეს, ასეთ წინააღმდეგობას თუ გამოიწვევდა და როცა ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ, უკან დაიხიეს. შუა ხეივნის გადარჩენით იმ პროექტის განხორციელება ჩაიშალა, ხოლო მაისისთვის რა ახალ კონცეფციას შემოგვთავაზებს კოკა გეგუჩაძის კომპანია, ვნახავთ. _ ამის შემდეგ თუ შეიყვანეს მუშა ჯგუფში სპეციალისტები, დაინტერესებული მხარეეები? _ ჯერჯერობით, არა, მაგრამ იმედი გვაქვს, ეყოფათ გონიერება, იმას ჰკითხონ, ვისაც გაცილებით უკეთ გაეგება ამ საქმისა და ბათუმის ბულვარს კომერსანტის თვალით არ შეხედავს. _ ბატონო ბაჩუკი, ბათუმის ბულვარის ასეთი ცვლილების აუცილებლობა იყო? _ არავითარი. კეთილმოწყობა არ ნიშნავს მისი ფუნქციის შეცვლას. და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან მიმართებით, მით უმეტეს, დიდი სიფრთხილე და პასუხისმგებლობაა საჭირო. ერთ-ერთ არგუმენტად მიმდებარე ტერიტორიიდან უსახური შენობების აღებას ასახელებენ. ვეთანხმებით. უსახური და უნებართვო ნაგებობები უნდა აიღონ, მაგრამ იმ ადგილიდან, სადაცაა და ამისათვის რეკრეაციული ზონის ხელყოფა არაა საჭირო. და ეს 11 მილიონი წამოვიდა ბულვარის კეთილმოწყობისათვის და არა შესაცვლელად. ორი წლის წინათ, შუა ბულვარში, აუქციონზე მიზერულ ფასად გაიყიდა ყოფილი ბუნგალოს ტერიტორია, სადაც ორსართულიანი რესტორანი აშენდა, დღეს კი ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში მის მფლობელს, ალიკა ინწკირველს, კომპენსაციის სახით 2 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან უნდა გადაუხადონ. _ ამბობენ, რომ ამ რესტორნის თანამოწილე არჩილ ხაბაძის მამაა. _ ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ამბობენ. _ რა ბედი ელოდა კორტებს? _ კორტები `ნაციონალების~ დროს გაიყიდა, მის მფლობელს კი გადახდილ თანხას _ 4,2 მილიონ ლარს სთავაზობდნენ და ამ ადგილზე საცხოვრებელი სახლის აშენება იგეგმებოდა. თავის დროზე ეს ტერიტორიაც უპირობოდ გასხვისდა და მხოლოდ მფლობელის კეთილი ნებით თქვა მან უარი კორტების პროფილის შეცვლაზე. _ რა იგეგმებოდა უნივერსიტეტის წინ? _ სასტუმროებისა და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტის მშენებლობა. ზღვის ხედი საერთოდ იკარგებოდა. იმედს გვაძლევს ის, რომ საქართველოს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მხარი დაუჭირა ბათუმელებს და საჯაროდ გამოთქვა უკმაყოფილება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიმართ. კულუარული ინფორმაციით, ამ საკითხზე ხაბაძემ საკმაოდ მწარე საყვედური მიიღო პრემიერისგან. საერთოდ, აჭარის ხელისუფლება ძალზე აგდებით და ზერელედ მოეკიდა ამ საქმეს, რაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის არაკომპეტენტურ და უპასუხისმგებლო გამოსვლებშიც ჩანს. ვიღაცამ, როგორც ჩანს, ფულის სუნი იგრძნო და ხელის მოთბობა გადაწყვიტა. კოკა გეგუჩაძე გვიმტკიცებდა, რომ ბულვარი არ ვარგა და უნდა გადაკეთდესო. საინტერესოა, რა კომპეტენცია აძლევს მას ამის გაცხადების უფლებას? ბათუმელები არ დავუშვებთ ამ პროექტის რეალიზებას და ბულვარს არავის დავამახინჯებინებთ. ჩვენთვის მარტო ის არაა საკმარისი, რომ პროექტი შეჩერდა. პროკურატურაში 300-მდე განცხადებაა შესული ამ საქმის გამოძიების მოთხოვნით. იმედია, მომჩივანები პასუხს მიიღებენ.   მირანდა ჩარკვიანი _ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი: _ ქალბატონო მირანდა, ის კონცეფცია, რომელიც „დრიმლენდ ოაზისმა“ წარმოადგინა, არ ცვლის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერსახეს? _ ბულვარის კონცეფცია არ არის მიღებული, უბრალოდ, ის იყო შუალედური მოსმენა და იდეების გაცხადება. კონცეფცია კი 15-20 მაისისთვის უნდა დაიდოს. გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არასოდეს ვიღებ შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციებისა და რეკომენდაციების გარეშე. ასე იქნება ამჯერადაც. ბულვარს განვითარება სჭირდება, ამაზე თანხმდება ყველა. რაც შეეხება სადავო შუა ხეივანს, ადრე იყო 18-მეტრიანი სიგანის ხეივანი, რომელიც 60-იან წლებში ორ ნაწილად გაიყო, მოგვიანებით კი მესამე ნაწილადაც. ამ ტერიტორიაზე მსუბუქი კონსტრუქციის კაფე-ბარების მშენებლობა იგეგმებოდა, რითაც უკვე არსებული, უსახური ნაგებობების ალტერნატივა შეიქმნებოდა და იმ ხალხს აქ გადმოსვლის საშუალება მიეცემოდა. ეს იქნებოდა მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობები, რომელთა აღება ნებისმიერ დროს  შეიძლებოდა. _ ბულვარში დგას ორი წლის წინათ აგებული რესტორნის შენობა, რომელიც კონტეინერს უფრო ჰგავს, ვიდრე რესტორანს. _ მე არ გამიცია ნებართვა, მაშინ ამ თანამდებობაზე არც ვმუშაობდი. სწორედ იმიტომ, რომ ჩინოვნიკის გადასაწყვეტი არ იყოს, სად როგორი არქიტექტურის შენობა დაიდგას ბულვარის ტერიტორიაზე, იმ ახალმა ნორმატივებმა უნდა არეგულიროს, რომელიც მუშავდება. _ თქვენ ამ თანამდებობაზე არასამთავრობო სექტორიდან მოხვედით. ამბობენ, რომ, თავის დროზე, ხის ფოთოლსაც კი იცავდით, თუ მას კულტურულ მემკვიდრეობასთან ჰქონდა კავშირი. დაუჭერდით მხარს ცვლილებებს, თანამდებობაზე რომ არ იყოთ? _ ცვლილებებს კი, თუ ის არ დაარღვევს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტრუქტურას და იერსახეს. გიმეორებთ, შესაბამისი დარგის სპეციალისტების რეკომენდაციის გარეშე არც ერთი გადაწყვეტილება არ მიმიღია და ნებართვა არ გამიცია. „დრიმლენდ ოაზისსაც“ მივეცით რეკომენდაციები და წინადადებები, თუ რა უნდა გაითვალისწინონ კონცეფციის შემუშავებისას. ძალიან კარგი იქნება, თუ ბულვარის თემას პოლიტიკური ჭრილის მიღმა შევხედავთ და ამ ნიშნით არ იქნება აჟიტირებული. საკითხი აქტუალურია, საშვილიშვილო და მისი განხილვა და გადაწყვეტა მშვიდ გარემოში უნდა მოხდეს ყველა დაინტერესებულთან ერთად, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით. _ ქალბატონო მირანდა, როგორც გვითხრეს, „დრიმლენდ ოაზისის“ მფლობელი ნოდარ ხადურის მეგობარი და თქვენი ახლობელია. _ კოკა გეგუჩაძეს ნოდარ ხადურთან რა აკავშირებს, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ მე ის მხოლოდ ამ პროექტზე მუშაობისას გავიცანი და ჩვენი ურთიერთობაც მხოლოდ საქმიანია.

                                                                                                                            ნატო ქათამაძე

   

გაზიარება