ერთი წელი გავიდა იმ საშინელი მკვლელობიდან, რომელიც თბილისში, ვაზისუბანში მოხდა: საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის წინ მთელი სისასტიკით მოკლეს ახალგაზრდა კაცი _ კობა აღლემაშვილი. მკვლელობის შესახებ აღლემაშვილის ოჯახის წევრებთან ინტერვიუ უკვე დავბეჭდეთ. ისინი აცხადებდნენ, რომ სამართალდამცველი სტრუქტურები არ იყვნენ დაინტერესებული საქმის გამოძიებით, ამიტომ დამნაშავე, მკვლელი, დღემდე არ არის აღმოჩენილი და დასჯილი.
საქმის გაუხსნელობის მიზეზად აღლემაშვილის ოჯახი პოლიციელთა დაინტერესებას მიიჩნევს და აცხადებს: მკვლელობიდან რამდენიმე საათში პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა, რომელიც ასევე პოლიციელი იყო, თუმცა იქ მაშინვე ყოფილი შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე მივიდა და ის გაათავისუფლა. მას შემდეგ სამართალი ვერ გვიპოვიაო.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მკვლელობამდე 6 თვით ადრე კობა აღლემაშვილს, საკუთარ კორპუსთან, უცნობი პირები თავს დაესხნენ და სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს, რის გამოც იგი რამდენიმე თვე საავადმყოფოში იწვა. ამ ფაქტზეც, ცხადია, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელსაც ახლაც იძიებს ქალაქის პროკურატურა, თუმცა უშედეგოდ. აღლემაშვილის ოჯახის თქმით, თავის დროზე, ეს საქმე რომ გამოუძიებელი არ დარჩენილიყო და დამნაშავის ვინაობა დაედგინათ, მკვლელობა აღარ მოხდებოდა. სამართალდამცველებმა დამნაშავეს თავიდანვე დააფარეს ხელი, რის გამოც ასეთი საშინელი შედეგი დადგაო. გარდაცვლილის ახლობლები სამართალდამცველი სტრუქტურების წინ აქციების გამართვით იმუქრებიან და მკვლელის დადგენას და მის დასჯას ითხოვენ.
„ქრონიკა+“-მა გადაწყვიტა, თავად გაერკვია საქმის გაჭიანურების დეტალები.
მამუკა ნოზაძე, კობა აღლემაშვილის საქმის ადვოკატი:
_ კობა აღლემაშვილის მკვლელობის თაობაზე ეფექტიანი გამოძიება არ მიმდინარეობს. არაერთხელ მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურორს იმის თაობაზე, რომ სრულყოფილი გამოძიება გატარებულიყო და დამნაშავე დაეკავებინათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კობა აღლემაშვილის მკვლელობამდე მას თავს დაესხნენ, რა დროსაც მან მძიმე დაზიანებები მიიღო. ადამიანს საკუთარ სადარბაზოში ორჯერ თავს დაესხნენ და დღემდე არც ერთი დანაშაული არ გაუხსნიათ. პოლიციას რომ ადეკვატურად ემოქმედა და აღლემაშვილზე პირველი თავდასხმა გამოეძიებინა, ბუნებრივია, მეორე ფაქტი აღარ მოხდებოდა. სერიოზული და დასაბუთებული პრეტენზიები აქვს მოკლულის მამას _ ზურაბ აღლემაშვილს, რომელიც გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების გატარებას ითხოვს, რათა დანაშაული გაიხსნას. ჩემს მიმართვებს მოჰყვა მხოლოდ ის შედეგი, რომ ფორმალური პასუხები მივიღე. ყველა განცხადება გამომძიებელს გადაეგზავნა, რომელმაც მიპასუხა, რომ ყველაფერს აკეთებს დანაშაულების გახსნისა და დამნაშავეების დაკავების მიზნით. მაგრამ გადის დრო და შედეგი არაფერია.
საგულისხმო გარემოება გახლავთ ის, რომ ახალგაზრდა კაცი საკუთარი ბინის სადარბაზოში, პიკის საათის დროს მოკლეს, ანუ იმ დროს, როცა ხალხი სამსახურიდან ბრუნდებოდა და შეუძლებელია, მკვლელობის ფაქტი არავის დაენახა, ან ხმაური არ გაეგონა. ასეთი თვითმხილველის პოვნა დანაშაულს გახსნიდა, მაგრამ გამოძიებას ამაზე არ უზრუნია. არც მეზობლები დაკითხულან საფუძვლიანად, რაც სერიოზულ ეჭვებს ბადებს. საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც მკვლელობა მოხდა, ეზოში არის ლამპიონი, რომელიც, ჩვენი გამოკითხვებით, ყოველთვის ჩართული იყო, მკვლელობის დროს კი გამორთული აღმოჩნდა. დანაშაულის გახნის მიზნით შეიძლებოდა აეღოთ დნმ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს გამოძიების ინტერესებში არ შედიოდა და დღემდე ამიტომ არის გაუხსნელი დანაშაული. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ კობა აღლემაშვილის სამუშაო ადგილზე მისი მკვლელობიდან ძალიან მოკლე დროში პოლიციელები შევიდნენ, სადაც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდნენ, მაგრამ ისინი ამ ფაქტსაც უარყოფენ.
_ რა შეიძლება იყოს გამოძიების ასეთი გაჭიანურიების მიზეზი ამ კონკრეტულ შემთხვევაში?
_ ვეჭვობ, დანაშაული იმის გამო არ იხსება, რომ შესაძლოა, ეს მკვლელობა საკმაოდ გავლენიან პირს ჰქონდეს ჩადენილი და ამიტომაც მფარველობს პოლიცია და პროკურატურა. დღეს ვიდეოკამერებით კონტროლდება თითქმის ყველა ტერიტორია და დამნაშავეს თუ არ მფარველობენ, აბა, რა დამაბრკოლებელი გარემოება შეიძლება არსებობდეს, რომ საქმე ვერ იხსნება?
თუ სახელმწიფომ კობა აღლემაშვილის მკვლელობის საქმე არ გამოიძია, მაშინ თავად სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რადგან ქვეყანა ვერ ასრულებს თავის პოზიტიურ ვალდებულებას და ვერ თუ არ ხსნის დანაშაულს. შესაბამისად, მოგვიწევს, რომ მივმართოთ ევროპულ სასამართლოს. მას შემდგომ, რაც პოლიციამ დროულად ვერ გამოიძია და ვერ დააკავა დამნაშავე პირი თუ პირები, აღლემაშვილების ოჯახმა განაცხადა, ვინც დამნაშავის შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდის, ჯილდოს გადავცემთო. განცხადება გამოკრული იყო სადარბაზოებში, რომელსაც რამდენჯერაც აკრავდნენ, იმდენჯერ ვიღაც ჩამოივლიდა ხოლმე და ხევდა. გამოძიებას შეეძლო, ეს ფაქტიც გამოეყენებინა საქმის გასახსნელად. ამის თაობაზე ზურაბ აღლემაშვილმა პოლიციას მიმართა კიდევაც, რათა ყურადღება მიექციათ აღნიშნული ფაქტისთვის, რაზედაც რეაგირება არ მოახდინეს. განაცხადეს, დარაჯობას ხომ ვერ დავიწყებთო? როგორც ჩანს, თვალთვალი დაეზარათ, მაგრამ ეს ტექნიკური საშუალებითაც შეიძლებოდა გაკონტროლებულიყო, მაგრამ არ გააკეთეს.
გოგა ონიანი _ კობა აღლემაშვილის საქმის ყოფილი ადვოკატი:
_ ეს საქმე ცხელ კვალზე უნდა გამოძიებულიყო, მაგრამ შესაბამისი ღონისძიებები არ ჩატარდა. ანძები დროულად არ დათვალიერდა, სავარაუდო ეჭვმიტანილის ბინაზე და ავტომობილზე მიყურადება არ განხორციელდა, დნმ-ის სინჯი არ შეუდარებიათ და არაერთი სხვა გადაუდებელი ღონისძიება არ ჩატარებულა. საქმის წარმოების დროს უამრავი დარღვევაა. როგორც ამბობენ, ერთი პირი ჰყავდათ დაკავებული, მაგრამ ჭიკაიძე ჩაერია და გაუშვესო. ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ გამოძიება განზრახ არ ჩატარდა და დაკავებული პოლიციელიც მინისტრის ჩარევის შემდეგ გაუშვეს.
ვიდეოკამერამ გადაიღო, რომ პოლიციელებმა უკანონოდ დაათვალიერეს დაკავებულის ავტომობილი. არავინ იცის, რა მამხილებელი მტკიცებულება გაანადგურეს მაშინ.
_ ახლა რა აბრკოლებს გამოძიებას, მტკიცებულებები რომ განადგურებულია, თუ ამჯერადაც არსებობს ინტერესი, ეს საქმე არ გაიხსნას?
_ ამ შემზარავი მკვლელობის გამოძიების გახნის ნება არც ამჟამად არსებობს. აშკარაა, რომ ამ საქმეში გამომძიებლებმა დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ რატომ ჩაიდინეს, ეს უკვე მათ უნდა ჰკითხოთ.
_ ოჯახი ამბობს, რომ საფრთხე მათ მიმართაც არსებობს, რადგან მკვლელი, რომელიც ორჯერ დაესხა თავს კობა აღლემაშვილს და სიცოცხლეს გამოასალმა, კვლავ გარეთ დადის. ხომ შეიძლება, მან ამ ოჯახის სხვა წევრებიც არ დაინდოს?
_ რა თქმა უნდა, საფრთხე რეალურია, თუმცა დღევანდელი ხელისუფლებისთვის რიგითი მოქალაქეების სიცოცხლე არაფრად ღირს.
კობა აღლემაშვილის ოჯახი აქციების მოწყობას გეგმავს და აცხადებს, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, გამოძიებას ვაიძულებთ, ყურადღება მოგვაქციოს და საქმე ადგილიდან დაძრასო.
ნანა წერედიანი, გარდაცვლილის მეუღლე:
_ გამომძიებელს შევეხმიანე, მაგრამ შესახვედრად ვერ მოიცალა. ის დიღომში პოლიციის სამმართველოს მკვლელობის განყოფილების თანამშრომელია _ ირაკლი ცაგურია. მითხრა, შეხვედრას ვერ ვახერხებ, ათასი მკვლელობაა, გასულები ვართ და დრო არ გვაქვსო. წინათაც ურეკავდა ჩემი მამამთილი, მაგრამ მასაც ასე იცილებდა თავიდან, საქმეზე ახალი არაფერიაო, ზოგჯერაც არ პასუხობდა ჩვენს ზარებს. სახალხო დამცველთანაც წავედით, თვეზე მეტხანს ველოდეთ პასუხს, მაგრამ არაფერი მოგვივიდა. მერე როცა მივაკითხეთ, გვითხრეს, უფროსთან არის ხელმოსაწერადო და მერე არავის არაფერი უცნობებია ჩვენთვის.
ჯერ ზუსტად არ ვიცით, აქციებს როდის ჩავატარებთ, მაგრამ აუცილებლად რომ გავაკეთებთ, ნამდვილად ვიცი.
P.S. შს სამინისტროს პრესსამსახურში ორდღიანი რეკვისა და ახსნა-განმარტებების შემდგომ მკვლელობის საქმის გამომძიებელს, ირაკლი ცაგურიას მაინც არ დაგვალაპარაკეს. განგვიცხადეს, რომ გამომძიებელი ვერ შეგვხვდება, საქმეზე აქტიური მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა ამაზე მეტს, საქმის გამოძიებიდან გამომდინარე, ვერაფერს მოგახსენებთო.
პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმაც გამოგვკითხა ჩვენთვის საინტერესო საქმის დეტალები, დაგვპირდა კიდეც, რომ ყველაფერს გაარკვევდა და აუცილებლად გვიპასუხებდა, მაგრამ პასუხი ვერც იქიდან მივიღეთ.
სახალხო დამცველის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ანი თამაზაშვილმა კი გვითხრა, რომ მათთან აღლემაშვილის ადვოკატის განცხადება იყო შესული, მათ პროკურატურას შესაბამისი წერილი გაუგზავნეს, საიდანაც პასუხი მიიღეს და ის ოჯახის ადვოკატს გადასცეს. თუმცა რომელ ადვოკატს გაუგზავნეს ეს ინფორმაცია, არ დაგვიკონკრეტა, _ რა ვქნათ, ჩვენი უფლებები ამის იქით არ მიდისო.
ყველა სტრუქტურა თითქოს რაღაცას აკეთებს, თუმცა ფაქტი ერთია, _ მოკლულ კობა აღლემაშვილზე თავდასხმა და მისი მკვლელობა დღემდე გამოუძიებელია, ოჯახი კი ერთი წელია, უშედეგოდ ეძებს სამართალს.
ნელი ვარდიაშვილი