„ქრონიკა+“ წინა გამოძიებათა სერიაში სრულად შეეხო საქართველოში იმპორტირებული ხორცის საკითხს. ამჯერად ადგილობრივ პროდუქციაზე, ანუ არაიმპოტირებულ ხორცპროდუქტებზე გადავდივართ, რომელიც სარეალიზაციო ბაზარზე სასაკლაოების გავლით ხვდება.
წინა პუბლიკაციებისგან განსხვავებით, ამ თემას მონოპოლისტების დასახელებით ვიწყებთ.
ჯერ განცხადება.
2012 წლის ოქტომბერში ვანო ჩხარტიშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული გზავნილი:
„...ერთ სიახლეს გეტყვით: უკვე გადაწყვეტილია, რომ შეიქმნება ბიზნესმენთა სამუშაო ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელებიც მე, ზაზა სიორიძე და ანტონ ინგოროყვა ვიქნებით. ჩვენ დაგვევალება ბატონ ბიძინასთან კოორდინირება და ბინზესის პრობლემების შესწავლა“.
ახლა კი გადავიდეთ იმაზე, თუ ვინ კურირებდა ხორცის ბიზნესს ქვეყნის შიგნით? მხოლოდ ფაქტები, რომელსაც „ქრონიკა+“ წერდა, წერს და მომავალშიც დაწერს.
2010 წელს სოფლის მეურნეობის იმდროინდელი მინისტრის, ბაკურ კვეზერელის ბრძანებეთ, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა ახალი მოთხოვნა წამოაყენა, რომელსაც საქართველოში ხორცისა და ხორცპროდუქტების ბაზარი უნდა დაერეგულირებინა.
ეს ამბავი ოქტომბერში ხდება და 22 ოქტომბერს მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში პირდაპირ იყო მინიშნებული, რომ მფლობელს საქონელი მხოლოდ სასაკლაოზე უნდა დაეკლა. ამით უზრუნველყოფილი იქნებოდა უსაფრთხოების ნორმები და ე. წ. სასაკლაოების ბიზნესი წახალისდებოდა. იმ პერიოდისთვის ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებდა ორმოცამდე სასაკლაო და, შესაბამისად, ისინი სრულად უნდა დატვირთულიყო. 32 სასაკლაოზე თანაბრად უნდა გადანაწილებულიყო საქმე, სინამდვილეში კი ახალი მონსტრი წარმოიშვა.
2010 წლის ბოლოს დარეგისტრირდა ახალი კომპანია _ შპს „იბერ მით ჯორჯია“, რომელიც დღესაც არსებობს და რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, პირდაპირ მფარველობდა გიგი უგულავა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებულებაში ისიც ეწერა, რომ ხორცის რეალიზება დედაქალაქის ქსელში მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუკი მეპატრონე საქონელს შემდეგ ოთხ სასაკლაოზე დაკლავდა: ციხისძირის, ნატახტრის, ყარაჯალასა და ასპინძის. ხსენებული ნორმატიული აქტის გამოქვეყნებიდან დაახლოებით ერთი კვირის თავზე, თბილისის თითქმის ყველა ბაზრის ადმინისტრაცია ხორცს მხოლოდ იმ შემთხვევაში იბარებდა, თუ მას ამ სასაკლაოების ბეჭედი ერტყა.
2011 წლის იანვრიდან კი ქვეყანაში ხორცი მასობრივად გაძვირდა. „იბერ მით ჯორჯიას“ მონოპოლისტად ჩამოყალებების პროცესიც აქედან დაიწყო. საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, 1995 წლიდან მოქმედი ვეტერინარიის შესახებ კანონით, სარეალიზაციოდ გათვალისწინებული საქონელი სპეციალურ ადგილას უნდა დაიკლას. სწორედ ამ კანონში შეიტანა ცვლილება სურსათის უვნებლობის სამსახურმა.
როგორ არეგულირებდა ამას იმდროინდელი (და, სხვათა შორის, დღევანდელი) კანონმდებლობა. ვეტერინარიის შესახებ საქართველოს კანონში, 321-ე მუხლში, ვკითხულობთ: „ცხოველების სახორცედ დაკვლა, მათი რეალიზაციის მიზნით, დაიშვება მხოლოდ შესაბამის სასაკლაოებზე ვეტერინარიულ-სანიტარიული ზედამხედველობის ქვეშ, შესაბამის რაიონში არანაკლებ ერთი სასაკლაოს არსებობის შემთხვევაში“.
თუ გლეხი ამ კანონს გადაუხვევდა, 1000-დან 1500 ლარამდე ჯარიმდებოდა. 2011 წელს საქართველოში ხორცი 1,7-ჯერ გაძვირდა, საერთაშორისო ბაზარზე კი მისი გაიაფების ტენდენცია შეიმჩნეოდა.
ყოველივე ამის უკან კი იდუმალი სამეული იდგა. „იბერ მით ჯორჯიამ“ გახსნიდან რამდენიმე თვეში მეორე ფირმა დაარეგისტრირა და საკუთარი ხორცის სარეალიზაციო მაღაზიათა ქსელის „იბერულას“ გახსნა დაიწყო.
ქართველი ბანკირები და შაჰრამ შამელ რაჯაბის ვნებანი!
2010 წლის თებერვალში თენგიზ მეზურნიშვილის, ანტონ ინგორყვასა და გრიგოლ ლომიძის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა კომპანია შეზღუდული შესაძლებლობის საზოგადოება „იბერულა“.
პარტნიორთა წილები საზოგადოებაში გადანაწილდა შემდეგნაირად: თენგიზ მეზურნიშვილი _ 33%, გრიგოლ ლომიძე _ 34%, ანტონ ინგოროყვა _ 33%. შეზღუდული საზოგადოების დირექტორად დაინიშნა და მართვის უფლება მიენიჭა დავით ბარაბაძეს. ანტონ ინგოროყვას სახელი ყველასთვის კარგად არის ცნობილი. იგი გახლდათ „გაერთიანებული ქართული ბანკის“, შემდეგ „ვითიბი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, მის შვილს ეკუთვნის სადაზღვევო კომპანია „აი სი“. თენგიზ მეზურნიშვილი არის სადაზვევო კომპანია „აი სის“ გენერალური დირექტორი, ხოლო გრიგოლ ლომიძე ასევე „ვითიბი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. როგორც ამბობენ, ეს პირები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებლები და სააკაშვილის კარის ბიზნესმენები.
2012 წლის არჩევნების წინ მათი შემოწირულობა „ნაციონალურ" ყულაბაში ასე გამოიყურება: „ვითიბი ბანკი“: გრიგოლ ლომიძე _ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი _ 60 000 ლარი; არჩილ კონცელიძე _ გენერალური დირექტორი _ 60 000 ლარი; გიორგი რაზმაძე _ ვიცე-პრეზიდენტი _ 52 000 ლარი. საერთო ჯამში, 172 000 ლარი; „აი სი ჯგუფი“ (სადაზღვევო კომპანია) _ თენგიზ მეზურნიშვილი _ გენერალური დირექტორი და მეწილე _ 60 000 ლარი.
გრიგოლ ლომიძესთან დაკავშირებით ერთი მეტად საინტერესო დეტალი იკვეთება: 2011 წელს, როდესაც „იბერულა“ ახალი ინვესტიციების ათვისების პროცესში იყო და თბილისის მასშტაბით 20 მაღაზიის გახსნას გეგმავდა, „ქართუ ბანკში“ ლომიძის გირაოდ ჩადებული ქონების საჯარო აუქციონზე გაყიდვის პროცესი იყო დაწყებული. კერძოდ, 2011 წლის დეკემბერში სააღსრულებლო ბიურომ აუქციონზე „მალი ჯგუფისა“ და „გრენფილდ ჯორჯიას“ კუთვნილი „ბესიკის ბიზნესცენტრი“ გაიტანა.
საჯარო რეესტრში შპს „ბესიკის ბიზნესცენტრი“ 2005 წლის დეკემბერშია რეგისტრირებული, ხოლო მისი დამფუძნებლები „ვითიბი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრები არიან. გრიგოლ ლომიძე, რომელიც შპს „ბესიკის ბიზნესცენტრში“ 25 პროცენტს ფლობს, ამავე დროს „ვითიბი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრიცაა. ბანკიდან სესხი შპს „ბესიკის ბიზნესცენტრმა“ აიღო. „ბესიკის ბიზნესცენტრი“ ვალს დათქმულ ვადებში ფარავდა და ამ კრედიტორთან პრობლემა 2011 წლამდე არ შექმნილა.
ანტონ ინგოროყვა, თავის დროზე, გახლდათ მიზეზი ფულადსაკრეტიდო პოლიტიკის არევისა და პასუხისმგებელი იმ მოვლენებზე, რაც 90-იან წლებში საქართველოში განვითარდა. ანუ რეალურად ჰიპერინფლაციური ტალღა სწორედ ეროვნული ბანკის პოლიტიკის შედეგი იყო. ინფლაციის ასეთი მასშტაბები არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ დაფიქსირებულა!
გაგრძელება შემდეგ ნომერში
თამარ როსტიაშვილი