QronikaPlus
ირინე ფხოველიშვილი: „დადგა დრო, სოფლის განვითარების ხელშეწყობა მთელი მთავრობის საკეთებელი გახდეს! “

ირინე ფხოველიშვილი: „დადგა დრო, სოფლის განვითარების ხელშეწყობა მთელი მთავრობის საკეთებელი გახდეს! “

2016-02-12 08:06:54

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების 4 ძირითადი მიმართულება გააცნო. ამ პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთი რეგიონების განვითარებაა. „რეგიონებში გვაქვს სხვა საქართველო, სხვა ადამიანებით, იქ სხვა რეალობაა. ამიტომ ჩვენი მაქსიმალური აქცენტი გადატანილი იქნება რეგიონულ განვითარებაზე. რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებასა და სწორ პრიორიტეტიზაციაზე“, _ განაცხადა მან. საქართველოს სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი ირინე ფხოველიშვილი „ქრონიკა+“-თან პრემირ-მინისტრის ინიციატივას აფასებს და იმ ძირითად პრიორიტეტებზე საუბრობს, რომელიც სახელმწიფომ სოფლის გადასარჩენად უნდა განახორციელოს: _ პრემიერ-მინისტრმა ძალიან კარგი გადაწყვეტილების შესახებ გააჟღერა ინფორმაცია, როდესაც განაცხადა, საქართველო მარტო თბილისი არ არის და რეგიონებს უნდა მივხედოთო. თბილისი ვერ იარსებებს სოფლების გარეშე და დღეს ძალიან ცუდი რეალობა გვაქვს. ფაქტობრივად, სოფლები დაცლილია, ახალგაზრდობის დიდი ნაკადი თბილისში მიდის და სოფლებში მოხუცები რჩებიან, ანუ ქართული სოფლები კვდომის პროცესშია. ეს არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ბრალი და ის, რაც ხმამაღლაა გაცხადებული, რომ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულია, ეს მარტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკეთებელი არ უნდა იყოს. დადგა დრო, რომ არა ერთი სამინისტროს, არამედ მთელი მთავრობის საკეთებელი გახდეს სოფლის განვითარების ხელშეწყობა. პირველ რიგში ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს. სირცხვილია, XXI საუკუნეში ისეთ პირობებში ვმუშაობდეთ, რომ არ გვქონდეს მინდვრებში მისასვლელი გზები, ელექტროენერგია და ფერმებში წყალი, სასმელ წყალზე რომ არაფერი ვთქვათ. ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რამდენიმე წლის წინათ თაგვები გავრცელდნენ, რომელთაც, ფაქტობრივად, საძოვრები მთლიანად გაანადგურეს. მე ახლა კახეთის რეგიონზე ვსაუბრობ, მაგრამ ასეთი მდგომარეობაა მთელი საქართველოს მასშტაბით. 2013-2014 წლები მძიმე გვალვის პერიოდი იყო. ამის გამო შირაქის ნაყოფიერი მიწები და მინდვრები მთლიანად გაუდაბნოების ზონაში მოყვა. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, დღეის მდგომარეობით, საძოვრები აღარ არსებობს. თუმცა, როგორც ჩემთვის ცნობილია, საძოვრების რეაბილიტაციაზე უკვე დაიწყო ფიქრი და მუშაობა. 2 დღის წინათ ქვემო ქართლში სოფლის მეურნეობის საინფორმაციო ცენტრში ვიყავი და ძალიან კმაყოფილი დავრჩი, იქ ბევრი კარგი წამოწყება აქვთ. ეს ინფორმაცია შემდგომ ყველა რეგიონისთვის იქნება ხელმისაწვდომი. როგორც ვიცი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რეგიონებში ხვდება არა მხოლოდ მასთან დაქვემდებარებული სამსახურების წარმომადგენლებს, არამედ, ფერმერებსაც, რომელთაგან უშუალოდ იღებს ინფორმაცას და საძოვრების რეაბილიტაციაზე გადატანილი აქცენტი ძალიან საინტერესო იქნება. ყველამ კარგად ვიცით, 2000 წლიდან მოყოლებული, საქართველოში თუ რამე ჯართი და რკინა იყო, წყალსადენებიდან ყველაფერი ამოიღეს და საქართველოს გარეთ გაიტანეს. ამ ყველაფრის აღდგენა და გაკეთება 1-2 წელიწადში ვერ მოხერხდება, მაგრამ თუ არ დავიწყეთ მელიორაციაზე და ნაკვეთების გასარწყავიანებაზე საუბარი, მარტო ცენტრალური არხების გაწმენდით შედეგს ვერ მივიღებთ. მაქვს ინფორმაცია, რომ ამ კუთხითაც მელიორაციის დეპარტამენტი გარკვეულ სამუშაოებს აკეთებს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, მხოლოდ ერთი სამინისტრო ბოლომდე საქმეს ვერ გააკეთებს, თუ კომპლექსური მიდგომა არ იქნება.  რატომღაც, იმედი მაქვს, რომ ბატონი გიორგი ამ საქმეს თვითონ ჩაუდგება სათავეში. რეგიონების ეკონომიკურ გაძლიერებაზე რომ ვიზრუნოთ, დამერწმუნეთ, ყველაფერი განიტვირთება. 1991-1992 წლებში, როდესაც მიწების პრივატიზაციის პირველი ტალღა დაიწყო, ძალიან ბევრი თბილისიდან სოფელში დაბრუნდა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. ვფიქრობ, თუ კიდევ გადაიდგა ასეთი ნაბიჯები, ფერმერობა სამარცხვინო არ იქნება, პროვინციელობა სალანძღავი სიტყვა არ იქნება, გარწმუნებთ, ბევრი ადამიანი დაბრუნდება სოფელში. ამის შესახებ ჩემამდე ძალიან ბევრი მესიჯია მოსული. განსაკუთრებით მრავალსულიანი ოჯახები ფიქრობენ, მამაპაპისეულ მიწებს დაუბრუნდნენ. _ მიწების რეგისტრაციასთან, სტატუსის შეცვლასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, სოფლად დიდი პრობლემებია. ჩვენ ამის შესახებ უამრავი მასალა მოვამზადეთ. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს სირთულე? _ მიწები მტკივნეული საკითხია, ამაზე მანამდე ვმუშაობდით, სანამ ფერმერთა პროფკავშირი თუ კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაცია შეიქმნებოდა. ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე ყველა ის პრობლემა ჩამოვწერეთ, რაც სოფლის მეურნეობაში შეიქმნა. 19 პუნქტი გამოგვივიდა, რომელიც სასწრაფოდ იყო გადასაწყვეტი, რომ, ელემენტარულად, სოფლის მეურნეობაში ათვლის წერტილი გვეპოვა. წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობა მიზანმიმართულად ნადგურდებოდა და ეს უნდა შეჩერებულიყო. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რაც გასაყიდი იყო, გაყიდულიყო. ამიტომ გააუქმეს მიწის მართვის სამმართველო, როდესაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე განკარგვის უფლება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩამოართვეს და ეკონომიკის სამინისტროს გადასცეს. გასული წლის დეკემბრის ბოლოს კონფერენცია ჩატარდა, სადაც პირდაპირ დავუსვი კითხვა სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მინისტრებს, _ რამდენად მართებულია, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელია სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ერთი სამინისტრო, ხოლო მასზე უფლებრივად განმკარგველი და გამყიდველი _ მეორე სამინისტრო-მეთქი? რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტროს ჩემი კითხვა არ ესიამოვნა. ამ ეტაპზე, მეტ-ნაკლებად, მიწების გასხვისება შეჩერებულია, მაგრამ 2013 წლამდე ინტენსიურად იყიდებოდა უცხოელებზე. უცხოელებს მიწების შესყიდვაში ხელი რომ არ შეშლოდათ, მანიპულაცია ხდებოდა: საძოვრებს კატეგორიას უცვლიდნენ და სახნავის კატეგორიაში გადაჰყავდათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ სახელმწიფო მეტი გადასახადის შესვლით იგებდა, რადგან საძოვარი უფრო იაფი ღირდა, ვიდრე სახნავი მიწა. საბოლოო ჯამში, ამით მეცხოველეობის განვითარებას სერიოზული დარტყმა მიაყენეს. მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ პროცესი, მეტ-ნაკლებად, შეჩერდა, მაგრამ ჯერ კიდევ ჭიდაობაში ვართ, ქართული მიწა ეს ისეთი უძრავი ქონებაა, რომელსაც არ შეიძლება, ფასი ჰქონდეს და ხელაღებით იყიდებოდეს! ტყუილად ნუ დავაბრალებთ ევროკავშირს, ნურავინ იტყვის, რომ ვინმე აძალებს! ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებიდან ვიცით, არავინ მოგცემს უფლებას, ასობით ჰექტარი მიწა გაასხვისო და ძალიან მკაცრად რეგულირდება ეს ყველაფერი. გასული წლის 7 ოქტომბერს კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაციამ და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, საერთაშორისო კონფერენცია ჩავატარეთ სახელწოდებით: სახელმწიფო მიწა, ფერმერი. ეს ისეთი ჯაჭვია, რომელსაც ვერც ერთს გამოგლეჯ, მიწის გარეშე არც ფერმერი არსებობს და არც სახელმწიფო. 4 სამინისტრო იყო წარმოდგენილი, პარლამენტიდან შესაბამისი კომიტეტები, მეცნიერებათა აკადემია, ექსპერტები, ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ. იქ დავაყენეთ ეს საკითხი, ფაქტობრივად, არ ვიცით, დღეისთვის მიწა რამდენი გვაქვს. 2004 წლამდე რაც აღწერა ჩატარდა UშAD-ის პროგრამით, ისიც არასრულყოფილი და არასრულფასოვანია. მაშინ არანაირი აღწერა, კადასტრი და ანალიზი არ მომხდარა და თუ ამას დავამატებთ სისხლით დაკარგულს, უსისხლოდ თუ ეროზიებით და ჩვენი უნიათობით საზღვრების გადმოწევით დაკარგულ მიწებს, არ ვიცით, მიწის რა რაოდენობას ვფლობთ! არ ვიცით, რეალურად, რა რაოდენობის საძოვარი დაგვრჩა, რამდენია სახნავ კატეგორიაში, ამიტომ იუსტიციის სამინისტროს წინადადებით მივმართეთ, ფერმერებს, გლეხებს, მიწის მესაკუთრეებს საშუალება მივცეთ, გაადვილებული წესით, ფაქტობრივი მფლობელობით დაარეგისტრირონ. მთელ რიგ შემთხვევებში, არქივებში არანაირი მასალა აღარ მოიძებნება, შეიძლება არის და არც გვაწვდიან იმიტომ, რომ რამდენჯერმე მიმართო, რადგან თანხებზეა საუბარი. ჩვენ შევთავაზეთ, კანონქვემდებარე აქტი გამოცემულიყო საჯარო რეესტრის შესახებ კანონიდან გამომდინარე, რომ თუ ფერმერს 2-3 მეზობელი დაუმოწმებდა, რომ ეს მიწა ნამდვილად მისია, გაადვილებულად დაერეგისტრირებინა. სამწუხაროდ, ძალიან შენიღბული წინააღმდეგობა გამომჟღავნდა, მაგრამ ჩვენი გუნდის გასახარად, იუსტიციის მინისტრმა გაადვილებული რეგისტრაციების თემა უკვე წამოსწია. _ ამავე დროს ხელისუფლებამ არარეგისტრირებული მიწების სახელმწიფოს საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე განაცხადა... _ დიახ, ძალიან მტკივნეულია წინადადება, რომ იმ მიწებს, რომლებიც რეგისტრირებული არ იქნება, სახელმწიფო თავის საკუთრებაში აიყვანს. ესეც ერთი ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება ფერმერებისთვის, თუ მათ არ მივცემთ გაადვილებული რეგისტრაციის საშუალებას, თუ არ მივეხმარებით, რომ მათ თავიანთი ნებით დაირეგისტრირონ მიწა. ე. ი. მე, რომელსაც მამაპაპისეული მიწა ამდენი წლის განმავლობაში მაქვს, ვამუშავებ, მოსავალს ვიღებ, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ჩემი აღარ არის. მსგავსი ფაქტები ისედაც მოხდა, როდესაც წინა ხელისუფლების დროს უცხოელებზე მიწებს ჩუმად ყიდდნენ. ეს თავისუფლად შემიძლია ვთქვა კაჭრეთის მაგალითზე, მცხეთა-მთიანეთშია ასეთი შემთხვევა, რომ ხალხს საძოვრებზე გაჰყავდა საქონელი და წლების მერე გაიგო, მიწა მათი არ ყოფილა. ასეთი რამ ჩვენთვის მიუღებელია, რადგან რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ქვეყანა გლეხებისა და ფერმერების მხრებზე დგას. კიდევ ვიმეორებ: სანამ სახელმწიფო იმ პროგრამის განხორციელებას დაიწყებს, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს და თუ არ ვცდები, მიწები 13 სოფელში უნდა დარეგისტრირდეს, ხალხს უფლება უნდა მივცეთ, თვითონ დაარეგისტრირონ. რეალური სურათი გვექნება და მერე მუშაობა უნდა დავიწყოთ, არარეგისტრირებული მიწები რა გვაქვს, სად გვაქვს და რატომ გვაქვს. როდესაც ბიზნესს ვიწყებთ, ჯერ ვანგარიშობთ, რა გვაქვს, რამდენი გვაქვს და მერე რა უნდა მოვიზიდოთ. ანალოგიურია, ჯერ გავიგოთ და მერე დავიწყოთ ამაზე მუშაობა, თორემ 13 სოფელს 3 წელი მოუნდება რეგისტრაცია. ამიტომ გლეხებს უნდა მივცეთ უფლება, გაადვილებული წესით, ყოველგვარი გადასახადს გარეშე, პირველადი რეგისტრაცია გააკეთონ და მერე თუ ვიღაც ფეხს მოითრევს და არ გააკეთებს, მიწის ჩამორთმევის ღირსიც იქნება! _ სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერებთან დაკავშირებით რას იტყვით, რამდენად გაამართლა ამ პროგრამამ? რამდენად მიზანმიმართულად ხდება მისი გადანაწილება სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაზე, თუ არ ვიცით, ვინ რა რაოდენობის მიწას ფლობს? _ გეთანხმებით, სუბსიდირება სწორად უნდა იყოს მიმართული. პირველ წელს 600-ლარიანი ნომინალური ბარათით რაღაც გაკეთდა და, მეტ-ნაკლებად, მოსახლეობა მიწებისკენ შემოაბრუნა, მაგრამ გაუმართლებელია ვაუჩერი, ან თუნდაც ბარათი იმიტომ, რომ არ ვიცით, ვის აქვს მიწა. ძალიან ბევრს ისეთს ეძლევა ეს ვაუჩერი, რომელთაც წლების წინათ გაყიდეს მიწა. იმას კი ვაძლევთ ვაუჩერს, მაგრამ საბოლოოდ მაინც გლეხის ხელში ხვდება, ვინც მიწას ამუშავებს, მათგან ყიდულობენ. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, ვის აქვს მიწა და, პირობითად, თუ ერთი მილიონია გამოყოფილი და აქედან 50%-ს უკვე მიწა აღარ აქვს, ყველას თანაბრად ვაძლევთ. ხომ არ აჯობებს, ამ მილიონის ნახევარი ისევ იმათ გადავუნაწილოთ, ვისაც მიწა აქვს და ამუშავებს?! ამიტომ ჩემთვის ეს არასწორად გათვლილი ვაუჩერია, თორემ ძალიან კარგია, თუ გლეხს დავეხმარებით. სოფლის მეურნეობაში ისეთი ჩავარდნაა, რაღაცით უნდა ხელის წაშველება, მაგრამ არა გაუმიზნავად და გაუთვალისწინებლად. იმ ადამიანს, რომელმაც თავის დროზე მიწა ვერ შეინარჩუნა და გაყიდა, კიდევ ვაუჩერს ვაძლევთ, რომ ისარგებლოს. სამწუხაროდ, იყო ისეთი შემთხვევები, ნამდვილად ვისაც ეკუთვნოდა ვაუჩერი, ვერ მიიღო იმიტომ, რომ სიებში არ იყო რაღაცის, ან ვიღაცის გამო; ის, ვისაც მიწები საერთოდ არ გააჩნდა, მათ ვაუჩრერები მიიღეს. ეს სხვა პრობლემაა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ვისაც 5 ჰექტარზე ზევით მიწები აქვს და ამუშავებს, ყოველგვარი სუბსიდიის გარეშე დარჩა. ადამიანს, რომელსაც 10 ჰექტარი მიწა აქვს, შრომობს, მხოლოდ თვითონ თუ არ შეუძლია დაამუშაოს, ცდილობს, თანხა გადაიხადოს, რომ მიწა დასამუშავებელი არ დარჩეს, ხოლო ვისაც თითო ჰექტარი მიწა აქვს, იმას დამუშავება ეზარება. პრივატიზაციის დროსაც დაუშვეს შეცდომა, არ შეიძლებოდა 25 და 10 მეასედი 10 და 20 კილომეტრზე გაცემულიყო, ეს მოსალოდნელი იყო, რომ მიწებს ისედაც დატოვებდნენ. შეცდომა მეორედ აღარ უნდა გავიმეოროთ. ამაზე ბევრს ვმსჯელობთ, ვკამათობთ, მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, პრობლემის გადაჭრის გზებსაც ვთავაზობთ. _ როგორც ვიცით, მიწის გადასახადთანაც არის გარკვეული პრობლემები... _ ძალიან სერიოზული დავაა მიწის გადასახადზე, ეს არის ყბადაღებული და  მტკივნეული საკითხი. 2011 წელს 400%-ით გაზრდილი სახნავი მიწის გადასახადი და 500%-ით გაზრდილი საძოვრის გადასახადი საშინელებაა იმიტომ, რომ არაფერი გაკეთებულა პირობების გასაუმჯობესებლად, მეტი მოსავლისთვის. გადასახადი გაიზარდა იმ დროს, როცა არც სარწყავი სისტემა გაქვს, არც სათესლე და სარგავი მასალა, ეს იმას ნიშნავს, მიწას თავი უნდა დაანებო, ასეთ პირობებში შეუძლებელია მისი მოვლა! ამასთანავე შეუსაბამოა თვითონ საგადასახადო კოდექსთან: 204-ე მუხლი პირდაპირ გვეუბნება, მიწის გადასახადი განისაზღვრება ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეულის და მიწის კატეგორიის მიხედვითო. კატეგორიები არ დადგენილა და როგორ მიზრდი გადასახადს?! როგორ შეიძლება, სარწყავი და თიხნარი მიწა ერთი და იგივე ფასი ღირდეს?! ერთი უბედურება კიდევ იყო, რომ საძოვრის გადასახადის დროს მხოლოდ ორ რაიონს გაუორმაგეს, ანუ 100%-ით გაუზარდეს გადასახადი, დანარჩენი, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, 500%-ით გაიზარდა, ეს არის ტიპური დისკრიმინაცია! ახალ ხელისუფლებას ვეუბნებოდით, რომ ეს შეცდომა დაუშვეს ნებსით თუ უნებლიეთ, მაგრამ ჩვენს მხრებზე ცუდად აისახა, მაგრამ 2012 წლის 28 დეკემბერს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები ისე გაატარეს, კითხვა არავის გასჩენია, _ იმ ორ რაიონს რატომ ასე ნაკლები და სხვაგან რატომ ასეთი მაღალი, ან რა მოხდა ისეთი, რომ ასე უცბად გაიზარდა მიწის გადასახადიო?! წინადადება გვაქვს, ამ გადასახადებს პარლამენტმა და ფინანსთა სამინისტრომ გადახედოს, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგია. თუ გადახედავენ, მიხვდებიან, რომ შეცდომაა დაშვებული და შესაბამისობაში არ არის საგადასახადო კოდექსთან, თუ არადა, საკონსტიტუციო სასამართლო იმისთვის არსებობს, რომ მიუღებელი, შეუსაბამო და კონსტიტუციურად დისკრიმინაციული კანონი გასაჩივრდეს. თუ ეს არ გამოსწორდა, აუცილებლად მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს! მეორე უკიდურესობას გეტყვით: ვისაც მიწები იჯარით ჰქონდა აღებული, საიჯარო ხელშეკრულებაში, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი _ იჯარის გადასახადი იყო, რომელშიც შევიდა როგორც იჯარის, ისე მიწის ქონების გადასახადი. მოულოდნელად გაიყო, ცალკე მიდის მიწის იჯარის გადასახადი და ცალკე _ ქონების გადასახდი. სახელმწიფო თავის ქონებას მე რომ მაქირავებს, ამავე დროს ჩემგან იღებს თავისი ქონების გადასახადს. თუ კერძო პირმა ვიღაცას რაღაც მივაქირავე და ქონების გადასახადი უნდა გადავიხადო, კი ბატონო, მაგრამ სახელმწიფო რატომ მართმევ იმაზე მეტს, რაც არ გეკუთვნის?! იმედია, სასამართლომდე არ მივალთ და თუ მივედით, დარწმუნებული ვარ, პროცესს მოვიგებთ, რაც ფერმერებისთვის დიდი შვება იქნება!  

                                                                                                       თამარ ბატიაშვილი

 

გაზიარება