ბიძინა, ჩემო ბატონო! მინდა, პირველ რიგში, ახალი წლის და ახალი პოლიტიკური სეზონის დადგომა მოგილოცო და გითხრა, რომ ეს წელი კარგი ამბებით დაიწყო მთავრობაში ცვლილებებით და ბატონ გიორგი კვირიკაშვილს ბევრი უყურებს იმედის თვალით. ბევრი ამ ცვლილებას ისე აღიქვამს, როგორც შენს ინიცირებულს და ცხადია, ამით კმაყოფილია. მეც, მათ შორის.
თუმცა, ისევ და ისევ, რჩება ძალიან მტკივნეული პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაც დღესვე უნდა დაიწყოს, რომ რამდენიმე წელიწადში მაინც რაღაც შედეგი მივიღოთ. მე მხოლოდ ზოგიერთ მათგანს ჩამოვთვლი:
1. სოციალურმა პრობლემებმა ქვეყანაში უდიდეს მასშტაბს მიაღწია. 300 ათასი ადამიანი გამოსახლების პირას რომ დგას, ამას ემატება 900 ათასამდე ოჯახი, რომელიც საკრედიტო კოლაფსისა და დეფოლტის პირას არის მისული. დღეს მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოს აღიქვამს მევახშეებისა და სრულიად ველური კაპიტალიზმის ქვეყნად და ეს ქმნის ძალიან დიდ საშიშროებებს. ამ საშიშროებების წინაშე გაჩერება არ შეიძლება. არსებობს პრობლემების დაძლევის როგორც ევროპული (სოციალ-დემოკრატიული), ასევე ამერიკული (ფრანკლინ დელანო რუზველტის კეინსიანური ეკონომიკა) და, რაღა თქმა უნდა, აზიური (იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ავსტრალია, ახალი ზელანდია) მოდელები. ეს მოდელები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ თვისობრივად მაინც ერთ ფენომენს წარმოადგენენ _ ამ ეკონომიკურმა სქემებმა გამოიყვანა მსოფლიო დიდი ეკონომიკური დეპრესიიდან და შექმნა ,,კეთილდღეობის სახელმწიფოს“ ისეთი მოდელები, რომლებიც დღემდე მისაბაძია მთელ მსოფლიოში. მიწის გასხვისების ნეოლიბერალური პოლიტიკა უნდა შეწყდეს და საქართველოს ტერიტორიის 90% გამოცხადდეს ეროვნულ ნაკრძალად. ეს იმისთვისაა აუცილებელი, რომ თავიდან ავიცილოთ ეკოლოგიური კატასტროფები;
2. ქართულ საგარეო პოლიტიკაში მძვინვარებს რასიზმის პრობლემა. დიახ, დღეს ჩვენს საგარეო უწყებაში სრულად უპატივცემულოდ ეპყრობიან აზიელებს, აფრიკელებს და ოკეანიის წარმომადგენლებს. ბოლო 3 წლის განმავლობაში უკვე უამრავი ამ ქვეყნის მოქალაქე, ზოგი ინვესტორი და ზოგიც, უბრალოდ, ტურისტი გამოხატავს თავის უაღრესად დიდ წყენას იმ ფაქტის თაობაზე, რომ საქართველოში ყველა ჩამოსვლაზე შეურაცხყოფას აყენებენ და მათ ქვეყანას არავითარ პატივს არ სცემენ. ეს უკვე აღძრავს სერიოზულ ეჭვებს საქართველოში რასისტული საგარეო პოლიტიკის არსებობის შესახებ. კონკრეტულად მოგახსენებთ, რომ ინდოეთის მაჰათმა განდის ფონდის ერთ-ერთი ლიდერი, რაჯაგოპალ პივი, საქართველოში მხოლოდ 2014 და 2015 წლებში მომხდარი შეურაცხმყოფელი ფაქტების შემდეგ ჩამოვიდა. ამ რასისტულ პოლიტიკაზე პასუხისმგებლები აღმოჩნდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკისა და ოკეანიის დეპარტამენტის უფროსი, ქალბატონი ეკა აკობია და სუს-ის მაშინდელი მაღალჩინოსანი, ბატონი ზედელაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანმა მკაცრი გაფრთხილება მიიღო, აღარ გაემეორებინათ ასეთი უღირსი საქციელი და შეეცვალათ მსგავსი პოლიტიკა, ეს საბოტაჟი დღემდე გრძელდება. ასეთი ინციდენტების განმეორება საქართველოს დიდ საერთაშორისო სკანდალს მოუტანს და დიდძალ ინვესტიციასაც დააკარგვინებს მაშინ, როდესაც ჩვენთან ისედაც რთული ეკონომიკური ვითარებაა. საინტერესოა, როდემდე უნდა გრძელდებოდეს ,,ნაცების“ ნასხლეტების მიერ ინიცირებული საბოტაჟის პოლიტიკა? რასისტული საგარეო პოლიტიკა არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ამ ქვეყანას აქვს. არ მოვიდა დრო, რომ მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცოტა უფრო კვალიფიციურ და სხვა ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების მცოდნე დიპლომატებს ჩავაბაროთ?
3. ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი _ მურუსიძე მოსამართლე. ამ დანიშვნით იუსტიციის საბჭომ ყველანაირი ლეგიტიმაცია დაკარგა მოსახლეობის უმრავლესობის თვალში. როგორ შეიძლება, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელების პატრონი და მფარველი ისევ დავაწინაუროთ?! ეს ხომ ქვეყნის აბსოლუტური სირცხვილია?! ეს არის ,,აუშვიცის სინდრომი“, როგორც ამას ჯორჯო აგამბენი ამბობს. დიახ, ჩვენ აუშვიცის ნარჩენებში ვცხოვორბთ, სადაც ,,ნაცების“ პოლიტიკა ისევ გრძელდება. და მე ვერ ვხვდები, შენ ამას ვერ ხედავ?! რა არის მიზეზი იმისა, რომ ამაზე რეაქციას არ აკეთებ? ასეთი სასამართლოთი უდიდესი ზარალი ადგება ქვეყნის რეპუტაციას. ეს, მე მგონი, ყველამ უნდა ვიცოდეთ. როგორ შეიძლება, ჩვენი პრინციპები ბოლომდე გავწიროთ ვიღაც გაქუცული სადისტების დასაცავად?
ბიძინა, ეს საკითხები ძალიან მტკივნეულია. ვიცი, რომ ფორმალურად არ ხარ ქვეყნის სათავეში, მაგრამ შენი ვალდებულებაა, რომ ხალხთან ერთად დადგე. თუ შენ ხალხთან ერთად არ დადგები, მაშინ ხალხი დადგება შენ წინააღმდეგ.