QronikaPlus
საქართველო გეოპოლიტიკური ბრუნვის მიღმა

საქართველო გეოპოლიტიკური ბრუნვის მიღმა

2015-11-27 07:28:32

პარიზის ტერაქტებმა მსოფლიო პოლიტიკაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ერთი მხრივ, რუსეთი გააქტიურდა და სურს, რომ მისი მონაწილეობით მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში როგორმე თავისი დაკარგული იმიჯი და დასავლეთთან დიალოგის რეჟიმი აღადგინოს, მეორე მხრივ, დაარეგულიროს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც რუსეთისათვის ეკონომიკური სანქციების ფლაგმანია და არ ეგუება რუსეთის მიერ უკრაინის საკითხის გამწვავებას და ყირიმის ანექსიას.   პარიზის ტერაქტების შემდეგ თურქეთის G20-ის სამიტი კიდევ ერთი მაგალითი გახდა იმისა, რომ რუსეთი მსოფლიო პოლიტიკიდან გაძევებულია, რომ ის მარგინალია ამ პოლიტიკაში. დასავლეთის სანქცირებული ბერკეტები ძალიან მძიმედ აწვება მის ეკონომიკას, ნავთობზე ფასების ვარდნა კი რუსეთის ეკონომიკის სრულ კოლაფსს მოასწავებს. მთავარი თემა რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირებაში უკრაინაა. დიდი ყურადღება მიექცა აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და ვლადიმირ პუტინის 20-წუთიან შეხვედრას, რომელიც ანტალიაში G20-ის სამიტის ფარგლებში გაიმართა. მთავარი თემა, როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ჩანს, იყო უკრაინა, რომ რუსეთმა შეასრულოს მინსკის შეთანხმება და რუსეთ-უკრაინის სრული საზღვარი გააკონტროლოს კიევმა. ასევე უკვე ყველასთვის ნათელია, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ჯარების ყოფნა ეჭვგარეშეა. შესაბამისად, რუსეთი ვალდებულია, დატოვოს უკრაინა. რუსეთს პირდაპირ უთხრეს, რომ ყირიმის ანექსიის დასრულების გარეშე მას არ აქვს შანსი, სანქციებისგან განთავისუფლდეს, რომ მისი მონაწილეობა “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში არ ემთხვევა დასავლეთის ინტერესებს სირიაში, რომელსაც სურს, ბაშარ ასადმა დატოვოს თანამდებობა. რუსეთი პირიქით, მოითხოვს, რომ დასავლეთმა სწორედ ბაშარ ასადთან აწარმოოს მოლაპარაკებები. დასავლეთი საუბრობს უკრაინაზე და რუსეთის სანქციების მოხსნის წინაპირობა არის უკრაინიდან მისი გასვლა, ყირიმის ჩათვლით. სამწუხაროდ, ამ პოლიტიკურ დისკურსში საქართველოს ადგილი აღარაა. აღარავინ ეუბნება პუტინს უკრაინის თემასთან ერთად, რომ მან უნდა შეასრულოს 2008 წლის 6-პუნქტიანი შეთანხმება და დატოვოს საქართველოს ტერიტორია. 2012 წელს, როდესაც არჩევნები ჩატარდა, ახალმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „საქართველო არ უნდა იყოს დაპირისპირების საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის“. ამის შემდეგ საქართველო ნელ-ნელა ახდენს დისტანცირებას მსოფლიოს აქტიური პოლიტიკური  ბრუნვიდან. შესაბამისად, სქართველო დისტანცირდა ასევე უკრაინის თემისგან, რომელიც იყო უნიკალური შანსი, რომ 2008 წლის რუსეთის აგრესია მოქცეულიყო სანქციების ქვეშ, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა. პირიქით, მათ რუსეთთან დაახლოების პოლიტიკა დაიწყეს, რომელიც დღეს გამოიხატება ეკონომიკური კავშირების აღდგენაში რუსეთთან, რომელმაც ზარალი მიაყენა საქართველოს ექსპორტს, ასევე ბევრ ისეთ საკითხში, რომელიც საქართველოსთვის შესაძლოა პრობლემური გახდეს. ესაა კარასინ-აბაშიძის ფორმატში გაურკვეველი და გაუმჭვირვალე მოლაპარაკებები რაღაც სატრანსპორტო საკითხებზე; ენერგეტიკის მინისტრის მოლაპარაკებები „გაზპრომთან“, რომელიც ასევე დაფარული და ბუნდოვანია. რუსეთისათვის უმნიშვნელოვანესია როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს მიმართულება. ეს ორი ქვეყანა რუსეთის მთავარი გეოპოლიტიკური მოძრაობის ცენტრებია, რომელთა კონტროლი რუსეთის გეოპოლიტიკის გამარჯვებას მოასწავებს მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ამიტომ საქართველოს მიერ გამიჯვნა რუსეთის სანქცირების პოლიტიკისგან ძალიან საეჭვოდ გამოიყურება. მიუხედავად საქართველოს წინა ხელისუფლების დიდი ძალისხმევისა, 2008 წლის აგვისტოს ომი დასავლეთისთვის არ გახდა ის სიგნალი, რომ რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლებოდა? რა ლოგიკა იყო იმაში, რომ რუსეთის ასეთი მასშტაბის აგრესია, პრაქტიკულად, ხელუხლებელი, ყოველგვარი სანქცირების გარეშე დარჩა? პირიქით, ამ ომის შემდეგ მოხდა რუსეთის წახალისება, „გადატვირთვის პოლიტიკა“, ხოლო საქართველო მოექცა სამხედრო ემბარგოს ქვეშ.  ეს მაშინ, როდესაც საქართველოს ჰქონდა სუპერაქტიური საგარეო პოლიტიკა. დღევანდელი ხელისუფლების აბსოლუტურად არააქტიური პოლიტიკა კი ვერანაირ შედეგს ვერ დადებს, ვინაიდან მსოფლიო პრობლემებისგან დისტანცირება პატარა სახელმწიფოს მიერ, რომელიც დამოკიდებულია მხოლოდ საკუთარ აქტიურობაზე და ჩართულობაზე მსოფლიო პოლიტიკურ ბრუნვაში, შენელებული პოლიტიკით, იქმნის დიდ საფრთხეს და მყიფეს ხდის მის საერთაშორისო უსაფრთხოებას. ჩვენ მოვახერხეთ, რომ დაგვერღვია რუსეთის მიერ 90-იან წლებში განხორციელებული სამართლებრივ-პოლიტიკური ქსოვილი. შევძელით დაგვერღვია რუსეთის მიერ 90-იან წლებში შექმნილი წარმატებული იურისპრუდენცია, როდესაც რუსეთი, ფაქტობრივად, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო სამშვიდობო მანდატით იყო წარმოდგენილი. ეს პოლიტიკა 2008 წლის ომის შემდეგ დასრულდა და სრულიად შეტრიალდა მის წინააღმდეგ. რუსეთი გახდა აგრესორი და ოკუპანტი ქვეყანა და მან ვერანაირი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა მსოფლიოში. არაღიარების პოლიტიკამ სრულიად გააკოტრა რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართულებით და მას არაფერი დარჩა ხელშესახები. საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გაითავისა ის პოლიტიკური რეალობა, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დადგა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში. 2008 წლის ომი ეს იყო ის ბოლო ტყვია, რომელიც რუსეთმა გაისროლა საქართველოს მიმართულებით. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ტყვია ნამდვილად ვერ გამოდგა შედეგიანი. საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ მინიმუმამდე დაეყვანა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წინააღმდეგობა რუსულ აგრესიასთან. ამიტომ დღეს აღარაა გასაკვირი, რომ დასავლეთის დიდი სახელმწიფოების ლიდერები, საუბრობენ მხოლოდ უკრაინაზე და სანქციების მოხსნის ნაწილში  უკრაინიდან რუსეთის გასვლა საკმარისია სანქციების მოსახსნელად, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ამის ნაწილი არ არის. უნდა ვთქვათ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ, პრაქტიკულად, დასავლეთი დაჰყვა რუსეთის ნებას, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულიყო. 2008 წლის  ომი, რომელიც სწორედ გეოპოლიტიკური ხასიათის იყო, დღევანდელმა ხელისუფლებამ დაიყვანა იმის მტკიცებაზე, ვინ დაიწყო ომი, ვინ ისროლა პირველად, შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება... სხვათა შორის, 2008 წლის შემდეგ რუსეთს სწორედ ეს რიტორიკული საკითხები ჰქონდა წინა პლანზე წამოწეული. 2008 წლიდან რუსეთმა ეს თემები ამუშავა როგორც დასავლეთში, ასევე ამუშავა საქართველოს შიდა პოლიტიკურ ველზე. მთელი ქართული მაშინდელი პოლიტიკური სპექტრი მხოლოდ ამ თემებზე დაობდა და არავინ აქცევდა ყურადღებას, ამ ომის საერთაშორისო გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, რუსეთის მიზნებსა და მომავალ ამოცანებს. საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ სრულიად მოხსნა დღის წესრიგიდან საქართველოს საკითხი და დღეს არავინ ახსენებს რუსეთს, რომ მან შეასრულოს თავისი ვალდებულებები და ექვსპუნქტიანი შეთანხმება. თავის დროზე დასავლეთისთვის 2008 წლის ომი არ იქნა აღქმული ნიშნად, რომ ხვალ პუტინის გეოპოლიტიკური ინტერესები გასცდებოდა საქართველოს და მესიჯი, რომ `რუსეთი თავის საზღვრებთან არ დაუშვებდა ნატოს მოახლოებას~, არ ეხებოდა მხოლოდ საქართველოს. ეხებოდა უკრაინას, ეხებოდა იმ სამ ქვეყანას, რომელთაც რუსეთთან აქვთ საზღვარი და არიან ნატოს წევრები, ბალტიისპირეთს. დღეს არავისთვისაა უცხო, რომ რუსეთს სურს პირდაპირი სამხედრო კონტინენტური გზა ყირიმზე, რათა იქ შექმნას უძლიერესი სამხედრო ბაზა, რაც ასევე აღმოსავლეთ ევროპაზე მოახდენს გავლენას. სწორედ ამიტომ რუსეთის გაფრთხილება ხდება, რომ მარიუპოლზე შეტევა იქნება მთლიანი წითელი ხაზების გადაკვეთა, რომ ეს პასუხგაუცემელი არ დარჩება. თუ გავიხსენებთ 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც საუბარი იყო რუსეთის მიმართ სანქციებზე, სწორედ ევროკავშირის წამყვანმა სახელმწიფოებმა დაიწყეს იმის მტკიცება, რომ რუსეთი უნდა გადააკეთონ და აქციონ თავისიანად. აშშ-ც დაყვა ამ ნებას და დაიწყო `გადატვირთვის პოლიტიკა~, რაც პუტინმა აღიქვა, რომ თითქოს დასავლეთმა ცნო მისი ინტერესები პოსტსაბჭოთა სივცეში. რუსეთი ვერაფრით გაბედავდა უკრაინაში ასეთ დიდ სამხედრო ოპერაციას, მისთვის 2008 წელს შესაბამისი სანქციები რომ დაეწესებინათ, რაც მას აიძულებდა, უკან დაეხია საქართველოში. შესაბამისად, ის შემდეგ უკან დაიხევდა უკრაინაშიც, მაგრამ, პრაქტიკულად, დასავლეთმა სრული უმოქმედობის გამოჩენით, რუსეთს ახალი დანაშაულებრივი ქმედებებისაკენ უბიძგა. დღეს უკვე რუსეთი სირიაშია. მიუხედავად სანქციებისა, ის მაინც ცდილობს, რომ დასავლეთი დაჰყვეს მის ნებას და აღიაროს მისი პრიორიტეტი პოსტსაბჭოთა სივრცეში. დღეს დასავლეთი მიხვდა, რომ პუტინი არ ხუმრობს, რომ მის მიმართ არ შეიძლება დათმობის პოლიტიკის წარმოება. ამიტომ რუსეთისათვის სანქციების მოხსნა მხოლოდ ყირიმის დატოვების შემდეგ იქნება შესაძლებელი. თუმცა აქ არჩანს საქართველო, რომელიც ასევე აგრესიის მსხვერპლია. საქართველოს ხელისუფლებამ საქართველო ამოაგდო მსოფლიო გეოპოლიტიკური ბრუნვიდან. საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მიაწოდა დასავლეთს შემდეგი მესიჯი, რომ არა მარტო ყირიმის ანექსია ანგრევს მსოფლიო სამართლებრივ წესრიგს, მას ანგრევს ასევე საქართველოს ოკუპაციის თემა. საქართველო დისტანცირდა ამ წესრიგიდან და არ განაცხადა, რომ ამ წესრიგში საქართველოც შედის და არ შეიძლება საქართველოს თემის და უკრაინის თემის გაყოფა. საქართველოს უკრაინასთან ერთად უნდა ეიძულებინა დასავლეთი, რომ მათ მკაცრი პოლიტიკა ეწარმოებინათ რუსეთის წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლება დიდ შეცდომებს უშვებს საგარეო პოლიტიკაში, რომ ჩვენს თემას არ აბამს უკრაინის თემას. უკრაინის და საქართველოს ერთ თემად წარმოჩინება მნიშვნელოვანია, ვინაიდან რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების მოქმედების არეალში მოხდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. თუ ეს სანქციები შედეგს გამოიღებს, ეს შედეგი უნდა დადგეს ჩვენთვისაც, ანუ თუ რუსეთი უკან დაიხევს უკრაინაში, მან უკან დაიხიოს საქართველოშიც. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი და უკრაინის პრობლემების ერთიანობის საკითხი. ამიტომ რაც უფრო დისტანცირება მოხდება უკრაინის თემისგან, მით უფრო დისტანცირებული გახდება საქართველო დასავლეთისგან, რაც მხოლოდ დაგვასუსტებს. ამის მაგივრად საქართველომ დაიწყო საუბარი „გაზპრომთან“ გაზის დივერსიფიკაციაზე. აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა: „საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე ზემოქმედების ბარკეტის ერთი კონკრეტული სახელმწიფოს მიერ ხელში ჩაგდებით საქართველოს ზიანი არ უნდა მიადგეს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ცენტრალური აზიიდან ევროპამდე სახელმწიფოების უსაფრთხოებას გულისხმობს და მას ზიანი არ უნდა მიადგეს“. უნდა ითქვას, რომ ხელისუფლების ნაბიჯები, მოეხსნა საქართველოს პრობლემა რუსეთისთვის ოკუპირებული ტერიტორიების თემის არააქტიურობით, მოახდინოს „გაზპრომთან“ ენერგეტიკული დივერსიფიკაცია, რომლის არავითარი ეკონომიკური საჭიროება არ არის, დაიწყოს ბუნდოვანი მოლაპარაკებები რუსეთთან სატრანსპორტო საკითხებზე, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საქართველოს ხელისუფლება არა მარტო უკრაინის საკითხებს ემიჯნება, არამედ ემიჯნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების რჩევებსა და საქართველოს გენერალურ საგარეო პოლიტიკურ ხაზს. ჩვენ ვერ შევძლებთ სტრატეგიული პარტნიორების გარეშე ჩვენი სახელმწიფოს დაცვას და განვითარებას. საქართველო საერთოდ არ იყენებს რუსეთის დღევანდელ გართულებულ პოლიტიკურ ვითარებას. პირიქით, ის ცდილობს, როგორმე რუსეთისადმი ლოიალური დამოკიდებულებით დავკარგოთ ის მიღწეული, რაც მანამდე გვქონდა, როდესაც საქართველოს საკითხი იყო მსოფლიო პოლიტიკური დღის წესრიგის პირველ ათეულში. ეს უკვე არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ინტერესებს ნამდვილად არ ემსახურება. საქართველოს ხელისუფლება სცილდება ქართული სახელმწიფოს ძირითად არქიტექტურულ სხეულს, მის მიმართებებს, რომელიც 25 წლის განმავლობაში უდიდესი მსხვერპლის ფასად ჩამოყალიბდა. დღეს როგორც არასდროს, გვჭირდება უდიდესი ძალისხმევა, რომ საბოლოოდ გავარღვიოთ რუსული იმპერიის გეოპოლიტიკური სივრცე და აქ შეჩერება არ შეიძლება. დღეს აუცილებელია მოვახდინოთ ჩვენი პრობლემების ფოკუსირება მსოფლიო პოლიტიკურ დღის წესრიგში, წინააღმდეგ შემთხვევაშიმ არავინ იზამს ამას ჩვენს გარდა. საქართველოს ხელისუფლება კი დასავლეთის კრიტიკითაა გართული და არ სურს ვინმემ გაიგონოს ის შეკითხვები, რომლებსაც დასავლეთში უსვამენ და მათი პასუხები არადამაჯერებელია. ამიტომ ხურავენ შეხვედრებს მასმედიისთვის. ეს არის პრობლემები, რომელიც შეიქმნა და მით უმეტეს, უდიდესი ძალისხმევაა საჭირო, ჩვენი ნაციონალური პრობლემა, რომელიც 25 წელია გვიდგას, ტერიტორიების ოკუპაცია, გავხადოთ დასავლეთის დღის წესრიგი. ამის მაგივრად, პირიქით აქტიურ თემებს ვხურავთ და საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკითხს აყენებს ისე, თითქოს რუსეთთან ურთიერთობები დაალაგეს. აშკარა ხდება უკვე, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისა და რუსეთის რიტორიკა თანხმობრივ დუმილში თანაარსებობს. ასეთი პოლიტიკით დამოუკიდებელი საქართველო დგება ეგზისტენციური საფრთხის წინაშე, რომლის განეიტრალებაც აუცილებელ საკითხად უნდა განიხილოს საქართველოს საზოგადოებამ.  

                                                                                          ირაკლი მარგველაშვილი

 

გაზიარება