მეოცნებეები ფილოსოფოს პრეზიდენტს კვლავ არ ასვენებენ. ამჯერად ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, გიორგი მარგველაშვილის უარს ათონელის რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით „ცინიზმის ძალიან მაღალ დონედ“ აფასებს. მისი თქმით, „ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება, იმის მიუხედავად, მას ეს სურს თუ არა“.
„ამაზე დღეს ვეღარ დავხარჯავ დიდ დროს, უფრო საინტერესო თემებზე მკითხეთ. მაგრამ მთავარი, რასაც მე ვხედავ, არის ის, რომ ყველამ უნდა დაიცვას კანონი, პატივი სცეს ქართულ სახელმწიფოს და, პირველ რიგში, პრეზიდენტმა. კომერციული ნაწილიც უნდა შეფასდეს, 10 მილიონს გადასცდა და ამბობს, რომ მოქალაქეების დასაცავად აკეთებს. აქაც ცინიზმის ძალიან მაღალი დონეა. რა თქმა უნდა, ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება, მას ეს სურს, თუ არ სურს. სახელმწიფო სახელმწიფო უნდა იყოს და სტრუქტურებმა უნდა განახორციელონ თავისი უფლებამოსილება. თავის დროზე მთავრობამ განაცხადა, რომ კანონიერი ქმედებისგან თავს შეიკავებს. დადგება ეგ დროც“, _ აცხადებს ივანიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი სასახლიდან გამოსვლას არ აპირებს. მისი თქმით, პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილის ყოფნა სამართლებრივად აბსოლუტურად გამართლებულია:
„აქ ყველაფერი ნათელია სამართლებრივი თვალსაზრისით. პრეზიდენტი არასოდეს დაუშვებს იმას, რომ ის იყოს სამართლებრივი სივრციდან გასული და მგონი, ეჭვიც არ გეპარებათ არავის, რომ პრეზიდენტის აქ ყოფნა, ამ სასახლეში, სამართლებრივად აბსოლუტურად გამართლებულია“, _ აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.
პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით განცხადებები მანამდეც არაერთხელ გაკეთდა. პრემიერ-მინისტრმა მაისში განაცხადა, რომ იმედოვნებდა, ათონელის რეზიდენციის გამოყენებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებდა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე განაცხადა, თავად მთავრობა რაიმე მკვეთრი რეაგირებისა და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ვინაიდან, პრემიერის შეფასებით, ეს ქვეყნის იმიჯს დააზიანებს.
თუმცა მას მალევე უპასუხეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სადაც განაცხადეს, რომ რეზიდენციის საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას აღარ აპირებენ.
პრეზიდენტის სასახლის ირგვლივ მიმდინარე ინტრიგებზე „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრება:
_ იურისტების ნათქვამიდან ჩანს, რომ სამართლებრივად ერთადერთი ნაბიჯი რჩება პრეზიდენტის აღმასრულებლის ხელით გამოსახლება _ ადამიანისა, რომელიც სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით იქნება გასახლებული ამა თუ იმ ტერიტორიიდან, როგორც ეს ბინებთან დაკავშირებით ხდება ხოლმე, ანუ კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულება. ანალოგიურად, თუკი ჯერ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და მერე, გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტმა უნდა დატოვოს შენობა, მერე აღმასრულებელმა ეს უნდა შეასრულოს.
მართლა ძნელი წარმოსადგენია ეს პროცესი _ ჯერ პირველი, მეორე და მერე მესამე. მაგრამ, მეორე მხრივ, ასევე იურიდიულად სახელმწიფო ქონებას მართავს მთავრობა. და ის არის უფლებამოსილი განსაზღვროს, რომელი სამინისტრო თუ უწყება რა შენობაში იქნება. ახლა, რომელიმე კონკრეტულმა სამინისტრომ რომ თქვას, მთავრობის გადაწყვეტილების ფონზე მე ამ შეობიდან არ გამოვალო, ეს არ იქნება ჯანსაღი და იურიდიულად გამართული რეაქცია.
ანალოგიურად, პრეზიდენტს არავინ უშლის ხელს პრეზიდენტობაში, მან შეიძლება შენობა შეიცვალოს. ამ ლოგიკით მთავრობამ შეიძლება, ეს გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ ასეთი იურიდიულად გამართული გადაწყვეტილება, თვითონ ამ მთავრობისთვის, რასაკვირველია, პოლიტიკურად სრულიად წამგებიანი იქნება.
მსგავსი ჭიდაობის სიტუაცია რომ არ შეიქმნას (მის გამოვლინებებს რამდენიმე წელია, ვაკვირდებით პრეზიდენტსა და მთავრობას შორის), რა ვიცი, ღირს საერთოდ ამ საკითხშიც ვითარების გამწვავება? ამას ვამბობ ჩვეულებრივი მოქალაქის სურვილების ფონზე, რომელსაც ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება სურს.
ვისურვებდი, რომ ეს ორი მხარე დამსხდარიყო და შეთანხმებულიყო. მოელაპარაკათ ერთმანეთში და საუბრის ფორმა არ ყოფილიყო მედიაში განცხადებები, სასამართლო ან რაიმე კონფრონტაციული სტილი. და თუ ეს არ მოხერხდა, ასევე ვისურვებდი, რომ რომელიმე მხარეს მაინც სულგრძელობა გამოეჩინა. ვისურვებდი, რომ, ამ შემთხვევაში, ეს პრეზიდენტს გამოევლინა. სულგრძელობა არის საკუთარი პოზიციის დათმობა და იმის თქმა, რომ იცით, რა, როგორც გინდათ გადაწყვიტეთ და მე ამ შემთხვევაში ქვეყანას სირთულეებს არ შევუქმნიო.
ეს დაპირისპირება ქვეყანას უქმნის სირთულეებს და თუ ამას მთავრობა ვერ ხვდება, იქნებ, პრეზიდენტი მაინც მიხვდეს. იქნებ კი არა, ვვარაუდობ და უფრო მეტი შანსია, რომ მიხვდეს, რადგან მას სტილშიც არ აქვს დაპირისპირება. ის რიტორიკის, განცხადებების დონეზეც ცდილობს, თავი აარიდოს რაიმე დაპირისპირებას. ეს თუ საქციელშიც გამოიხატება, ალბათ, აღნიშნული თემა მოიხსნება ქართული პოლიტიკის დღის წესრიგიდან, რადგან სირცხვილია, ქვეყანას ეს თემა ჰქონდეს ერთ-ერთი წამყვანი და აქტუალური.
_ თუ ვერ მიხვდება და მაინც სამართლებრივი გზით მოხდება პროცესში ჩარევა, ეს ქვეყანას რამდენად შეუქმნის დამატებით პრობლემებს?
_ ამიტომ მოგახსენეთ, რომ ამ საქვეყნო მოტივით უნდა დაფიქრდეს თითოეული მხარე. რასაკვირველია, ეს ქვეყნისთვის სასიამოვნო შტრიხი არ იქნება. ამისთვის უვიზო რეჟიმსა და ნატოსთან დაახლოებაზე უარს არ გვეტყვიან, მაგრამ, ზოგადად, შენდამი დამოკიდებულება ნორმალური იქნება?
წარმოიდგინეთ, მე და თქვენ ისეთ ოჯახში რომ მოვხვდეთ, სადაც ცოლი და ქმარი ჭიდაობს, თუ რომელ სკამზე დაჯდეს ქმარი, ვიყოთ ამის მოწმენი. ეს ჩუმად რომ ხდებოდეს, დაე, ცოლ-ქმარმა იჭიდაონ, რამდენიც უნდათ, მაგრამ როდესაც ეს ჭიდაობა ისეთ სახეს იღებს, რომ ყველა უცხო ამის მოწმე ხდება...
ბოლოს და ბოლოს, მაგაზე ჭიდაობ, ფიზიკურად რა ადგილას იყოს ქვეყნის პირველი პირი _ ეს ჭიდაობა არც ერთ მხარეს ამშვენებს და არც _ მეორეს. და იმ ოჯახში ყოფნა არც ერთს მოგვინდებოდა, ზურგის შექცევას უფრო ვარჩევდით. ფსიქოლოგიურად ზურგის შექცევის გამომწვევი შეიძლება იყოს ასეთი ფრაგმენტი ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
_ არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ თავმჯდომარის მორიგი აქტივობა ამ მიმართულებით როგორ შეიძლება განვიხილოთ?
_ ვერ ვიქნები მსაჯული, რადგან ამ ორი ადამიანის ურთიერთობაში დაძაბულობას კიდევ სხვა ფესვებიც აქვს. და ეს ჩვენ შეიძლება არც ვიცით.
მეორე მხრივ, რაც თქვა ივანიშვილმა, არც ეს არის გასაკვირი, რომ გადათქვა, რასაც ამბობდა, იმის საწინააღმდეგო გააკეთაო. გარკვეული თვალსაზრისით, მას უმადურობას საყვედურობს გუნდის მიმართ, რომელმაც გაიყვანა და ა. შ.
მაგრამ ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა და აქ ძალიან ხშირია ასეთი ნაბიჯები, როდესაც რაღაც ეტაპის მერე პოლიტიკური ფიგურა დამოუკიდებელ მოქმედებას იწყებს, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე რაღაც გუნდის ნაწილი იყო. ისტორიას და ჩვენს უახლოეს წარსულსაც თვალი რომ გადავავლოთ, ასე ხდება მუდმივად.
ასე რომ, მსგავსი მძაფრი რეაქციის მიცემა ადამიანურ ურთიერთობებში გასაგები იქნება, მაგრამ პოლიტიკურ ურთიერთობებს ემოციის სიმძაფრე არ შეეფერება. შეიძლება, საერთოდ არ მისცე შეფასება და ისე დასვა პროცესები თავ-თავის ადგილას. ეს შეფასებებები ცალკე პოლიტიკური ფაქტებია.
სხვათა შორის, შეფასებები ხშირად ცუდ სამსახურს უწევს ივანიშვილს. თავის დროზე, „რუსთავი 2“-ზე გააკეთა შეფასებები და ახლა რაც ტელეკომპანიაში ხდება, მას აბრალებენ. შეფასებებს აკეთებს პრეზიდენტისას და ვინც კი ივანიშვილის ოპოზიციაა, ყველა ცდილობს, რომ პრეზიდენტის მხარე აიღოს.
პრეზიდენტი არც ერთი პარტიის მიერ მხარდასაჭერი არ არის, რადგან ის პარტიებზე მაღლა დგას და უნდა იდგეს. ამის საჭიროება ამ პოლიტიკური ფიგურისთვის არ ჩანს, რომ არიქა, მოდით, მხარი დამიჭირეთო.
ასეთ სირთულეებს ხშირად თვითონ ივანიშვილის განცხადებები აჩენს და რატომ _ ის ძალიან ხშირად თვითონ ვერ ამბობს უარს მსგავს გამოსვლებზე. ხშირად პოლიტიკაში ისე იქცევა, როგორც ამას სხვაგან ყოფნისას არის შეჩვეული _ რასაც ფიქრობს, იმას ამბობს, რა განწყობილებაც აქვს, მას არც მალავს. პოლიტიკას ასეთი ღიაობა არ უყვარს. მერე ამას ისეთი შედეგები მოყვება ხოლმე, რომელიც თვითონ ივანიშვილისთვის შეიძლება სასიამოვნო არ იყოს.
თენგიზ სიგუა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი:
_ თავის დროზე, პრეზიდენტმა თვითონ განაცხადა, რომ მაგ სასახლეში არ შევალო. ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამას ეყრდნობა, რომ ეს თავად აქვს გაცხადებულიო. გადაწყვეტილებაც მიიღეს, რომ ეს სასახლე აშშ-ს ყოფილი წარმომადგენლობის ტერიტორიაზე გაკეთებულიყო. თითქოს მზადაც არის ეს ობიექტი. როგორც ამბობენ, დღეს-ხვალ იქ შესვლა შესაძლებელია.
გულახდილად რომ გითხრათ, მის ადგილას მე დავტოვებდი იმ შენობას და გადმოვიდოდი, რადგან ძალიან პომპეზური შენობაა და სახელმწიფოს მისი შენახვა ძალიან ძვირი უჯდება. ამიტომ ვურჩევდი მარგველაშვილს, რომ გადასულიყო. თქვენც ატყობთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა ვერ არის კარგ მდგომარეობაში და ამ აპარტამენტების შენახვა იაფი არ ღირს.
ახლა, ძალისმიერი მეთოდის გამოყენება, რასკვირველია, არ შეიძლება. აი, რჩევის მიცემა კი შესაძლებელია. ისევ და ისევ, რახან ქვეყანას უჭირს, რთული ფინანსური და ეკონომიკური ვითარება გვაქვს, ამ შენობის შენახვისთვის ასეთი დიდი ხარჯის გაღება, მგონი, მართებული არ არის.
_ რისთვის შეიძლება გამოვიყენოთ?
_ თავიდან იყო საუბარი, რომ იქ სახალხო უნივერსიტეტი უნდა გახსნილიყო. მახსოვს, ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, პრეზიდენტი რომ დატოვებს, იქ რეკონსტრუქცია გაკეთდება და უმაღლესი სასწავლებელი გაიხსნებაო. ეს გეგმა მაშინ გააჟღერეს, როცა საპარლამენტო არჩევნები მოიგეს...
გია ხუხაშვილი, ექსპერტი:
_ ამ საკითხზე პრეზიდენტს გადაწყვეტილება უკვე დიდი ხანია, მიღებული აქვს. რაღაც ისეთ სახეს იღებს ეს ყველაფერი, რომ არც ვიცი, ამაზე რა რეაქცია უნდა მქონდეს. პრეზიდენტმა უკვე დიდი ხანია გამოაცხადა, ჯერ კიდევ 2014 წლის ზაფხულში თქვა, რომ არსად გადასვლას არ აპირებდა. მიუხედავად ამისა, კიდევ გაგრძელდა რემონტი და მეორე ტალღაც წამოვიდა. საერთოდ, ძალიან უცნაური ჟღერადობის თემაა და ვფიქრობ, ხელისუფლებას მაინცდამაინც ღირსებას არ ჰმატებს, პრეზიდენტის მიმართ დახურულ საკითხზე ამდენი საუბარი რომ გრძელდება.
მით უმეტეს, ახლა ამასაც ლაპარაკობენ, ეს ორი სასახლე რა ამბავიაო. დიდი ბოდიში, მაგრამ ვინც ამას ამბობს, ვერ გაურკვევია, რომ ათონელის სასახლე არ არის პრეზიდენტის სასახლე. მან თქვა, რომ მე გადავედი და ამით საკითხი დავამთავრეო.
ის არგუმენტაცია კი ძალიან ემოციური და გასაგებია. აი, მაშინ რომ თქვი, ასე ვიზამო, რატომ არ ქენი, იქ საშინელებები ხდება და იქ შესვლა როგორ შეიძლება და ა. შ. ეს ძალიან ემოციური განცხადებებია, რაც პოლიტიკაში მაინცდამაინც მისაღები არ უნდა იყოს.
რაც შეეხება ათ მილიონს და რაღაც თანხებს, რომ შენახვა ძვირი ჯდება, ამასაც ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. იმაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, თუ რა ძვირი ჯდება, არამედ განსხვავება რა არის? ათონელზე რომ გადავა პრეზიდენტი, ხარჯები აღარ ექნება თუ ეს როგორ არის? ისეთი რა იციან, რაც ჩვენ, საზოგადოებამ არ ვიცით და აგვიხსნან, თუ რამდენი იქნება განსხვავება ათონელსა და ავლაბრის რეზიდენციას შორის. დარწმუნებული ვარ, რაღაც მიზერულ თანხაზე იქნება საუბარი. მაგრამ რაღაც ხელმოსაკიდი მაინც ექნებათ სალაპარაკოდ, რეალურად კი დღეს ამაზე სასაუბრო, უბრალოდ, არაფერია.
ახლა თუ ვინმე რაღაც ქმედებებზე გადავა, ეს იქნება ძალიან კურიოზული საქციელი, ასევე არასერიოზული ნაბიჯი. მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილი მეორე წელია, ამ საკითხს ძალიან მწვავედ აყენებს. ამის უფლება მას აქვს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს. მაქსიმალური რადიკალიზმითაც შეუძლია გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები, მაგრამ იმასაც ვხედავთ, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს. მათ არ აქვთ ლეგალური მექანიზმი ამ სიტუაციაში რამის გასაკეთებლად. ნებისმიერი მათი ქმედება, როგორც სამართლებრივად, ასევე ტაქტიკურად, ძალიან ტრაგიკომიკური იქნება. თუ მსგავს ქმედებებზე გადავლენ, კი ბატონო, დანარჩენი მერე ვილაპარაკოთ.
_ თუ მოვლენები ამ გზითაც განვითარდა, ქვეყნის იმიჯს რას მოუტანს?
_ რასაკვირველია, პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის ყველა შემთხვევაში ზიანის მომტანი იქნება. მასზე რაც უფრო მეტი შეტევა განხორციელდება, ეს, უპირველესად, სახელმწიფოსთვის იქნება საზინო, თორემ უშუალოდ პრეზიდენტს ეს არანაირად არ დააზიანებს. ეს დააზიანებს მას, ვინც ასეთი ტიპის ქმედებებზე შესაძლოა გადავიდეს. იმედი მაქვს, რომ ეს, უბრალოდ, არ მოხდება და ყველაფერი რიტორიკას არ გასცდება.
ბიძინა ივანიშვილი: „პრეზიდენტის სასახლე მე მეკუთვნის, მაგრამ მისით სარგებლობას არ ვაპირებ“.
შეგახსენებთ: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, რომ მთავრობის კანცელარიაში არსებული საპრეზიდენტო რეზიდენციით ესარგებლა. როგორც მაშინდელმა პრემიერმა ივანიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის მომსახურებაში ბიუჯეტიდან ძალიან დიდი თანხები იხარჯება, რაც დაუშვებელია.
„ჩვენ მკვეთრად შევამცირებთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებას, რადგან მის მომსახურებაში ძალიან დიდი ხარჯებია. 800 000 ლარი მხოლოდ პრეზიდენტის სასახლის ელექტროენერგიის გადასახადისთვის გამოიყო. სააკაშვილი, რომელიც ვადას იგრძელებს, ბიუჯეტიდან ამხელა თანხას მოიხმარს. ქვეყანაში, სადაც ამდენი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს, პრეზიდენტის მომსახურებაზე ამხელა ხარჯების გაწევა წარმოუდგენელია. ჯერ მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 800 000 ლარი ირიცხება სააკაშვილის მეორე თვითმფრინავის შენახვაზე, პირველი თვითმფრინავის ხარჯები ჯერ ისევ არ გვაქვს გარკვეული“, _ განაცხადა ივანიშვილმა.
ამას გარდა, ივანიშვილმა განმარტა, რომ მომავალში, როგორც ქვეყნის პირველი პირი, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციით სარგებლობას არ აპირებდა, რადგან, მისი თქმით, ქვეყნის ინტერესებში ასეთი ფეშენებელური შენობის მომსახურება არ შედის.
„ის სასახლე მომავალში, როგორც ქვეყნის პირველ პირს, მე მეკუთვნის და მე არ ვაპირებ იმ სასახლით სარგებლობას“, _ განაცხადა მაშინ ივანიშვილმა.
გელა მამულაშვილი