ანდაზისა არ იყოს, „რაც გინახავს დავითაო, ყველა შენი თავითაო“, _ აი, ასეა კახეთის პოლიტიკური მდგომარეობა.
„ნაციონალები“ მაშინ ჩნდებიან, როცა ღვინიაშვილი გურჯაანში ჩამოდის, ეს კი დაახლოებით ისეა, როგორც ნაწვიმარზე ახალამოსული სოკოები რომ გამოჩნდებიან და მერე მზეზე გაქრებიან... თელავში „ნაციონალების“ „კამანდა“ ჯერ ბუნკერშია...
კახეთში, საგარეჯოს გარდა თუ დავთვლით, საშუალოდ, 1%-ზე ნაკლებია „რესპუბლიკელების“ რეიტინგი, აქედან კი ის 1%, ალბათ, ახმეტაა, იქ კი, რომ არა ზაქარია ქინქლაძის აქტიურობა, საპნის ბუშტივით გაიფანტებოდა ის რამდენიმე...
თელავის თემს ერთი „რესპუბლიკელი“ ჰყავს და გელა აზიკურის მხრებზე დგას პარტიის მთელი იდეოლოგია... თუმცა ეს ნაკლებად საინტერესოა. საინტერესო სწორედ ქართული ფორუმის დამოკიდებულებაა, ფორუმელები ადგილობრივი არჩევნების მსგავსად, ახლაც ცალკე დადიან... და როგორც იმუქრებიან, არჩევნებზე კოალიციური რეჟიმით აღარ გავლენ. სამაგიეროდ, თავისი კანდიდატი ეყოლებათ, რომელსაც აუცილებლად გაიყვანენ...
ახმეტის სურათი:
ამბობენ, რომ ზვიადაური მეორედ აღარ იყრის კენჭს, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ „რესპუბლიკელ“ ქინქლაძეს ასპარეზს არ დაუთმობს და, აი, ახმეტა კი სრულ საგონებელშია...
რაც შეეხება თელავს, მისმა მერმა იმდენი მიქარა, რომ მოქალაქეს მინდა მივმართო, ამ ქალაქში არჩევნებზე არავინ მივა და მერე არა თქვათ, „ნაციონალებმა“ არ გამოუშვეს სახლიდანო, რადგან ხალხი გაბრაზებულია. ყოველ კვირა თანამშრომლებს უსამსახუროდ ტოვებს და ამცირებს და ამცირებს შტატებს...
ამბობენ, ლაგოდეხში დეპუტატობაზე თავად გამგებელი ჯამბურია იბრძოლებს და ეს ამბავი კი უკვე შეთანხმებული აქვს თავის დეიდაშვილს კალაძესთანო, მაგრამ იმასაც ამბობენ, „ნაციონალ“ გურამ კაკალაშვილს კარგი რეიტინგი აქვს და ჯამბურიას ეს გამარჯვება გაუჭირდებაო... ამას დავუმატოთ „პატრიოტთა ალიანსის“ გააქტიურება, რომელიც ცხადყოფს, რომ კახეთში ამ პარტიას, უნდათ თუ არ უნდათ, მხარდამჭერები ბლომად ეყოლებათ...
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დედოფლისწყარო ცუდ დღეშია, ამომრჩეველთა, ალბათ, 25% გამოცხადდება არჩევნებზე, დანარჩენი კი ასე მშვიდად გამოთქვამს პროტესტს და არჩევნებზე არ მივა...
სამაგიეროდ, ყველა რაიონში ბიუჯეტს ვგეგმავთ და საშუალოდ თუ გამოვიანგარიშებთ, გამგებელს ან მერს იმდენი საწვავი ერგებათ 2016 წელს ბიუჯეტიდან, რომ დღეში 20 ლიტრა ბენზინის ტოლფასია. აი, ეგ ვერ გავარკვიე, გამგებელი კაბინეტში უნდა იყოს, თუ მანქანით ისეირნოს?.. ალბათ, საწვავი საარჩევნოდ გამოადგებათ.
ბურჯანაძის რეიტინგი რეგიონში საგრძნობლად დაცემულია, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, რაც პარტიის ლიდერი, ვალერი შოშიაშვილი, დროებით აპოლიტიკური გახდა ჯანმრთელობის გამო, პარტია კრიზისშია. ყველაზე ცუდ დღეში კი მაინც მე გამოვდივარ, აი, დღესაც რომ მოვიარო თელავი კარდაკარ, ადგილობრივი ოპოზიციონერის ჩაწერა გამიჭირდება. ასე რომ, სხვა თუ ვერაფერი, გუბერნატორმა შიოლაშვილმა ის მაინც შეძლო, რომ რეგიონში ოპოზიციური ფრთა, პრაქტიკულად, მძიმე მიძინების ხანაში გადაიყვანა, მაგრამ არც ხელისუფლებაა კარგ დღეში, რადგან `ოცნებას~ შიდა დაპირისპირებები უფრო აწუხებს, ვიდრე გარეშე მტრების მოგერიება.
ამასობაში, ჩვენთან, რეგიონში, წყალი კვლავ დეფიციტია, ხალხმა ყურძნის ფასად კაპიკები აიღო, სოციალური დახმარება მცირედი დარჩა, შშმ პირებსა და პენსიონერებს მხოლოდ პენსიები დარჩათ!
„ადამიანის მისწრაფებათა და მოღვაწეობის საბოლოო მიზანი ნიშნავს
რისამე სრულყოფის განსახიერებას“.
ყველა ადამიანში ზის კიდევ ერთი ან რამდენიმე ადამინი, ვინც შეიძლება მისი იდეალი იყოს. ბუნებრივია, ადამიანები ხშირად საკუთარ იდეალებს ბაძავენ ვიზუალურად თუ მჭევრმეტყველებით...
მაგალითად, ნინო ბურჯანაძის ჩაცმის სტილმა საზოგადოება დაარწმუნა, რომ ბურჯანაძის იდეალი თავად მარგარეტ ტეტჩერია.
აი, რა ხდება ახლა ჩვენთან:
გადავხედეთ მედიას და აღმოვაჩინეთ, რომ პრემიერ-მინისტრისა და კახეთის გუბერნატორის ლექსიკურ მარაგს შორის საინტერესო დამთხვევები არსებობს. მაგალითად, ირაკლი ღაირიბაშვილი ამბობს, რომ: „მე პოლიტიკაში მოვედი აბსოლუტურად სუფთა ხელებით და მინდა, რომ სუფთა ხელებით წავიდე!“ რას ამბობს „სპექტრთან“ ინტერვიუს დროს კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი? „მე სუფთა ხელებით მოვედი და სუფთა ხელებით ვაპირებ წასვლას“.
შესაბამისად, იმის ახსნა, რომ ღარიბაშვილი შიოლაშვილის იდეალია, რთული გასაგები არც უნდა იყოს.
და თუ უცხო სიტყვათა ლექსიკონს დავუჯერებთ:
ირაკლი შიოლაშვილის „მისწრაფებათა და მოღვაწეობის საბოლოო მიზანი“ კახეთის გუბერნატორობით სულაც არ სრულდება. ვნახოთ, რა იქნება 2016-ში? ალბათ, არც არავის გაუკვირდება, თუ კახეთის გუბერნატორს დედოფლისწყაროს პარლამენტის დეპუტატადაც იხილავს.
მაკა მოსიაშვილი