დღეს ძალიან საინტერესო და ბევრი საუბარია იმის თაობაზე, თუ რამდენად საამაყოა საქართველოში ის, რომ გერქვას „ენჯეოშნიკი“? ეს კითხვა და მასზე პასუხი ჩვენს საზოგადოებაში მნიშვნელოვანი კონფლიქტის წყაროა. ხალხის დიდი რაოდენობა `ენჯეოშნიკებს~ საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ ელიტურ ჯგუფად მიიჩნევს, რომელიც საკუთარ კონსტიტუციასთან არანაირად არ არის ანგარიშვალდებული და მხოლოდ საგარეო დონორების დავალებებს ასრულებს; მეორე ნაწილი კი მათ მიიჩნევს სწორედ საზოგადოებრივი პროგრესის გარანტიად, რადგან ფიქრობს, რომ ქართულ საზოგადოებას განვითარების შინაგანი რესურსი გამოფიტულივით აქვს და სწორედ ტრანსნაციონალური ორგანიზაციების დახმარება თუ უშველის.
ინტერესთა ჯგუფები დასავლური საზოგადოების ორგანული ნაწილია. თუმცა დასავლეთის შემთხვევაში იმპერიალიზმთან და კოლონიზაციასთან არ გვაქვს საქმე. იქ დაკვეთას იძლევიან „ადგილობრივი მფლობელები“ და მოქალაქეები. ჰენრიკ იბსენის პიესაში „ხალხის მტერი“, რომელიც, ჯერ კიდევ, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწერა, კარგად ჩანს ბიურგერული „სამოქალაქო საზოგადოების“ სახე. მოქალაქეები „კერძო ინტერესის“ სახელით სიმართლისა და ბავშვების ჯანმრთელობის წინააღმდეგ ერთიანდებიან სწორედ ასეთი სიმართლის მთქმელის წინააღმდეგ.
უფრო მოგვიანებით, ანტონიო გრამში 1920-იან წლებში კაპიტალისტური წყობის ერთ-ერთ ყველაზე მანკიერ მხარედ სწორედ ამ ინტერესთა ჯგუფებზე დამყნობილ „სამოქალაქო საზოგადოებას“ მიიჩნევდა, რომელიც სისტემას ეხმარებოდა, რომ მთლიანი საზოგადოება გაეთიშა და ებატონა. ინტერესთა ჯგუფები ერთმანეთს ეტაკებიან და, აქედან გამომდინარე, სისტემა ზეიმობს გამარჯვებას მთლიანად საზოგადოებაზე. მეტიც, ადამიანების ინტერესთა ჯგუფებად კორპორაციულ დაყოფას მოჰყვება მრავალი ონტოლოგიური, სულიერი პრობლემაც _ კლანური, ჯგუფური თუ ინდივიდუალური ეგოიზმის გაზრდა ადამიანების დიდი რაოდენობის სულიერ გამოფიტვას იწვევს.
თავის შრომაში „ძალაუფლების შესწავლა“, რომელიც 1936 წელს გამოქვეყნდა, ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი, ჰერბერტ მარკუზე, „სამოქალაქო საზოგადოებას“ (Bȕrgerliche gesellschaft, _ მაპატიეთ დამტვრეული გერმანულისთვის, _ ავტ.) ორ ნაწილად ჰყოფს სწორედ ამ ნიშნების გათვალისწინებით. ერთნი, რომელნიც ნამდვილად მოქალაქეთა თავყრილობები არიან, პროფესიონალურად მუშაობენ თავთავის გილდიებში და მერე საკუთარი სურვილის საფუძველზე ქმნიან სამოქალაქო გაერთიანებებს _ ანუ დღევანდელი ფილოსოფიის ენაზე რომ ვთქვათ, სახალხო ორგანიზაციებს; და მეორენი, რომლებიც დაფინანსებას იღებენ აპრიორი ტრანსნაციონალური კაპიტალიდან, ანდა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და რომლებიც, ძირითადად, მსხვილ, საშუალო მესაკუთრეთა და მათ დაქირავებულ მთავრობათა ინტერესებს წარმოადგენენ. ასეთ საზოგადოებას მარკუზე „ბიურგერულ საზოგადოებას“ უწოდებდა. ანუ ჩვენთვის ცნობილ მარქსისტულ ტერმინოლოგიაზე რომ გადმოვიყვანოთ, „ბურჟუა საზოგადოებას“. სამოქალაქო საზოგადოება ნამდვილად ხალხის ინტერესებს წარმოაჩენს _ ის ხალხის მიერვე ფინანსდება და ხალხის _ მოქალაქეების გულწრფელ თვითორგანიზებას ასახიერებს. ამიტომაც ხალხის ორგანიზაციები, ანუ „ხო“-ები ბევრად უფრო გულწრფელნი არიან საკუთარ ქმედებებში, არასამთავრობო ორგანიზაციები კი ყოველთვის დამფინანსებლისგან იღებენ დაკვეთას და ამიტომაც მათი ორგანიზებულობის დონე გაცილებით მაღალია: ისინი გამოირჩევიან კონკრეტული საგნებისა და მოქმედების ფორმების უფრო დეტალური ცოდნით და აგრეთვე არასამთავრობო და საჯარო საქმიანობის პროფესიონალიზაციით. რამდენად კარგია ან ცუდია ხალხის ინიციატივის პროფესიონალიზაცია, ამაზეც ორი აზრი არსებობს: ერთი მხრივ, ძალიან მოუხერხებელია, როდესაც ხალხის ნება ჩანს, მაგრამ აღმასრულებლები, ფაქტობრივად, არ არსებობენ და ხშირად მოძრაობა მხოლოდ ემოციაში იკარგება; მეორე მხრივ კი აშკარაა _ „ენჯეოშნიკი“ სიტყვისა და საქმის ბიუროკრატები უკვე მოსახლეობის ახალ კასტას წარმოადგენს, რომელიც, გარკვეულწილად, დაემსგავსა კიდეც სამთავრობო, ან პოლიტიკურ მოთამაშეს და ხშირად ბიოპოლიტიკური ინდოქტრინაციის პროცესში მთავარ როლს ასრულებს _ დაახლოებით იგივე როლს, როგორც კომკავშირი ასრულებდა საბჭოთა ახალგაზრდობის იდეოლოგიურ აღზრდაში. დღეს საქართველოში არსებული ტრანსნაციონალური და ფინანსების მქონე „ენჯეოების“ 80% მაინც ბიოპოლიტიკის „კომკავშირის“ ფუნქციას ასრულებს მეინსტრიმ-მედიის გარკვეულ ელემენტებთან ერთად და ეს არ უნდა მივიღოთ შეურაცხყოფად. როგორც წესი, ვინც იხდის ფულს, ის უკვეთავს სიმღერას. თუ დამფინანსებელი თანამედროვე ბიოპოლიტიკური ნეოლიბერალიზმის გამტარებელი ერთ-ერთი მთავარი ორგანიზაციაა (მაგალითივისთვის ან BP , ან მსოფლიო ბანკი, ან USAID, British Council , ან დანიის დევნილთა საბჭო და ა. შ.), მაშინ ცხადზე ცხადია, რომ მათი დაფინანსებული ორგანიზაციები ჩხოროწყუს, ან ლაგოდეხის, ან ბორჯომის მოსახლეობის სუბალტერნის მოთხოვნილებებს ვერ ასახავენ საკუთარ ქმედებებში. ერთადერთი, რაც ამ ორგანიზაციებს შეუძლიათ, არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობის ღატაკი და მარგინალიზებული უმრავლესობის (სხვადასხვა მონაცემით, ასეთი 80%-ის ირგვლივ ტრიალებს) მოთხოვნებს საჭირო „ფრეიმინგი“, ან შეფუთვა გაუკეთონ ბიოპოლიტიკურ ლექსიკონში და მათი გაჭირვება ლიბერალურ სტრუქტურულ პრობლემად გაასაღონ. ისევე, როგორც საბჭოთა პერიოდში ყველგან აუცილებელი იყო „პროლეტარიატის დიქტატურა“ ყველა ადამიანის ბედნიერებისთვის, ნეოლიბერალური აზრის ავტორიტარიზმში „ბაზრის განმათავისუფლებელი ხელი“ ყოველთვის „წარმატების“ მომტანია ნებისმიერი საზოგადოებისთვის. მაგრამ რა ვქნათ, რომ ვერც „პროლეტარიატის დიქტატურამ“ მანამდე და ვერც „ბაზრის განმათავისუფლებელმა ხელმა“ დღეს მსოფლიოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ვერც „წარმატება“ და, მით უმეტეს, ვერც ბედნიერება რომ ვერ მოუტანა?
მოკლედ, ვინ ვართ ჩვენ და ვინ გვინდა ვიყოთ? ნამდვილად უბრალო ადამიანებისა და მოქალაქეების ინტერესების გამომხატველი „ხალხის ორგანიზაციები“, თუ ტრანსნაციონალური ბიოპოლიტიკის ინტერესების გამტარებელი „ბურჟუა საზოგადოება“?
შეიძლება ითქვას, მე ამ დებატების ორივე მხარეს მოვიაზრებ საკუთარ თავს და ეს, მართალი გითხრათ, საკმაოდ მტკივნეული პროცესია. 1988 წლიდან, საქართველოში ლიბერალური დათბობის პერიოდიდან, გახლდით ერთ-ერთი პირველი ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციის, `რუსთაველის საზოგადოების ახალგაზრდული ასოციაციის~ თავმჯდომარე. ეს იყო ნამდვილად ენთუზიაზმზე აგებული და მინიმალურ და, ძირითადად, ადგილობრივ ფინანსებზე არსებული ორგანიზაცია, რომელიც წმინდად იდეალისტური „სამოქალაქო საზოგადოების“ პრინციპების დანერგვას ცდილობდა საქართველოში. სწორედ ეს ორგანიზაცია იქცა 1989-90 წლებში მაშინდელი კომკავშირის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ დაჯგუფებად და სწორედ მასთან დებატებში წააგო კომკავშირმა საკუთარი არსებობა 1990 წელს. მაგ დროისათვის თვით ახალგაზრდების კომუნისტური ლიგა, ანუ კომკავშირი, იმდენად კარიერისტული და მოხავსებული სტრუქტურა იყო და მისი იმდენად არავის სწამდა, რომ მასობრივად დაიწყო მათი კადრებისა და წევრების ჩვენს ორგანიზაციაში გადმოდენა. შედეგად, 1990 წლის მარტ-აპრილში კომკავშირმა თვითლიკვიდაცია გამოაცხადა და ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია წევრების რიცხვს ვეღარც უმკლავდებოდა. ათასობით წევრი შემოდიოდა ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც უკვე არაფორმალური არ გახლდათ, _ მას ჰქონდა თავისი რეკვიზიტები. მახსოვს, რომ ამ ორგანიზაციაში იყო დღევანდელ პოლიტიკაში თუ ბიზნესში მყოფი ბევრი გამოჩენილი ფიგურა ახლა. ამ ასოციაციის საწყის ეტაპებზე მასთან დაკავშირებული იყო საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტიც. ამ მოკლე ორგანიზაციული ბიოგრაფიით იმის თქმა მინდა, რომ ეს იყო ნამდვილად სახალხო და სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელსაც არც ერთი ცენტი უცხოური დაფინანსება არ ჰქონდა და რომელიც ნამდვილად გამოხატავდა ქართველი ახალგაზრდობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის სურვილსა და სულისკვეთებას, რომ ჩვენ დამოუკიდებლობა გვსურდა, დამოუკიდებლად ცხოვრება და ამ ცხოვრების შეცვლა. ეს იყო ნამდვილი მოქალაქეების საზოგადოება, სადაც ათასობით წევრი საწევრო გადასახადსაც იხდიდა და აქტიურადაც იყო ჩაბმული ყოველდღიურ საქმეებში.
2000 წელს ჩემი ამერიკიდან პირველად დაბრუნების შემდეგ მე აგრეთვე რამდენიმე არასამთავრობო და საგანმანათლებლო ორგანიზაციაში დავიწყე მუშაობა. პირველ რიგში გახლდით გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, ჯონ მაკდონალდის „მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და, ამავე დროს, ბატონ გიორგი ხუციშვილთან ერთად ვმუშაობდი ჟურნალ „დრო მშვიდობისაში“, სადაც, აგრეთვე, საგანმანათლებლო საქმიანობას ვეწეოდით. ჩემს ამ ორივე ორგანიზაციას საზღვარგარეთელი დამფინანსებლები ჰყავდა, ეს იქნებოდა სოროსის ფონდი, მაკარტურის ფონდი, კორდეიდი, ნორვეგიის საელჩო, ლუქსემბურგის პრინცი, ბრიტანული საბჭო თუ სხვები. ცხადია, ამ დაფინანსებას მოჰყვებოდა გარკვეული ინსტრუქციები („გაიდლაინები“) იმ საყოველთაო ბიოპოლიტიკური და დისკურსის „სტანდარტების“ მხრივ, რომელიც ჩვენ უნდა დაგვემკვიდრებინა საქართველოში. ცხადია, ეს პრინციპები უცხო იყო ქართველი მოქალაქისათვის და ის არ იყო არც ვაჟა-ფშაველას, არც ილია ჭავჭავაძისა და არც, მით უმეტეს, გიორგი ბრწყინვალის დისკურსობრივი გაგრძელება. თუმცა, აქვე, ობიექტურობისთვის მინდა ვთქვა, რომ საქართველოში „ბიურგერულმა საზოგადოებამ“, ანუ ტრანსნაციონალმა „ენჯეოებმა“ ბევრი სიკეთე მოიტანეს. მათი დახმარებით შედგა სამოქალაქო განათლების უამრავი სემინარი, რომელმაც ნამდვილად აამაღლა დემოკრატიული საზოგადოებრივი განვითარების დონე. მათი საშუალებით განხორციელდა ბევრი მნიშვნელოვანი თარგმანი, მოეწყო კონფერენცია, ფესტივალი თუ სხვა ტიპის ივენთი, რომელიც ნამდვილად წაადგა საზოგადოებას. ამიტომაც ცალსახად ნეგატიური შეფასება ჩვენი „ბიურგერული საზოგადოებისა“, რომელიც ხშირად ნამდვილად არ გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებს, ვფიქრობ, არც მართებულია და ზედმეტად პრიმიტიულ ანალიზამდე მიგვიყვანს.
დასკვნა ასეთია: „ხალხის ორგანიზაცია“, რაღა თქმა უნდა, ბევრად უფრო დემოკრატიული და ღია სტრუქტურაა, რომელიც ბევრად უფრო გულწრფელად გამოხატავს ნამდვილი ხალხის, ე. წ. Grass Root-ის დეპრივაციებს თუ წადილებს, მაგრამ „ბიურგერული საზოგადოება“, რომელიც ტრანსნაციონალების დაკვეთით მუშაობს და ხშირად ხალხის ინტერესების წინააღმდეგაც მიდის, მაინც ასრულებს გარკვეულ სასარგებლო სამუშაოს. ცხადია, თუ ლაპარაკია იმაზე, რომ დაიწყოს საერთო-ეროვნული, ანუ მეტიც, საერთაშორისო მოძრაობა ბიოპოლიტიკური მონობისა და ნეოლიბერალური ჩაგვრის წინააღმდეგ, მაშინ აუცილებელია ძალების კონსოლიდაცია, „ხალხის ორგანიზაციის“ გულწრფელობას უნდა დაემატოს „ბიურგერული საზოგადოების“ სამუშაო უნარ-ჩვევები და მენეჯმენტის გამოცდილება. ეს არის იდეალური კომბინაცია განმათავისუფლებელი ბრძოლისთვის. დღეს ყველამ კარგად იცის, რომ რიგით მოქალაქეს ხმა დაკარგული აქვს, მას მმართველი ელიტა ადამიანადაც არ მიიჩნევს. სამაგიეროდ, „ბიურგერულ-სამოქალაქო სექტორს“ ელიტა მაინც ანგარიშს უწევს, რადგან ეს სექტორი სწორედ ამ ელიტის დისკურსსა და ბატონობას ამკვიდრებს.
***
მე ამ წერილთან ერთად ორი ფოტოსურათი მაქვს თან დართული, ერთ ფოტოსურათზე ჩემი ამერიკული „ენჯეოს“ დამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი, ჯონ მაკდონალდიაIMTD-Georgia -ს ქართული ოფისის უფროს ბატონ ლევა გერძესთან ერთად. ეს ორგანიზაცია დღეს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ქართული რეალობისათვის და მშვიდობისათვის საქართველოში. დიახ, ჯონ მაკდონალდი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩია გაეროში და ILO-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი. დიახ, ის „კოსმოსის კლუბის“ წევრიცაა და დიახ, მის ორგანიზაციასაც აქვს „გაიდლაინები“, მაგრამ გააჩნია, რა წერია ამ „გაიდლაინებში“, როგორი პრინციპებით ხელმძღვანელობს ესა თუ ის ორგანიზაცია.IMTD-Georgia -მ ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა საქართველოში 2000 წლიდან. მან მონაწილეობა მიიღო ბევრი სოციალური თუ გარემოს დაცვითი კონფლიქტის დარეგულირებაში საქართველოში და დღესაც აქტიურად მუშაობს მშვიდობის კულტურის დამკვიდრებისთვის. ამიტომაც შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ეს ასპექტიც საჭიროა. მეორე ფოტოსურათზე აღბეჭდილია შარშან გამართული მშვიდობის ფესტივალი, რომელიც ნამდვილად „ხალხის ორგანიზაციის“ ტიპის მოწყობილი იყო. ის, პრაქტიკულად, ძალიან პატარა დაფინანსებით გაიმართა და უცხოეთიდან „კაპიკი“ არ შემოგვსვლია. ამ სურათზე აღბეჭდილია მისი რამდენიმე მთავარი ორგანიზატორი, ცნობილი მსახიობი გიორგი გურგულია, ასევე ცნობილი ბიოლოგ-სტუდენტი მარიამ ავაკოვა. ეს ადამიანები ნამდვილად ხალხიდან მოდიან და არანაირი კლუბის ან ტრანსნაციონალური კორპორაციის დაკვეთას არ ასრულებენ. ბევრმა შეიძლება მათი ექსტრავაგანტული და კრეატიული ქმედებები არაორდინალურად შეაფასოს. თავისთავად გიორგი გურგულია და მარიამ ავაქოვა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრს ბევრად უფრო გამოხატავენ, ვიდრე რომელიმე ტიტულირებული „ენჯეო“, რომელსაც მილიონობით დოლარის დაფინანსება აქვს ტრანსნაციონალებისგან და ამიტომაც იყო, რომ შარშან მშვიდობის ფესტივალმა ძალიან წარმატებულად ჩაიარა. თუმცა ჯონ მაკდონალდის მხარდაჭერაც უმნიშვნელოვანესი იყო. ყველაფერ ამაზე უნდა ითქვას, რომ ორივე მხარე ერთმანეთს ავსებს.
არ უნდა მოგვერიდოს, რომ ჯანმრთელი კრიტიკით მივუდგეთ ორივეს, გულწრფელ, პატიოსან, მაგრამ უაღრესად არაორგანიზებულ „ხალხის ორგანიზაციებსა“ და, ამავე დროს, საერთაშორისო კაპიტალის ინტერესების გამტარებელ, მაგრამ უზადოდ პროფესიონალ „ბიურგერულ-სამოქალაქო“ საზოგადოებას. პოზიტივი შეიძლება ორთავე მხარეს მოვიძიოთ და მე ვიტყოდი, თუ ჩვენ გვინდა, რომ „ხალხის ორგანიზაციებს“ მეტი წარმატება ჰქონდეთ ხალხის ბიოპოლიტიკური მონობისგან განთავისუფლებაში, მაშინ მათ გარკვეული კავშირი „ბიურგერულ საზოგადოებასთანაც“ უნდა ჰქონდეთ და მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, განსაკუთრებით ორგანიზაციული თვალსაზრისით.
ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს კი ისაა, რომ დაიძლიოს ის უფსკრული, რომელიც არსებობს „ხალხის ორგანიზაციებსა“ და „ბიურგერულ საზოგადოებას“ შორის და გადაილახოს კლასობრივი შოვინიზმი.
ირაკლი კაკაბაძე