მთავრობა უნდა უსმენდეს ხალხს. არა, არა, იმ მოსმენაზედ არ მოგახსენებთ, აგერ, საგანელიძე რომ გამოხტა და დააბრახუნა, _ თუ ისეთ რაღაცებზე საუბრობთ, რომ გეშინიათ, არ მოგისმინონ, მაშინ მართლა მოსასმენი ყოფილხარ, ძმაოო. არადა, ბოლოში „სიმონ“ უფრო მოუხდებოდა... საგანელიძის ბაგენი არარას იტყვიან შესახებ იმისა, თვითონ რატომ ეშინოდათ, რომ ვანო უსმენდა, მისივე ლოგიკით. მოსასმენები რომ იყვნენ, იმედია, ხვდება „ძმაო საგანელიძე“.
არა, ძმაო, მე ამ მოსმენაზედ არ მოგახსენებთ. მე მოგახსენებთ იმაზედ, რომ მთავრობა უნდა უსმენდეს ხალხს და ხალხი უნდა ელაპარაკებოდეს თავის მთავრობას, მაგრამ აქვს კი აზრი დაელაპარაკო იმ მთავრობას, იმ ხელისუფლებას, რომელიც არც გისმენს და შენს აზრს ფეხზე იკიდებს? რომელიც ყოვლად გაუმჭვირვალედ და საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლად გასცემს ნებართვას პანორამის მშენებლობაზე?
რა უნდა შეასმინო ასეთ მთავრობას? ხან ცერცვი აყარეს, ხან რა, მაგრამ შეასმინეს რამე? თუმცა გამოჩნდა ერთი ყოჩაღი ბიჭი, რომელმაც ზუსტად გამოძებნა ენა, რომელზედაც რეაგირებს მთავრობა. დიახ, აი, ის ბიჭი, ერთი თაბახის ფურცელი რომ დაიჭირა, პრინტერიც რომ არ შეაწუხა და კალმით დაწერა „პანორამა არა *ლე“.
რეაგირება? მეტი რა რეაგირება უნდა? _ ისიც დაიჭირეს და ვინც მერე სოლიდარულად გაიმეორა ის პროტესტი. დაიჭირეს და კარგი მამალი ჩიტიც დაიჭირეს. პანორამა ისე მოინათლა, რამდენი იქ ვინმე გაივლის და ახედავს, უმალ ზემოთქმული ასოციაცია გაუჩნდება. ეს სამომავლოდ _ აშენებულზე, აშენებამდე კი ქართულ სლენგში „პანორამა“ უკვე დამკვიდრდა, როგორც სასქესო ორგანოს სინონიმი, დამკვიდრდა და უმალ ყველგან ჩაენაცვლა აქამდე დამკვიდრებულს: „ამ ჩემ პანორამას“, „ათას პანორამაზე გადამხტარი“, „პანორამაზე მკიდია“, „გამოპანორამებული“, „პატარძალს დიდი პანორამით აშინებდნენ“, „რა პანორამა გეტაკა“, „რა პანორამას ვეცე“, „ჩემი პანორამა კიტრია“, „პანორამაზე გაუშვა“ და ათასი რამ ამგვარი.
რა უნდა ელაპარაკო ხელისუფლებას, რომელსაც არ ესმის, რომ ეს, რაც არ უნდა უხამსი იყოს, გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება და ამაზე დაკავება, ისევ და ისევ, „პანორამული“ გადაწყვეტილებაა?
ან, საერთოდ, რა ენაზე უნდა ელაპარაკო, ან რა აზრი აქვს ამ ენის ძიებას, როცა ხელისუფლების საამაყო სახე _ ჯაჭვლიანი გამოდის და ჯაჭვლატუსტრობს? თურმე, ეკასა, ხერხეულიძესა, მისი ოჯახის დანგრევა უცდია _ ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო და გალალა... თუმცა რაც მანამდე გალალული ჰქონდა, _ მეო, ბოზებში არ დავდიოდი, შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის თუმნის გადახდა, თუმნის გარეშეც ვახერხებდი ამ საკითხებსო და კიდევ უარესი გლიჯა, _ თუ ვინმე ლამაზი ქალი იყო საბჭოთა კინოში, ყველასთან ვარ ნამუშევარი 10 მანეთის გარეშეო.
რა უნდა ელაპარაკო? ბოზებში არ დავდიოდიო _ თან გაიძახის და თან თუმნის გარეშე ვმუშაობდიო, თან ცოლის ერთგული კაცი ვარო. ის კალთამადლიანები, ვინც მუქთად ეძლეოდნენ, მაგას პატიოსნები ჰგონია? ძველ ქართულ ენაში „ბოზი“ ლამაზს ნიშნავდა, ახლა _ ყველა „პანორამასთან“ არალეგალურად გაშინაურებულს. თუმანზე (მეტზე ან ნაკლებზე) მომუშავეს კი ქართულ ენაში მეძავი ეწოდება... მაგრამ აქვს ამის ახსნას აზრი, როცა კაცს იბიარდი ბორდელი ჰგონია? ისე არ გამიგოთ, რომ ყველას ვთხოვდე იცოდნენ, რა არის EBRD, რომ ეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია. არავინ არაა ვალდებული, ეს იცოდეს იმათ გარდა ვინც ქვეყნის ბედს წყვეტს. არავინ არაა ვალდებული, ეს იცოდეს, მაგრამ ყველაა ვალდებული, იმდენი მაინც იცოდეს, რომ EBRD E-ვროპული B-ო-RD-ელი არაა და რუსულ „იბატ“-თან არაფერი აქვს საერთო.
მაგრამ ამ იბიარდულ ეპოპეაში გამოიკვეთა რამდენიმე საგულისხმო ტენდენცია: უკლებლივ ყველა ისე გნიასებდა, მით უფრო „ქოცები“, გეგონება, თავად აქამდე იცოდნენ, რა იყო იბიარდი. „ქოცებმა“ და ქოცელექტორატმა ისეთი ხორხოცი ატეხეს, ისეთი გნიასი, რომ ლამის „ნაცებსა“ და ნაცელექტორატს გადაასწრეს ჯაჭვლიანის მასხრად აგდებასა და ლანძღვაში. „ქოცნო“ ამა სოფლისანო, მე თქვენ გეკითხებით, თქვენ მაინც რა გაცინებთ და რას ილანძღებით? თქვენ არ აირჩიეთ? არ იცოდით, რა გაქანების კაცი იყო? რა, ბერტ ლანკასტერი აირჩიეთ და ხელში ჯაჭვლიანი შეგრჩათ? რა გახითხითებთ? რამ გაგამწარათ, ჯაჭვლიანმა რომ ქოცაზროვნების ჯომოლუნგმაზე ასვლა დაასწრო თქვენს ბრძენ კაცს? რა ჯაჭვლიანის გაგიკვირდათ, თქვენი ბრძენი არ იყო, გენდერი რომ არ გაეგო და „ია ვიდელ ვაშუ გადაცემუ“-ო, თავს რომ იწონებდა? ან ქოცლიდერები რომ გამოენთნენ და ბოდიშიები გვიხადეს ჯაჭვლიანის გამო, თვითონ ნაკლები სიბრძნეები აქვთ ნაფრქვევი? იქნებ, ყველამ ჯერ თავის გამო მოიხადოს ბოდიში და ჯაჭვლიანმა თავად მიხედოს თავის იბიარდს? მაგრამ ან ეგ რას მიხედავს, უარესად გალალა და შემდგომი კომენტარები უარესი აკეთა, _ სია დადო იმ რუსი მსახიობების, ვისთანაც „უმუშავია“. ეს რაღაში ჯდება და წერია საერთოდ? და საერთოდ, ეს იბიარდეპოპეა რა იყო? ის ხომ არა, რომ ამ დამშეულ ქვეყანას პურს ვეღარ სთავაზობენ და სანახაობას არ აკლებენ? სულ შუფუტინსკებს ხომ ვერ ჩამოგვიყვანენ და ხანდახან სოსოს უწევს მორიგეობა? რა გინდა, კარგად კი გაართვა თავი მორიგეობას და, ალბათ, აამებდა კიდეც იმ ბრძენ კაცს, რომ პანორამაზე ღლიცინი გადაფარა და ხელად ჩაანაცვლა თემა. დავიჯერო, ამდენი გათვალა ჯაჭვლიანმა? ახალი საღლიცინო „ჩაგვიგდეს“, რომ პანორამაზე ღლიცინი გადაფარულიყო? ლამის ასე კი გამოვიდა და...
იბიარდზე ღლიცინმა ბევრი რამ გადაფარა. თუნდაც ბრძენი საგანელიძის განცხადება, _ ჩემი შვილები ისეთი მინდა ვნახო, როგორიც ვახტანგ გომელაურიაო. ახლა ამან ვითომ ჯაჭვლიანზე ნაკლები დაარახუნა?
ამ იბიარდზე ღლიცინ-ღლიცინში კი... დენის ტარიფი გაძვირდა.... ხარხარში დენი გაგვიძვირეს. ეს არ გვაკმარეს და ყოველდღე დგანან და გვაყვედრიან, სოციალურად დაუცველი ოჯახების სუბსიდირება მოხდებაო. აგანგალა-განგალა, თურმე, ნუ იტყვით და მადლობლები უნდა ვიყოთ! მეტიც, ბედნიერებისგან ვიკუნტრუშოთ და ვიამაყოთ იმ ბრძენი კაცით და მისი ბრძნული დანატოვრით! ის ბრძენი კაცი გახსნის მუთაქებს და გაუწევს სუბსიდირებას? ჰო, ზუსტად ერთი იმის პინგვინი შეკრავს ცაში კამარას და მეორე ეგ გახსნის მუთაქებს! სუბსიდირება ბიუჯეტიდან მოხდება, დიახ, აი, იმ ბიუჯეტიდან, რომელიც ჩვენი გადახდილი გადასახადებით ივსება. ანუ რა გამოდის? _ ჩვენ ვიხდით გაძვირებულ ტარიფს და პლუს, ჩვენ ვუხდით კიდევ დამატებით იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებსაც. იმათ მაგიერაც ჩვენ ვიხდით. ეს ცაცია მთავრობა ბიუჯეტს ფლანგავს სოციალისტურად! და მე უნდა ვიყო კმაყოფილი? რა, ის სოციალურად დაუცველები გადამიხდიან, თვის ბოლოს ქვითარი რომ მომივა? ის არ მეყო, ყველას შვილს _ ღარიბისასაც და სიმდიდრისგან გასიებულისასაც რომ მე ვყიდულობ წიგნებს და ყველა ფულით მაძღრის ოპერაციებს რომ მე მახდევინებენ?
რა უნდა ელაპარაკო ამ მთავრობას, რომელიც ტარიფების განახევრების ლოზუნგით მოვიდა და მათი უთავბოლობის გამო ლარი გაუფასურდა, ლარის გაუფასურებამ კი ტარიფების ზრდა გამოიწვია?
ბატონ ნახ-ნახევარს, იქნებ, ტარიფების განახევრებაც წამოსცდა? აკი ბრძანა: „მე-3 წელი ყველას ჯიბეს დაეტყობა, წამოცდენაა და არ იყო გააზრებული“.
ყველა, ვინც მანანა კობახიძეს უჯერებდით, _ „რუჩკებს“ არ ენდოთო და თქვენი „რუჩკებით“ მირბოდით, ან უფრო მეტი _ ფარგლებით მიდიოდით, რომ 41 ლამაზად შემოგეხაზათ, დაგტოვათ თქვენმა რჩეულმა ჯიბეამოგდებული? წამომცდაო. წამოცდენა ჭამეთ. დანივრეთ! უხდება! თან რომ დგას და დაგცინით: „მე არ მგონია, რომ ჩვენ დაპირებების რომელიმე ნაწილი არ შევასრულეთ“... შეგისრულეთო, ფიფოოლ!.. დიახ, თქვენ დაგვცინით. მე და ჩემნაირებს _ ვერა. აქ ამპარტავნება არაფერ შუაშია _ ჩვენ არ დაგვიჯერებია მისი დაპირებები, თქვენ დაიჯერეთ და იგემეთ ახლა!
გრაფიკით იქნებაო დენი _ ესეც შემოგვაპარეს! ახლა აღარაა XXI საუკუნე, ხომ? არ ვიცი, შეიძლება თქვენი ფილტვები ლამპის ჭვარტლზე უფრო თავისუფლად სუნთქავს, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ, ვისაც სულაც არ გვეპიტნავება ეგნატე ნინოშვილივით ჭრაქის შუქზე ცხოვრება? დენი გრაფიკით! რა ათონელზე ექაჩებით მარგველაშვილს, პირდაპირ კრწანისში გადაიყვანეთ _ უფრო „კსტაწი“ იქნება!
ჰეი, თქვენ, „სოროკადინელებო“, ტარიფების განახევრების მაგიერ რომ ზრდიან ტარიფებს, აირჩიეთ და გაიყურსეთ, ხო? რა მიჯდება თქვენი აცუნდრუკება და ზიზღი სააკაშვილის მიმართ? გაუფასურებული ლარი, გაძვირებული ცხოვრება, გაზრდილი ტარიფები, ეს მხოლოდ მატერიალურზე მოგახსენებთ! ამ მატერიალურს პირდაპირ ებმის გეოპოლიტიკურიც _ რა იყო, სიხარბე თუ მავნებლობა, როცა „სოკარი“ დააჯარიმეს? მხოლოდ ბიუჯეტის შევსების წყურვილი, თუ აზერბაიჯანის გადამტერება? რა გინდათ, აზერბაიჯანმა იაფი გაზი გადაკეტოს და ისევ რუსული გაზის ამარა დავრჩეთ? ესაა თქვენი ზეამოცანა?
მაგრამ, ალბათ, მე ვერ ჩავწვდები პატრიოტიზმის „ქოცურ“ ლოღიკას. აგერ, ეკამან, ბესელიამან, მიბრძანა ივანიშვილზედ: „მას სამშობლო სხვაგვარად აქვს გათავისებული“. გათვისებული თუ ათვისებული?
ეს იყო კაცი იგი, რომელსაც არა სჯეროდა, რომ რუსეთის სტრატეგია იყო მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების მიტაცება. დღესაც „საგინებელშია“ _ ბოლომდეც ვერ ამიხსნია, ეს დაშინების პოლიტიკაა თუ?.. და სამი წერტილი... თავს მხოლოდ იმით ინუგეშებს, რომ 200-300 მეტრით გადმოწევით კოლოსალურად ვერავინ გამდიდრდებაო.
გამდიდრების იქით ვერა მიდის სამანი მისნი.... დიახ, ტრამალ-ტუნდრა-ტაიგების პატრონი ქვეყანა კოლოსალურად ვერ გამდიდრდება რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწით, მაგრამ ერთი მუჭა საქართველო ღარიბდება კოლოსალურად! თუმცა მდიდარი კაცი რას გაიგებს ღარიბი ქვეყნის გულის ვაებას?.. რა უნდა მოსთხოვო? დგას და თავს იმართლებს: „მე ვიმართლებ თუ, გნებავთ, თავს, რომ მე მეტი ვერ შევძელი და ჩვენმა საზოგადოებამაც მეტი ვერ შეძლო“...
მეტი რაღა უნდა მოგეხერხებინა? ის ქენი, რაც კაშპიროვსკისაც არ უქნია, უფასო ფულით დააჰიპნოზე ნახევარი ქვეყანა და რაზე წუხხარ, ჰიპნოზი რომ ნელ-ნელა გადის? მთავრობა ხალხს უნდა უსმენდეს და ხალხი მთავრობას ელაპარაკებოდეს, მაგრამ აქვს კი აზრი ლაპარაკს? ან რა ენაზე? ცამპაცუმპით გიშენებენ პანორამას, მაშინ როცა გაჩერებებს თავზე გახერხავენ, გპარავენ და მიაქვთ სხვაგან და თანაც არც წითლდებიან, ისე გამცნობენ _ გაჩერებების როტაცია გაგრძელდებაო. გაჩერებების წინ და უკან პორწიალი რომ მოთხრობაში გამოიყენო, უცხოელები ფანტაზიას შეგიქებენ _ ამ ნორაევიჩს კი არა. რას დაარბენინებთ გიგის დადგმულ გაჩერებებს? ბარემ, ბორბლებზე შესვით! მონტაჟი აღარ დაგჭირდებათ.
არ გაქვთ გაჩერებების გაკეთების თავი? დადგით ტაბურეტკები _ ხალხს მაინც გამოუდგებით მერე, როცა დაგჭირდებათ.
ჰეი, თქვენ, „სოროკადინელებო“, გადაგახერხათ ნარმანიამ გაჩერებები? ეგ არაფერი, მილიონი ხის ჩეროში დაელოდეთ „ავტობუზს“
რეზო შატაკიშვილი