ხუთშაბათი, 17 ივლისი, 2025
2025-07-17 06:00:53
ელისო კილაძე
2006 წლის 16 მაისს სტუდქალაქში მომხდარმა გასროლამ ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა და თავდაყირა დააყენა. ორი ათეული წელია, ეს დიდი ტრაგედია ჯაფარიძეებისა და მარგოშვილების გვარის მოუშუშებელი ტკივილია.
ევროპის გუნდური ჩემპიონატის მსოფლიო თასის ორგზის გამარჯვებული, სამგზის მსოფლიო თასის ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი (ჭაბუკები) დავით მარგოშვილი საბედისწერო გასროლის შემდეგ ციხეში აღმოჩნდა.
ჩხუბი ბანალური მიზეზით დაიწყო, მოკლული მალხაზ (ბუზული) ჯაფარიძე და დავით მარგოშვილი ახლო მეგობრები იყვნენ. მარგოშვილმა ჯაფარიძეს ფეხში ესროლა, საბედისწერო ტყვია მას არტერიაში მოხვდა და ჯაფარიძე სისხლისგან დაიცალა. მარგოშვილი დააკავეს, მას რამდენიმე წლის ციხეში გატარება და სპორტულ კარიერაზე უარის თქმა მოუწია.
ქისტებსა და სვანებს შორის მტრობა დაიწყო. პანკისიდან სვანეთში უხუცესებმა დიდი დელეგაცია გააგზავნეს ბოდიშის მოსახდელად და შესარიგებლად. სვანებმა ბოდიში არ მიიღეს და მესტიაში ასულ ქისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ტრაგიკული შემთხვევიდან თითქმის ორი ათეული წელი გავიდა. ქისტები წლების განმავლობაში ცდილობდნენ შერიგებას და სხვადასხვა დროს ჯაფარიძეების გვართან ამ მიზნით დესპანი რამდენჯერმე გააგზავნეს.
საკითხი დღემდე ღიაა. დრომ ტკივილი ვერ გაანელა, მაგრამ სისხლიანი დაპირისპირებაც აღარ გაგრძელებულა.
***
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანისა და ექსვიცე-გუბერნატორის დაპირისპირება ამ უკანასკნელის თანამდებობიდან გადადგომის მერე დაიწყო. მეუფე გიორგიმ შინჯიკაშვილს ამბიონიდან ბრალი დასდო, რომ მონაზონ თეკლას მეშვეობით მას წამლავდა (ამ დაპირისპირების დეტალებზე „ქრონიკა+“ წინა ნომერში (#8) წერდა). მეუფე სამართალდამცველ ორგანოებთან არ თანამშრომლობს. მან ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. ამ დრომდე უცნობია, ჩატარდა თუ არა საგამოძიებო მოქმედებები მარნეულის ეპარქიაში და ამოღებულია თუ არა იარაღი, რომლითაც ის გიორგი შინჯიკაშვილს ემუქრებოდა.
მას შემდეგ, რაც საქართველოს პატრიარქმა გიორგი ჯამდელიანის საეპისკოპოსო ოქმი გააუქმა და ყოფილ ვიცე-გუბერნატორს ზიარების უფლება დაუბრუნა, ჯამდელიანმა კიდევ უფრო სახიფათო კარის თამაში წამოიწყო. „ფორმულასთან“ ინტერვიუში მან თქვა, რომ დავით მარგოშვილის მიერ მოკლული მალხაზ ჯაფარიძე მისი მეგობარი იყო და შინჯიკაშვილი მას მკვლელის საქართველოში შემოყვანას სთხოვდა. მონაზონმა თეკლამ ამავე შეხვედრაზე თქვა, რომ საქართველოში მარგოშვილის დასაბრუნებლად, შინჯიკაშვილის გარემოცვის თქმით, მეუფის მოშორება იყო საჭირო.
ეპისკოპოსის ამ განცხადებას სვანებისა და ქისტების მხრიდან უმძიმესი რეაქცია მოჰყვა. მალხაზ ჯაფარიძის ახლობლები „ქრონიკა+“-ს უყვებიან, რომ ჯამდელიანი ოცი წლის წინათ მომხდარი მკვლელობით სპეკულირებს და მას არანაირი უფლება არ აქვს, განცხადებები აკეთოს ჯაფარიძეების გვარისა და მალხაზ ჯაფარიძის ოჯახის სახელით. ეს უდიდესი ტრაგედია მთელი სვანეთის დიდი ტკივილია და მისი გამოყენება რელიგიურ და პოლიტიკურ დაპირისპირებაში არ შეიძლება.
მეუფის მორიგმა სპეკულაციამ პანკისის ხეობის ქისტებს ხელახლა გაუხსნა ეს დიდი იარა. „ქრონიკა+“ პანკისში ქისტების თხოვნით ჩავიდა. ჩვენი მასპინძელი მალხაზ მაჩალიკაშვილი იყო, მასთან ერთად შევხვდით ხეობის სხვა წარმომადგენლებსაც.
გურამ ხანგოშვილი:
_ ამ მძიმე მკვლელობიდან მახსოვს ის, რომ მარგოშვილი და ჯაფარიძე იყვნენ განუყრელი მეგობრები, ძალიან კარგი მეგობრები. არ ვიცი, რა მოუვიდათ. დავით მარგოშვილს გაუფრთხილებლობით იარაღი გაუვარდა და იმსხვერპლა მალხაზ ჯაფარიძე. ამის შემდეგ დავით მარგოშვილი დაიჭირეს, მოიხადა ციხე. პანკისიდან ხალხი იყო ჩასული სვანეთში შერიგების მიზნით. სვანები ცოტა აგრესიულად დაგვხვდნენ, შერიგება ვერ მოხერხდა, მაგრამ ესენი რომ წამოვიდნენ, მტრობაც არ გაგრძელებულა ამ ორ გვარს შორის. იმ დღიდან ამ დღემდე ასე მოვდივართ. დავით მარგოშვილმა სასჯელი რომ მოიხადა, წავიდა საზღვარგარეთ. ყოველ წელიწადს ჩამოდის, ცოლ-შვილი იქ (უცხოეთში) ჰყავს. არ ვიცი, როგორი ურთიერთობა აქვს მას იმ ადამიანებთან (ჯაფარიძეებთან), თუმცა ვიცი, რომ სვანებსა და ქისტებს შორის დაპირისპირება აღარ ყოფილა.
_ თქვენ, ალბათ, მოისმინეთ მარნეულისა და ჰუჯაბის მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადება ამ საკითხის შესახებ. როგორ ფიქრობთ, რატომ მოუვდა მას აზრად, ოცი წლის მერე ისევ შურისძიებაზე ილაპარაკოს?
_ მოვუსმინე ეპისკოპოსს. მათ რეგალიებში ვერ ვერკვევი, ალბათ, მეუფეა. რისთვის დასჭირდა სასულიერო პირს შუღლის გაღვივება, რომელიც მივიწყებულია, ეს ვერ წარმომიდგენია. მოვუსმინე, ვითომ ტრაპეზზე მიიყვანა ყოფილი ვიცე-გუბერნატორი, შემდეგ შარი მოსდო, ჩემი მოწამვლა გინდოდათო და აქედან ვიღაც ქალბატონი მოწმედაც დაუდგა. ვნახე მე ეს ყველაფერი და მერე როგორც გავარკვიე, სროლაც მოხდა. რა შუაშია ამ ყველაფერში მარგოშვილი, ვერ წარმომიდგენია. ის არის პატივსაცემი პიროვნება პანკისის ხეობაში, რომელიც ემსახურება ახალგაზრდა თაობის აღზრდას. მისი სახელობის სპორტდარბაზიც არსებობს ჩვენთან და მისი აღზრდილი ბავშვები არიან მსოფლიო მასშტაბის სპორტსმენები. როგორც ის ასახელებდა საქართველოს, ესენიც ასევე არიან.
_ სასჯელის მოხდის მერე მარგოშვილი თავისუფლად მიდიოდა და მოდიოდა საქართველოში?
_ როგორც მე დავდივარ ჩემს სამშობლოში თავისუფლად, ისევე დადიოდა მარგოშვილი.
_ მეუფის ბრალდებაა, რომ შინჯიკაშვილმა ჩამოიყვანა მარგოშვილი და მას სთხოვდა ლობირებას, რომ საზღვარზე შემოსულიყო. ამაზე რას გვეტყვით?
_ იმისთვის, რომ საზღვარზე შემოსულიყო, არვითარი შინჯიკაშვილი მარგოშვილს არ სჭირდებოდა. ის თავისუფლად მოდიოდა და მიდიოდა. ერთი რამ ვიცი, რომ მას არ სჭირდებოდა არაფრის თხოვნა შინჯიკაშვილისთვის.
_ სწორად მიგაჩნიათ მეუფის მხრიდან არა შერიგებაზე, არამედ შუღლის გაღვივებაზე გაკეთებული განცხადება? ამის უკან ხედავთ საფრთხეს, რომ ქისტებსა და სვანებს შორის ისევ დაიწყოს საუბარი სისხლის აღებაზე?
_ მეუფე რა გვარია?
_ ჯამდელიანი.
_ ე. ი. სვანია. ვერ წარმომიდგენია, რისთვის სჭირდება მას ამ შუღლის გაღვივება, როდესაც ჩვენ არანაირი მტრობა არ გვაქვს საქართველოს არც ერთ კუთხესთან. ტრაგედია მოხდა. რომ არ მომხდარიყო, კარგი იქნებოდა. მაგით გახარებულები არავინ ვართ. რისთვის სჭირდება ეს დაპირისპირება სასულიერო პირს, არ ვიცი.
_ პირადი შუღლი ხომ არ შეიძლება იყოს გამოყენებული ამ შემთხვევაში? მე ვიცი ჯაფარიძეების გვარის პოზიცია, _ მათ არ მიუციათ მეუფისთვის იმის უფლება, რომ გვარის სახელით ესაუბრა.
_ შინჯიკაშვილსა და მეუფეს შორის რა ურთიერთობაა, არც ეგ ვიცი, ესენი რატომ დაერივნენ ერთმანეთს, არც ეგ ვიცი. მე ვიცი, რაც არის ტრაპეზი და სტუმრად რომ დაპატიჟებ კაცს და მერე შარს მოსდებ, ეს წარმოუდგენელია. მეუფეს თუ რაიმე პრობლემა აქვს შინჯიკაშვილთან, მასთან გაარკვიოს და ნუ არკვევს ჩვენთან. ეს არის ჩემი შეურაცხყოფაც და ნებისმიერი ქისტის შეურაცხყოფაც. მკვლელობა 20 წლის წინათ მოხდა, კაცმა მოიხადა სასჯელი, დღეს ჩამოსულია და არის დინჯად. შინჯიკაშვილის დახმარება რატომ უნდა სჭირდებოდეს მას ჩამოსვლაზე, არ ვიცი. ეს არის ტყუილი და ამას ნებისმიერი ქისტი დაგიმოწმებთ, რომ ტყუილია. თორემ ათასი მოწმე არის აქ, რომელსაც უნახავს შემოსული დათო მარგოშვილი და წასულიც თავის ცოლ-შვილთან. თავისი (მეუფემ) ამბავი თავად გაარკვიოს და ჩვენს სახელს ნუ ახსენებს. მარგოშვილს და ქისტებს ნუ ახსენებს, დავით მარგოშვილი არის სასახელო ქისტებისთვის და საქართველოსთვის. მკვლელობა უბედური შემთხვევის ბრალია და ოცი წელია, ამ ტრაგედიას ქისტები ძალიან განვიცდით
მალხაზ მაჩალიკაშვილი:
_ 20 წლის მერე ისევ გვიხდება საუბარი იმ მძიმე ფაქტზე, რომელიც მოხდა სვანეთში, ოლიმპიურმა ჩემპიონმა გაუფრთხილებლობით იმსხვერპლა ადამიანის სიცოცხლე. რა გახსოვთ ამ შემთხვევიდან? როგორ განვითარდა სვანებისა და ქისტების ურთიერთობა ამ ფაქტის შემდეგ?
_ დიახ, ეს არის 20 წლის წინანადელი ამბავი. ეს იყო უბედური შემთხვევა. დაღუპული მალხაზ ჯაფარიძე, იცით, რამდენჯერ არის ნამყოფი ჩემთან? ძალიან ახლოს ვიყავით. მარგოშვილი და ჯაფარიძე უახლოესი მეგობრები იყვნენ, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა, რაც არ უნდა მომხდარიყო. ამ შემთხვევის მერე მარგოშვილი დააკავეს და მას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. მან მოიხადა სასჯელი. არ ყოფილა წუწუნი, რატომ დაიჭირეს ან რატომ მიუსაჯეს. მან ჩაიდინა ეს დანაშაული. იყო თუ არა ეს უბედური შემთხვევა, მაგის მიუხედავად, პასუხიც მკაცრად აგო.
_ ამის შემდგომ თქვენ შეეცადეთ ამ ორი გვარის შერიგებას, რომ ეს არ გადაზრდილიყო კიდევ უფრო დიდ მტრობაში.
_ დიახ, რა თქმა უნდა, ეს ხეობაში ყველას კარგად ახსოვს. ძალიან რთული პერიოდი გავაირე მაშინ, რადგანაც ვიყავი გვარის უფროსი. ერთი ოჯახის წევრები ვართ ჩვენ, ფაქტობრივად, დავით მარგოშვილი არის მაჩალიკაშვილი (ბებიის გვარზე წერია). ყველაფერი გავაკეთე ადამიანის შესაძლებლობის ფარგლებში და გადავამეტე კიდევაც, რომ რამენაირად მეთხოვა პატიება ამ ადამიანებისთვის, მომეხადა ბოდიში. ეს გავაკეთე. მთელი ხეობის საუკეთესო საზოგადოება, ვისაც კი სიტყვა ეთქმოდა, იმამის თაოსნობით, სვანეთშიც კი გავუშვი. მაშინ ეს დიდ რამეს ნიშნავდა. ასევე თბილსში ორჯერ ჩავიყვანე ეს ხალხი, თუ რამენაირად შეიძლებოდა ამ უბედური შემთხვევის გამოსწორება, ასე დავარქმევდი. მზად ვიყავი, ყველანაირად ვყოფილიყავი დაბალ საფეხურზე მათთან მიმართებით და გადამეხადა ყველაფერი, ყველაფერზე წავედი. ძალიან ბევრი ავტორიტეტული სვანიც ჩავრიე ამ საქმეში. იმ დღიდან დაწყებული დღემდე ვცდილობ, ყველანაირად მივაწვდინო ხმა იმ ხალხს, რომ ეს ჩვენთვის დღემდე დანაშაულის გრძნობაა ადამიანურად. ისინი კი არ გვემუქრებიან ან კი არ დაგვდევენ, უბრალოდ, ამას ვერ ვინელებთ, რომ ეს მოხდა ჩვენი ხელიდან და ამის რამენაირად გამოსწორება გვინდა. არ მინდა, მტრული განწყობა იყოს სვანებსა და ქისტებს შორის.
_ მარნეულის მეუფესაც თქვენ სთხოვეთ ჩარევა მორიგების პროცესში?
_ ჩვენში იყო მსჯელობა. ვიცოდი, რომ ის არც მათი ნათესავია და არაფერი, მაგრამ სვანი კაცია და სტატუსი აქვს _ ეპისკოპოსი. ერთ-ერთ უპატიოსნესს ადმაიანს ვთხოვე, მას ვიცნობ 25 წელია, ეს არის გიორგი შინჯიკაშვილი, ის მივიდა მეუფესთან ჩვენი თხოვნით. ეს იყო საერთო თხოვნა. ეს ხდება სამი წლის წინათ. დღეს იმდენად არის ხალხი აჭრელებული, რასაც დააბარებ, ვერ მიიტანენ და სხვას იტყვიან. მოვიძიე შინჯიკაშვილი, რომელიც პატიოსანი ადამიანია. ვიმეორებ, ეს მოხდა სამი წლის წინათ.
_ სჭირდებოდა თუ არა მარგოშვილს შინჯიკაშვილის დახმარება საზღვარზე შემოსვლაში?
_ მარგოშვილი ყოველთვის, რამდენი წელია, თავისუფლად შემოდის და გადის. მას მერე ძიუდოს კლუბი გახსნა და რეგიონიდან ჰყავს ბავშვები. პანკისში ავარჯიშებს, სადაც შეუძლია, ყველას ეხმარება. ათჯერ, ოცჯერ შემოსულა და წასულა. მის შემოყვანას არც შინჯიკაშვილი სჭირდებოდა და არც _ მეუფე. ისინი (შინჯიკაშვილი და მეუფე) არც სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელები არიან და არც _ სუსის შეფები. იქ არის სტრუქტურა, ვინც მუშაობს ამაზე. შინჯიკაშვილი მეუფესთან ქისტებმა გავაგზავნეთ სვანებთან შერიგების სათხოვნელად და არა მარგოშვილის შემოსაყვანად.
_ რისთვის დასჭირდა ამ თემის გახსენება მეუფეს ახლა, 20 წლის შემდეგ?
_ როდესაც მას სთხოვა შინჯიკაშვილმა, ჯამდელიანს არ გაუცია არც დადებითი და არც უარყოფითი პასუხი, _ ან დავალაგებ, ან არ დავალაგებო. აქ მორჩა ყველაფერი. მას მერე აღარ ყოფილა საუბარი ამ საკითხზე.
ახლა ეს თემა წამოწია მეუფე ჯამდელიანმა _ გამოეყვანა ეს სიტუაცია ისე, რომ ამ თემაზე მე დამემუქრა შინჯიკაშვილიო და ასე მოხდა ეს ყველაფერი. აქ რა შუაშია საერთოდ მარგოშვილი? რა სახსენებელი იყო მარგოშვილი ამ თემაში? ისიც მაღალი თანამდებობის პირი იყო, შინჯიკაშვილი და ის (მეუფე) საკუთარ თავს ხედავს პირველ პირად შიდა ქართლში. ვერ ხდებოდა მორიგება, ამიტომ ეს რომ არ გამოაშკარავებულიყო, ჯამდელიანმა დაიწყო მარგოშვილზე საუბარი _ აი, მარგოშვილი რომ არ შემოვაყვანინე, ამიტომ დამესხა თავსო.
ის აღვივებს შუღლს ქისტებსა და სვანებს შორის, რაც დაუშვებელია. აი, რა გააკეთა მან, სადამდე მიიყვანა ეს საქმე. ეს არის ადამიანის ძალიან ცუდი თვისება.
„ოცი წლის შემდეგ პანკისის ხეობაში ამ ტრაგედიაზე ისევ უდიდესი სინანულით საუბრობენ და დღემდე განიცდიან ამ უბედურ შემთხვევას.
ერთი თვე შოკში ვიყავით, ძალიან განვიცადეთ მომხდარი ამბავი, დათო ციხეშიც იჯდა, სასჯელი მოიხადა და ოჯახთან ერთად წავიდა საქართველოდან. პანკისის ხეობაში ხშირად ჩამოდის, სპორტული დარბაზი გააკეთა და ბავშვებს ავარჯიშებს. არ გვტოვებს სინანული და ამდენი წლის მერეც გვინდა ჩვენი ბოდიში, სამძიმარი და გულისტკივილი შევუთვალოთ ჯაფარიძეების ოჯახს“, _ ამბობს „ქრონიკა+“-თან საუბარში ნათელა მარგოშვილი.
სინანულით საუბრობს მომხდარზე კიდევ ერთი ადგილობრივი ოსმან ალდამოვი:
_ ოცი წელი გავიდა ამ ტრაგედიიდან. კარგად მახსოვს ეს ყველაფერი, როგორ მოხდა, იყო უბედური შემთხვევა, დათოს ხელიდან ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა. ჩვენ ერთნაირი ადათები და მიდგომები გვაქვს სისხლის აღების წესში. ეს იყო უბედური შემთხვევა, მაგრამ ამის მიუხედავად, დათოს ხელიდან მოხდა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა. მან ყოველთვის იცოდა, რომ ადამიანი შემოაკვდა, სულ ცდილობდა, გარიდებოდა. ცხრა წელი ჰქონდა მისჯილი. როცა გამოვიდა, გაეცალა და საზღვარგარეთ იყო წასული. პარალელურად ვცდილობდით, ეს საქმე მოგვეგვარებინა. უხუცესები იყვნენ სვანეთში წასული, მთის წესი არ არის, შერიგებაზე მისულ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენო, მაგრამ გაბრაზებული და აღელვებული იყო ხალხი. ჩვენი წესებით, თუ ადამიანი განზრახ არ არის მოკლული, 99% პატიებას ექვემდებარება. ბევრი ადამიანი ცდილობდა გვარების შერიგებას. ამ დრომდე ვერ ხერხდება. ღმერთმა ქნას, რომ მოხერხდეს. წასვლა-წამოსვლისა და საზღვარზე შემოსვლის პრობლემა არასოდეს ჰქონია, მაგრამ სვანებსა და ქისტებს წესი გვაქვს ასეთი, ასი წელი რომ გავიდეს, სისხლი სისხლად რჩება შვილიშვილებს. პანკისში იყო შემთხვევა, 53 წლის მერე აიღო სისხლი შვილიშვილმა. ადამიანი გარდაცვლილია უბედური შემთხვევით, გაუფრთხილებლობით. დათომ სასჯელი მოიხადა. ჩვენი სურვილი და თხოვნაა პატიება და შერიგება, ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს ყველას, სვანებსაც და ქისტებსაც.
P. S. პანკისის ხეობაში ამ დრომდე სინანულია ოცი წლის წინათ მომხდარი მკვლელობის გამო. ქისტები დღემდე ცდილობენ, ავტორიტეტული ადამიანები მოძებნონ და ჯაფარიძეების გვარს პატიება და შერიგება სთხოვონ. ამ მიზნით მეუფე გიორგი ჯამდელიანსაც სთხოვეს შუამავლობა, მეუფემ კი ქრისტიანული წესის ნაცვლად ეს ფაქტი მორიგი დაპირისპირების გასაღვივებლად და გიორგი შინჯიკაშვილის წინააღმდეგ გამოიყენა. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს სინოდი, ბოლოს და ბოლოს, გიორგი ჯამდელიანის საქმიანობაზე იმსჯელებს და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.