QronikaPlus
მალხაზ პატარაია: „ხელისუფლება აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებისთვის ემზადება“

მალხაზ პატარაია: „ხელისუფლება აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებისთვის ემზადება“

2025-02-12 11:30:04

შორენა მარსაგიშვილი

პირველ თებერვალს საავადმყოფოში გარდაიცვალა აფხაზეთიდან დევნილი 44 წლის ზამირ კვეკვესკირი, რომელმაც დევნილთა სააგენტოსთან ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას ამაზე სათანადო რეაგირება ჰქონოდა, დევნილობაში მყოფი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, რომ დევნილები შემწეობებსა და დახმარებას უნდა გადავაჩვიოთო.

რას ნიშნავს ჯემალ გამახარიას ეს განცხადება? რა გეგმა აქვს „ქართულ ოცნებას“ დევნილებთან დაკავშირებით? რა ინტერესები აქვს ამ ამბავში რუსეთს და რას უნდა ველოდოთ ახლო მომავალში? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „აფხაზთა კრების“ ერთ-ერთი ლიდერი, ადვოკატი მალხაზ პატარაია:

_ ბატონო მალხაზ, აფხაზეთიდან დევნილმა 44 წლის კაცმა, ზამირ კვეკვესკირმა, თავი დაიწვა იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი ვერ ნახა. ამ ტრაგედიაზე საზოგადოებას, რატომღაც, სათანადო რეაგირება არ ჰქონია. თქვენი აზრით, რატომ იყო ასეთი გულგრილი რეაქცია?

_ მეც ვფიქრობ, რომ ამ ტრაგედიაზე ცოტა უფრო სხვანაირი რეაქცია უნდა ყოფილიყო, მით უმეტეს, ეს პირველი შემთხვევა არ არის, ამ ხელისუფლების დროს უკვე მეორე დევნილი იწვავს თავს, თან ეს დროის ძალიან მცირე მონაკვეთში მოხდა. ეს ადამიანები ასეთ ნაბიჯს დგამენ იმიტომ, რომ გაუსაძლისს პირობებში უწევთ ცხოვრება. ეს გრძელდება უკვე 32 წელია. ღირსეული საცხოვრებელი ფართით დევნილის უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა. დღეის მდგომარეობით, დევნილების მხოლოდ ნახევარია საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული. აქედან ის დევნილები, რომლებიც დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში ცხოვრობდნენ, საშინელ პირობებში არიან. ეს არ არის ღირსეული საცხოვრისი. მით უფრო, რომ ეს არის ამორტიზებული შენობები. ვერავინ დამარწმუნებს, რომ სახელმწიფოს არ შეეძლო, ამდენი ხნის განმავლობაში დევნილებზე ეზრუნა და ღირსეული საცხოვრისის პრობლემა გადაეჭრა. დევნილების დიდი ნაწილი ისე გარდაიცვალა, რომ ასეთი დახმარება არ მიუღია.

საზოგადოებას რაც შეეხება, მეინსტრიმული მიდგომების გამო ხალხი ნაკლებად წუხს აფხაზეთიდან დევნილების პრობლემებით. შესაბამისად, არ გულშემატკივრობენ მათ. ეს დაიწყო იქიდან, როგორც კი აფხაზეთის ომი ჩაითვალა ეთნოკონფლიქტად. მაშინ ასეთი ფორმულა შემოგვთავაზეს: ჩვენც დავაშავეთ, იმათაც დააშავეს და უნდა შევრიგდეთ. ის, რაც დაგვემართა, გათანაბრდა არარსებულ, მოგონილ საქციელთან, რომელიც ვითომ ჩვენ ჩავიდინეთ. ამის გარდა, სხვა ბევრი უბედურებაც დაგვაბრალეს აფხაზეთიდან დევნილებს. ამბობდნენ და დღესაც ამბობენ, რომ ომის დაწყებამდე აფხაზები იარაღდებოდნენ და ქართველები იქ არხეინად ვცხოვრობდით. თურმე ომში რომ დავმარცხდით, ესეც ჩვენი ბრალი ყოფილა. აფხაზები, კი ბატონო, იარაღდებოდნენ, მაგრამ ამას ისინი თავისი სახსრებითა და სურვილით არ აკეთებდნენ. მათ რუსეთი აიარაღებდა.

ომის დაწყებამდე გუდაუთის რუსული სამხედრო ბაზიდან  აფხაზ მებრძოლებს 10 000 ავტომატი გადაეცა. დაინტერესებული ადამიანებისთვის ეს ისედაც ცნობილია. ვისაც არ სჯერა, ინფორმაცია რუსულ წყაროებში მოიძიოს, თავად რუსები წერენ ამის შესახებ. ეს სტიგმა, რომ არაფერი გავაკეთეთ აფხაზეთში, დღემდე მოგვყვება. მიუხედავად იმისა, რომ კანონი გვაქვს მიღებული ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ, სადაც წერია, რომ რუსეთმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, აფხაზეთის ომი მაინც ეთნოკონფლიქტად შეფასდა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ უფრო მეტი ყურადღება დაეთმო ცხინვალის რეგიონიდან დევნილებს.

_ ამაზე მარტო ისიც მეტყველებს, რომ მათ დასახლება აუშენეს, სადაც ისინი ბევრად ღირსეულად ცხოვრობენ, აფხაზეთიდან დევნილებისგან განსხვავებით.

_ იმას არ ვამბობ, რომ იმ ხალხს არ ეკუთვნოდა საცხოვრებელი. ეკუთვნოდა და მიხარია, რომ ეს პრობლემა მოგვარდა. ჩვენ არ ვყოფთ დევნილებს. ეს ხელისუფლება და საზოგადოება გვყოფს ჩვენ. ცხინვალიდან დევნილების სტიგმატიზაცია არ მომხდარა. საერთაშორისო სასამართლოებშიც შევიდა სარჩელები. ერთი სიტყვით, რაც მოხდა ცხინვალში, თავიდანვე შეფასდა, როგორც რუსეთის აგრესია. იმავე დოკუმენტში ასევე ეწერა აფხაზეთზეც, მაგრამ აფხაზეთიდან დევნილებისთვის ვითარება არ შეცვლილა.

მეტსაც გეტყვით: ჩვენ ასევე გვაქვს კანონი იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ. ამ კანონში წერია, რომ ეს ხალხი დევნილია და მათ მიმართ მასობრივად აღმაშფოთებლად დაირღვა ადამიანის უფლებები. მაგრამ არსად არ არის მითითებული, რა დანაშაულია ჩადენილი ამ დევნილთა მიმართ. საერთოდ, არსებობს 4 კონვენციური დანაშაულის ცნება. ჰააგის ტრიბუნალი იხილავს ამ დანაშაულებს. ეს დანაშაულებია: აგრესია, გენოციდი, სამხედრო დანაშაული და ადამიანურობის წინაშე ჩადენილი დანაშაული.

_ აფხაზეთში ოთხივე დანაშაული იყო ჩადენილი. რუსები იქ იმაზე სასტიკად მოიქცნენ, ვიდრე დღეს უკრაინაში იქცევიან.

_ ოთხივე კონვენციური იყო ჩადენილი, მაგრამ არცერთ აქტში ეს შეფასებული არ არის. ეს არცერთ ხელისუფლებას არ შეუფასებია. წინა წლებში სიტყვა გენოციდი იყო ნახმარი, მაგრამ არ არის დასახელებული, ვინ ჩაიდინა ეს გენოციდი.

_ რუსეთის დადანაშაულება ვერავინ გაბედა.

_ გარდა იმისა, რომ დევნილები მძიმე სოციალურ მდგომარეობაში იმყოფებიან, ისინი ყველაზე უფრო მძიმე დანაშაულის მსხვერპლნი არიან. გენოციდზე მძიმე დანაშაული არ არსებობს. თუნდაც გენოციდის გამო ეკუთვნით დევნილებს სათანადო კომპენსაცია. ჩვენ გვქონდა საბჭოთა რეპრესირებულთა შესახებ კანონი და რეპრესირებულთა ოჯახებს სახელმწიფომ კომპენსაცია მისცა და პენსია დაუნიშნა. აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილებისთვის ასეთი კომპენსაციის მიცემაზე არც უფიქრიათ და არც უზრუნიათ. დევნილები მხოლოდ 45-ლარიან შემწეობას ღებულობენ ყოველთვიურად და უფასო კუბოებია კიდევ მათთვის გამოყოფილი.

სახელმწიფო ბევრ რამეშია დამნაშავე დევნილებთან, მან ვერ დაიცვა დევნილები თავის საცხოვრებელ ადგილას, ვერ აბრუნებს უკან და არ უზრუნველყოფს მათ ღირსეულ ცხოვრებას. ამის სანაცვლოდ არის დროში გაწელილი ბინების დარიგება. 45-ლარიანი შემწეობა წინა ხელისუფლების დროს დადგინდა და იმის შემდეგ, მოგეხსენებათ, როგორი ინფლაცია მოხდა. შემწეობის გაზრდა არც იგეგმება.

_ ეს 45 ლარი არაფერია, მაგრამ შესაძლოა, ეს დახმარებაც ვეღარ მიიღონ. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ თქვა, რომ დევნილები შემწეობის მიღებას უნდა გადავაჩვიოთო. ამაზე რას ფიქრობთ?

_ სახელმწიფო ვალდებულია, დევნილებს ეს შემწეობა მისცეს, მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა დევნილი პირი. ეს ისედაც სიმბოლური თანხაა. 1250-ლარიანი ზღვარია ასევე დაწესებული წინა ხელისუფლების დროს. ვერავინ განმიმარტა, საიდან მოვიდა ეს თანხა. 2017 წელს ეს ზღვარი სულ 9%-ს ეხებოდა. ახლაც ეს ვითარებაა. ჩემი აზრით, ეს ზღვარიც გასაუქმებელია. ჩვენ წარვადგინეთ ამის შესახებ პროექტი მაშინ, როცა ხელისუფლებამ პირველად წარადგინა დახმარების მოხსნის პროექტი.

_ ეს რომელ წელს იყო?

_ 2018 წელს. გვქონდა ამის წინააღმდეგ აქციები. ხალხი და პარტიები დაგვიდგნენ გვერდში. 2018 წელს უკან დაიხია „ოცნებამ“, რადგან ცხადი გახდა, თუ რა ჰქონდა ხელისუფლებას ჩაფიქრებული. დევნილთა დახმარების შემდეგ უნდა გაეუქმებინათ დევნილის სტატუსი. ეს დოკუმენტში ეწერა, როგორც შემდეგი ნაბიჯი.

_ ასე აპირებდნენ დევნილების პრობლემის მოგვარებას?

_ ასე აპირებდნენ. აღარ იქნებოდნენ დევნილები და აღარ იქნებოდა ვალდებულებები.  მაგრამ ამ ამბავში სხვა რამეა მთავარი: დევნილი თუ აღარ იქნებოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთში არანაირი დანაშაული არ მომხდარა და გენოციდიც არავის ჩაუდენია. ეს გააუქმებდა დევნილების შესახებ კანონს. ამას ისეთი ხმაური მოჰყვა, რომ ხელისუფლებამ მაშინ ვერ გაბედა ამაზე შორს წასვლა. შემდგომმა ნაბიჯებმა ცხადყო, რომ ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი.

_ მე ისევ ზამირ კვეკვესკირის ტრაგედიას დავუბრუნები, თან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დევნილი თავს იწვავს. ეს აქციები რომ არ ყოფილიყო, შეიძლებოდა თუ არა, რომ უფრო მკვეთრი რეაქცია ჰქონოდა ხალხს? ახლა არ იყო რეაქცია და ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ხალხს დევნილების ბედი არ ადარდებს და შესაძლოა მიიღოს ის კანონი, რომელზედაც ზემოთ თქვენ საუბრობდით.

_ ქვეყანაში უამრავი პრობლემაა და ბოლო დროს ძალიან ბევრი რამ დაგვატყდა თავს. მაგრამ დევნილების პრობლემაც ყველას უნდა გვეხებოდეს. ისინი სოციალური საფრთხის ქვეშ დგანან. მათ მდგომარეობაში ბევრია. ერთადერთი, ვინც კვეკვესკირის ტრაგედიაზე საუბრობდა, ისიც აფხაზეთიდან დევნილი მსახიობი კახა კინწურაშვილი იყო. თქვენ მკითხეთ, რას ფიქრობთ გამახარიას გაჟღერებულ ინიციატივაზეო და ჯერ მოგახსენებთ იმას, რასაც ვფიქრობ თავად გამახარიაზე.  დევნილობაში მყოფ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს რაღაც როტაცია აქვს და რიგრიგობით იკავებენ ხოლმე თანამდებობებს. ბოლო დროს საქართველოში მოგვიმრავლდა არალეგიტიმური მმართველები. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო არის ყველაზე უხუცესი არალეგიტიმური ორგანო. წარმომადგენლობითი ორგანოს ლეგიტიმურობის მთავარი პირობა არის მისი პერიოდული არჩევითობა გონივრული ვადით. ესენი არჩეულები არიან გასულ საუკუნეში.

_ 1990 წელს აირჩიეს. ბევრს სკოლის პერიოდიდან ახსოვს ეს ხალხი.

_ ვხუმრობთ ხოლმე ამ თემაზე დევნილები, _ სკოლაში დავდიოდით და ესენი იყვნენ უმაღლეს საბჭოში; პენსიაზე გავდივართ და ისევ ესენი არიან. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, სადაც არანაირი ცვლილებები არ ხდება და არც პოლიტიკური პროცესები არ მიდის, დიდი ხანია გახდა ავგიას თავლა. ავგიას თავლაში მყოფებს საკმაოდ მაღალი ხელფასები აქვთ.

_ იმდენად მაღალი, რომ დევნილთა 45-ლარიანი შემწეობის ხსენებაც კი უხერხულია.

_ ასეა. დევნილების შემწეობას რომ ითვლიან, ჯერ თავიანთი ხელფასები დაითვალონ და ისიც გვითხრან, რისთვის იღებენ ამ ფულს. რა საქმე გააკეთეს, რომ ხელფასი ეკუთვნით? მაგათი მომზადებული კანონიც კი არ გვინახავს. რაღაცა ხომ უნდა გააკეთონ, ფულს რომ იღებენ?! საქმის კეთების ნაცვლად საცოდავი დევნილების უკანასკნელ თეთრებს ითვლიან. ეგენი პირველები უნდა იცავდნენ დევნილების ინტერესებს.  ამის ნაცვლად მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.

დევნილების შემწეობას თავი დაანებონ და იმაზე გაგვცენ პასუხი, რა პრინციპით ინაწილებენ თანამდებობებს? უკვე გითხარით, რომ მაგათ როტაცია აქვთ და რიგრიგობით იკავებენ კომისიის თავმჯდომარეების პოსტებს. მათ უფრო მაღალი ხელფასები აქვთ. მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებთ და სულ არ აინტერესებთ, როგორ ცხოვრობენ დევნილები.

თავს ვერ დავდებ, რომ ვინმე სხვა არ გააჟღერებდა ამ ინიციატივას, ჯემალ გამახარიას ნაცვლად რომ ყოფილიყო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ისინი ყველანი ხელისუფლების მარიონეტები არიან და იმას გაიმეორებენ, რასაც ხელისუფლება ეტყვის. ამის მიუხედავად, ჯემალ გამახარია მაინც განსაკუთრებული კატეგორიაა, ის ყველა მითითებას უსრულებს ხელისუფლებას. მისი არცერთი საქმე არ უკავშირდება დევნილების უფლებების დაცვას. სამაგიეროდ, ჯემალ გამახარიას სახელი დაკავშირებულია  საკანონმდებლო ინიციატივასთან, რომ 2023 წელს და შემდეგ დაბადებულ ბავშვებს უკვე აღარ ეკუთვნით საცხოვრებელი ფართი.

დარწმუნებული ვარ, რომ დევნილთა შემწეობების გაუქმებაზე მზადდება ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გააჟღერებინა ბატონ გამახარიას. როგორც უკვე გითხარით, ამის გაკეთება „ქართულ ოცნებას“ ჯერ კიდევ 2017 წელს ჰქონდა განზრახული. მაშინ ვერ შეძლეს და, ეტყობა, ახლა დაუბრუნდებიან ამ საკითხს. ბატონი ჯემალ გამახარია ამ ინიციატივას შემთხვევით და საკუთარი მოსაზრებით არ გააჟღერებდა.

_ შექმნილ ვითარებაში გამოვა ხელისუფლება ასეთი საკანონმდებლო ინიციატივით?

_ ამ ეტაპზე შესაძლოა, არ გაუქმდეს შემწეობები, მაგრამ რაკი ეს ინიციატივა გააჟღერებინეს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს, იმას ნიშნავს, რომ გეგმავეენ.

_ თავად უმაღლეს საბჭოში რა აზრი იქნება ამაზე?

_ ისინი ხელისუფლების ნებისმიერ ინიციატივას დაუჭერენ მხარს. ნებისმიერი მათგანი გააჟღერებდა ამ ინიციატივას, გამახარიას პოსტზე რომ ყოფილიყო. მაგრამ გამახარია მაინც განსაკუთრებულია, ის განსაკუთრებული თვისებების მატარებელი სუბიექტია.

_ ადრე თუ გვიან, ალბათ, მართლა გაუუქმებენ დევნილებს შემწეობას და მერე რა იქნება?

_ კარგი არაფერი. დევნილები მატერიალურად კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებიან. ხელისუფლება ამაზე არ გაჩერდება და კიდევ უფრო მძიმე ნაბიჯს გადადგამს.

_ კიდევ უფრო მძიმე ნაბიჯი რა შეიძლება იყოს?

_ შემწეობის გაუქმების შემთხვევაში შემდეგი ნაბიჯი იქნება დევნილის სტატუსის გაუქმება.

_ ამას საზოგადოება როგორ შეხვდება?

_ ვიღაცები აღშფოთდებიან, ვიღაცები _ არა.

_ ეს იმის ბრალი იქნება, რა სტიგმაც აფხაზეთიდან დევნილებს აქვთ? ამ თემაზე ზემოთ გვესაუბრეთ.

_ ერთ-ერთი მიზეზი ესეც იქნება. ჩვენი საზოგადოებისთვის დევნილთა პრობლემები ახლოს არ დგას. განსაკუთრებით აფხაზეთიდან დევნილების. ისეთი დამოკიდებულება აქვთ, თითქოს რაღაც დავაშავეთ. არადა, დანაშაული ჩვენ წინააღმდეგ არის ჩადენილი. იმის ნაცვლად, რომ დევნილებს ღირსეული ცხოვრების საშუალება მისცენ, შემწეობასაც კი უხსნიან. ეს მხოლოდ იმისთვის არ კეთდება, რომ სახელმწიფოს ფულის გადახდა აღარ უნდა დევნილებისთვის. ამ შემწეობის მოხსნის უკან სულ სხვა რამე იმალება და ესაა მთავარი პრობლემა. ეს რომ არ მოხდეს, ამიტომაც ვაწარმოებთ კამპანიას: „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“. ამით ჩვენ გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რისი გადატანა მოუწია ამ ადამიანებს. ჩვენი საზოგადოება მორალურ ვალშია დევნილებთან. მათ საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდებათ. არასდროს იქნება ქართული საზოგადოება მორალური, თუ ამ ყველაზე მძიმე გენოციდის მსხვერპლებზე სათანადოდ არ იზრუნებს. ამ შემთხვევაში იმას ვგულისხმობ, რომ დევნილების მდგომარეობა უნდა გაითავისონ.

_ საზოგადოებას კი უნდა მოვთხოვოთ სოლიდარობა, მაგრამ რა პრეტენზია უნდა წავუყენოთ ხელისუფლებას, როცა დევნილებზე ის ორგანო არ ზრუნავს, რომელიც ვალდებულია, მათი ინტერესები დაიცვას.

_ აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ყველაზე არალეგიტიმური ორგანოა საქართველოში. ის მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის წუხდება და სულ არ აინტერესებს, როგორ ცხოვრობენ დევნილები. არ აინტერესებს იმის მიუხედავად, რომ თავადაც დევნილია.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხალხმა დევნილების პრობლემები გაითავისოს. იმას მაინც გავახსენებთ, რისი გადატანა მოუწიათ ამ ადამიანებს. რუსების მიერ ჩადენილი გენოციდის შესახებ ყველამ უნდა გაიგოს. გარდა იმისა, რომ ეს სამართლიანობის აღდგენა იქნება, ამ თემის წამოწეევა რუსეთის წინააღმდეგაც გამოგვადგება. გენოციდი ის დანაშაულია, რომელსაც ხანდაზმულობა არ გააჩნია. გენოციდისთვის აუცილებლად უნდა დაისაჯონ რუსები. დღეს მთელი მსოფლიო ლაპარაკობს იმაზე, რა სიმხეცეებს სჩადიან რუსები უკრაინაში. ამაზე საშინელებები აქვთ აფხაზეთში წლების წინათ ჩადენილი, მაგრამ ეს არავის გაუგია.

_ არ გაუგია იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურდა ამაზე საუბარი.

_ რა თქმა უნდა, ამის ბრალია. დოკუმენტში წერია გენოციდი, მაგრამ არ არის მთითებული, ვინ მოაწყო ეს გენოციდი. რუსები საქართვეოს არცერთ ხელისუფლებას არ დაუდანაშაულებია გენოციდში. არადა, გენოციდის უამრავი ფაქტია სახეზე. არიან ცოცხალი მოწმეები. პროკურატურაში საქმეები დევს. იმის ნაცვლად, რომ ამ საქმეებით იყვნენ დაინტერესებულები, ისევ დევნილების დასჯას აპირებენ და მათთვის შემწეობის მოხსნა უნდათ. შემდეგი ნაბიჯი, როგორც უკვე გითხარით, დევნილის სტატუსის გაუქმება იქნება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გენოციდი აღიარებულ იქნეს. რუსეთმა ამაზე პასუხი უნდა აგოს და კომპენსაცია გადაიხადოს.

_ ამბობთ, რომ ხელისუფლების უმთავრესი მიზანი არის დევნილის სტატუსის გაუქმება. რატომ არის ხელისუფლება ამით ასე დაინტერესებული?

_ ეს არის ერთი დიდი გეგმის ნაწილი. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ცდილობს დევნილების სტატუსის გაუქმებას. ხელისუფლებაში ასეთი ლოზუნგით მოვიდნენ, რომ ცხინვალში ომი ჩვენ დავიწყეთ. ეს არის პირდაპირი კოსოვიზაციის გეგმა. ამით, პირველ რიგში, რუსეთია დაინტერესებული. ორი საერთაშორისო სასამართლო _ ჰააგის ტრიბუნალი და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო _ დაგვჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ ცხინვალში ქართულ სახელმწიფოს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.

_ ამაში დასავლეთი დარწმუნდა. საქართველოში ისევ მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი და ჩავიდინეთ დანაშაული.

_ ეს ამ ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია. ამ სასამართლოების მერეც კი ამტკიცებენ, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ. ბიძინა ივანიშვილმა საერთოდ ბოდიშის მოხდაც კი დააანონსა ოსებისთვის. ესეც რუსების ინტერესებშია და ეს ბოდიში რომ გაამართლონ, ამისთვის კომისიაც კი შექმნეს პარლამენტში. ეს კომისია შეისწავლის აგვისტოს ომის მოვლენებს. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ეს კომისია 2008 წლის ომში მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს გაამტყუნებს, ძალიან ცდება. ეს კომისია იქმნება იმიტომ, რომ გაამტყუნოს ქართული სახელმწიფო.  გესმით, რას აპირებენ?! საქართველოს სახელმწიფო უნდა დაადანაშაულონ აგრესიაში. ამის შემდეგ იქნება ბოდიში. ჩვენ ბოდიში უნდა მოვიხადოთ არარსებულ დანაშაულზე.

_ როდის იყო, მსხვერპლი მოძალადეს უხდიდა ბოდიშს?

_ საქმეც ის არის, რომ აქ მოძალადედ ქართული სახელმწიფო უნდა გამოვიდეს. დამნაშავედ უნდა გამოცხადდეს მხარე, რომელსაც არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. ეს ყველაფერი არის საქართველოს კოსოვიზაციის გეგმის ნაწილი. ეს გეგმა საქართველოს დაშლას გამოიწვევს. კონფედერაციულ მოწყობებზეც დაიწყეს ვიღაცებმა საუბარი. ეს ყველაფერი აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებამდე მიგვიყვანს. მათი დამოუკიდებლობის აღიარებას ეწინააღმდეგება დევნილის სტატუსი და დევნილის შემწეობაც. ამას ეწინააღმდეგება კანონი ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ.

_ ალბათ შემთხვევითი არც ისაა, რომ ბოლო დროს მოსკოვიდან ხშირად გვიბარებენ, ახალ რეალობას უნდა შეეგუოთ და ცხინვალი და სოხუმი უნდა აღიაროთო.

_ ეს ახალი რეალობა აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის ცნობაა. ყველაფერი კეთდება ამისთვის. არგაღიზიანების პოლიტიკა, რომელსაც ვაწარმოებთ, არის ახალი რეალობისადმი შეგუების პოლიტიკა, რომელსაც ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება. ამის დიდი იმედი მაქვს.

 

გაზიარება