QronikaPlus
ბექა ქორჩილავა: „საქართველო რუსულ რეჟიმს არ შეეგუება“

ბექა ქორჩილავა: „საქართველო რუსულ რეჟიმს არ შეეგუება“

2024-12-25 07:02:02

შორენა მარსაგიშვილი

გასულ კვირას გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ასაფეთქებელი შეაგდეს. გორის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ბექა ქორჩილავამ განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ ეს მათ ოფისზე თავდასხმის მეცამეტე შემთხვევაა.

რატომ არავის ეშინია ამ თავდასხმების და როგორ შეიცვალნენ გორში „ოცნების“ მხარდამჭერები? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ბექა ქორჩილავა:

_ ბექა, გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე მოხდა თავდასხმა. ამ თავდასხმას პარტიულ საქმიანობას უკავშირებთ, თუ იმ საპროტესტო აქციებს, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს?

_ ეს იყო ჩვეულებრივი ტერაქტი. 21-ე საუკუნეში ასეთი რაღაცები როცა ხდება, ეს არის ძალიან სამწუხარო. განსაკუთრებით სამწუხარო ის არის, რომ პოლიცია ასეთ ფაქტებს არ იძიებს. დაკავებულიც კი არავინ არის და არც არავის დააკავებენ. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ კრიმინალზე დგას. ამ აფეთქებით ცდილობენ გადაფარონ ის მძიმე პროცესები, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. არაფერი გადაფარავს იმ პოლიტიკურ დუღილს, რასაც დღეს რუსთაველზე ვხედავთ. ვიღაცას თუ ჩვენი შეშინება უნდა ვეტყვი, რომ ვერ დაგვაშინებენ. 2012 წლის მერე უკვე მეცამეტედ დაგვირბიეს ოფისი. აქამდე ვერავინ შეაშინეს და ვერც მომავალში შეგვაშინებენ. ქართველი ხალხი არ შეშინდება!

ვიმეორებ: სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ჩვენი ოფისი ცამეტჯერ დაარბიეს და დღემდე არცერთხელ არავინ დაუკავებიათ. საქართველოში კანონი არ კანონობს და გამეფებულია დაუსჯელობის სინდრომი. „ქართული ოცნების“ დაჯგუფებები და ზონდერბრიგადები დათარეშობენ ქვეყანაში. საქართველოს მოსახლეობას „მხედრიონის“ პერიოდი ისევ ახსოვს.

ხელისუფლებას უნდა, ეს დრო დააბრუნოს. უნდათ, მაგრამ ვერ დააბრუნებენ. ეს საშინელი დრო საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება. დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულმა თაობამ ვნახეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპასთან დაახლოება. ამის გარდა, ჩვენ ვნახეთ და განვიცადეთ რუსული მარწუხები. გვახსოვს 2008 წლის აგრესია და ამიტომ ვირჩევთ ევროპას.

ჩვენ არ გვინდა, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, სადაც ოპოზიციურ პარტიებს არბევენ, ოფისებს უფეთქებენ. არ გვინდა, ისეთი ქვეყანა ვიყოთ, სადაც

განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს აკავებენ, სამოქალაქო აქტივისტებს სცემენ და სასტიკად აწამებენ. დღევანდელი ხელისუფლება მიგვაქანებს ბნელი წარსულისკენ და რუსული ჭაობისკენ.

_ ამის საპასუხოდ „ოცნების“ მხარდამჭერები სისხლიან ცხრა წელს წამოგაძახებენ და იმ ძალადობას გაგახსენებენ, რაც მაშინ იყო.

_ წამომაძახონ, მაგრამ იმ დროს სკოლის მოსწავლე ვიყავი. სირცხვილია, ხალხო, ამ ცხრა წელზე საუბარი. სამყარო მარსის ათვისებაზეა გადასული. არ ვამბობ, რომ „ნაციონალებს“ შეცდომები და გადაცდომები არ ჰქონდათ, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღეს, არჩევნებში წაგება აღიარეს და ოპოზიციაში გადავიდნენ. გამუდმებით 2007 წლის 7 ნოებერს გაიძახიან. 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგა.

რაც არ უნდა ანტინაციონალი იყო, ვერ უარყოფ, რომ იმ დარბევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გადადგა. ბევრი ყოფილი „ნაციონალი“, რომელიც დღეს „ქართულ ოცნებაშია“ მოკალათებული, მაშინ უამრავ რამეს აშავებდა და მათი ჩადენილიც სააკაშვილს ბრალდებოდა. დღეს რაც ხდება, ეს არის ადამიანებისთვის სულში ჩაფურთხება.

არჩევნების წინ ნაომარ ქალაქში ჩამოვიდა ბიძინა ივანიშვილი და განაცხადა, რომ ოსებს ბოდიში უნდა მოვუხადოთო. სირცხვილია, ხალხო, სირცხვილი!

დღეს იმაზე აღარაა საუბარი, რომ ვიღაცა გახარიაა, ვიღაცა „ლელო“ და ვიღაცა „ნაციონალი“. დღეს ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხია მთავარი.

_ ბოდიშის მოხდის ამბავი ახსენეთ და ამ ბოდიშმა გორში გააჩინა ასეთი ლოზუნგი: _ ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის.

_ ნაომარი ქალაქი არასდროს მოიხდის ბოდიშს და ეს ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს! რაც ივანიშვილმა გორში იკადრა, ეს ნაომარი ქალაქისთვის სულში ჩაფურთხებაა.

_ გორი დიდად ანტისახელისუფლებო აქციებით არ გამოირჩეოდა. ბოლო კვირებში კი ვხედავთ, რომ შიდა ქართლსა და განსაკუთრებით გორში ლამის ყოველდღე იომართება აქციები.

_ ნამდვილად ასეა. მე 2016 წლიდან ჩავერთე აქტიურ პოლიტიკაში და არ მახსენდება ასეთი რაღაცა, რომ გორში ამდენი გაბრაზებული ადამიანი გამოსულიყოს ქუჩაში და ღიად დაეფიქსირებინოს თავისი პროტესტი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხალხი ძალიან გაბრაზებულია. ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, წარმოუდგენელია. ამას მშვიდად ვერავინ შეხედავს. მე სოფელ შინდისიდან ვარ და ძალიან კარგად მახსოვს, რა ხდებოდა 2008 წელს. მახსოვს, როგორ იხოცებოდნენ ადამიანები რუსული აგრესიის შედეგად. მეტირება ხოლმე, შინდისის გმირების ამბავს როცა ვიხსენებ. დაგვცინიან და სულში გვაფურთხებენ, როცა გვეუბნებიან, რომ რუსეთი დიდი ძმაა და უნდა ვაპატიოთ. ვის უნდა ვაპატიოთ, ჩვენი ხალხის დამხოცველებს?! ჩამოთვლაც კი მიჭირს იმ საშინელებების, რაც მათ ჩაიდინეს. იმათ ვაპატიოთ, აფხაზეთში ქართველ დედას შვილი თვალწინ რომ მოუკლეს და მერე მოკლული შვილის თვალი გადააყლაპეს? ვის უნდა ვაპატიოთ? მით უმეტეს, ბოდიშს არავის მოვუხდით! ნაომარი გორი ბოდიშს არ იხდის. მარტო გორი კი არა, მთელი საქართველო არ მოუხდის ბოდიშს ოკუპანტებს. ბოდიში მოსახდელი აქვთ ოლიგარქ ივანიშვილსა და მის ჩინოვნიკებს. მათ ქართველ ხალხის უნდა მოუხადონ ბოდიში.

_ ყველაფრის მიუხედავად, გორში მაინც ჰყავს „ოცნებას“ მხარდამჭერები და ისინი რას ფიქრობენ ახლა?

_ ჩვენთან გადის საოკუპაციო ზოლი, რომლის გარშემოც მდებარეობს სოფლები. ამ სოფლებში ქართული არხები არ აჩვენებს. უნდათ თუ არა, უწევთ რუსული არხებს ყურება. რუსული არხები კი იქ უპრობლემოდ აჩვენებს. ეს ადამიანები ინფორმაციულ ვაკუუმში არიან და ივანიშვილს უჭერენ მხარს. იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ წვდომა ინტერნეტთან და ქართულ არხებთან და აქამდე ხეისუფლების მხარდამჭერები იყვნენ, ამ განცხადების შემდეგ „ოცნებას“ გაემიჯნენ და საპროტესტო აქციებზეც კი დადიან.

_ ბოდიშის მერე გაემიჯნენ?

_ არა, ევროპასთან მოლაპარაკებები რომ შეაჩერეს, მაგის შემდეგ. კიდევ ბევრი გაემიჯნებოდა ხელისუფლებას, მაგრამ ჩვენთან ძალიან ჭირს ოპოზიციური არხების მიღება და ხალხი ბოლომდე ვერ აღიქვამს, რა ხდება. მათ, ვინც დაინახა, რომ ესენი არიან შეფუთული რუსები, თუმცა რაღა შეფუთული, თავიანთ პრორუსულობას არ მალავენ, ღიად აპროტესტებენ ხელისუფლების პოლიტიკას. 

მათ შორის ისინიც, რომლებმაც ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“.  ძალიან ცუდად იმოქმედა ხალხზე ივანიშვილის იმ გაცხადებამ, რომ ბოდიში არის მოსახდელი. მაგრამ გაცილებით მძიმე მოსამენი იყო 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება ევროპასთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.

საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კარგად იცის, თუ რას ნიშნავს რუსეთი. ეს განსაკუთრებით კარგად იციან გორელებმა. აგერ სულ ახლახან იყო, აქაურობას რომ ბომბავდნენ. და რა გასაკვირია, რუსეთში წასვლას ყველა გააპროტესტებს. აქციებზე გორელების აქტიურობა ამიტომაც არის. ნაომარი გორი არც ბოდიშს მოიხდის და არც რუსულ რეჟიმს შეეგუება.  რუსულ რეჟიმს არც დანარჩენი საქართველო შეეგუება და ამაზე მეტყველებს ის გაუჩერებელი პროტესტი, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო.

ხელისუფლება კარგად ხედავს ხალხის ასეთ განწყობას და ახლა დაშინებაზე არის გადასული. სწორედ ამიტომ აგვიფეთქეს ოფისი გორში, მაგრამ ამით ვერავინ შეაშინეს. ხალხს ვეღარ შეაშინებენ. ხალხს ყველაზე მეტად ახლა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის ეშინია. რუსეთთან ყოფნა სახელმწიფოებრიობის დაკარგვას ნიშნავს. ამას კი არავინ დაუშვებს. იმისთვის, რომ საქართველო დამოუკიდებელი ყოფილიყო, მრავალმა თაობამ დაღვარა სისხლი. ეს ბრძოლა ამაოდ არ ჩაივლის. არ შევშინდებით არც რეპრესიებით, არც ცემით და არც აფეთქებებით. საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ქვეყანა.

ამ ვითარებაში სასაცილოდ მიმაჩნია საუბარი პარტიულ იდეოლოგიაზე. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ ამის ან იმის გვერდით არ დავდგები. დღეს არავინ უყურებს პარტიულ იდეოლოგიას. არც ის აინტერესებთ, ვინ რომელი პარტიის წევრია. აქციებზე ის ხალხიც კი დადის, ვინც 26 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა. ერთად უნდა დავდგეთ, რადგან სხვა გამოსავალი არ გვაქვს. დღეს საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. ჩვენ წინაშე ორი ალტერნატივაა: ან გავიმარჯვებთ, ან... გავიმარჯვებთ. გამარჯვებას უნდა მივაღწიოთ, სხვა რამის უფლება არ გვაქვს.

 

გაზიარება