- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2021-06-23 07:19:19
ნინოწმინდის პანსიონატში განვითარებული მოვლენებისთვის ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და, მათ შორის, პირველ რიგში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ. სწორედ ამ ხელისუფლების მაღალჩინოსანს „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ტელევიზია შეაქმნევინა და იგი „ჯიბის“ მაუწყებლად აქცია.
ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ვარდანიანის ტელე-რადიო კომპანია „ფარვანას“, 2014 წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც ვარდანიანი თანამდებობაზე დაინიშნა, ნინოწმინდის ბიუჯეტიდან 320 645 ლარი დაერიცხა. შვიდ წელიწადში მიღებული 12 შესყიდვიდან 9 მათგანი „ფარვანამ“ ნინოწმინდის მერიასთან და მის ა(ა)იპ-ებთან გააფორმა. ვარდანიანის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ „ფარვანამ“ მერიისგან ნინოწმინდაში უსასყიდლოდ 273 კვ.მ. ფართიც მიიღო.
კონსტანტინე ვარდანიანმა მაუწყებლობა „ფარვანა“ ნინოწმინდაში 2001 წლის 12 იანვარს, ოთხ ადგილობრივ პირთან ერთად, დააფუძნა. მას მერე 14 წელი გავიდა და ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნების“ მოსვლისთანავე, იგი, ნინოწმინდის ადგილობრივი ტელევიზიის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. ასე და ამრიგად, 2013 წლის გაზაფხულიდან 2020 წლის მარტამდე, კონსტანტინე ვარდანიანს ორი თანამდებობა ეკავა _ „ფარვანას“ დირექტორისა და ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის.
ნინოწინდის გახმაურებული სკანდალის შემდეგ კითხვა არავის გასჩენია, რატომ არ შუქდებოდა რეგიონის პრობლემები ტელევიზიით? _ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნის ტელევიზია იყო და იმიტომ. კონსტანტინე ვარდანიანმა დირექტორის პოსტი ტელევიზიაში 2020 წლის 9 მარტს დატოვა, თუმცა საქმის არსი ამით არ შეცლილა, ვინაიდან კომპანიის დირექტორობა მისი ცოლის _ ალბინა ვარდანიანის ხელში გადავიდა.
რატომ დუმდა ვარდანიანი, მისი მეუღლე, მისი ტელევიზია და მთლიანი მედია-საკრებულო გარემოცვა?!
კონსტანტინე ვარდანიანის ხელმძღვანელობის დროს „ფარვანა“ ყველა შესყიდვას ღებულობდა. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშებში ვკითხულობთ, თვითმმართველობაში ვარდანიანის თანამდებობაზე არჩევამდე, ანუ სანამ ბატონი კონსტანტინე „ოცნების“ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახდებოდა, „ფარვანამ“ მხოლოდ ხუთი გამარტივებული შესყიდვა _ 44 010 ლარის ოდენობით _ მიიღო. როგორც კი ვარდანიანს „ქართული ოცნება“ ნიშნავს თანამდებობაზე, 2014-2020 წლებში კომპანია 339 745 ლარზე 12 სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობს, მათ შორის, ნინოწმინდის მერიის მიერ გამოცხადებულ 5 ტენდერი (NAT200001044, SPA180009883; SPA180000543; SPA170002202; SPA160000894;) 250 000 ლარის ღირებულების _ უკონკურენტოდ მოიგო. ასევე ნინოწმინდის მერიასთან და მის ა(ა)იპ-ებთან 70 645 ლარის ჯამური ოდენობის 4 გამარტივებული შესყიდვა გააფორმა.
ზოგადად, ნინოწმინდის მერიამ, 2014 წლიდან 2020 წლამდე, „ფარვანასთან“ სატელევიზიო მომსახურების შესყიდვაზე მუდმივად ერთლარიან ხელშეკრულებებს აფორმებდა. სანაცვლოდ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ტელევიზია, „ქართული ოცნების“ სათავეში მოსვლისთანავე, მთელი ამ წლების განმავლობაში, მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებს აშუქებდა. არც ადგილობრივ რადიო „ნორს“, რომელიც ნინოწმინდაში 2012 წლიდან მაუწყებლობს და არც ადგილობრივ ინტერნეტ გამოცემა „ჯეინიუსს“, რომელიც ჯავახეთის ამბების გაშუქებაზე 2014 წლიდან აქტიურად მუშაობს, ნინოწმინდის მერიისგან სახელმწიფო შესყიდვა არასდროს მიუღიათ მაშინ, როცა ამავე რეგიონში, მაგალითად, ბორჯომის მერია საინფორმაციო მომსახურებისთვის გათვალისწინებულ თანხას, როგორც ადგილობრივ ტელევიზიაზე, ასევე ინტერნეტ გამოცემასა და გაზეთზე ანაწილებდა.
შესყიდვებსა და ხელშეკრულებებს დავუბრუნდეთ!
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშით, ჯავახეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „ფარვანამ“ 2014-2016 წლებში უკონკურენტოდ მოიგო საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებული 3 ტენდერი ნინოწმინდაში, რისთვისაც ჯამურად 19 100 ლარი დაერიცხა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ხელშეკრულებებს (SPA140004661; SPA140027250; SPA160002005) თავად აფორმებს, როგორც „ფარვანას“ დირექტორი. ასევე კონსტანტინე ვარდანიანია მითითებული კომპანიის დირექტორად ნინოწმინდის ა(ა)იპ-ებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებშიც.
ისმის კითხვა, _ სად არიან იურისტები, როდესაც საჯარო მოხელე-მაღალჩიოსანი, თავისსავე უწყების ფულზე კერძო ბიზნესს ავითარებს და პლუს, თავისსავე სამსახურის რეკლამასა და პიარს ემსახურება? რაც შეეხება ნინოწმინდის მერიასთან „ფარვანას“ ხელშეკრულებებს, დოკუმენტში კომპანიის დირექტორად კონსტანტინე ვარდანიანის მეუღლე, ალბინა ვარდანიანია მითითებული. მათ შორის ერთ-ერთ დოკუმენტს, 35 000-ლარიან პირდაპირ შესყიდვაზე, ხელს აწერს კონსტანტინე ვარდანიანის უშუალო ხელმძღვანელი, ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანიც. თუმცა, საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანია „ფარვანასთან“ ალბინა ვარდანიანს (2020 წლის მარტამდე) ოფიციალური შემხებლობა არ აქვს.
კონსტანტინე ვარდანიანის მეუღლემ, ალბინა ვარდანიანმა, შპს ტელეკომპანია „ფარვანა“ ნინოწმინდაში 2015 წლის 22 ივნისს დააფუძნა (მაუწყებლობა „ფარნავაში“ არ აგერიოთ). თავად არის მისი დირექტორიც და 100%-იანი წილის მფლობელიც, თუმცა ამ შპს-ს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არასდროს მიუღია. გამოდის, რომ სახელმწიფო შესყიდვებს ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ვარდანიანის „ფარვანა“ ღებულობს (ს/კ 236686412), ხელშეკრულებებს კი სხვა კომპანიის, შპს „ფარვანას“ (ს/კ 436684134) დირექტორი აფორმებს.
ბუნებრივია, ყველა სახელმწიფო შესყიდვაში კონსტანტინე ვარდანიანის „ფარვანა“ (ს/კ 236686412) მონაწილეობს, ამ კომპანიის სამართლებრივი ფორმა კი დაფუძნების დღიდან დღემდე ა(ა)იპ-ია, ხელშეკრულებების ნაწილში კომპანიის სამართლებრივ ფორმად მითითებული ხან სსიპ-ია, ხან კი _ შპს. ვარდანიანების კომპანია ექვსი წელია, ნინოწმინდის მერიის ბალანსზე რიცხულ შენობაში უსასყიდლოდ ფუნქციონირებს. თავისუფლების N37-ში არსებული 273 კვ.მ. ფართობი „ფარვანას“ უზურფრუქტის წესით 2015 წლის თებერვალში გადაეცა. ცნობისთვის: კონსტანტინე ვარდანიანს, 2013 წლიდან დღემდე, არც ერთ ქონებრივ დეკლარაციაში, არც მასზე და არც მეუღლეზე რეგისტრირებული „ფარვანას“ შესახებ მითითებული არ აქვს.
რას ფიქრობს ამ ყველაფერზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც პირდაპირი ზედამხედველი და მარეგულირებელი რგოლია „ფარვანაში“ მიმდინარე პროცესის? კომუნიკაციების ეროვნული კომისია კი ფიქრობს, აი, რას:
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N21-10-513, 16/03/2021) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო- ტელევიზია ფარვანასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N21-10-513, 16/03/2021) თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფის მიერ გამოვლინდა, რომ რამდენიმე მაუწყებლის, მათ შორის, ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო- ტელევიზია ფარვანას“ მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია, კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. კერძოდ, სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანამ“ (ს/კ236686412) 2020 წლის 9 მარტს განახორციელა ცვლილება, კერძოდ, შეიცვალა გამგეობის წევრი კონსტანტინე ვარდანიანი და მის ნაცვლად განისაზღვრა ალბინა ვარდანიანი. კომპანიამ კომისიაში ინფორმაცია წარმოადგინა 2021 წლის 29 იანვარს (შ-21-6/413) შესაბამისობის დეკლარაციის სახით“.
ანუ პრობლემა ყოფილა მხოლოდ ის, რომ დირექტორის ცვლილება რომ მოხდა, დროზე არ შეატყობინეს, საერთოდ საქმის კურსში არ ჩააყენეს თუ რაღაც ამდაგვარი…
„ააიპ „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანა“ ცნობილ იქნას სამართლადამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის და 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო… და ა.შ.“
ის, რომ ჯავახეთის მოსახლეობის ფულით დაფინანსებულ ტელევიზიაში თითქმის არ შუქდებოდა არც ერთი ადგილობრივი პრობლემა, არ შუქდებდა ნინოწმინდის პანსიონში არსებული ვითარება და ყველაფერი „ბედნიერად“ იყო, დღეს ლომის წვლილი ამაში სწორედ რეგიონის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და უკანონო შესყიდვებით მითვისებულ ხალხის ფულს.
თამარ როსტიაშვილი