- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2021-06-20 08:49:55
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში სერიოზული ამბები მიდის. გასულ კვირას ვლადისლავ არძინბას ძმისშვილი მოკლეს. მისი მკვლელი უკვე დაკავებულია. „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ ამ მკვლელობას პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს. მისი აზრით, ეს ჩვეულებრივი კრიმინალური გარჩევა იყო. დავითაია დიდ პოლიტიკურ ამბად არ მიიჩნევს სირიაში აფხაზთა ლიდერ ასლან ბჟანიას ვიზიტს. „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი ამბობს, რომ ამას არც აფხაზები აღიქვამენ სერიოზულად და თავიანთ ხელისუფლებას დასცინიან. დავითაიას არ ეშინია, რომ სირიიდან აფხაზეთში მასობრივი ჩამოსახლება განხორციელდება. ამ მიმართულებით სოხუმმა სერიოზული სამუშაო გაწია. სირიაში მცხოვრები აფხაზების რამდენიმე ოჯახი ჩამოასახლეს კიდევაც, მაგრამ ისინი იქაურობას ვერ შეეგუენ და უკან, სირიაში დაბრუნდნენ. ხიფათს დავითაია სხვა მხრიდან ხედავს. ეს ხიფათი ისევ კრემლს უკავშირდება. რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზი ახალგაზრდების მასობრივი დასაქმება დაიწყო.
რა მიზანს ემსახურება მოსკოვში აფხაზი ახალგაზრდების დასაქმება? რა უნდა დაუპირისპიროს ამას თბილისმა? აღიარებს თუ არა რუსეთი აფხაზური ეკლესიის დამოუკიდებლობას? _ ამ თემების შესახებ პაატა დავითაია „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ ბატონო პაატა, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ვლადისლავ არძინბას ძმისშვილის მკვლელობას. თქვენი აზრით, ჩვეულებრივ კრიმინალთან გვაქვს საქმე თუ ამ მკვლელობის უკან პოლიტიკა დგას?
_ ამ მკვლელობას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. არძინბას ძმისშვილი იყო კრიმინალური ავტორიტეტი და კრიმინალური გარჩევის შედეგად მოკლეს. საკუთარი შავი საქმეების გასაკეთებლად იყენებდა თავის გვარსა და ბიძის ავტორიტეტს.
_ არძინბას აფხაზეთში დღემდე დიდი ავტორიტეტი აქვს.
_ ასეა და ამიტომაც არ ეხებოდნენ სამართალდამცველები მის ძმისშვილს. ამ ახალგაზრდას აქამდეც არაერთ გარჩევაში მიუღია მონაწილეობა. სხვა კრიმინალებთან არაერთი შეტაკება მოსვლია. როგორც ამბობენ, ის ბევრჯერ გადაურჩა სიკვდილს. ამჯერად მას აჯობეს და მოკლეს. მკვლელი დაკავებულია. ამ ადამიანს თავისი საქმეებისთვის მიეზღო.
ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რაოდენ მძიმე კრიმინოგენური ვითარებაა აფხაზეთში. იქაურობას კრიმინალური კლანები მართავენ, რაც მე დიდ პრობლემად არ მიმაჩნია. მთავარი პრობლემა არის სულ სხვა რამე: რუსეთის ფედერაციამ აფხაზ ახალგაზრდებთან ძალიან სერიოზული მუშაობა დაიწყო. მოსკოვში შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი, სადაც აფხაზი ახალგაზრდებისთვის შეიმუშავეს ინდივიდუალური პროგრამა. მისი სახელია „აფხაზეთის მომავალი“.
ამ სპეციალურ პროგრამას ხელმძღვანელობს სურკოვის ყოფილი თანაშემწე ინალ არძინბა, რომელსაც რუსები აფხაზეთის მომავალ მმართველად ამზადებენ. კრემლს ის კარგად ჰყავს უკვე დამუშავებული.
_ ეს არძინბაც ხომ ვლადისლავ არძინბას ნათესავია?
_ ბიძაშვილია. მას რუსები უკვე წლებია, ამზადებენ. რამდენიმე წელიწადში მას ჩააბარებენ აფხაზეთის მართვის სადავეებს. რაც შეეხება პროგრამა „აფხაზეთის მომავალს“, ის აფხაზ ახალგაზრდებს განათლების მიღებაში ეხმარება. ამის პარალელურად პროგრამის ფარგლებში დაიწყო ახალგაზრდების დასაქმება რუსეთის დუმაში, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მოსკოვის მერიაში. რუსეთის ხელისუფლებაში აფხაზებისთვის კვოტები გაჩნდა.
_ ეს კვოტები მხოლოდ აფხაზებისთვის არის?
_ დიახ, აფხაზი ახალგაზრდებისთვის არის დაშვებული ეს კვოტები. მოსკოვს სულ არ ადარდებს, ექნებათ თუ არა სამსახური აფხაზ ახალგაზრდებს. მათი დასაქმება რუსეთის მომავალ გეგმებს უკავშირდება. მოსკოვი ცდილობს, აფხაზეთის მთავრობას მოუმზადოს აპარატი.
_ აფხაზეთის მთავრობას ხომ ჰყავს აპარატი?
_ ეს აპარატი მოსკოვს აღარ აკმაყოფილებს. კრემლს სურს, რომ აფხაზეთის ხელისუფლებაში იმ ახალგაზრდებმა იმუშაონ, რომლებსაც რუსული სკოლა ექნებათ გავლილი.
_ წარმომიდგენია, რა სკოლას გაატარებენ მათ რუსები?
_ საგანგებო სკოლას გაატარებენ და საგანგებოდ მოამზადებენ. კრემლს მზად უნდა ჰყავდეს პერსონალი იმ დროისთვის, როცა აფხაზეთის ოფიციალურად მიერთებას დაიწყებს. აფხაზეთის დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის შესვლას ეწინააღმდეგება. ეს ადამიანები აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფას კი უჭერდნენ მხარს, მაგრამ მათ რეალური დამოუკიდებლობა სურთად და არა _ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა. რუსეთი მათ იმიტომ არ დახმარებია, რომ სოხუმს ნამდვილი დამოუკიდებლობა მოეპოვებინა. კრემლს აფხაზეთის ტერიტორია თავისთვის უნდა. იციან, რომ მიერთების დროს წინააღმდეგობა შეხვდებათ. ამიტომ დაიწყეს სამზადისი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ თავიანთი განზრახვა უპრობლემოდ აღასრულონ. ეს ძალიან მზაკვრული გეგმაა და ამ გეგმას ჩვენ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ.
აფხაზეთში რუსეთი ხშირად ატარებს სხვადასხვა კვლევას. ბოლო კვლევებით არძინბას რეიტინგი არის, სადღაც, 15%.
_ არც ისე მაღალი რეიტინგი ჰქონია რუსეთის რჩეულს.
_ მაღალი არის, ეს ახალგაზრდა რეიტინგებში ბოლოდან მესამე ადგილს იკავებს.
_ ბოლოდან მესამე ადგილზე მყოფზე ამყარებს რუსეთი იმედებს?
_ კრემლმა ძალიან კარგად იცის, თუ რა გამოვა მისგან. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მზარდი რეიტინგი.
_ რატომ ფიქრობთ, რომ მას მზარდი რეიტინგი აქვს?
_ იმიტომ, რომ რუსეთი აფხაზ ახალგაზრდებზე ამყარებს კონტროლს, გაატარებს მათ რუსულ სკოლას. მათთვის მისაღები იქნება ასევე რუსულ სკოლაგავლილი არძინბა და მისი რეიტინგიც მნიშვნელოვნად გაიზრდება. კრემლს აფხაზეთთან დაკავშირებით მზაკვრული გეგმა აქვს ჩაფიქრებული. ამის მე პირადად ძალიან მეშინია. საქართველოს ხელისუფლება ამას რამენაირად წინ უნდა აღუდგეს.
_ როგორ უნდა აღუდგეს საქართველოს ხელისუფლება ამას წინ?
_ ჩვენმა ხელისუფლებამ ამ მზაკვრული გეგმის საწინააღმდეგო გეგმა უნდა შეიმუშაოს. ისეთი გეგმა, რომ აფხაზმა ახალგაზრდებმა მხოლოდ რუსეთის სასარგებლოდ არ გააკეთონ არჩევანი. ეს ყველაფერი ძალიან სპეციფიკურია და მას დეტალურად ვერ ავხსნი. საკითხის გადაწყვეტა იოლი არ იქნება, მაგრამ აფხაზი ახალგაზრდებისთვის ალტერნატიული ვარიანტის შეთავაზება ნამდვილად შეიძლება.
_ ალტერნატიულ გეგმაში რას გულისხმობთ, ჩვენც აფხაზური კვოტები გამოვყოთ და აფხაზი ახალგაზრდები საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში დავასაქმოთ?
_ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმება და თანამდებობებზე დანიშვნა არ გამოვა, მაგრამ რაღაც გზების გამოძებნა შეიძლება. რუსეთის მზაკვრულ გეგმას რაღაც აუცილებლად უნდა დავუპირისპიროთ.
_ ცოტა ხნის წინ აფხაზეთის ლიდერი ბჟანია სირიას სტუმრობდა, სადაც ის სირიის პრეზიდენტ ბასარ ალ ასადს შეხვდა. ადრე აფხაზთა ვოიაჟებზე თბილისი პროტესტს გამოხატავდა, ახლა ვითომ არაფერი.
_ დიდი არაფერი მომხდარა თუ ბჟანია სირიაში ჩავიდა. ეს ყველაფერი რუსეთის პოლიტიკაა. აფხაზებს სირიასთან წლებია, მიმოსვლა აქვთ. სამწუხაროდ, ჩვენ ამას ხელს ვერ შევუშლით. ბჟანიას ვიზიტს სირიაში ასე შევაფასებდი _ სახელმწიფოებრიობასთან თამაშის ვიზიტი.
მინდა იცოდეთ, რომ ასლან ბჟანიას სირიაში ვიზიტს თავად აფხაზებიც არ აღიქვამენ სერიოზულად და დასცინიან მას.
_ ისინი რატომ დასცინიან?
_ იმიტომ, რომ არასერიოზულია ეს ყველაფერი. ასადი ასოცირდება ტერორისტებთან. აფხაზები ბჟანიას ვიზიტზე წერენ, მალე მსოფლიო დონის ბანდიტებსაც შევხვდებით და ამასაც გავაპიარებთო.
_ სად წერენ ამას აფხაზები?
_ სოციალურ ქსელებში. ვინც ნორმალურია, კარგად ხვდება, თუ რას ნიშნავს სირიაში ჩასვლა და ასადთან შეხვედრა. მე ეს შეხვედრა საერთოდ არ მიმაჩნია ყურადღების ღირსად. ჩემთვის სხვა თემაა მნიშვნელოვანი. აქ ეკლესიის ამბავია მთავარი და მოსკოვი ამ საკითხის წამოწევას ცდილობს.
_ მოსკოვი ამ თემით კარგა ხანია, სპეკულირებს.
_ დიდი ხანია ცდილობენ რაღაცის გაკეთებას, მაგრამ არ გამოსდით. ჩვენს პატრიარქს მთელ მსოფლიოში მაღალი ავტორიტეტი აქვს, რაც კრემლს ბევრ რამეში უშლის ხელს. ილია მეორის გავლენა ძალიან დიდია და აფხაზეთის ეკლესიის აღიარებაზე საუბარს ყველა ერიდება. ამ თემაზე საუბარს კი აღარ ერიდება რუსეთი და ლაპარაკიდან ქმედებებზე გადავიდა.
_ ქმედებებში რას გულისხმობთ?
_ ცდილობენ, აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას რაღაც ფუნდამენტი ჩაუყარონ. ამ მიმართულებით სერიოზული ყურადღებაა საჭირო. ამას არ უნდა წავუყრუოთ. მე თეოლოგი არ ვარ და კარგად არ ვიცი, როგორ შეიძლება ამას ხელი შევუშალოთ. სათქმელი იმან უნდა თქვას, ვისაც ეს საკითხი კარგად ესმის.
_ ჩვენი თანხმობის გარეშე აფხაზეთის ეკლესია დამოუკიდებლობას ვერ მიიღებს.
_ მთლად ასეც არაა საქმე. დედა ეკლესიის თანხმობის გარეშეც შეიძლება რაღაცების გაკეთება. უბრალოდ, ახლა არ მინდა ამ სქემების გაშლა.
_ დამოუკიდებლობას ვერ ღებულობენ ჩვენი თანხმობის გარეშე, მაგრამ აფხაზური ეკლესია ფორმალურად საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. ოკუპირებულ რეგიონში ქართველი სასულიერო პირები ვერ შედიან.
_ ჩვენი სასულიერო პირები იქ ვერ შედიან. ქართული წირვა-ლოცვის ჩატარებაზე საუბარი საერთოდ ზედმეტია. რუსები და აფხაზები ცდილობენ, ეს თემაც სათავისოდ გამოიყენონ. არის საუბრები, რომ აფხაზეთში არსებობს ქრისტიანი მრევლი, რომელიც მიგდებულია, რადგან იქ სასულიერო პორები არ არიან.
_ სასულიერო პირები როგორ არ არიან, რუსეთის საპატრიარქომ რამდენიმე სასულიერო პირი მიავლინა და ამან გამოიწვია აფხაზური ეკლესიის ორად გახლეჩვა.
_ რუსები ცდილობენ აფხაზეთის ათვისებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აფხაზური ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარება მოხდება. აქ დედაეკლესიის თანხმობაა საჭირო. ამის მიუხედავად, აფხაზური ეკლესიის საკითხის მიმართ ყურადღებით უნდა ვიყოთ.
_ ისევ სირიის თემას დავუბრუნდეთ. სირიაში მრავლად ცხოვრობენ ეთნიკური აფხაზები. არაერთხელ იყო საუბარი, რომ მათ აფხაზეთში ჩამოიყვანდნენ და ქართველების სახლებში ჩაასახლებდნენ. იგეგმება თუ არა ამ ხალხის ჩამოსახლება?
_ სოხუმს ძალიან უნდოდა ამის გაკეთება, მაგრამ არ გამოვიდა. მაგალითად, ჩემს სახლში სირიიდან ჩამოსახლებული აფხაზი ცხოვრობს. ის დარჩა, მაგრამ სხვები უკან დაბრუნდნენ.
_ რატომ დაბრუნდნენ უკან, არ მოეწონათ აფხაზეთი?
_ აქაურობას ვერ შეეგუენ. კულტურული ინტეგრაცია უჭირთ. ჩემს სახლში ვინც ცხოვრობს, ის უკვე დიდი ხანია, იქ არის. კიდევ რამდენიმე დარჩა, მაგრამ დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა. მეეჭვება, სირიიდან ახალი ნაკადი ჩამოვიდეს აფხაზეთში.
_ ე. ი. აფხაზეთში დემოგრაფიული სურათის შეცვლის საშიშროება არ დგას.
_ ეს საშიშროება არ არის. სირიელები აქაურობას ვერ ეგუებიან.
_ როგორც ამბობენ, ყარაბაღიდან გამოქცეული ეთნიკური სომხების ჩასახლება იგეგმება აფხაზეთში. ამის შესახებ რას ფიქრობთ?
_ ეს კიდევ უფრო წარმოუდგენელია. შეიძლება, ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს ძალიან უნდათ აფხაზეთში ცხოვრება, მაგრამ მათ ამის უფლებას არ მისცემენ.
_ ვინ შეუშლის მათ ამაში ხელს?
_ თავად აფხაზები. სომხები ისედაც მრავლად ცხოვრობენ აფხაზეთში და დამატებით აღარავის ჩაასახლებენ. ეს გამორიცხულია.
_ მაისის ბოლოს სირიაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ამ არჩევნებზე აფხაზეთისა და ცხინვალის დელეგაცია მიდის დამკვირვებლად. არც ეს აღვიქვათ სერიოზულად?
_ არა. ეს არის სახელმწიფოებრიობანას თამაში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო აფხაზების შეფასებები, რომლებზეც ზემოთ გესაუბრეთ. აფხაზები ბჟანიას მოუწოდებენ, ბარემ, პირატებს შეხვდიო.
_ პირატები და კრიმინალები არც აფხაზებს აკლიათ. ოკუპირებულ რეგიონში ბევრი კრიმინალი იყო თავმოყრილი. ანქვაბი ცდილობდა რესპუბლიკიდან მათ გაყრას. გამოუვიდა რამე?
_ არაფერი გამოუვიდა. კრიმინალური ავტორიტეტები აფხაზეთის ტერიტორიაზე თავისუფლად დათარეშობენ. სცადეს მათ წინააღმდეგ ზომების გატარება, მაგრამ ვერ შეძლეს _ კრიმინალებს ვერ ერევიან.
_ რატომ ვერ ერევიან? ძალიან ბევრი ეთნიკური აფხაზია „კანონიერი ქურდი“ და მათი ფაქტორია? ისინი აკონტროლებენ აფხაზეთს?
_ აფხაზი „კანონიერი ქურდები“ ნამდვილად აკონტროლებენ აფხაზეთში სიტუაციას. ამ კონტროლში მათ სხვა ეროვნების „კანონიერი ქურდებიც“ ეხმარებიან.
_ ქართველებიც არიან მათ შორის?
_ ქართველებიც არიან.
_ ისინი ადგილზე არიან, თუ რუსეთიდან აკონტროლებენ სიტუაციას?
_ აფხაზეთის ტერიტორიაზე არიან და ადგილზე აკონტროლებენ სიტუაციას. მათი ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ.
_ აფხაზეთიდან ქვემო ქართლში გადავინაცვლოთ. დმანისში მომხდარმა ინციდენტმა ბევრს გაახსენა, თუ როგორ იწყებოდა კონფლიქტი აფხაზეთში. თქვენც გაგახსენათ ამ ამბავმა აფხაზეთის კონფლიქტი?
_ აფხაზეთის კონფლიქტი რატომ უნდა გამხსენებოდა? _ ის სულ სხვა რამე იყო და დმანისის ინციდენტი სულ სხვაა. მათ არანაირი საერთო არ აქვთ. დმანისში რაც მოხდა, ამაზე ეთნიკურ კონფლიქტს ვერავინ იტყვის. ეს გამორიცხულია.
_ რატომ არის გამორიცხული?
_ იმიტომ, რომ ჩვენსა და აზერბაიჯანელებს შორის ეთნიკური კონფლიქტი არ მოხდება.
_ ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ?
_ ჩვენ შორის ასეთი კონფლიქტი არასდროს ყოფილა და არც მომავალში იფეთქებს. აზერბაიჯანი ერთადერთი მეზობელია, რომელთანაც ისტორიულად არასდროს გვქონია ასეთი გაუგებრობა. ამას აზერბაიჯანელები დიდად აფასებენ. დმანისში მომხდარს რაც შეეხება, ყველაფერი დაიწყო ყოფით ნიადაგზე. სამართალდამცველ სტრუქტურებს დროულად რომ ემოქმედათ, ეს გაუგებრობაც არ მოხდებოდა. ეთნიკურ შუღლს კატეგორიულად გამოვრიცხავ. ექსპერტების ნაწილი კი ფიქრობს ეთნოკონფლიქტზე, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს რომ ეთნიკური კონფლიქტი ყოფილიყო, ის ორ დღეში არ დამთავრდებოდა.
აზერბაიჯანი ერთადერთი მეზობელია, ვისთანაც არ გვიომია. მახსოვს, როგორ გვეხმარებოდნენ აგვისტოს ომის დროს საწვავით. დარწმუნებული ვარ მომავალშიც ასე გაგრძელდება. საქართველოს ტერიტორიაზე რამდენჯერმე იყო შეიარაღებული კონფლიქტი. აფხაზეთში ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდნენ რუსებიც, ეთნიკური სომხებიც და თურქეთიდანაც კი ჩამოვიდნენ. ეთნიკური აზერბაიჯანელები კი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ. 1993 წლის სექტემბრის შემდეგ პირველი საპარლამენტო დელეგაცია სოხუმში სომხეთიდან ჩავიდა. აზერბაიჯანელებს იქით არც კი გაუხედავთ.
საერთაშორისო სტრუქტურებში არაერთხელ განიხილებოდა ჩვენი საკითხი. აზერბაიჯანი ყოველთვის ჩვენ სასარგებლოდ აძლევდა ხმას. გაერო ყოველ წელს ღებულობს აფხაზეთში ქართველი დევნილების რეზოლუციას. აზერბაიჯანი ამ რეზოლუციას ყოველ წელს უჭერს მხარს. სომხებს არასდროს დაუჭერიათ ამისთვის მხარი. მე არ მაინტერესებს, რა მიზეზით არ გვიჭერდნენ ისინი მხარს. ჩემთვის მთავარი არის შედეგი.
ექსპერტები ცდილობენ, რომ დმანისის ინციდენტი გააბუქონ. ზოგიერთი საქმის კურსში არ არის და ამიტომ აკეთებს მცდარ ანალიზს. ვიღაცები ცდილობენ, ეს ინციდენტი სათავისოდ გამოიყენონ.
_ ამ ინციდენტის სათავისოდ გამოყენება არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ უცდია.
_ არც შეეცდებოდნენ. ყველას ესმის, რომ ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის სხვა დამოკიდებულებაა. სიტუაციას „ექსპერტები“ ამძიმებდნენ. გულწრფელად გეტყვით, როცა ამბობენ სიტყვა ექსპერტს, მეცინება.
_ რატომ გეცინებათ? ექსპერტობა სასაცილოა?
_ სასაცილოა, აბა, რა არის? როგორ შეიძლება, ყველა ექსპერტი იყოს? თან არც ის ვიცით, ვინ მისცა ექსპერტის სტატუსი. ეს ექსპერტები საოცარ პროგნოზებს აკეთებენ. მათი პროგნოზები რომ ავიღოთ და გადავხედოთ ვნახავთ, რომ 90% არ შესრულდა.
_ კიდევ კარგი, რომ არ სრულდება, საშინელი პროგნოზები აქვთ ჩვენს ექსპერტებს.
_ ამიტომ მეცინება, სიტყვა ექსპერტი რომ მესმის.
_ აფხაზი ახალგაზრდების დასაქმების თემას დავუბრუნდები, რომელსაც თქვენ მზაკვრული გეგმა უწოდეთ. ეს საბოლოოდ დაგვაკარგვინებს აფხაზეთს?
სერიოზული საფრთხეა! ამ მიმართულებით ინსტიტუციური მუშაობა მიდის. ჩვენ არაფერს ვაკეთებთ. აფხაზეთზე ჩემ გარდა არავინ აღარ საუბრობს. მეც დავიღალე ამ თემაზე საუბრით. დავიღალე იმიტომ, რომ არანაირი რეაქცია არ არის.
_ ხელისუფლება გავიგე, მაგრამ ხალხს რატომ აღარ აქვს რეაქცია? შევეგუეთ აფხაზეთისა და ცხინვალის დაკარგვას?
_ ასე გიპასუხებთ: სადღეგრძელოებში არ შეეგუა ჩვენი ხალხი ტერიტორიების დაკარგვას, ისე კი არ ვიცი.
შორენა მარსაგიშვილი