QronikaPlus
მამუკა გამყრელიძე :„ოპოზიციის ამომრჩეველი ახლა ძალიან გულგატეხილია“

მამუკა გამყრელიძე :„ოპოზიციის ამომრჩეველი ახლა ძალიან გულგატეხილია“

2021-06-20 06:27:33

საქართველოში 3 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით ჩამოვიდა. სენატორებმა შეხვედრები გამართეს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

სენატორებმა გააკეთეს განცხადებები. ასევე 3 ივნისს საქართველოს უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ეწვია.

რა იყო სენატორების ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები? რა დატვირთვა აქვს პრემიერ-მინისტრ შმიგალის ვიზიტს და მის განცხადებებს საქართველოსთვის? რა პოლიტიკური მოცემულობა გვაქვს მას შემდეგ, რაც ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო? რა გეგმები აქვს პარტია „ევროპელ დემოკრატებს“ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე?
ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“ „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურ მდივან მამუკა გამყრელიძეს ესაუბრა:

_ ბატონო მამუკა, სენატორების გზავნილებიდან რა იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

_ მკვეთრი განცხადებები არ გაკეთებულა. რეალურად, ეს იყო ბიპარტიული გაცნობითი ვიზიტი. ეს ადამიანები ჩამოვიდნენ იმისთვის, რომ ამბავი ჩაიტანონ იმის შესახებ, რაც საკუთარი თვალით ნახეს. არათუ დიპლომატების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, არამედ თავად გაეცნობიან ადგილზე ვითარებას, _ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაციაა. რაც შეეხება მათ გზავნილებს, მთავარი გზავნილი ეს იყო მათი ვიზიტი საოკუპაციო ხაზზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკა მკაფიოდ გამოხატავს საკუთარ ინტერესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და რომ ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. სენატორების ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან დიპლომატიურ ენაზე სწორედ ამას ნიშნავდა. ის, რომ სენატორი პორტმანი ჩამოვიდა ჯინ შაჰინთან ერთად, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან პორტმანს უზარმაზარი გამოცდილება აქვს საფინანსო კუთხით, ის შტატების სავაჭრო წარმომადგენელი და სენატის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე იყო. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, ვივარაუდოთ, რომ პორტმანის ვიზიტს მნიშვნელობა აქვს საქართველოს შემდგომი დაფინანსების კუთხით. რა თქმა უნდა, საქართველოს ფული სჭირდება _ ჩვენ არ გვაქვს და ვერც ვშოულობთ ამ ფულს. ექსპორტი ძალიან მწირია, დიდი დისბალანსია ექსპორტსა და იმპორტს შორის. რეალურად, მთავარი იყო ის, რომ სენატორებისა და ევროპარლამენტის მონიტორინგის დელეგაციის გზავნილი სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით დაემთხვა, რაც, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია, რადგან სასამართლო რეფორმის გარეშე სხვა რეფორმები ვერ განხორციელდება. ამიტომაც გვაქვს ჩვენ ასეთი პრობლემური საკითხები, მათ შორის, ეკონომიკაში კორუფციის აღმოფხვრა სრულად ვერ მოხერხდა, ვერ დაიხვეწა საარჩევნო სისტემა. საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, პოლიტიკოსებიც ვერ ახერხებენ მიაღწიონ სამართალს, სასამართლოში კლანური სისტემაა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ჩამოყალიბდა და უკვე რვაფეხას მსგავსად მოედო ქართულ მართლმსაჯულებას. ამიტომ სასამართლო სისტემის რეფორმა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამას სჭირდება მონიტორინგი, როგორც ევროპელების, ასევე ამერიკელების მხრიდან. გარდა ამისა, სჭირდება პარლამენტში ოპოზიციის ძალიან სერიოზული ჩართულობა და კარგია, რომ ისინი პარლამენტში შევიდნენ. ოპოზიციის მხრიდან ამ კუთხით აუცილებელია შემოთავაზებების გაკეთება, როგორი ხედვები აქვთ მათ სასამართო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით. ხელისულების ხედვა ამ მიმართულებით ცნობილია, არც ერთი მმართველი გუნდი არ იზრუნებს, რეალურად, იმაზე, რომ ეს სასამართლო სისტემა გამოსწორდეს, რადგან ყველა ხელისუფლებას აწყობს ასეთი სასამართლო სისტემა, _ საკუთარი ინტერესების გასატარებლად იდეალურად იყენებს. ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია კოალიციური მთავრობა, თუ, რა თქმა უნდა, ამას როდესმე მივაღწევთ.

_ თქვენ დასაწყისში აღნიშნეთ, რომ სენატორები ადგილზე გაეცნობიან ქვეყანაში არსებულ ვითარებას. რა შეიცვლება მათი ამ ვიზიტის შემდეგ, თუნდაც, დასავლეთიდან გზავნილების ნაწილში?

_ ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი ადმინისტრაცია ჰყავს და ამ პირობებში მნიშვნელოვანია, რომ სენატორები ადგილზე გაერკვნენ ვითარებაში. ტრამპის ხელისუფლება უფრო ჩაკეტილი იყო, ძირითადად, ორიენტირებული იყვნენ ამერიკის შიდა პრობლემებზე. ამის მიუხედავად, უსერიოზულესი დახმარება გაუწიეს უკრაინას სამხედრო შეიარაღების თვალსაზრისით, საქართველოს მიმართ კი ნაკლები ინტერესი ჰქონდათ. ამ მოცემულობაში იმედი მაქვს, ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი ურო გაიზრდება, დაინტერესდებიან და, შესაბამისად, გადადგამენ ნაბიჯებს, ყოველ შემთხვევაში, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

_ გასულ კვირას საქართველოს ასევე სტუმრობდა უკრაინის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს შესთავაზა უკრაინულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომისიის აღდგენა. როგორ შეაფასებთ დენის შმიგალის ამ ინიციატივას?

_ საქართველო და უკრაინა ერთიან სივრცეში ვართ შავი ზღვის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენ პოსტსაბჭოთა ქვეყნები ვართ, ასევე ერთგვარ ბუფერებს წარმოვადგენთ ნატოსა და რუსეთს შორის. ცხოვრებამ ისე მოიტანა, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა გავუწიოთ ძალიან სერიოზული დახმარება, მათ შორის, ეკონომიკურიც. უკრაინა ერთ-ერთი აქტიური ექსპორტ-იმპორტიორია, სავაჭრო მოკავშირე, მაგრამ, ყველაფერთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური ურთიერთობები. ორივე ქვეყანა ვაცხადებთ პრეტენზიას ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ფაქტი ის არის, რომ ჩვენ ძალიან მყარი თანამშრომლობა უნდა გვქონდეს. უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში ძალიან საინტერესო პასაჟი იყო სააკაშვილის მიმართულებით, რასაც შემდეგ სააკაშვილი გამოეხმაურა და უკმაყოფილება გამოხატა. გამიკვირდა მიხეილ სააკაშვილის ეს რეაქცია, მას არ უნდა წყენოდა შმიგალის ეს განცხადება. ამ მოცემულობაში მნიშვნელობა არ აქვს, სააკაშვილი იყო თუ არა პრეზიდენტი, ის ძებნილია ამ ხელისუფლების მიერ. შმიგალს აუცილებლად უნდა ეთქვა, რომ სააკაშვილი არის მათი გუნდის წევრი ეკონომიკურ საკითხებში, მაგრამ უკრაინის საგარეო პოლიტიკაზე ის ვერანაირ გავლენას ვერ და არც ახდენს, _ ეს თქვა კიდეც და ძალიან სწორი გზავნილი იყო. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ეწყინა ეს სააკაშვილს, მას ძალიან კარგად ესმის და იცის დიპლომატების ენა. შმიგალმა ამ კუთხით ძალიან სწორი დიპლომატიური გადახვევა გააკეთა, თავისი ამ განცხადებით ეს საკითხი მოხსნა დღის წესრიგიდან, რადგან იყო წყენა როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის მხრიდანაც. მეტიც: უკრაინაში საქართველოს ელჩიც კი გამოიწვიეს, _ ეს აბსურდული გადაწყვეტილება იყო, თუმცა ელჩი უკვე დაბრუნდა უკრაინაში. კავშირები აღდგა და ისევ ნორმალურ მოცემულობაში დაბრუნდა.

_ 7-თვიანი ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა ძალამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო, რის შედეგადაც პარლამენტში ყველა ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი, გარდა ლეიბორისტული პარტიისა. თავიდანვე ხომ არ დაუშვა ოპოზიციამ შეცდომა, როცა ბოიკოტის გზას დაადგა?

_ თავდაპირველად, რაღაც გაბრძოლება, ალბათ, საჭირო იყო, თუმცა არა 7-თვიანი ბოიკოტის რეჟიმი. თუ ოდნავ მაინც ერკვევი ქართულ პოლიტიკაში და მცირე გამოცდილება გაქვს, უნდა იცოდე, რომ ერთიანობა და ბოიკოტი დიდხანს ვერ გაგრძელდება. ეს „ფანჩატურის ფორმატი“ იმდენად ეკლექტური იყო, რომ სრულიად სხვადასხვა შეხედულების პოლიტიკოსების, განსხვავებული იდეოლოგიის პარტიები იყვნენ წარმოდგენილნი, აქედან გამომდინარე, ამ ერთობას საბოლოო მონოლითობა არ და ვერც ექნებოდა. ამ ფორმატში იყვნენ გარკვეული პარტიების წარმომადგენლები, რომლებსაც ჰქონდათ იმედი, რომ ეს ერთობა შენარჩუნდებოდა. ჩემი აზრით, ეს იყო უფრო ილუზია. შესაძლებელია, იმის იმედი ჰქონდათ, რომ იმ ბულინგის საშუალებით, რასაც ისინი პატარა პარტიებზე ახორციელებდნენ, მოახერხებდნენ მათ შენარჩუნებას. ამ ბულინგის მათ ეშინოდათ.

_ თქვენ იზიარებთ მოსაზრებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ მძევლად ჰყავდათ აყვანილი სხვა ოპოზიციური პარტიები?

_ ამას ვერ ვიტყოდი, რადგან ეს შეფასება გადაჭარბებული მგონია. უბრალოდ, არც ერთ პოლიტიკოსს არ უყვარს, როცა მას თავს ესხმიან და ამას ერიდებიან, შავი პიარის აგორება არავის სურდა. გარდა ამისა, საქართველოში ფსიქოლოგიური მომენტია, რომ ქართველებს უყვართ ერთიანობა, რაც მათში უფრო მეტი სიძლიერის შეგრძნებას იწვევს. ამიტომ არ სურდათ პარტიებს, რომ რომელიმეს დაბრალებოდა ამ ერთიანობის დაშლა. მას შემდეგ, რაც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები შევიდნენ პარლამენტში და „სოციალისტებად“ გადაიქცნენ, „გირჩის“ წევრები კი პარლამენტის დერეფანში გამოჩნდნენ, ცხადი გახდა, რომ ეს ოპოზიციური ერთობა აუცილებლად დაიშლებოდა. ამ ყველაფერს კი ხელი შეუწყო შარლ მიშელის ჩამოსვლამ და შემდეგ უკვე დანიელსონის მიერ გამართულმა მოლაპარაკებებმა.

_ გარდა ამ ფაქტორებისა, ოპოზიციური ერთობის დაშლის ყველაზე მთავარი მიზეზი ის ხომ არ იყო, რომ ქართველი ხალხის დიდი ნაწილი არ იდგა ოპოზიციის გვერდით?

_ ოპოზიციური ერთობა შენარჩუნდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნებოდა ქართველი ხალხის მკაფიო მოთხოვნა.

_ ეს ხალხი არც საპროტესტო აქციებზე გამოვიდა. ვერ დაარწმუნეთ ოპოზიციამ, რომ არჩევნები გაყალბდა?

_ როგორ უნდა დააჯერო ამომრჩეველი, როცა საარჩევნო ოქმებს ხელს აწერს ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი? ამავდროულად, საჩივრების რაოდენობა მინიმალური იყო. ის, რომ სასამართლოს გზით ვერ მოხერხდა ამ საჩივრების დაკმაყოფილება, ეს უკვე ხელისუფლების ბრალია, მაგრამ ფაქტია, რომ ხალხს არ უნდოდა საპროტესტო აქციებზე მისვლა. ყველას გვახსოვს, რა მასშტაბის აქციები იმართებოდა სააკაშვილის წინააღმდეგ, ხალხი საშინლად გაღიზიანებული იყო, წინა ხელისუფლებას საზოგადოების უმრავლესობა ვეღარ იტანდა. ქართველი ამომრჩევლის გარკვეულ ნაწილში გადამწყვეტი ფაქტორი ხმის მიცემის დროს არის ის, რომ ოღონდ სააკაშვილი არ დაბრუნდეს. აქედან გამომდინარე, თუ ლოგიკურად აზროვნებ, უნდა მიხვდე, რომ აქციებზე ბევრ ხალხს ვერ გამოიყვან. თუ აქციაზე ბევრი ხალხი არ გამოვიდა და ამან მასშტაბური სახე არ მიიღო, ხელისუფლებას ვერაფრის გაკეთებას აიძულებ. მაგალითად, გავიხსენოთ 20 ივნისი, როცა უამრავი ადამიანი გამოვიდა, უცებ აფეთქდა სიტუაცია, რის შედეგადაც ივანიშვილი იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო და ეთქვა, რომ 2020 წელს პროპორციული არჩევნები იქნება. როდესაც ეს პროტესტი ჩაცხრა, რაშიც ვიღაც-ვიღაცებმა მიიღეს მონაწილეობა და ამას ახლა არ დავაკონკრეტებ, ხელისუფლებაც დამშვიდდა და გამოჩნდნენ მაჟორიტარები, რომლებმაც თქვეს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არ უნდოდათ და საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა. ეს მაჟორიტარები კი „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში აღმოჩნდნენ. ყველაზე შეურიგებელი ოპოზიციის ლოზუნგებით გამოდიან, ეს დიქოტომია მათ თავებში ძალიან მაოცებს. საბოლოო ჯამში, რა უნდათ, გაუგებარია და ხალხიც იბნევა. ის პოლიტიკოსები, რომლებიც ვითომ მყარად იდგნენ ხალხთან ერთად, მოულოდნელად, სრულიად სხვაგან აღმოჩნდენ, ის ხალხი კი, ვინც ბატონ ბიძინას წლების განმავლობაში გვერდით ჰყავდა, შემდეგ კი მათი გზები გაიყო, უცებ გადმოლაგდნენ რადიკალურ ოპოზიციაში. რეალურად, ხალხმა ხომ უნდა იცოდეს, ვის აძლევს ხმას? ჩვენი ხალხი იმსახურებს, ეს იცოდეს, თუმცა რაც უკვე აღვნიშნე, ამ ვითარების გამო ხალხი დაბნეულია.

_ საზოგადოებაში ისედაც არის პოლიტიკის მიმართ ნიჰილიზმი და რიგ შემთხვევაში ნიჰილიზმს მიზანმიმართულად აღვივებენ, თუმცა ის ფაქტი, რომ ოპოზიციამ 7-თვიანი ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში კუთვნილი ადგილები დაიკავა, ხომ არ გაზრდის ნიჰილიზმს და ადგილობრივ არჩევნებზე უფრო მეტი ოპოზიციური ამომრჩეველი დარჩება სახლში?

_ რაც არ უნდა დამოკიდებული იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ოპოზიცია მაინც ვერ მოახერხებს რეგიონებში ამომრჩევლის დარწმუნებას იმაში, რომ ახლა ოპოზიციონერმა თუ გაიმარჯვა, ის უკეთესი იქნება, ვიდრე ხელისულების წარმომადგენელი, რადგან გამარჯვების შემთხვევაში მმართველი გუნდის წარმომადგენელს ბიუჯეტიდან რაღაც დაფინანსებას მისცემენ, ოპოზიციონერს კი _ საერთოდ არაფერს. კრიჭაში ჩაუდგება ცენტრალური ხელისუფლება. ადამიანები ამას ძალიან პრაგმატულად უყურებენ, ზოგს წყალი უნდა, ზოგს _ გზა, გაზი და ა. შ. ამომრჩეველი ფიქრობს პირად სარგებელზე. ეს ადგილობრივ არჩევნებზე ძალიან კარგად ჩანს. ისიც ჩანს, რომ ხელისუფლება ადგილობრივი არჩევნების შედეგად არ იცვლება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა ადგილობრივი არჩევნების შედგებზეა დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, მართლაც რაღაც უნდა მოხდეს, „აფეთქდეს“ ყველაფერი და ხელისუფლებამ ვერ აიღოს 43%.

_ როგორც ჩანს, ხელისუფლებამ დათვალა და გათვალა ეს 43%, რომ ისინი ამის აღებას შეძლებენ. ოპოზიციამ საერთოდ იფიქრა ამ მიმართულებით? თავიდანვე წაგებულ თამაშზე დათანხმდნენ?

_ თავიდანვე წაგებული თამაში იყო, როცა საპარლამენტო არჩევნებზე ჩამკეტად 40% მოითხოვეს. საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში კი სხვა მოცემულობაა, ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა და განცდა, რომ ერთი ხმით შეუძლია შეცვალოს ხელისუფლება. თვითმმართველობის არჩევნების შემთხვევაში კი, პირველ რიგში, ძალიან რთულია ამომრჩევლის გამოყვანა. დაახლოებით, მილიონ-ნახევარი ამომრჩეველი მივა არჩევნებზე, მათ შორის, მეტი წილი ხელისუფლების მიერ მიყვანილი იქნება, რადგან მმართველი გუნდი დარაზმავს ამომრჩეველს. რაც შეეხება ოპოზიციის ამომრჩეველს, იგი ახლა ძალიან გულგატეხილია. იმ მიზეზის გამო, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია პარლამენტში შევიდა, არავისთვის არის საიდუმლო, რომ მათი ამომრჩევლის უმრავლესობა ითხოვდა ბოიკოტის გაგრძელებას. განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობისგან“, ლეიბორისტულ პარტიას ამომრჩეველი მოემატება ოპოზიციის იმ იმედგაცრუებული ამომრჩევლისგან, რომელსაც უნდოდა ბოიკოტის გაგრძელება. უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის გასაკვირია „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე. ყოველ შემთხვევაში, მათ ამ გადაწყვეტილების გამო ამომრჩეველი შეუმცირდებათ. გარდა ამისა, ოპოზიციას ამომრჩეველი შეუმცირდება იმ დაპირისპირების გამოც, რომელიც ერთმანეთთან აქვთ და დღემდე გრძელდება. როდესაც ადამიანს ეუბნები, რომ თუ პარლამენტში შეხვალ, დეპუტატი კი არა პუფი იქნებიო და ამის შემდეგ თავად შედიხარ, ეს შესაბამის რეაქციას იწვევს საზოგადოებაში. ამიტომ ზოგჯერ ასეთი განცხადებების გაკეთებას სჯობს, გაჩუმდე და, უბრალოდ, თქვა, რომ არ ეთანხმები. იგივე „გირჩის“ მიმართ იყო ძალიან მძაფრი განცხადებები, ისინი კი წყლის თოფებით აპირებდნენ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების გაწუწვას. ეს ყველაფერი ბავშვურ თამაშებს დაემსგავსა. თუ გავიხსენებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდს და მერვე მოწვევის პარლამენტის მუშაობას, მათი პირველი საკანონმდებლო ინიციატივა იყო ბუსუსებიანი პრეზერვატივების აკრძალვა. სწორედ აქედან დაიწყო საპარლამენტო საქმიანობის პროფანაცია და დაკნინება, ეს იყო ივანიშვილის მიზეზი, ის შემთხვევით არაფერს აკეთებს. საბოლოოდ კი მივედით ამ მოცემულობამდე.

_ რა შემთხვევაში შეიძლება ვერ აიღოს „ქართულმა ოცნებამ“ 43% და რა რესურსები აქვს ოპოზიციას?

_ რაღაცამ უნდა „გაისროლოს“. არავინ იცის, რომელი ბუჩქიდან გამოხტება სხვა გავრილოვი ან შესაძლებელია რაღაც მოხდეს, ეს ყოველთვის დასაშვებია, ზოგადად, პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი ქართულ პოლიტიკაში, რადგან იგი ემოციური პოლიტიკაა. ანალიტიკურ აზროვნებას უფრო ემოციური მიდგომა გვირჩევნია. ერთი ვარიანტი არის ეს, ხოლო მეორე ვარიანტი მინდოდა მეფიქრა, რომ გახარიას პოლიტიკურ ველზე გამოჩენა იქნებოდა, რომელიც მნიშვნელოვნად აიღებდა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის ხმებს და მესამე ძალის როლს ითამაშებდა, მაგრამ ამის შანსს ჯერ ვერ ვხედავ. საზოგადოება გახარიასგან ომახიან დაქუხებას ელოდა, თუმცა მან ამის ნაცვლად თქვა, რომ არავის წინააღმდეგ არ იქნება. გავიხსენოთ სააკაშვილის გამოსვლა პარლამენტში, როცა მან ხელი გაიშვირა და თქვა, ეს ნაგავი უნდა გავხვეტოთ აქედანო, _ ეს შევადაროთ გახარიას პოლიტიკაში შემოსვლას, რომელსაც სურს, ყველაფერი კარგად იყოს, მაგრამ არავის ეჯეხება. ამავე დროს, გახარიას ჯერ კიდევ აქვს პრემიერის სინდრომი. არ ვიცი, რომელმა პიარმენეჯერმა ურჩია პრესკონფერენციის იმ ფორმატით ჩატარება, როცა მოქმედი პრემიერი ზის სუფრის თავში და თამადობს ჟურნალისტებს. ვინმეს უნდა ერჩია, რომ ეს არ იყო მედიასთან კომუნიკაციის სწორი ფორმა. გახარიასგან მეტს ველოდი, საბოლოოდ კი არ იყო დამაჯარებელი. აქედან გამომდინარე, გამიჭირდება იმის თქმა, რომ ორნიშნა ციფრს მიაღწევს მისი პარტიის შედეგი თვითმმართველობის არჩევნებზე. ორნიშნა ციფრი იმას ნიშნავდა, რომ ის სერიოზულად შეაზანზარებდა ხელისუფლებას.

_ დაიწყეთ თუ არა „ევროპელმა დემოკრატებმა“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისი და რას გეგმავთ?

_ ჩვენ ვითვლებით საპარლამენტო პარტიად, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო არ გვყავს დეპუტატი, რადგან თავად ვთქვით უარი სიაში მოხვედრაზე. სიაც არ იყო ჩვენთვის მისაღები. გარდა ამისა, „ნაციონალებთან“ ურთიერთობა წლების განმავლობაში იძაბებოდა და ბოლოს კულმინაციას მიაღწია. ამაზე ხმამაღლა განცხადება არ გაგვიკეთებია. მთავარი წყალგამყოფი იყო სია, რომლის დაკომპლექტების წესი არ მოგვეწონა. უბრალოდ, იმ მომენტში სიტუაცია არ გავამწვავეთ, რადგან საერთო მოწინააღმდეგე გვყავდა „ქართული ოცნების“ სახით. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში არ გვყავს დეპუტატი, ვართ კვალიფიციური პარტია. საკმაოდ კარგი დაფინანსებაა ხელისუფლებიდან, რის გამოყენებასაც ვაპირებთ და ძალიან აქტიურად ჩავერთვებით ადგილობრივ არჩევნებზე. ახლა ვფიქრობთ, სად უფრო აქტიურად ჩავერთოთ. ფოკუსირებულად გვინდა ვიმოქმედოთ, რადგან გაშლას ვერ მოვახერხებთ, ამის შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გვაქვს. თბილისში ძალიან მაღალია კონკურენცია, ამიტომ შესაძლებელია, ჩვენი საფინანსო ძალები სხვაგან მოვახმაროთ, სადაც უფრო წარმატებულები ვიქნებით. საბოლოო ჯამში, გვინდა ხმების გარკვეული რაოდენობა მივიღოთ. მე არ ვგულისხმობ ორნიშნა ციფრებს, რეალურად ვუყურებ ამას. თუმცა გვინდა, ეტაპობრივად დავიწყოთ რეიტინგის აწევა, ასევე შევცალოთ პარტიის სტრუქტურა, უფრო გავზარდოთ იგი. ჯერჯერობით, არ გვაქვს გადაწყვეტილი, გვეყოლება თუ არა მერობის კანდიდატი რომელიმე დიდ ქალაქში. ამ არჩევნებზე საარჩევნო ბლოკები არ იქნება, შესაბამისად, ცალ-ცალკე გადის ყველა პარტია, კოორდინაციის დონეზე იქნება შესაძლებელი ურთიერთობები. ფაქტია, ეს ადგილობრივი არჩევნები სერიოზული ეტაპი გახდება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. თუ ხელისულება ვერ აიღებს 45%-ს, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება, თუ მოახერხებს 43%-ზე მეტის აღებას, ასეთ შემთხვევაში მოგვიწევს საპარლამენტო არჩევნების თარიღს 2024 წლამდე გადატანა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არჩევნები უნდა განვიხილოთ, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილობრივი არჩევნები, რაც კი ბოლო წლებში ყოფილა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური ველი შეიცვლება. შესაძლოა, პარტიები ან საერთოდ გაქრნენ ან გამსხვილდნენ. მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი 5%-ია, თან საარჩევნო ბლოკები არ იქნება, ამიტომ პატარა პარტიებს შანსები უმცირდება და შესაძლებელია, ეს პატარა პარტიები გაერთიანდნენ, თუმცა ვნახოთ, რა იქნება. გარკვეული პარტიები შევიკრიბეთ და პარლამენტის თავმჯდომარესთან შევიტანეთ წინადადება, რომ ბლოკები დაუშვან. მე პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზეც ვთქვი, _ გააჩნია, რა არის ხელისუფლების მიზანი, _ ის, რომ პარტიები გამსხვილდნენ და დარჩეს რამდენიმე პარტია, თუ იყოს დემოკრატია და პოლიტიკური მრავალფეროვნება. ამ შემთხვევაში ცხადია, იყოს დაბალი ბარიერი და საარჩევნო ბლოკები.

ნენე ინჯგია

გაზიარება