- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-11-14 05:05:45
გიორგი საკარული
იყო პრინციპული, ღირსეული, თავმოყვარე, წარმატებული ხელოვანი და გქონდეს ხალხის დიდი სიყვარული, _ ეს ყველაფერი ერთად დიდი ფუფუნებაა იმ საქართველოსთვის, სადაც ყოველი მეორე მომღერალი გროშებზე იყიდება და ნებსით თუ უნებლიეთ არ გააჩნია მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არც ის ჩვევები, რაც დასაწყისშივე აღვნიშნე.
მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი მისი კოლეგებისგან იმით განსხვავდება, რომ ყოველთვის ხმამაღლა აფიქსირებს აზრს მისთვის მიუღებელ და ქვეყნისთვის დამანგრეველ კურსზე. სხვა კოლეგებისგან განსხვავებით, მას არც კონცერტების დაბლოკვის ეშინოდა, არც კონკრეტულ პიროვნებას უფრთხოდა და ღირსებას ყოველთვის ინარჩუნდებდა.
იყო გულწრფელი როგორც საქმეში, ისე ცხოვრებაში, _ ამას მაყურებელი კარგად ამჩნევს. აღსანიშნავია, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველ მომღერალს აშშ-ში მუდმივი ცხოვრების უფლება მისცა და ის აღიარა როგორც ექსტრაორდინალური ტალანტის მქონე არტისტი. ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში დაგეგმილი ორი სოლო კონცერტის შემდეგ მომღერალი საქართველოში ჩამოვა და მონატრებულ მსმენელს დეკემბერში შეხვდება.
„ქრონიკა+“ ნოდიკო ტატიშვილს ამერიკაში დაუკავშირდა:
_ ნოდიკო, დიდი ხანია, ინტერვიუ არ გვქონია და თუ გვქონდა, ყოველთვის ერთი კონკრეტული რუბრიკის ფარგლებში. ეს ის შემთხვევაა, როცა შენც არ გამოჩენილხარ საქართველოში, ამერიკაში ხარ და პირველ რიგში, მოგიკითხავ, როგორ ხარ?
_ უკეთესადაც შეიძლებოდა ვყოფილიყავი. ზოგადად, ჩემი შინაგანი შეგრძნებები, ემოციები და კარგად ყოფნა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება ჩემს სამშობლოში. დარწმუნებული და იმედიანად ვარ, რომ ყველანი უკეთ ვიქნებით, როცა ჩვენი ქვეყანა იქნება უკეთ. რაც შეეხება ამერიკას, მე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მაღიარა, როგორც ექსტრაორდინალური ტალანტის არტისტი, ასეთი სტატუსი მომანიჭა ჩემ მიერ წარდგენილი ქეისის საფუძველზე და გადმომეცა მუდმივი ცხოვრების უფლება, ე. წ. მწვანე ბარათი, რითიც შემიძლია ამერიკაში ცხოვრება, მუშაობა, რომ წარმატებებს მივაღწიო და მაქვს ამ კუთხით ბევრი გეგმა, ვასახელო ჩემი ქვეყანა. მინდა, რომ მონაწილეობა მივიღო სხვადასხვა ქასთინგში, კონკურსებში, რადგან ამერიკა არის რეალური ოცნებების ასრულების ქვეყანა და არა ისეთი, როგორიც ჩვენი ქვეყანაა. მინდა, რომ ის დიდი ნატვრა, რაც მაქვს, ავისრულო და დიდ მასშტაბებზე მივაღწიო წარმატებას. რაც აქამდე მინატრია, ყველაფერი ამსრულებია. დაახლოებით დეკემბრში ჩამოვდივარ საქართველოში, მერე გაზაფხულზე ისევ ამერიკაში წამოვალ. მოკლედ, ეს არის ახლა ჩემს ცხოვრებაში ისეთი პერიოდი, რომ აქეთ-იქით მომიწევს სიარული.
_ მთავარია, ამერიკაში მუდმივი ცხოვრების უფლება გაქვს, ოფიციალურად ხარ და შეგიძლია ბევრი რამის გაკეთებაც.
_ კი, ოფიციალურად ვარ და თან ისეთი სტატუსი მაქვს, გულს რომ უხარია და ძალიან დაფასებულად ვგრძნობ თავს ამ კუთხით. ეს სტატუსი მივიღე ჩემივე მიღწევებიდან გამომდინარე. ის, რომ კარგად მღერი, ბევრს არ ნიშნავს, უნდა გქონდეს წარმატებები, მიღწევები სხვადასხვა ქვეყანაში, უნდა გქონდეს დიპლომები, სიგელები, ჯილდოები და ა. შ. ამერიკა საოცარი სახელმწიფოა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ფასს კარგავს, როცა შენს სამშობლოში ხდება ის, რასაც არ ვუსურვებდი საქართველოს. იმედი მაქვს, დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდებით და ხალხის ნება ყოველთვის გაიმარჯვებს.
_ რამდენი ხანია, რაც ამერიკაში ხარ?
_ ხუთი თვეა, რაც წამოსული ვარ და 16 ნოემბერს ვმღერი ნიუ-იორკში; 23 ნოემბერს გიორგობას ვმღერი ფილადელფიაში, იქაც სოლო კონცერტი მაქვს და დეკემბერში წამოვალ.
_ ხუთი თვეა, წასული ხარ და მინდა გითხრა, რომ ბევრი რამ შეიცვალა ამ დროის განმავლობაში. როგორია ეს პერიოდი ამერიკიდან დანახული საქართველო?
_ ძალიან რთულია იმ ყველაფრის ყურება, რაც საქართველოში ხდება. პირველ რიგში, ძალიან მინდა, რომ გავიდე ქუჩებში და ამ აქციებზე ვიარო. აქ რაც ტარდება, ყოველთვის გავდივარ და ჩემი ქვეყნის მონატრებას გამოვხატავ, ასევე არამზადობას ვაპროტესტებთ ქართველ ემიგრანტებთან ერთად. ჩემს თავს ემიგრანტს ვერ დვარქმევ, რადგან სრულად არ გადმოვსახლებულვარ აქეთ. მინდა გითხრათ, რომ საოცარი ემიგრაცია ცხოვრობს ამერიკაში, ძალიან ეროვნული, პატრიოტული. ყველამ ვიცით, თუ რატომ ცხოვრობს ეს ხალხი აქ, _ ეკონომიკური მდგომარეობაა საქართველოში საშინელი და ვერ ახერხებენ მანდ ოჯახების შენახვას. ამიტომ უწევთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტვა, რომ არჩინონ თავიანთი ოჯახები. ამით ბედნიერი არავინ არის, თუმცა ბედნიერი ხარ იმ კუთხით, რომ გაქვს შესაძლებლობა, იცხოვრო ისეთ ქვეყანაში, რომელიც გაძლევს საშუალებას, იმუშაო და მიაქციო ყურადღება შენს ოჯახს. მეორე კუთხით ყველას ურჩევნია, რომ იყვნენ თავიანთ ოჯახებში, თავის ქვეყანაში, მეგობრებთან და სამშობლოში. ხშირად ვსაუბრობ ქართველებთან და ყველას აქვს დიდი მოლოდინი, რომ აუცილებლად უნდა დალაგდეს ყველაფერი და საბოლოოდ ყველას სურს, დაბრუნდეს სამშობლოში და ელემენტარულად იმის პირობები იყოს, რომ იცხოვრონ მშვიდად და ეონომიკურად უზრუნველყონ თავიანთი ოჯახები. ძალიან რთული ემიგრანტის ცხოვრება და ყოველდღიური რუტინა, მით უმეტეს, ამერიკაში.
_ შენი ყოველდღიური ამერიკული რუტინა როგორია, რას აკეთებ, რით ხარ დაკავებული?
_ არის ქასთინგები, სადაც დავდივარ. არის უამრავი კულტურული ღონისძიება, სადაც ვესწრები. ნიუ-იორკი და მანჰეტენი გახლავთ კულტურული ღონისძიებების ეპიცენტრი. შეიძლება მართლა კულტურული შოუ მიიღო, მით უმეტეს, როცა ხარ მუსიკოსი და მომღერალი. საუკეთესო არტისტების კონცერტები ტარდება, აქ არის მეტროპოლიტენ-ოპერა, მეტროპოლიტენ-ბალეტი, გაივლი მანჰეტენზე და ერთ დარბაზში ერთი საოცარი გენიალური მუსიკოსი მღერის, მეორეში _ სხვა გენიალური. უამრავი მიუზიკლს ხილვა შეგიძლია და ბროდვეის მიუზიკლები არის ერთგვარი ფუძე მთელი მსოფლიოსთვის და ეს არის სტანდარტი, რომელსაც ცდილობს დაეწიოს ყველა.
სხვათა შორის, მე ვთამაშობდი საქართველოში მიუზიკლში „ვერის უბნის მელოდები“, რომელიც 2012 წელს დაიდგა და ჩვენ რაღაცნაირად მივუახლოვდით ბროდვეის დონეს. მახსოვს, მაშინ სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ პროდიუსერები ჩამოსულები, რომლებიც ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ეს ნამდვილად ბროდვეის სტანდარტია. ფაქტობრივად, ჩემს სამშობლოს ეს უბედურება რომ არ სჭირდეს, ვიფიქრებდი, რომ ეს პერიოდი არის რაღაც ეტაპი, სადაც მე ძალიან ვვითარდები და დიდ ინფორმაციას ვიღებ და ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი. მაგრამ ბედნიერი რომ ვიყო, მაშინ შენ გარშემო ხალხი და ქვეყანა უნდა იყოს ბედნიერი.
_ ნოდიკო, რა არის ის მთავარი მიზეზი, რაც გიჩენს პროტესტს?
_ ზოგადად, მთავარი პრობლემა არის ის, რომ არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ შეიძლება ორი, სამი, ოთხი და ხუთი მოწვევა იყოს ერთი ხელისუფლება. აქ უკვე თავისთავად ცხადია, რომ ასეთი ხელისუფლება აუცილებლად გაფუჭდება და გადავა ავტორიტარიზმში, რაშიც ჩვენ უკვე გადასულები ვართ კარგა ხანია. მაგალითად, ჩემი მეგობარი ცხოვრობს ისლანდიაში და იქ ჰკითხეს მას, როგორ მოგწონთ თქვენი ხელისუფლება, კარგი მთავრობა გყავთო? მან უპასუხა, არაჩვეულებრივი ხელისუფლება გვყავს, მაგრამ შემდეგ არჩევნებზე უნდა შევცვალოთო. დაინტერესდნენ, თუ რატომ უნდა შეეცვალათ და მან უპასუხა, რომ ახლა თუ არ გადავირჩევთ, მერე ეს ხელისუფლება აუცილებლად გაფუჭდებაო. საქართველოში აღმოჩნდა, რომ მთავრობა ერთი მოწვევაა, მერე ორი, სამი, ოთხი და მათ რომ ჰკითხოთ, მეხუთე მოწვევაც უნდათ. ზოგადად, ეს უკვე არის დიდი უბედურება როგორც ქვეყნისთვის, ისე ხალხისთვის. ძალიან ნიუანსებში რომ არ ჩავიდე, ყველამ ვიცით, თუ როგორი გაჭირვებაა ჩვენს ქვეყანში. ხალხის ბედნიერების კოეფიციენტი არის ნულის ზღვარზე და ახლა გვჭირდება პროდასავლური, ევროპული სახელმწიფო. არ შეიძლება, ჩარჩე რუსეთში, მოექცე მისი მარწუხების ქვეშ და არ შეიძლება, გმართავდეს რუსეთი, ეს ყოველად დაუშვებელია. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორი მართვის სისტემაა რუსეთში, რა სიტუაციაა ბელარუსში... ჩვენმა მშობლებმა და კიდევ წინა თაობამ იცხოვრა საბჭოთა კავშირში და ყველამ კარგად ვიცით, რა იყო ეს, სადაც არ შეგეძლო გეთქვა ის, რასაც ფიქრობდი, სადაც არ შეგეძლო გაგეკეთებინა ის, რაც გინდოდა, სადაც შენ შენი შემოქმედებით არ გქონდა თავისუფლება. მაგალითად, ოპერის პრიმადონა გახლდათ ცისანა ტატიშვილი, რომელსაც არ ჰქონდა უფლება, რომ დარჩენილიყო ევროპაში, საიდანაც მას ჰქონდა საოცარი მოწვევები და ის იქნებოდა მსოფლიოში ნომერ პირველი მომღერალი, რომელიც ისტორიას დარჩებოდა. ეს იყო მმართველობა, სადაც არავის სჭირდებოდა თავისუფალი ადამიანი, იქ უნდა ყოფილიყავი მონა, ღირსება აყრილი, პირში წყალჩაგუბებული და ასეთ ყოფას ზოგადად რა ღირებულება აქვს, არ მესმის, ისევე როგორც არ ესმით ჩემს მეგობრებს, ახლობელ ადამიანებს, ჩემს მსმენელს და მოსახლეობის უმრავლესობას. ძალიან ბევრი წლის წინათ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა წასულიყო ევროპული მიმართულებით და უცებ აღმოვჩნდით ამ დღეში, თვალსა და ხელს შუა თვითონ შემობრუნდენ და ახლა ცდილობენ, ქვეყანა მოატრიალონ ჩრდილოეთისკენ. ამას ქართველი ხალხი ნამდვილად არ დაუშვებს. ერთი და ორი ჯგუფის გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის ქვეყნის ბედი. ბოლო ოთხი წელია, ჩემი პირადი სტატისტიკით, ალბათ, 100 ადამიანიდან სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერებში დარჩათ 10 კაცი, ან 8. ვიცი, რომ ხელისუფლებაში ბევრს წყინს და ბრაზდება, როცა ასეთ განცხადებებს ვაკეთებ, მაგრამ აუცილებლად გავაკეთებ ყოველთვის, რადგან მომღერლობამდე მე ვარ ჩემი ქვეყნის შვილი, მოქალაქე და ჩემს ქვეყანაზე მეტად არცერთი პარტია არ მიყვარს და არცერთი ადამიანი. თუ არ გიყვარს შენი სამშობლო, ვერ გეყვარება ვერავინ. ბევრისგან მსმენია, პოლიტიკაში არ ვერევიო, მაგრამ სინამდვილეში ეს პოლიტიკა არ არის, ეს არის ქვეყნის დაქცევა და პოლიტიკა არის კიდევ სხვა რაღაცა. შესაბამისად, მაქვს ჩემი შეხედულება და მიმაჩნია, რომ ამ შეხედულებით ვარ აბსოლუტურად მართალი და ეროვნული. დღეს ყველა დგას იქ, სადაც უნდა, რომ იდგეს. ვიღაცა შეგნებით, ვიღაცა კი ანგარებით უჭერს მხარს ამ სახელისუფლებო პარტიას და მის განწყობებს. პირადად მე არავისთვის მილაქუცია. შევარდნაძის დროს დავიწყე სიმღერა, სააკაშვილის პერიოდშიც ვმღეროდი, ყველა წავიდა, ახლაც ვმღერი, ესენიც წავლენ და მე ისევ სცენაზე ვიდგები, მე მაქვს ჩემი თავმოყვარეობა და ღირსება. ვერავის გადავუსვამ თავზე ხელს, თუ ვხედავ, რომ ქვეყანა იღუპება.
_ ნოდიკო, შენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ნიუ-იორკში დამკვირვებლად იყავი ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე. რა ხდებოდა, როგორი განწყობა და სიტუაცია სუფევდა? მგონი, პირველი არჩევნები იყო, როცა უპრეცენდენტოდ ბევრი ემიგრანტი მოვიდა ხმის მისაცემად.
_ ძალიან ეროვნული განწყობა იყო, ყველა დიდი შემართებით მოვიდა, ხალხმა სამსახურები გააცდინა. ზოგი შვიდი, ზოგიც რვა საათი იდგა რიგში და იმიტომაც დაიდო კონკრეტულად ამერიკაში რელური შედეგი. მაგალითად, ნიუ-იორკის ოთხივე უბანში ერთად, თუ სწორად მახსოვს, მაქსიმუმ, 10% მიიღო სახელისუფლებო პარტიამ. მე რომელ უბანზეც ვიყავი, იქ დაახლოებით შვიდპროცენტ-ნახევარი მიიღო, რაც ზუსტად მახსოვს. დანარჩენი, 90%-ზე მეტი ჰქონდა ოპოზიციურ გაერთიანებებს. მთავარი ამოცანა რა არის, იცი? ყველა იმას ფიქრობს, თუ რა სჭირდება ქვეყანას. ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობა მიხვდა იმას, რომ ახლა ქვეყანას სჭირდება ტრამპი. ადგა და ყველამ ტრამპს დაუჭირა მხარი. ჩვენს ქვეყანაში ავირჩიეთ ევროპული ინტეგრაცია, რომელიც გარკვეულ ხალხს ჰგონია, რომ ეს არის მხოლოდ ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ სინამდვილეში შენი ევროპული ინტეგრაცია ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მშობლები, ბებია-ბაბუები უნდა ცხოვრობდნენ ღირსეულად, უნდა ჰქონდეთ სათანადო პენსია, არ უნდა ეშინოდეთ, დღეს რომ წამალს იყიდიან, ხვალ პურის ფული არ ექნებათ; უნდა ჰქონდეთ სოციალური კარგი პაკეტი, ასევე განათლების კუთხითაც, რათა სტუდენტებმა რეალურად შეძლონ სწავლა, განათლების მიღება, მუშაობა და დაფინასების მიღებაც. ამასთან, დაცული უნდა იყოს ადამიანის უფლებები, რაც ჩვენს ქვეყანაში კრიტიკულ ზღვარზეა და, ფაქტობრივად, მინუსებშია გადასული. რომელი ერთი ჩამოგითვალო?! ჩემი ქვეყნის მთავრობის მეშვეობით ბევრი დაფინანსება გაჩერდა, ახლა ამბობენ, ვიზები უნდა აამოქმედონო. ეს ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ევროპულ ინტეგრაციას და პირიქით, ყველაფერს აფუჭებს. იცით, რატომ მიყვარს განსაკუთრებულად ქართველი ხალხი? როგორც კი უახლოვდები და ეხები მის ეროვნულ თავმოყვარეობას, სულ რომ ეზარებოდეთ ან დაღლილები იყვნენ, მომენტალურად ფხიზლდებიან და ხვდებიან, რომ ქვეყანა საფრთხის წინაშეა. მგონია, რომ არცერთ შემთხვევაში ხალხი არ დათმობს იმას, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ. მე როგორ მოქალაქე, რასაც ეკრანებზე ვუყურებ, რა გაყალბებებიც ხდებოდა არჩევნებზე, ეს საყურებლადაც კი არის ამაზრზენი. მგონია, რომ ღირსებას დავიბრუნებთ ყველა ერთად და გადავარჩენთ ჩვენს ქვეყანას, რადგან სხვანაირად წარმოუდგენელია.