- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-07 10:37:49
მსოფლიოს სამედიცინო სფეროში მოღვაწე ავტორიტეტული ორგანიზაციები, მათ შორის, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“, არ იღლება ყოველკვირეული მადლობის გზავნილებით მედმუშაკების მისამართით. საუბარია იმაზე, რომ დღიდან ეპიდემიის დაწყებისა, ამ სფეროს წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ, ამოვარდნენ „ჩვეული“ გრაფიკიდან, ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების ათმაგად შესრულება უწევთ (იგივე ანაზღაურებით) და რაც მთავარია, ამ ყველაფერს ნებაყოფლობით აკეთებენ. თეთრხალათიანი დედები სახლში ჩვილებს ტოვებენ, ასაკოვანი პროფესორები სამეცნიერო შრომებს თავს ანებებენ და და კლინიკებს უბრუნდებიან, ინვალიდის სავარძელში მჯდომი ექიმები ღამის მორიგეობებს იღებენ.
დიახ, ეს საქართველოშიც ხდება!
„მადლობა თქვენ, ჩვენო თეთრხალათიანებო! დღეს სახელმწიფოს არ აქვს ის რესურსი და შესაძლებლობა, რომ ამაგი დაგიფასოთ. თუმცა არც ერთი თქვენგანის გმირობა არ დარჩება ყურადღების მიღმა“, - ნათქვამია ერთ-ერთ ასეთ გზავნილში.
და მაინც, არიან მედმუშაკები, საბედნიეროდ ერთეულები, რომლებსაც იმდენად ეშინიათ დასნებოვნების, რომ ან თავისი ნებით ტოვებენ სამსახურს, ანდა მორიგეობებზე უარს აცხადებენ. ამ უკანასკნელთ უკვე კლინიკა ათავისუფლებს სამსახურიდან, ვინაიდან ამას პროფესიულ ღალატად მიიჩნევენ. „ქრონიკა+“-ის ხელთ არსებული ინფორმაციით, ორი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა რეგიონში და ერთი - თბილისში. სამიდან ორ შემთხვევაში სამსახურიდან განთავისუფლებულმა ექიმებმა გადაწყვიტეს, სასამართლოსთვის მიემართათ.
„ქრონიკა+“ დაინტერესდა, მხოლოდ მორიგეობაზე უარის თქმა არის მათი განთავისუფლების მიზეზი თუ კიდევ სხვა რამე? ამასთან დაკავშირებით მედიცინის პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი ამირანაშვილს დავუკავშირდით.
- ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რეგიონში ორი და თბილისში ერთი ექიმი ხელმძღვანელობამ სამსახურიდან გაუშვა მორიგეობაზე უარის თქმის გამო. იმ კლინიკებზეა საუბარი, სადაც ცხელებიანი პაციენტები შედიან. თან ეს მორიგეობა თვეში ერთხელ უწევთ. უბრალოდ, გვაინტერესებს, მართლა მორიგეობაა მათი განთავისუფლების მიზეზი, თუ სხვა რამე?
- სხვათა შორის, ჩვენთვისაც ცნობილია ერთი ასეთი შემთხვევის შესახებ. ეს გახლავთ ტუბერკულოზის ცენტრის ექიმის განცხადება, რომელმაც დამატებით მორიგეობაზე უარი განაცხადა და ხელმძღვანელობამ იგი სამსახურიდან გაათავისუფლა.
_ მორიგეობაზე უარი რატომ განაცხადა?
_ ამ ქალს ხელშეკრულებაში უწერია, რომ ერთი მორიგეობა ეკუთვნის, ანუ დამატებითი 8 საათი.
_ კი მაგრამ, პანდემიის პირობებში ხელშეკრულებას ვინ მიჰყვება, ბ-ნო ირაკლი? თან ტუბცენტრი ფორსმაჟორშია - 4 ექიმი წაიყვანა პენიტენციურმა და 6 - ცხელების ცენტრმა.
_ ამ ქალბატონმა აღნიშნა, რომ მას სისხლძარღვების პრობლემა აქვს და ქვედა კიდურებზე ოპერაცია ჰქონია გაკეთებული. ჩემი დატვირთვა და მორიგეობა არ შეიძლებაო. ახლა ველოდებით, რომ ის ცნობა მოგვიტანოს, სადაც მისი დატვირთვა არ შეიძლება. ჯერ არ მოუტანია. არც დამსაქმებელი მეუბნება, რომ ამ ქალბატონს ასეთი ცნობა მისთვის არ წარუდგენია. სხვათა შორის, განთავისუფლებული ექიმი კლინიკის პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილეა. იგი მოითხოვს, რომ კლინიკას სასამართლოში ვუჩივლოთ.
_ თუ ახლა პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილეა...
_ ეგ რა შუაშია! არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ პროფკავშირების სახელი ბოროტად გამოიყენოს. თუ ეს ქალბატონი ვერ წარადგენს საბუთს, რომელიც ადასტურებს, რომ მას პრობლემა აქვს და ვერ მორიგეობს, ჩვენი ორგანიზაცია ასეთ ადამიანს გვერდით არ დაუდგება, რადგან დღეს ისეთი ვითარებაა, რომ ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და დადგეს საზოგადოების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ჩემი სტუდენტები მეუბნებიან, მოხალისედ წავალთო, რადგან არ არის საკმარისი რაოდენობის მედპერსონალი. ჩემმა იურისტმა მითხრა, რომ ორი კვირა მოლაპარაკებას ვაწარმოებდი და კლინიკას ეხვეწებოდა, მე გადამამზადეთ და ვიმორიგევებ ანაზღაურების გარეშეო. როდესაც დასაქმებული ადამიანი არღვევს კანონს, იქ არის შინაგანაწესი... და ასეთი ადამიანის უფლებებს თუ დავიცავთ, ეს იქნება საქმის გაფუჭება. ახლა კონკრეტულად ამ ქალბატონზე კი არ ვსაუბრობ, მაგრამ ასეთ ადამიანს არ დავიცავ. მკვახე განცხადებად არ ჩამითვალოთ, მაგრამ ეს პანდემიის პირობებში პროფესიულ ღალატს ნიშნავს. ერთი დღე ადამიანი წყალში ჩავდგები და რომც არ შემეძლოს, მაინც გავაკეთებ საქმეს, ქვეყანას თუ სჭირდება. მით უმეტეს მაშინ, როდესაც საუბარია თვეში ერთხელ მორიგეობაზე. ამაზე უარის თქმა, უბრალოდ, სირცხვილია!
_ კანონი როგორ არეგულირებს ხსენებულ საკითხს?
_ იურიდიულადაც არ ვიქნებით მართალი, რადგან საქმე როდესაც შემოგვდის, პირველ რიგში, დეტალურად ვეცნობით. იქ, სადაც ექიმის უფლებები ირღვევა და საკითხი ეხება მის ჩაგვრას, სამსახურიდან უკანონდ განთავისუფლებას - კი ბატონო, დავიცავთ! მაგრამ დამსაქმებლის წინაშეც ხომ არ უნდა შევრცხვეთ?! პირადად ჩემი აზრია, რომ თვეში ერთი დამატებითი მორიგეობა არავინ უნდა გახადოს პრობლემად პანდემიის პირობებში. კი ბატონო, მიმართოს პროფკავშირს, მაგრამ ისიც იცოდნენ, რომ ჰიპოკრატეს ფიცის ერთგული მიმდევრების უფლებებს ვიცავთ.
თამარ როსტიაშვილი