- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-04 17:56:26
საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე „ქრონიკა+“ პოლიტიკური მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებელს, დიპლომატ ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა:
_ ჩვენი ინტერვიუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე საუბრით დავიწყოთ, სადაც პანდემიის ფონზე, ფაქტობრივად, საინფორმაციო ან, გნებავთ, ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, რომ ჩინეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა ის მომავალ არჩევნებში დამარცხდეს და ლავროვის დითირამბები ჩინეთისადმი საკმაოდ დამაფიქრებელია. როგორ შეაფასებდით პროცესს?
_ აშშ-ში, პრაქტიკულად, საარჩევნო რბოლა დაწყებულია და, ბუნებრივია, ნებისმიერი საშინაო თუ საგარეო თემა უკვე ამ არჩევნების პრიზმაში გაივლის. ტრამპმა დიდი ხანია მოხაზა ჩინეთი, როგორც აშშ-ისა და მსოფლიოს მთავარი პრობლემა. ახლა, ბუნებრივია, ის ამ თეზისს უკვე თავის საარჩევნო კამპანიაში იყენებს. რამდენად მოიქცევა ასე ჩინეთი? თუ გავითვალისწინებთ ტრამპის ტრადიციულ ანტიჩინურ საგარეო-პოლიტიკურ ვექტორს და იმ მუქარებს, რომელსაც ტრამპი არ იშურებს პეკინის მიმართ პოსტპანდემიურ პერიოდთან დაკავშირებით, ეს გამორიცხული არ არის. ლავროვის სვლაში კი უჩვეულო არაფერია. რუსეთი დიდი ხანია ცდილობს დააბალანსოს საკუთარი დაპირისპირება აშშ-სთან ჩინეთთან პოლიტიკური თანამშრომლობის მეშვეობით, ხოლო ამ პოლიტიკის ამა თუ იმ ჟესტით გამოსახატავად არც ერთ ხელსაყრელ მომენტს ხელიდან არ უშვებს. ასე რომ, რამე ახალი და დიდად დამაფიქრებელი ამ თვალსაზრისით არ ხდება.
_ ამ პროცესის საფუძველზე რა მოლოდინები უნდა გვქონდეს?
_ ჩემი აზრით, ახლო მომავალში აშშ-ჩინეთის დაპირისპირება გაგრძელდება. დიდი ალბათობით, გაძლიერდება კიდეც. რუსეთი, ბუნებრივია, შეეცდება, მაქსიმალურად ისარგებლოს ამით. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ვფიქრობ, ამერიკა და ჩინეთი შეეცდებიან, დაალაგონ ურთიერთობა, მოახდინონ ხანგრძლივი სტრატეგიული გარიგება და ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, რუსეთის ხარჯზე მოხდება.
_ საკმაოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის მომავალი ბედი. პანდემიის მართვის პროცესში ჩვენ ვნახეთ მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელიც ამ გაერთიანებას აქვს. რა მომავალი ექნება ევროკავშირს და ხომ არ დადგა დრო, მისი ორგანიზაციულ-სტრუქტურული პრინციპები გადაიხედოს?
_ რაც არ უნდა ისაუბრონ ევროკავშირის არაეფექტინობასა თუ უპერსპექტივობაზე, დიდი ანგარიშით, ევროპული ინტეგრაცია უალტერნატივო და შეუქცევადი პროცესია. საერთაშორისო პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ არენაზე ევროპული სახელმწიფოები ცალ-ცალკე ვერაფერს გახდებიან. ნუ დაგვავიწყდება ის, რომ ევროკავშირი არ არის თანამედროვეობის რაღაც ეპიზოდური თუ შემთხვევითი მოვლენა. ეს არის ის, რისკენაც ევროპა, ევროპული ცივილიზაცია, საუკუნეების მანძილზე მიდიოდა თავისი განვითარების ლოგიკიდან და არსიდან გამომდინარე. ასე რომ, გამოცდებიც, განსაცდელიც ევროკავშირს ჰქონდა და ექნება კიდეც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, განსაცდელი და პრობლემები ევროპულ სახელმწიფოებს არა დაშლისკენ, არამედ გაერთიანებისკენ უბიძგებს. ასე იქნება ახლაც. დიახ, პანდემიის მართვის პროცესში ჩვენ მართლაც ვნახეთ მნიშვნელოვანი პრობლემები, მაგრამ ეს უფრო პროცესის საწყისს ეტაპს ეხებოდა. შემდგომში ევროკავშირმა მოახდინა მობილიზაცია, ქმედებების რაციონალიზაცია და კოორდინაციაც და ახლა ის საკმაოდ დამაჯერებლად მოქმედებს როგორც პანდემიის მართვის, ასევე პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მართვის საქმეში. ვფიქრობ, ევროკავშირის ძირეული პრინციპები გადახედვას არ დაექვემდებარება. გარკვეული კორექტივები და დახვეწა კი, რა თქმა უნდა, შეიძლება ვიხილოთ.
_ ანალიტიკოსები ხშირად საუბრობენ, რომ ენერგოკრიზისი რუსეთს პრობლემებს უქმნის და მომავალშიც შეუქმნის. ამავდროულად, საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც უახლოეს მომავალში აუცილებლად განხორციელდება, პუტინი იმპერატორზე მეტ უფლებებს შეიძენს. რეალობისგან შორს დგას ახლო მომავლში „რუსეთი ინგრევა“ ამის ყიჟინა და ოვაციები. და მაინც, რა არის ის სინამდვილე, რომლის წინაშეც დგას რუსეთი და რა პერსპექტივები აქვს მას?
_ შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პუტინის შემდგომი გაძლიერების პროცესი იმავე ენერგოკრიზისმა, როგორც თქვენ ამ პროცესს უწოდებთ, და პანდემიამ, აურდაურია. პუტინი მაქსიმალურად წელავდა ქვეყნის პანდემიასთან ბრძოლის რეჟიმში გადაყვანას, რათა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული რეფერენდუმი მოესწრო, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. ახლა სიტუაცია მეტად ბუნდოვანი და გაურკვეველია. ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის მისთვის ჩვეულ ქაოსურ და კორუფციულ სტილში. ნავთობის მსოფლიო ფასების ჩამოშლა გრძელდება. ამავე დროს, თავად რუსეთში, მრავალი ნიშანი მიგვითითებს იმაზე, რომ მწვერვალზე მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლა ძალაუფლებისთვის და მისი გადანაწილებისთვის. მიმომხილველები ერთხმად აღიარებენ, რომ პუტინის ძალაუფლება შორსაა იმ მასშტაბისგან, რომელიც მას ერთ დროს ჰქონდა. ცხადია, ისმის კითხვა, როგორ და რა ფორმაში გამოვა პუტინი ამ დაპირისპირებიდან? ცხადია, კომბინაციური თვალსაზრისით მას შეუძლია ითამაშოს წინააღმდეგობებზე და ამ პროცესიდან ისევ გაძლიერებული გამოვიდეს. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მისი პოპულარობა და მხარდაჭერა ხალხში მკვეთრად დაცემულია და, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ეს უკვე შეუქცევადი რეალობაა. პუტინს აღარ გააჩნია არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური რესურსი იმისთვის, რომ ნამდვილი და ხალხის მიერ აღიარებული ეროვნული ლიდერის პოზიცია დაიბრუნოს. ეს არის სწორედ ის, რაც მისი საერთაშორისო პოზიციების მკვეთრად გაუარესებასთან ერთად დრამატულად ამცირებს მისი მდგომარეობის მდგრადობას. ამდენად, „სასახლის გადატრიალება“ სულაც არ არის გამორიცხული. თუმცა რუსეთი არ არის ის ქვეყანა, რომლის პროგნოზირებაც ასე იოლი იყოს.
_ საუბარი მიდის იმაზეც, რომ პოსტკორონულ ეპოქაში მსოფლიო, ფაქტობრივად, ხელახლა გადანაწილდება. არის თუ არა ეს მოლოდინები რეალური, მით უფრო, რომ პრეზიდენტ ტრამპს ამისთვის უახლოესი 6-7 თვე არ ეცლება? და თუ მაინც დაიწყო ეს პროცესი, რა კონფიგურაციას უნდა ველოდოთ?
_ თავად პროცესიც და თანამედროვე მსოფლიოც იმდენად რთული და ტურბულენტურია, რომ განვითარებების მეტ-ნაკლებად დეტალური პროგნოზირება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. თუმცა ერთი რამ, ჩემი აზრით, შეიძლება ითქვას - ამ ვითარებიდან ყველაზე გაძლიერებული და მოგებული ისევ ამერიკის შეერთებული შტატები გამოვა, რადგან მსოფლიოს პოსტპანდემიური დალაგებისთვის და გამოცოცხლებისთვის აუცილებელი ყველაზე დიდი ფინანსური რესურსი და ინსტრუმენტი, ანუ დოლარი, სწორედ მას აქვს.
_ აშშ-ის, ინგლისის, გერმანიის (რომელიც ყველაზე უკეთ ახორციელებს მენეჯმენტს), საფრანგეთის, შვედეთისა და მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოს ხელისუფლებების ოპონენტები უკმაყოფილოები არიან პანდემიის მენეჯმენტის პროცესით. ამიტომ არც არის გასაკვირი, იგივე დამოკიდებულება იყოს საქართველოს ხელისუფლების მიმართ. იმავე აშშ-ში დემოკრატების მხოლოდ 15% აცხადებს, რომ პროცესი კარგად იმართება, სხვა ქარცეცხლში ატარებს ტრამპის ადმინისტრაციას, მაგრამ მას რესპუბლიკელების 85% უჭერს მხარს. ამიტომ არც არის გასაკვირი საქართველოში მიმდინარე პროცესები. თუმცა პოსტკრიზისულ პერიოდზე ვისაუბროთ. რა უნდა გახდეს საქართველოსთვის პრიორიტეტული როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში?
_ თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ. სამწუხაროდ, უბრალოდ, შეუძლებლად მიმაჩნია, ამ ხელისუფლებამ აკეთოს ის, რაც სწორი მგონია როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში. მართალია, ოქტომბერშია არჩევნები, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ უკიდურესად დაამახინჯა და ლამის აბსურდამდე მიიყვანა ჩვენი ისედაც დეფორმირებული პოლიტიკური პროცესი. ხელისუფლებამ პანდემია ხელთათმანივით მოირგო და საკუთარი პოლიტიკური მიზნების სამსახურში ჩაიყენა. ე. წ. ანტიკრიზისული გეგმა ისეა შედგენილი, რომ არჩევნების კონტექსტში ხელისუფლებას მაქსიმალური მანევრირების საშუალება მიეცეს და მისი არჩევნებში გამარჯვება გარდაუვალი გახადოს. ადმინრესურსთან დაკავშირებული მანიპულაციები, რაც ხელისუფლების ძირითად ბერკეტს წარმოადგენს საარჩევნო ბრძოლაში, პანდემიის ფონზე ინტენსიურად მიმდინარეობს, ხოლო ოპოზიცია პრაქტიკულად მოკლებულია საშუალებას, საარჩევნო კამპანია აწარმოოს, რომელიც საარჩევნო ბრძოლაში მის ერთადერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს. სავარაუდოდ, ასე გასტანს ეს პროცესი თითქმის არჩევნებამდე. ბოლო მომენტში, რა თქმა უნდა, ივანიშვილი „ფოჩიან კანფეტებსაც“ გადმოყრის და... ერთი სიტყვით, სიტუაცია მძიმეა. სამწუხაროდ, ასეთ პირობებში, იმის ალბათობა, რომ „ოცნებამ“ მორიგი გამარჯვება გაიფორმოს არჩევნებში, გაზრდილია.
ჩემი რჩევა ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში მიმართული იქნება ხელისუფლებისადმი, ხოლო, „ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში - საზოგადოებისადმი. პირველ შემთხვევაში ვურჩევდი მონოპოლიებისა და კარტელების სასწრაფოდ დაშლას და კონკურენციისთვის მაქსიმალურად გზის გახსნას, უცხოური ბანკების შემოშვებას ქართულ საბანკო სივრცეში და ყველა ზომის მიღებას კრედიტების საპროცენტო განაკვეთის დაბლა დასაწევად. საგარეო პოლიტიკაში - აქტიური საგარეო-პოლიტიკური დღის წესრიგისკენ დაბრუნებას. ეს, თავის მხრივ, იმდენად ვრცელი თემაა, რომ ცალკე საუბარს მოითხოვს.
„ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში, აუცილებელია, ქართული საზოგადოება შეეშვას ე. წ. პოლიტიკური სპექტრის ცქერას და კრიტიკას და სერიოზული ნაბიჯები გადადგას რეალური და თანამედროვე პოლიტიკური მოძრაობის შესაქმნელად, რომელიც ფართო და მყარ სოციალურ და ეკონომიკურ ნიადაგზე იქნება დამყარებული და იფუნქციონირებს როგორც ღია და დინამიკური პოლიტიკური პლატფორმა. ამ ახალმა ძალამ უნდა შექმნას პოლიტიკური ალიანსი საშუალო და ღარიბ კლასს შორის, რადგან, დარწმუნებული ვარ, მათი ინტერესები ძირითადად ემთხვევა ერთმანეთს და სწორედ მათ საწინააღმდეგოდ არის თავისი არსით მიმართული ქვეყანაში გამეფებული მაფიოზურ-ოლიგარქიული კასტა.
_ საქართველო არ არის სახელმწიფო, რომელსაც განსაზღვრული აქვს საკუთარი იდენტობა. აქ ადამიანებს ვერ გაურკვევიათ პირადი იდენტობა და სახელმწიფოს რომ არ ჰქონდეს გარკვეული, რა გასაკვირია. ამის მიუხედავად, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ჩვენ გვჭირდება ნაციონალური იდეა, რომელიც, რა თქმა უნდა, გადასარევი იქნება, ეროვნული-სახელმწიფოებრივი იდენტობიდან რომ გამომდინარეობდეს. ამ მიმართულებით რა გამოწვევებს ხედავთ, როგორც სახელმწიფოს განვითარების დოქტრინის - „ახალი საქართველოსთვის“ ავტორი?
_ თქვენ ძალიან ფართო და სერიოზულ თემას შეეხეთ. ამას ვრცელი საუბარი სჭირდება. აქ შევეცდები შემოვიფარგლო ერთი მინიშნებით - აუცილებელია რეალურად ავამოქმედოთ და ცოცხალი შინაარსით დავტვირთოთ საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი. აქ არის სწორედ იდენტობისა და წარმატების გასაღები. აქ არის ჩვენი მომავალი პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი ვექტორი.
_ საქართველო და გლობალიზაცია. მესმის რომ განყენებულად ამაზე საუბარი შეუძლებელია, მით უფრო იმ პირობებში, როცა ჯერაც გაუგებარია გლობალიზაციის სამომავლო კონტურები. ამიტომ ამ კითხვის ფორმულირება ასე მომიწევს - როგორი იქნება სამომავლოდ გლობალიზაციის პროცესი და რა როლი ან, გნებავთ, კონტრიბუცია უნდა შეიტანოს მასში საქართველომ, რათა პლანეტის ღირსეული და სრულფასოვანი წევრი გახდეს?
_ არავინ დაიჯეროს, რომ გლობალიზაცია შეჩერდება ან შენელდება და მას კორონაეპიდემია უკან შეაბრუნებს. გლობალიზაცია თანამედროვე ეპოქის უმძლავრესი და უმთავრესი პროცესია და მომავალში მის კიდევ უფრო გაძლიერებას უნდა ველოდოთ. მოხდება გარკვეული რეგიონალიზაცია, როგორც ეკონომიკის, ასევე პოლიტიკური პროცესების, ოღონდ ეს მთლიანი გლობალიზაციის მორიგი ეტაპი და სინამდვილეში კიდევ უფრო გამაძლიერებელი ფაქტორი იქნება. ამდენად, საქართველოს კარგად უნდა ეჭიროს თვალი როგორც გლობალურ, ასევე რეგიონულ განვითარებასა და პროცესებზე და ცდილობდეს ინოვატორისა და მედიატორის როლის დამკვიდრებას ჯერ რეგიონში და შემდეგ - გლობალურად.
კოკა წერეთელი