- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-04 13:38:13
ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც კორონაპანდემიამ განსაკუთრებით დააზიანა, იტალია გახლავთ, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ამ ქვეყანამ „უხილავი მტრის“, ასე თუ ისე, დამარცხება შეძლო და დღეიდან, ე. ი., 4 მაისიდან, იტალიაში გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა, ანუ მკაცრი კარანტინის ეტაპობრივი შემსუბუქების მეორე ფაზა დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ გაიხსნა საწარმოები, სამშენებლო კომპანიები და ცალკეული საბითუმო ვაჭრობის ობიექტები. თუმცა ყველა ობიექტზე მკაცრად უნდა იქნას დაცული სოციალური დისტანცია და სხვა სანიტარიული ნორმები.
ამასთან, დღეიდან იტალიელებს უფლება მიეცათ, რომ თავიანთ რეგიონებში ახლობლების მოსანახულებლად გადაადგილდნენ, თუმცა სამოგზაურო სერტიფიკატების შევსება და პირბადის ტარება მაინც აუცილებელია. იტალიაში დაკრძალვაზე თავშეყრაც ნებადართული გახდა, თუმცა ჭირისუფალთა რაოდენობა 15-ს არ უნდა აღემატებოდეს. პარალელურად, ადამიანებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ქუჩაში სავარჯიშოდ გავიდნენ.
როგორ შეხვდა იტალია მკაცრი შეზღუდვების მეორე ეტაპს? – „ქრონიკა+“ ქართველ ემიგრანტ მამუკა პავლიაშვილს ესაუბრა, რომელიც მეუღლესთან ერთად იტალიაში უკვე შვიდი წელია, ცხოვრობს.
- მამუკა, რა ხდება იტალიაში მას შემდეგ, რაც გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა და საერთოდ, რა შეზღუდვები აღარ გაქვთ?
- დღეს იტალიაში ორთვიანი კარანტინი დასრულდა, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, ამით დიდად არაფერი შეცვლილა.
- რატომ?
- ხალხი ყველაფერს თითქოს მიეჩვია. ქუჩაში მხოლოდ ისინი დადიან, ვინც მუშაობს და ასევე სპორტსმენები.
- ლამის ორთვიანი კარანტინის მერე თავისუფლება როგორია?
- შეგრძნება მქონდა, გარეთ რომ გავიდოდი, ისეთი იტალია დამხვდებოდა, როგორიც დაკეტვამდე იყო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა და ეს ცოტა განვიცადე.
- და როგორი იყო იტალია დაკეტვამდე?
- დაკეტვამდე აქ სიცოცხლე ჩქეფდა. პანდემია, დაახლოებით, ორ კვირაში დაიწყო და ამ დროის განმავლობაში ურთიერთობა მქონდა თანამშრომლებთან, რომლებსაც თვალებში შიში აშკარად ეტყობოდათ.
- ისე, შენ გარშემო კორონათი ბევრი დაინფიცირდა? და, საერთოდ, შენ როგორ გადაურჩი ამ ვირუსს?
- არა, ჩემ გარშემო ბევრი არ დაინფიცირებულა. სულ რამდენიმე ვიცი, ვინც ვირუსი მსუბუქად გადაიტანა.
- ხალხი რას ამბობს, ხომ არ ფიქრობს, რომ თუნდაც გარდაცვლილთა რიცხვი გაბერილია?
- კი, ხალხი საუბრობს, რომ ეს ციფრები ზუსტ ციფრებს აცდენილია, ანუ გაბერილია.
- იმ შეზღუდვებზე, რაც საქართველოში იყო დაწესებული და ნაწილი ახლაც რჩება, რას იტყვი?
- რაც შეხება შეზღუდვებს, ნამეტანია, მით უმეტეს, იმ ფონზე, რამდენი დაინფიცირებულიც საქართველოშია.
- კომენდანტის საათი იტალიაშიც იყო?
- არა, არ ყოფილა და ამის საჭიროება არც არსებობდა.
- რატომ არ არსებობდა?
- იმიტომ, რომ გადაადგილება შესაძლებელი იყო მხოლოდ სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა და სამსახურში, ისიც სპეციალური დოკუმენტის საფუძველზე.
- ბევრი დარჩა სამსახურის გარეშე?
- ამ ეტაპზე სამსახურის გარეშე ბევრი არაა.
- ისე, ხელისუფლება ფინანსურად დაგეხმარათ?
- ხელისუფლებამ კომუნალური გადასახადები გაანულა. რაც შეხება ფინანსურ დახმარებას, თანხა სახელფასო დანაზოგიდან დამერიცხა, ანუ ეს ჩემი ფულია და არა - სახელმწიფოს დახმარება. მეწარმეებს მხოლოდ 600 ევროთი დაეხმარნენ და ასევე მათაც, ვისი სახელფასო მაქსიმუმიც 700 ევროზე მეტი არ არის.
საერთოდ, აქ ასეთი წესია: ადამიანს, რომელიც სამსახურს კარგავს, ორი წლის განმავლობაში დანაზოგიდან ხელფასს მაინც უხდიან, ანუ თუ ხელფასი, ვთქვათ, 1000 ევრო ჰქონდა, სამსახურის დაკარგვის მერე 800 ევროს იღებს.
- მამუკა, შენ სად მუშაობ?
- ნამცხვრების ქარხანაში, საიდანაც ბარები და კაფები მარაგდება.
- შენი ქარხანაც გაიხსნა?
- არა, ბარები და სილამაზის სალონებიც პირველი ივნისიდან იხსნება. ჰოდა, ვერ წარმოიდგენ, ხალხი რა დღეშია - თმას ვერსად
იჭრის!
გიორგი აბაშიძე