QronikaPlus
რა პრობლემები შეუქმნა კორონავირუსმა ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ქუთაისში?

რა პრობლემები შეუქმნა კორონავირუსმა ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ქუთაისში?

2020-05-02 17:20:39

რატომ არ შეეხო გიდებს მთავრობის ეკონომიკური მხარდაჭერა?

„ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს „ახალგაზრდა გიდების ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ლაშა ბერეკაშვილი:

- ლაშა, ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს პანდემიამ ბევრი პრობლემა შექმნა. საინტერესოა, რა ხდება ამ მიმართულებით ქუთაისში? 

- როდესაც ჩინეთიდან ინფორმაცია გავრცელდა კორონავირუსის შესახებ და მოგზაურობას საფრთხე შეექმნა, სწორედ აქედან დაიწყო საქართველოში ტურიზმის სფეროში პრობლემები. ტურიზმის კერძო სექტროში მომუშავე ადამიანები ჯერ კიდევ იანვარში ვხედავდით, როგორ უქმდებოდა ჯავშნები და ამის შესახებ ღიად დავიწყეთ საუბარი, ვურთიერთობდით  ტურისტულ ორგანოებთან. ისინი გვეუბნებოდნენ, რომ ნუ ვთესდით პანიკას, რადგან ყველაფერი კარგად იყო. პარალელურად, მარტის დასაწყისში ქუთაისის ტურისტულმა ცენტრმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ  კორონავირუსის მიუხედავად, ქუთაისში ტურისტების მატება იყო და როდესაც ეს ინფორმაცია გავაკრიტიკეთ, არ მოგვისმინეს, არასწორ მესიჯებს აგზავნიდნენ, თუმცა მერე მიხვდნენ, რომ მსგავსი ინფორმაციის დადება მიზაშეუწონელი იყო. ამ განცხადების შემდეგ ზუსტად ერთ კვირაში საქართველოს ხელისუფლებამ სრულად ჩაკეტა საზღვრები და შემდეგ - ქალაქებიც. ამით იმის თქმა მინდა, რომ კერძო სექტორმა უფრო ადრე დავინახეთ პრობლემა, ვიდრე - სახელმწიფო სტრუქტურებმა. სამწუხაროდ, ტურისტულ ცენტრში არ მოგვისმინეს. უბრალოდ, ჩვენ შეგვეძლო, უფრო ადრე მოგვეხდინა მობილიზება. მართალია, ამით  პანდემიას ვერ შევაჩერებდით, თუმცა, მაგალითად, გიორგი, რომელმაც  საოჯახო სასტუმროში ოთახების დამატება დაიწყო იმ გათვლებით, რომ წელს უფრო მეტ ტურისტს ელოდებოდა, გააჩერებდა სარემონტო სამუშაოებს და აღარც ლელა აიღებდა საბანკო სესხს თავისი ღვინის მარნის მოსაწყობად. სწორი აქცენტები და  კერძო სექტორის დროული ინფრომაცია  იმ დიდ ზარალს აგვაცილებდა, რაც ტურისტულ სექტორში მომუშავე ადამიანებს დაუდგათ. ყველას შეუძლია დაითვალოს დეკემბერში, იანვარსა და  თებერვალში აღებული სესხები, რომელიც მიმართული  იყო  ტურისტული ინფრასტრუქტურის, სასტუმროს, რესტორნისა და ა. შ. ობიექტების მოსაწყობად.

დროული მობილიზება პირველად  დარტყმას ააცილებდა ტურისტულ სექტორში დასაქმებულებს.

- თუმცა პრობლემის დანახვისთანავე მთავრობამ ტურიზმის სექტორში მომუშავეებს მხარდაჭერა  გამოუცხადა...

- მთავრობის პირველი  დახმარება მიმართული იყო ტურისტული სექტორის მხარდასაჭერად სასტუმროებთან და კვების ობიექტებთან დაკავშირებით. ეს გახლდათ სხვადასხვა საშემოსავლო გადასახადის გადავადება ნოემბრამდე და ა. შ., რაც, თავისთავად, მართლაც კარგი სიგნალი იყო ხელისუფლების მხრიდან, თუმცა შეღავათები გარკვეულ სეგმენტს შეეხო... მხარდაჭერა არ შეეხო ტურიზმის სფეროში მომუშავე მეორე ნაწილს, - გიდებს.

- დღეს თუ გაქვთ რამე ტიპის კომუნიკაცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან  და ტურიზმის ცენტრთან?

- მათგან ორი თვის განმავლობაში დღემდე ველოდებით ინფორმაციას, თუ რა ღონისძიებების გატარებას აპირებენ პანდემიის პირობებში ან როდესაც კრიზისი გადაივლის და საზღვრები გაიხსნება?.. საჭიროა, სახელმწიფომ ტურიზმის კერძო სექტორში მომუშავეებისთვის გეგმა წარმოადგინოს, რომელსაც ვერ ვხედავთ.

- უკვე მოვისმინეთ მთავრობის განცხადება, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, რომელიც  ტურისტების მიღებას დაიწყებს. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ეს განცხადება?   

- ყველა  ტურისტული ქვეყანა უკვე ცდილობს, რომ ამ დოღში  ჩაებას, რომელიც გულისხმობს ვირუსის პირობებში ან კრიზისის დასრულების შემდეგ ვინ უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები უკვე აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან, მიიღონ ტურისტები. მაგრამ, ჯერჯერობით, საქართველოს მზაობას პირველობისთვის ვერ ვხედავ.

ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ხელთ არ გვაქვს მყარი გეგმა, წესები გიდებისთვის: როგორ უნდა დახვდეს გიდი აეროპორტში ტურისტს? რა დისტანციით უნდა ესაუბროს მას? როგორ უნდა შეიყვანოს ობიექტზე? როგორ უნდა გაუწიოს ორგანიზება მათ ტრანსპორტირებას? როგორი ტიპის ტრანსპორტი უნდა გამოვიყენოთ ამა თუ იმ რაოდენობის ტურისტისთვის და ა. შ.

ჩვენ უკვე ერთი თვის წინ შევთავაზეთ ტურისტულ ცენტრებს ამ მიმართულებით მუშაობის დაწყება, თუმცა არანაირი ინფორმაცია არ არსებობს.

მეორე საკითხია აეროპორტების მზაობა. ვერც ერთ აეროპორტთან დაკავშირებით ვერ ვხედავთ  გავრცელებულ ინფორმაციას, რომ, მაგალითად, ქუთაისის აეროპორტში დამონტანჟდა თერმოსკრინინგის აპარატი ან ქუთაისის აეროპორტში შევიდა სწრაფი ტესტების მობილური ჯგუფი, რომელიც  ტურისტებს  მომსახურებას გაუწევს სწრაფ რეჟიმში. თუ ახლა იწერება აეროპორტების თემაზე უსაფრთხოების გაიდლაინები ან ახლა აწყობენ სივრცეებს აეროპორტებში და ჯერ არ გვეუბნებიან, კი ბატონო! თორემ რაც არ ვიცით, იმაზე ვამბობთ, რომ არ არსებობს. 

ლევან ქემოკლიძე

გაზიარება