QronikaPlus
სპეკულაციები წმინდანების სახელით - რატომ გაახსენდა ანდრია ჯაღმაიძეს წმინდა კორონა, მაინცდამაინც, კორონაპანდემიის დროს?

სპეკულაციები წმინდანების სახელით - რატომ გაახსენდა ანდრია ჯაღმაიძეს წმინდა კორონა, მაინცდამაინც, კორონაპანდემიის დროს?

2020-04-17 08:37:40

იმის თაობაზე, რომ კორონაპანდემიას საქართველოს ეკლესია, უფრო ზუსტად, ეკლესიის ადმინისტრაცია საკუთარი ძლევამოსილების დემონსტრირებისთვის იყენებს, დავა აღარ ღირს, ანუ ყველანი ვხვდებით, რომ საპატრიარქოს საერო თუ სასულიერო მაღალჩინოსნები, პანდემიის მოშველიებით, ხელისუფლების კუთხეში მიყენებას ცდილობენ, რაც, ზოგიერთის შეფასებით, ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობაა და მეტი არაფერი.

ზოგადად, ქართულ ეკლესიაში ცოტა არაა ისეთი სასულიერო პირი, რომელიც მრევლის ზომბირებას ყველანაირი ხერხით ცდილობს და იმის თქმასაც კი არ ერიდება, რომ აი, მაგალითად, ნაკურთხი თუ ვარდის წყლით კორონავირუსის დამარცხება შესაძლებელია. სწორედ ამ კონტექსტში შეგვიძლია, განვიხილოთ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის  განცხადება, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გააკეთა. კერძოდ, დეკანოზმა ჯაღმაიძემ დაწერა, რომ 14 მაისს წმინდა კორონას ხსენების დღეა.

„ითვლება, რომ წმინდა კორონა მფარველია ეპიდემიების დროს. იგი16 წლის გოგონაა, მეორე საუკუნის წმინდანი, რომელიც 170 წელს ქრისტიანობისთვის აწამეს“, - ნათქვამია ჯაღმაიძის მიერ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

იმ დროს, როცა საქართველო და სრულიად მსოფლიო კორონაპანდემიის წინააღმდეგ იბრძვის, კორონას წმინდანობაზე მახვილის დასმა, ცოტა არ იყოს, პროვოკაციულია, ანუ იმას კი არ ვამბობთ, რომ ქრისტიანულ ლიტერატურაში წმინდა მოწამე კორონა ნახსენები არაა, მაგრამ საინტერესოა, დეკანოზ ჯაღმაიძეს, რომელიც ქართული ეკლესიის ადმინისტრაციის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წარმომადგენლად მიიჩნევა, მაინცდამაინც, ახლა რატომ გაახსენდა წმინდა კორონას ხსენების დღე, თან იმის ხაზგასმაც, რომ წმინდა კორონა მრევლს ეპიდემიების დროს მფარველობს? - ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, თუმცა თუ ბოლო დროს ცალკეული მღვდელმთავრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გავიხსენებთ, ყველაფერი ლოგიკურად დალაგდება, ანუ, მაგალითად, მეუფე იობმა თქვა, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივი გრიპია და ამ გრიპით მხოლოდ ასაკიანი ადამიანები, ე. ი., ისინი იღუპებიან, რომლებიც „ამ სოფლიდან ისედაც უნდა გავიდნენ“.

მოკლედ, ყვლაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეკლესიის ადმინისტრაცია საკუთარი მრევლის სიცოცხლით ვაჭრობს, თუმცა ამ თემას ამჯერად აღარ ჩავუღრმავდებით და იმის გარკვევას შევეცდებით, მართლა არსებობს თუ არა ქრისტიანობაში წმინდა კორონა?   

რელიგიური წყაროების თანახმად, ადრეულ საუკუნეებში რომაელი ჯარისკაცი, ვინმე ვიქტორი, აწამეს, ანუ ქრისტიანობის გამო მას ჯერ თვალები დასთხარეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს. ვიქტორის წამებას გულგრილად ვერ უყურა მეორე რომაელი ჯარისკაცის მეუღლემ, რომელსაც კორონა ერქვა. მეტიც, კორონა ვიქტორს არათუ თანაუგრძნობდა, ამხნევებდა კიდეც. ამის გამო, როგორც წყაროები გვამცნობს, რომაელებმა კორონა შეიპყრეს, პალმაზე მიაბეს და ორ ნაწილად გაგლიჯეს. ეს ამბავი, გადმოცემის თანახმად, 170 წელს მოხდა.

გამოხდა ხანი და,  ვიქტორის მსგავსად, ქრისტიანულმა ეკლესიამ კორონა წმინდანად შერაცხა. ასევე ცნობილია, რომ ვიქტორისა და კორონას ხსენების დღე წელიწადში ორჯერ - 14 მაისსა და 24 ნოემბერს აღინიშნება, თუმცა იმის შესახებ ცნობები, რომ კორონა პანდემიების დროს მრევლს მფარველობს, პრინციპში, არსად მოიპოვება.

ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ წმინდა კორონას  უფრო კათოლიკური ეკლესია მიაგებს პატივს, ანუ კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ა­ში ის წმინ­და სტეფა­ნი­ა­დაც მოიხსე­ნი­ე­ბა. ამასთან, კათოლიკური გადმოცმით, კორონა  16 წლის იყო, როცა აწამეს, თუმცა კათოლიკური ეკლესია წმინდა კორონას ცალკე კი არა, ყოველთვის წმინდა ვიქ­ტო­რთან ერთად მოიხსენიებს.

სხვათა შორის, ჰაგიოგრაფიულ წყაროებში წმინდა კორონას წამების ზუსტი ადგილი არაა მითითებული, თუმცა, უმეტესად, და­მას­კო ან ან­ტი­ო­ქი­ა სახელდება.

გავყვეთ ვერსიას, რომ წმინდა კორონა პანდემიების დროს ხალხს მფარველობს. სწორედ ამ მოსაზრებას ავითარებს თავის ფეისბუქგანცხადებაში დეკანოზი ჯაღმაიძე, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ  ჩრდილოეთ იტა­ლი­ა­ში, ანუ ზუსტად იქ, სადაც კორონაპანდემიამ იფეთქა, წმინ­და კორონასა და წმინდა ვიქტორის სახელო­ბის ტა­ძა­რი არსებობს. ამასთან, ეს ორივე წმინ­და­ნი პო­პუ­ლა­რუ­ლია ავსტრიასა და ბავარიაში. მიუნხენთან ახ­ლოს კი მათი სა­ხე­ლო­ბის სამლოც­ვე­ლო მოქმედებს, ანუ თუ დავაკვირდებით, წმინდა კორონა ევროპის იმ ქვეყნებშია პოპულარული, სადაც კორონაპანდემია განსაკუთრებულად მძვინვარებდა, მაგრამ წმინდანმა ხალხი ამ „უხილავი მტრისგან“ ვერ დაიცვა.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: „როიტერის“ ცნობით, წმინდა კო­რო­ნას ნეშ­ტის ნაწი­ლე­ბი აა­ხე­ნის საკა­თედ­რო ტაძ­რის აკ­ლდა­მა­ში ინა­ხე­ბა და იქიდან ნეშტის გამოტა­ნა მომლოცველებისთვის ზა­ფხუ­ლში იგეგ­მე­ბო­და, თუმ­ცა კორონობის გამო ეს რიტუალი გადაიდო.  

გიორგი აბაშიძე

გაზიარება