QronikaPlus
„კლინიკებში მხოლოდ დამძიმებულები გადაჰყავთ“, - რას ჰყვება ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი კორონაპანდემიაზე?

„კლინიკებში მხოლოდ დამძიმებულები გადაჰყავთ“, - რას ჰყვება ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი კორონაპანდემიაზე?

2020-04-09 09:50:12

იტალიისა და ესპანეთის შემდეგ კორონავირუსმა დიდ ბრიტანეთში იფეთქა - დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღე იზრდება. ამასთან, „ჩინური ვირუსით“ დაინფიცირდა ქვეყნის პრემიერი ბორის ჯონსონი, რომლის მდგომარეობაც გართულდა და იგი რეანიმაციაში გადაიყვანეს. რამდენიმე დღის წინ ბრიტანელმა დეპუტატებმა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩინეთის ქმედებები დაგმეს. ანგარიშში, რომელიც ინგლისის პარლამენტის თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ ოფიციალურ პეკინს ინფექციის მონაცემების შესახებ ინფორმაციის შეკრებაში საკვანძო როლი უნდა ეტვირთა. ამავე ანგარიშში მოყვანილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიკრობლოგზე გაკეთებული განცხადება, რომელიც მიმდინარე წლის 14 იანვრით თარიღდება და სადაც ჯანმო, ჩინელ სპეციალისტებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადების მტკიცებულებები არ არსებობს.  

„ასეთმა ქმედებებმა ადრეულ ეტაპზე ვითარების გაანალიზება გაართულა“, - აცხადებენ ბრიტანელი დეპუტატები და დასძენენ, რომ რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, რუსეთი და ირანიც, ვირუსზე დეზინფორმაციას ავრცელებს. ყოველივე აქედან გამომდინარე, ბრიტანელ პოლიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ჯანდაცვის სფეროში „დიდი ოცეულის“ მსგავსი ორგანიზაცია შეიქმნას.

ეს იდეა ხორცს შეისხამს თუ არა, ჯერჯერობით უცნობია, მანამდე კი „ქრონიკა+“  მინდია სირბილაძეს ესაუბრა, რომელიც ორ ათეულ წელიწადზე მეტია, დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს:

- მინდია, რა მდგომარეობაა ახლა ბრიტანეთში - კორონავირსის გამო ხალხი დაპანიკებულია?

- აქ სიტუაცია დღითი დღე მწვავდება. მარტო დღეს გარდაცვლილთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა, დაინფიცირებულთა რიცხვი კი 7 000-ზე მეტია. მიუხედავად ამისა, პანიკა არ არის, თუმცა დაძაბულობა შეიმჩნევა.

- მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს, ანუ ვთქვათ, ქუაში გასვლა შეგიძლიათ თუ არა?

- მკაცრი შეზღუდვები არ არის, თუმცა ოფისები დაკეტელია. მხოლოდ კლინიკები, აფთიაქები, სუპერმარკეტები და ბანკები ფუნქციონირებს. ტრანსპორტიც მუშაობს, მაგრამ ლონდონში მეტროს 40-ზე მეტი სადგური დაკეტილია. ქუჩებში სიმშვიდეა. პარკებში სავარჯიშოდ გასვლა მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი, მაგრამ ორმეტრიანი დისტანციის დაცვით. საგანგებო მდგომარეობა არ არის.

- სწრაფი ტესტების საქმე როგორაა - ყველა მსურველსა და სიმპტომის მქონეს უტარდება?

- სწრაფი ტესტები თანდათან შემოდის. სწრაფ ტესტებს ჯერ სამედიცინო პერსონალსა და პოლიციას უტარებენ.

- ქართველებს პრობლემები აქვთ, ანუ საქართველოში წამოსვლა უნდათ?

- ქართველების შესახებ არაფერი მსმენია. ისე, სხვა ქვეყნებთან შედარებით, აქ ქართველები შედარებით ცოტანი არიან. ასე რომ, მათზე ინფორმაცია არ გამაჩნია.

- ხალხს კორონასი უფრო ეშინია თუ მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის?

- ალბათ, უფრო  კოლაფსის, რაც პანდემიის მერე იქნება.

- თქვენ გარშემო ბევრი დარჩა უმუშევარი?

- ჯერჯერობით უმუშევრობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს და ყველაფერი მაისისთვის გამოჩნდება. ამჟამად ხალხი სახლიდან მუშაობს. სკოლები დაკეტილია და გამოცდებიც გადაიდო. ქუჩებში ხალხისა და ტრანსპორტის ნაკლებობა აშკარად შეიმჩნევა. ბევრი დაკარგავს სამსახურს. სახელმწიფომ უკვე დაიწყო კომპენსაციების გაცემა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი ხანი გასტანს შეზღუდვები. ყველაზე ოპტიმისტური გათვლით, ალბათ, მაისის ჩათვლით.

- თქვენ რას საქმიანოთ?

- ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ვმუშაობ.

- უსაფრთხოების რა წესებს იცავთ?

- ძირითადად, სოციალურ დისტანცირებას. ვცდილობ, ფეხით ან ველოსიპედით ვიარო და ტრანსპორტით არ ვისარგებლო. ფეხით სასიარულოდ ამინდიც მიწყობს ხელს - სასწაულად თბილა ბოლო ორი კვირაა.

როგორც გითხარით, ქუჩაში შეზღუდვები არაა, თუმცა თუ ჯგუფურად დაგინახეს, პოლიცია მოვა და გთხოვთ, რომ დაიშალოთ.

- ჯარიმები არის?

-  არის, მაგრამ არავინ დაუჯარიმებიათ. ადრე თქვეს, ვინც არ დაემორჩილება, დავაჯარიმებთო, მაგრამ, ალბათ, არ იმუშავებს. საერთოდ, ბრიტანელები კანონმორჩილი ხალხია.

ეს თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანაა და ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი აკრძალვები არ არის - საზოგადოებას ენდობიან. აქ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებაა. ბრიტანელები ასე არ ფიქრობენ - დღევანდელი კვერცხი გვირჩევია ხვალინდელ ქათამსო. ყოველთვის წინ იყურებიან და შეცდომებზე სწავლობენ. სხვათა შორის, ძალიან თვითკრიტიკულები და გახსნილებიც არიან. რყევები ამ ქვეყანას არ ახასიათებს. სტაბილური პოლიტიკური და საფინანსო-ეკონომიკური სისტემა აქვს. ყველა თავის საქმეს აკეთებს.

ამასთან, საკუთარ ჯანდაცვის სისტემასაც უფრთხილდებიან, რომ დიდი ზეწოლა არ ჰქონდეს. ამიტომ კლინიკებში მხოლოდ დამძიმებულები გადაჰყავთ. სხვა შემთხვევაში კი მოქმედებს თვითიზოლაცია და სახლში მკურნალობა სიცხის დამწევი საშუალებით, ძირითადად, „პარაცეტამოლით“.

- და რას ამბობენ, პანდემია როდის დასრულდებაო?

- ზუსტად არავინ იცის. ალბათ, მაისის ბოლოდან შეიძლება დაიწყონ შეზღუდვების ნაწილობრივი მოხსნა.

ისე, საგარეო ოფისმა გაგვაფრთხილა, რომ არ ვიმოგზაუროთ საზღვარგარეთ, რადგან უკან დაბრუნება შეიძლება, პრობლემა გახდეს. ბევრი ტურკომპანია გაკოტრდა, რომელიც ესპანეთსა და პორტუგალიაზე მუშაობდა. არადა, ესპანეთში სულ ბრიტანელები ისვენებენ. ძალიან ბევრს იქ სახლიც აქვს შეძენილი... მთავარია, ადამიანები გადარჩნენ.

როგორც ამბობენ, კორონავირუსი,  ძირითადად, მოხუცებსა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს აზიანებს, ანუ მათ, ვისაც იმუნური სისტემა  სუსტი აქვს. სხვათა შორის, კვლევებით, დაინფიცირებულთა შორის მამაკაცები სჭარბობენ და ამიტომ ძირითადი ყურადღება მათზეა გადატანილი.

- ეს ბრიტანული კვლევებია?

- არა, საერთაშორისო და წინასწარი მონაცემებით უფრო მამაკაცები ინფიცირდებიან, თუმცა ზუსტ სურათს, ალბათ, პანდემიის მინავლების შემდეგ ვნახავთ.

გიორგი აბაშიძე

გაზიარება