- ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
2020-04-06 12:45:53
იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ყველაფერი გაჩერებულია, ხელისუფლებამ ე. წ. მატროსოვის ციხის ლიკვიდაცია გადაწყვიტა და იქ მყოფი ადამიანები, მათ შორის, პოლიტპატიმრები, სხვა დაწესებულებაში გადაიყვანა. მართალია, თეა წულუკიანი ამტკიცებს, რომ „მატროსოვის“ ლიკვიდაცია ადრევე იყო გადაწყვეტილი, მაგრამ ამ ზღაპრების არავის სჯერა.
„მატროსოვის“ ციხის გაუქმების ოფიციალური ვერსიის არც უფლებადამცველსა და ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ლაშა ჩხარტიშვილს სჯერა. თავის ეჭვებზე ჩხარტიშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ ლაშა, მატროსოვის ციხიდან პატიმრების გადაყვანას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. თქვენთვის სარწმუნოა ის ვერსია, რაც ხელისუფლებამ გააჟღერა?
_ არ მჯერა, რომ მატროსოვის ციხიდან პატიმრები იმიტომ გადაიყვანეს, თითქოს ამ დაწესებულების ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიღებული იყო. ასეც რომ ყოფილიყო, ამ ვითარებაში ხელისუფლებას თავი უნდა შეეკავებინა ამდენი ადამიანის ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანისგან. ჩემთვის ასევე გაუგებარია თეა წულუკიანის განმარტება, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები ცალკე დაწესებულებაში აღარ მოიხდიან სასჯელს. ყველაზე ხშირად მე ვითხოვდი და ახლაც ვითხოვ ხოლმე მაღალი თანამდებობის პირების დასჯას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები სასიკვდილოდ გავწიროთ.
ყველას მოგეხსენებათ, რომ „მატროსოვის“ ციხეში ბევრი ყოფილი სამართალდამცველი იხდის სასჯელს. მათ აქვთ დანაშაული ჩადენილი, მაგრამ ისინი ებრძოდნენ კრიმინალს. წარმოიდგინეთ, ახლა ისინი კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად თუ მოხვდებიან საპატიმროში! ან ერთი მხარე დაიღუპება, ან - მეორე. ქართული კანონმდებლობით კი სიკვდილით დასჯა გაუქმებულია. ჩვენთან არც ლინჩის წესი მოქმედებს.
მიმაჩნია, რომ, თავის დროზე, ბაჩო ახალაია სამართლიანად დააპატიმრეს. მას კიდევ უფრო მეტი სასჯელი ეკუთვნოდა, ვიდრე მიუსაჯეს, მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ამ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. მე არ ვიცი, რამდენად დაცული იქნება ის რუსთავის დაწესებულებაში. იმედია, წულუკიანს გაცნობიერებული აქვს ეს საფრთხეები. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ „მატროსოვის“ ციხეში პოლიტპატიმრებიც იყვნენ. მათაც შეიძლება რამე პრობლემები შეექმნათ.
მოკლედ რომ გითხრათ, მიუღებელი და გაუგებარია, თუ რატომ გადაიყვანეს ამ საგანგებო მდგომარეობის დროს პატიმრები. გასაგები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, ხელისუფლებას დასაბუთებული არგუმენტები რომ შემოეთავაზებინა. რაც გვითხრეს, იმის არ მჯერა.
_ რატომ არის შეუძლებელი, რომ ხელისუფლებას ამ ციხის გაუქმების გადაწყვეტილება მიეღო?
_ ასეთი გადაწყვეტილება თუ არსებობდა, აქამდე რატომ არაფერი ითქვა ამასთან დაკავშირებით? აქ რაღაც სხვა ამბავი იმალება. არის ვერსია, რომ „მატროსოვის“ ციხის ერთ-ერთ თანამშრომელს დაემართა კორონავირუსი და ამის გამო გადაიყვანეს პატიმრები „მატროსოვიდან“. თუ ეს მართლაც ამ მიზნით გააკეთეს, ეს მხოლოდ მისასალმებელია და არ მესმის, რატომ მალავენ ამას? არის მეორე ვერსიაც, რომ ხელისუფლებას „მატროსოვის“ ციხის ტერიტორიის გაყიდვა სურს და ამიტომაც გადაიყვანა აქედან პატიმრები. ამბობენ იმასაც, რომ ეს დაწესებულება უკვე ამორტიზებული იყო და ამიტომაც დაცალეს იგი.
ნებისმიერ ვარიანტში ამ ვითარებაში პატიმრების ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანა მიუღებელია. ამის გაკეთება რამდენიმე თვის შემდეგაც შეიძლებოდა. იმედი მაქვს, რუსთავის დაწესებულებაში ყველა მათგანის სიცოცხლე დაცული იქნება. ხელისუფლებას კი უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ მოვუწოდებ. სიმართლე მაინც არ დაიმალება. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციები სულ უფრო ბევრ ჭორს ბადებს.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მაშინ, როცა ყველაფერს კეტავენ, წარმოუდგენელია, ერთი ციხიდან მეორეში პატიმრების გადაყვანა. უსაფრთხოების მიზნით ხელისუფლებამ აგრარული ბაზრების დაკეტვა დაიწყო და ამ დროს უამრავი ადამიანი გადაჰყავთ სხვა ციხეში.
_ აგრარული ბაზრები არ უნდა დაეკეტათ?
- არ უნდა დაეკეტათ! ეს გამოიწვევს ფასების ზრდას. ფასები ისედაც კატასტროფულად არის გაზრდილი და ადამიანები ელემენტარულად საკვებს ვეღარ იყიდიან. თუკი „კარფურსა“ და სხვა მსხვილ სუპერმარკეტებშია შესაძლებელი რიგების მოწესრიგება და დისტანციის დაცვა, იგივე შეიძლებოდა გაკეთებულიყო აგრარულ ბაზრებშიც მათი დეზინფექციის ფონზე. არც გლეხი დარჩებოდა ულუკმაპუროდ და მომხმარებელიც შეძლებდა რაღაცის ყიდვას.
ასევე ცოტა გაუგებარია ონლაინგაყიდვების აკრძალვა. ამ ვითარებაში როგორ შეიძლება, ადამიანებს ყველანაირი შანსი მოუსპო? გახარია კი მოგვიწოდებს, რომ როგორ ვერ უნდა გავძლოთ ორი კვირა ტელეფონის დამტენისა და ყურსასმენის გარეშეო, მაგრამ უმაგისოდ მართლა ძნელია. გახარიას მინდა ავუხსნა, რომ ყურსასმენები მარტო მუსიკის მოსასმენად არ სჭირდებათ ადამიანებს. სკოლები ონლაინსწავლებაზეა გადასული და ისინი ბავშვებს გაკვეთილების მოსასმენად სჭირდებათ. მუსიკასაც თუ მოუსმენენ იზოლაციაში მყოფი ადამიანები, არც ეს არის დანაშაული. ტელეფონის დამტენიც საჭირო ნივთია. დამტენი თუ არ იქნა, ტელეფონს ვერ დატენიან და სახლში მყოფ ადამიანს ტელეფონიც თუ არ ექნა, ის ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება.
ონლაინგაყიდვების ნაწილში აკრძალვები არ შეხებია მზა საკვები პროდუქტების მიტანის სერვისს, რაც ჩემში კითხვებს ბადებს. არ მესმის, რატომ შეიძლება ონლაინ ხაჭაპური შეუკვეთო და ყურსასმენი - არა? ხაჭაპურის მიტანა, ჩემი აზრით, უფრო საშიშია.
_ რატომ არის უფრო საშიში?
_ იმიტომ, რომ ხაჭაპურის დეზინფიცირება შეუძლებელია. ყურსასმენისა და ტელეფონის დამტენის დეზინფექცია თავისუფლად შეიძლება. ასევე გაუგებარია იმ ოდენობის ჯარიმა, რაც კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაწესდა.
_ არ უნდა დაეწესებინათ ჯარიმები? აბა, როგორ ეიძულებინათ ხალხი, რომ კომენდანტის საათი დაეცვათ?
_ კანონის დარღვევისთვის ჯარიმა უნდა დაწესდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს 3.000 ლარი, რაც არარეალური ციფრია.
_ რატომ არის არარეალური?
_ მაშინ, როცა პენსია 200 ლარია და საშუალო ხელფასი 400 ლარამდე მერყეობს, როგორ შეიძლება, კომენდანტის საათის დარღვევისთვის 3.000 ლარი იყოს ჯარიმა?! ყოფილიყო 500 ლარი. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები კომენდანტის საათის მნიშვნელობასაც.
_ ფიქრობთ, რომ კომენდანტის საათის დაწესება საჭირო არ იყო?
_ ღამის საათებში ისედაც არ გამოდიოდა ხალხი ქუჩაში. რაღაცის აკრძალვა თუ უნდოდათ, დღე უნდა დაეწესებინათ აკრძალვები. დღე მაინც ბევრი ხალხი დადის. შეიხედეთ დიდ სუპერმარკეტებში, რა ხდება. იქ, ასე თუ ისე, კი იცავენ დისტანციას, მაგრამ მაინც ბევრი ხალხია. მაგ ლოგიკით, ღამეც დაიცავდა ხალხი დისტანციას.
ამის გარდა, ხელისუფლებას უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა ხალხისთვის, თუ რა ჯარიმებია დარღვევებზე და რა ითვლება დარღვევად. ერთი-ორი განცხადება გააკეთეს და მორჩა. თავიანთ ტროლ-ბოტებს ოპოზიციისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ რომ ამუშავებენ, იმათთვის მაინც შეეცვალათ ცოტა ხნით პროფილი _ მიეცათ დავალება, რომ ამ აკრძალვებზე დაეწერათ. მეტი ადამიანი გაიგებდა ამის შესახებ - აღარ დაარღვევდნენ დაწესებულ ნორმებს და არც ჯარიმების გადახდა მოუწევდათ.
ასევე ცოტა უცნაურია, მანქანაში მძღოლის გვერდით მეორე ადამიანის დაჯდომა რომ არ შეიძლება. თუ უკანა სკამზე შეიძლება ორი ადამიანი დაჯდეს ერთად, წინა სკამებზე რატომ არ შეიძლება? და თუ ეს აკრძალვა მოქმედებს, მაშინ რატომ არ ეხება ის პოლიციას? ე. ი. პოლიციელების სიცოცხლეს საფრთხეს ვუქმნით? ასეთი აკრძალვა მხოლოდ ტაქსებზე შეიძლებოდა დაწესებულიყო - ტაქსის მძღოლებს ყოველდღე ბევრ ადამიანთან აქვთ შეხება და მათთან შეიძლებოდა ამ აკრძალვის დაწესება. სხვა შემთხვევაში კი ცოტა გაუგებარია.
ასევე გაუგებარია ხადის ხეობაში იმ საეჭვო პროექტის განხორციელება, რომელიც რუსეთს უფრო სჭირდება, ვიდრე - საქართველოს.
_ ახალი გზის მშენებლობას გულისხმობთ?
_ კი. ეს პროექტი ასეულობით მილიონი დოლარი ჯდება. ამისთვის უამრავი სესხი უნდა აიღოს სახელმწიფომ. არადა, მსოფლიოში ახლა ისეთი ვითარებაა, რომ ეს პროექტი უნდა შეჩერდეს. თანაც, მისი განხორციელება არ არის აუცილებელი და საჭირო. ის ფული, რაც ამ პროექტს უნდა მოხმარდეს, ჯობია, მოსახლეობას დაურიგონ. ძალიან ბევრ ადამიანს ელემენტარულად პურის ფულიც კი აღარ ექნება ცოტა ხანში. უმუშევრობა და გაჭირვება გაანადგურებს მოსახლეობას.
იმ ფონზე, როცა მსოფლიოსა და საქართველოში კორონავირუსი მძვინვარებს, მაშინაც კი ვერ დამალა ბუნკერში შემძვრალმა ივანიშვილმა თავისი ნამდვილი სახე. მან მოითხოვა, რომ ონის კასკადზე ჰესების მშენებლობა დაწყებულიყო. ამას მოსახლეობა არ დაუშვებს და ის იძულებული გახდება, აქცია მოაწყოს. აქციაზე კი მართლა შეიძლება, ადამიანები ვირუსით დაინფიცირდნენ.
შორენა მარსაგიშვილი