- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-04 08:10:55
გართობით და გულის გადაყოლებით დაწყებული ჰობი მის საყვარელ საქმიანობად იქცა. ამბობს, რომ აქტიური ხატვა მაღაზიაში მუშაობის დროს დაიწყო. ხატავდა ჩვეულებრივ თაბახის ფურცლებზე, რომელიც უფროსმა აჩუქა.
„ფიზიკურად ძალიან რთულია, რომ სახლში გვიან მოსულმა ხატვა დაიწყო და მერე დილით ისევ სამსახურში წახვიდე. როდესაც ჩემმა უფროსმა ნახა ჩემი ნამუშევრები, მითხრა, როცა დრო გექნება, აქაც ხატეო. მან დიდი დახმარება გამიწია“, - გვითხრა თვითნასწავლმა მხატვარმა ხათუნა ფერაძემ.
როცა ხათუნა ფერაძის ნამუშევრებს უყურებ, ძნელია დაიჯერო, რომ მას ხატვა არასოდეს უსწავლია. სიხარული, ტკივილი, დაბადება, ოცნება, მიზანი, ცხოვრება - ეს არის ის მცირე ჩამონათვალი, რასაც მის მიერ შექმნილ პორტრეტებში ამოიკითხავთ.
„თავიდან ნახატებს ორ საათში ვასრულებდი, ეს გრაფიკაში და მერე დავიწყე ფერწერა, უკვე საღებავებს ვიყენებ და ნელ-ნელა ვიხვეწები. ახლა უფრო დიდხანს ვუნდები. თუ გამიტაცა ნახატმა, საერთოდ მავიწყდება ყველაფერი და შეიძლება, ერთ დღეშიც მოვრჩე. მაგალითად, ბატონი გია ყანჩელის პორტრეტი, დაახლოებით, 20 საათში დავამთავრე! ხატვის პროცესი იმდენად საოცარია, დაღლაზე არ ვფიქრობ, მაგრამ ეს დიდი დატვირთვაა, განსაკუთრებით თვალებზე და ამიტომ არ მინდა, გადავღალო თავი“, - დასძინა ხათუნამ.
ამბობს, რომ ბედნიერია იმით, რასაც ქმნის. უამრავი ნახატი აქვს შექმნილი, თუმცა მათი რაოდენობა დღემდე არ იცის. ხატვის გარდა წერს ლექსებს და ჩანახატებს. მონაწილეობა მიუღია გამოფენებში და ისიც სხვა მხატვრების დასახმარებლად.
„არასოდეს დამითვლია ჩემი ნამუშევარი, არც მიფიქრია მცოდნოდა მათი რაოდენობა, ისევე როგორც არ ვიცი ჩემი ლექსებისა და ჩანახატების რიცხვი. მთავარია, რომ ბედნიერი ვარ. რაც შეეხება გამოფენას – როგორც უკვე გითხარით, ხატვა დავიწყე გასართობად, უბრალო მასალებით და საოცრად ცუდ პირობებში, გამოფენაზე მაშინ არც ვფიქრობდი. მერე დრომ მოიტანა ამაზე ფიქრი, დახმარებაც აღმითქვეს, თუმცა ახლა ჩემი თავი არ ჩავთვალე მზად ამისთვის. არ მინდა, ვინმემ მიწყინოს, მაგრამ ფინანსურად გამართული თუ ხარ, გინდა გამოფენას ჩაატარებ და გინდა - წიგნს გამოსცემ. ადრე ასე ადვილი არ იყო ეს ყველაფერი, ნიჭს ექცეოდა ყურადღება, ახლა ფულია მთავარი. საკუთარი თავის მიმართ ამბიციური ვარ! მინდა, დავიმსახურო ყველაფერი. შეიძლება, დონ კიხოტივით ვჩანვარ, მაგრამ ასეთი ვარ და არც მინდა, რამე შევცვალო!“, - აცხადებს ფერაძე.
ის, რომ ფინანსური მხარე დიდ როლს ასრულებს ნებისმიერის ცხოვრებაში, ეს ახალი არ არის, მით უმეტს, როცა ნიჭიერ ადამიანზე ვსაუბრობთ. ჩვენს დღევანდელ რესპონდენტსაც სწორედ ამაზე წყდება გული, რომ ბევრ ნიჭიერ შემოქმედს ჩრდილში ყოფნა უწევს.
„უამრავი ნიჭიერი ადამიანი ჩრდილშია იმის გამო, რომ არ აქვს საშუალება, უნიჭოები კი თავისუფლად დანავარდობენ. ვიცი, ეს სიტყვები ბევრს გააბრაზებს, მაგრამ არა უშავს! არ მეშინია სირთულეების, უფლის იმედი მაქვს, მისი მხარდაჭერის! მან მომიყვანა აქამდე, მერეც არ მიმატოვებს, მთავარია, დავიმსახურო! პოპულარობის გამო არ ვაპირებ ჩემი სინდისის გადაკეთებას! ახლა ამას რომ ვამბობ, არ იფიქროთ, ყველაზე ასე ვფიქრობდე! რა თქმა უნდა, არა. ხანდახან ნიჭიერებაც იმარჯვებს“, - ამბობს ქალბატონი ხათუნა.
როგორც „ქრონიკა+“-სთან ხათუნა ფერაძემ განაცხადა, გაზაფხულზე გამოფენის გაკეთებას აპირებდა, თუმცა პანდემიის გამო ბევრი გეგმა თვითნებურად შეიცვალა და გარდა ამისა, ყველა უფასო დარბაზი 2020 წლის ბოლომდე დაკავებული აღმოჩნდა.
„ჩავთვალე, რომ უკვე შემეძლო ხალხისთვის რაღაცის თქმა, მაგრამ, სამწუხაროდ, უფასო დარბაზები 2020 წლის ბოლომდე დაკავებული აღმოჩნდა, - ყოველ შემთხვევაში, მე ასე მითხრეს. ძალიან არ მიდარდია, ჩემთვის მთავარია, საყვარელი საქმე ვაკეთო. გამოფენას კი უფლის ნებით გავმართავ, როცა იქნება. არც იმას ვგეგმავდი, ხალხის სიყვარულს რომ მოვიპოვებდი, მაგრამ თავისით მოვიდა, თქვენ თავად დარწმუნდებით, რომ ასეა, გამოფენაც მოვა, უფლის ნებით!“, - განუცხადა „ქრონიკა+“-ს ხათუნა ფერაძემ.
ეს არის ის, რაც ძალიან მოკლედ გადმოგეცით ნიჭიერ, თვითნასწავლ
მხატვარ ხათუნა ფერაძეზე, თუმცა „ქრონიკა+“ პანდემიის დასრულების შემდეგ უფრო ვრცლად
გაგაცნობთ მის შემოქმედებით გზას. გზას, რომელსაც მივყავართ უსასრულობამდე, რადგან
ნიჭი უსაზღვროა.
გიორგი საკარული