ემიგრაცია პოლიტიკური, ეკონომიკური ან პირადი მიზეზებით უცხო ქვეყანაში მცირე ხნით ან მუდმივად საცხოვრებლად წასვლაა.
პოლიტიკური მიზეზებით ემიგრაცია, როგორც წესი, რეპრესიული რეჟიმის თანმხლები მოვლენაა, როდესაც რეპრესიის შიში ან გაბატონებული რეჟიმისთვის ლოიალობის გამოცხადების აუცილებლობა მოქალაქეებს აიძულებს, უცხო ქვეყანას შეაფარონ თავი.
არაოფიციალური მონაცემებით დღეს საქართველოდან 1,5 მილიონი ადამიანი საზღვარგარეთ არის გასული. ოფიციალური სტატისტიკის დადგენა იმის გამო ვერ ხერხდება, რომ ემიგრანტთა ძირითადი ნაწილი, დაახლოებით 80%, უცხო ქვეყანაში არალეგალური სტატუსით იმყოფება. მათ შორის ახალგაზრდობა ჭარბობს. პროფესიით მხოლოდ 5,1% მუშაობს, 67,5% კი – ფიზიკურად. უმეტეს შემთხვევაში, წასვლის მიზეზი მატერიალური სიდუხჭირეა.
ყველაზე ხშირად ქართველებს რუსეთში, იტალიაში, საბერძნეთში, ესპანეთში, თურქეთში, გერმანიასა და აშშ-ში შეხვდებით. ალბათ, ყველა დაგვეთანხმება, რომ ისინი ამ ქვეყნებში არა სამოგზაუროდ და ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად, არამედ სამუშაოდ ჩადიან.
ასე ზრდიან დედები შვილებს სკაიპით, ასე ტირიან ჩვენში მშობლებს ტელეფონით, ასე უხდიან ქორწილს და ნათლობას შვილიშვილებს და მხოლოდ ვირტუალური ურთიერთობითღა გვაქვს ოჯახები. ემიგრანტები კი შრომობენ, შრომობენ და ბოლო თეთრს სახლში გზავნიან... დაბრუნება უნდათ, მაგრამ უღირთ კი?!
2016 წლის 27 მაისს პარლამენტმა მიიღო „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია“. კონცეფცია ეყრდნობა მოსახლეობის „დაბერების საკითხის მეინსტრიმინგის გზამკვლევს“, რომელიც 2015 წელს შემუშავდა საქართველოს მთავრობის თხოვნით და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ტექნიკური დახმარებით; დაბერების საკითხის შესახებ მადრიდის 2002 წლის საერთაშორისო სამოქმედო გეგმისა და მისი განხორციელების რეგიონული სტრატეგიის პრინციპების გათვალისწინებით. სწორედ აღნიშნულ დოკუმენტებში მოცემული ხედვის განხორციელების მიზნით შემუშავდა „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა“, რომელიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო პოლიტიკასა და პროგრამებში „აქტიური დაბერების“ მიდგომების აქტუალიზაციას.
ამ გეგმით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს/საკონსულო დაწესებულებებს აკისრიათ სამშობლოში დაბრუნების მსურველი ემიგრანტების ინფორმირება არსებული სახელმწიფო პროგრამების შესახებ, მათ შორის, პროფესიული სწავლებისა და დასაქმების პროგრამების შესახებ.
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და სწორედ ამიტომ, როგორც კონცეფციიდან ირკვეოდა, 2015 წელს, პირველად საქართველოში, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიყო 400 000 ლარი.
რეინტეგრაციის პროგრამების ამ მიმართულებით განხორციელება ორ მნიშვნელოვან მიზანს ემსახურებოდა:
უპირველეს ყოვლისა, ეს არის სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. ამასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რეინტეგრაციის პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც პროგრამის გამჭვირვალობას, ასევე რეინტეგრაციის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო სექტორის გაძლიერებასა და განვითარებას.
აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული იყო სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის შემდეგი სერვისების მიწოდება:
სოციალური პროექტების დაფინანსება, მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, პროფესიული სწავლება, ანაზღაურებადი სტაჟირება, სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება, იურიდიული დახმარება, საზოგადოებრივი ინფორმირებულობის პროგრამების დაფინანსება.
რამდენად განხორციელდა რეინტეგრაციის პროგრამა ემიგრანტებისთვის საქართველოში, ეს მკითხველმა თავად განსაზღვროს...
დღეს კი „ქრონიკა+“ ერთ ქართველ ემიგრანტ ქალზე მოგითხრობთ, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა. რა იცოდა ქალბატონმა ქეთევანმა, რომ მას ილიას სიტყვები გაახსენდებოდა: „როგორ შევეყრები მე ჩემს სამშობლოს და როგორ შემეყრება იგი მე?“
ქეთევან თევდორაძე:
„დავიბადე 1968 წელს დედოფლისწყაროს სოფელ სამრეკლოში და იქვე გავიზარდე, დავამთავრე სოფლის სკოლა, სწავლა გავაგრძელე ქ. ასტრახანის ლუნაჩარსკის სახელობის სამედიცინო ინსტიტუში პედიატრიულ ფაკულტეტზე, 1995 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი“.
მისი დაოჯახება უიღბლო აღმოჩნდა, ჰყავს ქალიშვილი ევა თევდორაძე. მატროხელა დედამ გაზარდა შვილი და ცხოვრებას არ შეუშინდა. ქეთევან თევდორაძემ იცის რუსული, ინგლისური და თურქული ენები.
12 წლის წინათ გადაწყვიტა, ქვეყანა დაეტოვებინა. მალე სტამბოლში გაემგზავრა:
„სტამბოლში ახალი პროფესია ავითვისე, თავი დავიმკვიდრე ინტერიერის სფეროში _ დეკორატიულ განათებაში. ამ კუთხით ბევრი ქვეყანა მოვიარე, ვესწრებოდი გამოფენებს, ვაწარმოებდი თურქული პროდუქციის (დეკორატიული ჭაღები) გაყიდვას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 10-12 წლის განმავლობაში“.
მოკლედ, 12-წლიანი დაუზოგავი შრომის შედეგად გარკვეული დანაზოგი დააგროვა და ერთი წლის წინათ სახლში დაბრუნდა, სადაც 70 წლის დედა და ახალგაზრდა ქალიშვილი ელოდებოდნენ.
ქეთევანს თერგი არ დაულევია, რომ თერგდალეული ყოფილიყო, არც სულხან-საბასავით მოუვლია ევროპა ქვეყნის გადასარჩენად, მაგრამ საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთის ყველაზე ცხელ მუნიციპალიტეტში ჩამოვიდა. ბიზნესის დასაწყებად.:
_ სურვილი გამიჩნდა, დედოფლისწყაროში ჩემი დანაზოგით თანამედროვე, ფეშენებელური კაფე-რესტორანი სახელად DONNA (იტალიურად ქალბატონს ნიშნავს) გამეხსნა. მინდოდა, ჩემი განცდები და ემოციები გადმომეცა მომავალი კაფეს ინტერიერში და ასეთი სახით მიმეტანა სილამაზე და სიახლე ჩემი თანამემამულეებისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდობისთვის.
რაიონის ცენტრში ყოფილი ფოსტა-ტელეგრაფის შენობა ძალზე პერსპექტიული იყო ამ საქმიანობისთვის. სათანადო რეკონსტრუქციის შემდეგ საქმიანობისთვის შესაფერისი ადგილი გახდებოდა. მოკლედ, ჩემთვის საინტერესო ფართი აღმოჩნდა სააქციო საზოგადოება „სილქნეტის“ მფლობელობაში.
დავუკავშირდი წინამძღვრიშვილის ქუჩა #95-ში მდებარე „სილქნეტის“ სათავო ოფისის ქონების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელ ზვიად კიკნაძეს (19.04.2018).
2018 19 მარტს თბილისში, სათავო ოფისში ჩავედი, სადაც ზვიადმა ხელშეკრულება გადმომცა „სილქნეტის“ მრავალსართულიანი შენობის პირველ სართულზე, ზედ შლაგბაუმთან (ქართულ რეალობაში შლაგბაუმი ჩვეულებრივი ამბავია, მხოლოდ მე ვერ მივხვდი, ვისგან ან რისგან იმიჯნებიან კომპანიები შლაგბაუმით?! არსად მინახავს მსგავსი თურქეთსა თუ არაბთა საემიროებში, ბაჰრეინსა თუ ყატარში, ჩინეთში... სადაც ნამყოფი ვარ! არსად, არსად მინახავს მსგავსი სამარცხვინო რამ, რომ მდიდარი კომპანიები ასე სამარცხვინოდ ემიჯნებოდნენ და ასე ზიზღით უყურებდნენ საკუთარ ხალხს! დუბაიში ემირატების მოლი, დუბაი მარინა მოლი, ბატუტა მოლი და თურქეთის ყველა მოლი შემოიარეთ, აბა, თუ იპოვით თუნდაც ერთ შლაგბაუმს. მათი ადმინისტრაციები იმიტომ არსებობს, რომ ხალხთან ითანამშრომლოს.
შლაგბაუმი აპრიორი არის ძალმომრეობის, უთანასწორობის, უსამართლობისა და ძლიერისგან სუსტის დაჩაგვრის სიმბოლო, ეს ფენომენი, დიახაც, წარმატებით მუშაობს ჩვენს რეალობაში, _ აკი, ჩემი ისტორიაც ზუსტად ასე განვითარდა.
_ „სილქნეტს“ ასე უჭირდა, რომ ოფისში არ მიგიღოთ? მას შერჩევითი დამოკიდებულებები აქვს ადამიანებთან?
_ დიახ და მე ვიყავი ერთ-ერთი ასეთი დამოკიდებულების მსხვერპლი. მოკლედ, ზვიადმა ერთწლიანი ხელშეკრულება გადმომცა, რაზედაც ვთხოვე, გრძელვადიანი ხელშეკრულება დაეწერა. მან ამიხსნა, რომ „სილქნეტს“ იჯარით გაცემული ბევრი უძრავი ქონება ჰქონდა და მხოლოდ უსიამოვნებები ექმნებოდა მოიჯარეებისგან, კერძოდ, სასამართლო პროცესების კასკადი გადაუხდელობის გამო. აქედან გამომდინარე, თუ კარგი გადამხდელი ვიქნებოდი, ხელშეკრულება ავტომატურად გამიგრძელდებოდა. დავიჯერე, ვენდე. ნდობას მიმყარებდა პრესტიჟული, წარმატებული და დიდი კომპანია, თავად „სილქნეტი“, რომელთან თანამშრომლობაც ჩემთვის დაცულობის გარანტია იყო. 30 წლის მიტოვებული და მიუხედავი შენობა რაიონში, რასაც იჯარით ვიღებდი, შეგრძნებას მიქმნიდა, რომ ამდენი ხნის უსარგებლო, გამოუსადეგარი ფართი, რომელსაც სულს შთავბერავდი, „სილქნეტს“ სარგებელსაც მოუტანდა და ჩემი ხელშეკრულების გაგრძელებას წინ არაფერი დაუდგებოდა. იმავე დღეს დავბრუნდი დედოფლისწყაროში და საქმეს შევუდექი.
_ ე. ი. შეთანხმდით.
_ დიახ. მე და ჩემი ქალიშვილი დაღამებამდე ვმუშაობდით მუხლჩაუხრელად. უმძიმესი სამუშაოების ჩატარება მოგვიხდა: კედლების ნგრევა, ნანგრევების გატანა, ფასადის რეკონსტრუქცია, მზიდ კედელზე ფანჯრის ამოჭრა, 50 მეტრი საკანალიზაციო არხის გათხრა, წყალმომარაგების სისტემით აღჭურვა, ელექტრო კაბელებით დაქსელვა, საჟოლობე სისტემის გამოცვლა, მთელი ფართის იატაკის გადაჭიმვა („სტიაჟკა“), „ბალკებისა“ და კოლონების ჩაყრა საძირკველში და ვერ გეტყვით, კიდევ რამდენი რამ. რა თქმა უნდა, ზოგჯერ, და ძალიან აუცილებელ შემთხვევაში, დამხმარე ძალასაც ვიყენებდით, მაგრამ კეთების სიმძიმე, ძირითადად, ჩვენს მხრებზე ნაწილდებოდა. მარტიდან ივლისამდე კომპანიამ შეღავათი გამიკეთა, ივლისიდან კი ქირის გადახდა დავიწყე და ხელმოსაწერად მიღება-ჩაბარების აქტი გამომიგზავნა.
_ თუ ყოფილა შემთხვევა, რომ „სილქნეტის“ სათავო ოფისი ჩამოსულიყოს ან დაეთვალიერებინოს რეკონსტრუქცია? ხომ უნდა დაინტერესებულიყვნენ, რას აკეთებდით დაქირავებულ ფართში?! იქნებ, ტერორისტები იყავით ან რამე ალქაიდას დაჯგუფების თავშესაფარი გქონდათ? ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, მაგრამ, მინიმუმ, ზედამხედველი ვინმე ხომ უნდა ყოფილიყო, რომ იმ არაფინანსურ აქტივს არ გაასხვისებდით ან რა ვიცი, მრავალი კითხვა შეიძლება დაისვას...
_ მთელი ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში „სილქნეტის“ არც ერთი თანამშრომელი არც ერთხელ არ ჩამოსულა დედოფლისწყაროში და არასოდეს დაინტერესებულა ჩემი საქმიანობით. პირველი გადახდა _ 500 ლარი _ აგვისტოში განვახორციელე. გადახდის წინ ზვიადს დავურეკე და კიდევ ვთხოვე, ხელშეკრულებისთვის გადაეხედა და გრძელვადიანად ჩაენაცვლებინა, რაზედაც მითხრა, _ 10-წლიანი ხელშეკრულებაც რომ იყოს, ვერ დაგირღვევ, თუ დამჭირდებაო? მშვიდად გააგრძელე საქმინობა, ახლო მომავალში არაფერს ვგეგმავთ და თუ გნებავთ, კიდევ მოგაქირავებთ სხვა ფართსო. დაიმედებულმა გავაგრძელე საქმიანობა და ყოველ თვე პატიოსნად ვიხდიდი ქირას (500 ლარი) და პარალელურ რეჟიმში რემონტს ვაგრძელებდი.
ოქტომბერში ვთხოვე, ხელშეკრულება, რომელიც „სილქნეტსა“ და ჩემ შორის (როგორც ფიზიკურ პირზე) დაიდო, შპს „ბორჯღალზე“ გადმოეტანა, რომლის დირექტორიც მე გახლავართ. მინდოდა, ქირა, რასაც ვიხდიდი, ხარჯებში გამეტარებინა. ზვიად კიკნაძეს რეესტრში გატარებაც მოვთხოვე, რაზეც მიპასუხა, რომ 1-წლიან ხელშეკრულებებს რეესტრში არ ატარებდნენ.
ჩემი საახლობლო და კეთილის მსურველები მეუბნებოდნენ, რომ დიდ რისკებზე მივდიოდი, დაუცველი ვიყავი, მაგრამ ვგრძნობდი, სხვა გამოსავალი არ მქონდა, რადგან უკან დასახევი გზა აღარ იყო, უკვე დიდი ხარჯები მქონდა გაღებული, მხოლოდ წინ წასვლა მრჩებოდა გამოსავლად, მეც ჩვეულებრივ რიტმში ვაგრძელებდი ჩემს საქმიაობას. ვცდილობდი, რაც შეიძლება, ჩქარა გამეხსნა ობიექტი. ფიზიკურ პირზე დადებული იგივე ხელშეკრულება „სილქნეტმა“ შპს „ბორჯღალით“ ჩამინაცვლა და ნოემბერში ხელმოსაწერად გამომიგზავნა.
_ ამ პერიოდში, როგორც ამბობთ, მიმდინარეობს რემონტი, მანამდე ამ შენობაში თუ არსებობდა წყლის ან ნებისმიერი კომუნალური კომუნიკაციები? და ვისზე იყო რეგისტრირებული?
_ ჩემი მოთხოვნის საფუძველზე „სილქნეტმა“ ნოემბრის ბოლოსთვის თანხმობები გამომიგზავნა გაზის, დენისა და წყლის შემოყვანის თაობაზე.
ნოემბრის ბოლოსთვის მოლაპარაკებას ვაწარმოებ „სილქნეტთან“, კვლავ ზვიად კიკნაძესთან, დამატებითი ფართის მოქირავების შესახებ, რომელიც სათავსოდ მჭირდებოდა და რომელიც უკვე იჯარაში მქონე ფართის მეზობლად მდებარეობდა. მან შენობის ნახაზი გადმომიგზავნა, სადაც უნდა მომენიშნა, დამატებით რომელ ფართზე იყო საუბარი. მეც განვუმარტე, რომ ყვითლად მონიშნული მქონდა სარგებლობაში აღებული ფართი, ხოლო შავი შტრიხებით _ ახალი რაც მსურდა. ნოემბრის ბოლოსთვის დამატებითი ფართის მოქირავებაზე მოლაპარაკებას ვაწარმოებდით და, იმავდროულად, შემთხვევით ვიგებ, რომ (დედოფლისწყაროში „სილქნეტის“ თელავის ფილიალის თანამშრომლები მოვიდნენ. სწორედ მათთან საუბრისას შევიტყვე) ჩემ მიერ გარემონტებულ ფართში „სილქნეტი“ სერვისცენტრის გადმოტანას გეგმავს. მაშინვე ზვიად კიკნაძეს დავუკავშირდი, რომელმაც დამიდასტურა, რომ ეს სიმართლე იყო (ვაიბერში მომწერა. მიმოწერა, ბუნებრივია, შენახული მაქვს).
თავზარი დამეცა! უამრავი ეჭვი გამიჩნდა, სათავო ოფისში შეხვედრაც გვქონდა, სადაც ბოდიში მომიხადეს და მითხრეს, რომ ხარჯთაღრიცხვა წარმედგინა. სასოწარკვეთილი ვითხოვდი, იქნებ, სხვა გამოსავალი მოგვენახა, იქნებ, მოეყიდათ ან ხანგრძლივად მოექირავებინათ, მაგრამ მათი გადაწყვეტილება ურყევი იყო. 5 დეკემბერს ოფიციალურ წერილს ვაგზავნი „სილქნეტის“ ქონების მართვის დეპარტამენტის დირექტორ ნათია კავთიაშვილთან, რომლისთვისაც მანამდე არასოდეს მიმიმართავს და ვთხოვ, წერილობით შემატყობინოს აღნიშნული ფაქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაბნეული ვარ და უკვე აღარ ვიცი, გავაგრძელო საქმიანობა თუ შევწყვიტო? რა მელის? ბუნებრივია, გაუგებრობაში ვარ. პასუხად არაფერი გამომიგზავნეს. მე კი ქირის გადახდა შევწყვიტე და, რა თქმა უნდა, საქმიანობაც შევაჩერე. აუდიტიც მოვიყვანე, რომელმაც 50 000 ლარის ხარჯთაღრიცხვა მოახდინა.
იანვარში ნათია კავთიაშვილს შევხვდით, სადაც შემომთავაზეს გაზრდილი ქირის გადახდა _ 500 ლარის ნაცვლად 500 დოლარი (1325 ლარი) თვიურად, რასაც, თურმე, დედოფლისწყაროში იხდიდნენ „სილქნეტ-ჯეოსელის“ ოფისში, რომელიც ზაზა თარალაშვილისგან ჰქონდათ ნაქირავები 500 ამერიკულ დოლარად და თუ მე მათ ამ თანხას ჩავუნაცვლებდი, 3-წლიან საიჯარო ხელშეკრულებას დამიდებდნენ, რაზედაც უარი განვაცხადე, რადგან „სილქნეტმა“ 8-თვიანი ურთიერთობისას უსინდისო თამაშის ხერხები მაჩვენა და რწმენა დამიკარგა, რომ მე ჩემი საქმის მშვიდად კეთება მათთან შემეძლება. ამის მერე „სილქნეტმა“ უხეშად და ცალმხრივად შემიწყვიტა ხელშეკრულება და არც ხარჯების ანაზღაურება სურს.
როგორც აღვნიშნე, ჩემი არაერთი თხოვნის მიუხედავად, ხელშეკრულება რეესტრში „სილქნეტმა“ არ გამიტარა და მიზეზად მოიყვანა, რომ ერთწლიან ხელშეკრულებებს რეესტრში არ ატარებდნენ, არადა, „სერვისნეტგრუპისა“ და „სილქნეტის“ საჯარო რეესტრის ამონაწერი ჩამივარდა ხელში და იქ ვნახე, რომ ერთწლიანი ხელშეკრულებით იყვნენ. მივწერე კიდეც კიკნაძეს ვაიბერში, _ მაშინ რატომ გაუტარეთ „სერვისნეტგრუპს-მეთქი“?! მან მიპასუხა კიდევაც. მოკლედ, „სილქნეტმა“ 19 მარტამდე იცოდა, რომ დედოფლისწყაროს ფოსტა-ტელეგრაფის ფართი მალე მათთვის გამოსაყენებელი იქნებოდა და ჩემი ხელით მოინდომა „ნარის გლეჯა“, აკი კიდევაც შეთითხნა ისეთი ხელშეკრულება, რომ ზუსტად ამ განზრახვაზეა მორგებული, ერთი გზა არ დამიტოვა, რომ თავისუფლად ჩამესუნთქა ჰაერი, საზიზღარ ალყაში მომაქცია და წრეზე ხაფანგები დამიწყო. მინდა, ნიღაბი ჩამოვხსნა და ხალხს „სილქნეტის“ რეალური სახე დავანახო.
აუცილებლად გავასაჩივრებ და დავიცავ ჩემს უფლებებს, აუცილებლად გავაგებინებ ქვეყანას, როგორი ბედი ელოდება ემიგრანტს, მარტოხელა დედას, როცა სამშობლოში ბრუნდება და უნდა, რომ საკუთარი კაპიტალი სადღაც ჩადოს... აუცილებლად ვასწავლი „სილქნეტს“, როგორ უნდა მოექცნენ რიგით მოკვდავებს... მე 12 წელი ემიგრანტი ვიყვავი, 12 წელი ვფიქრობდი და ვოცნებობდი სახლში დაბრუნებაზე. 12 წელი ვნატრობდი, ჩემს შვილთან ერთად დამეწყო ბიზნესი... მე ჩემს 12 წელს არავის მოვატყუებინებ, რადგან სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტი ქალი ვარ და სიმართლის არ მეშინია!
„ქრონიკა+“ კომპანია „სილქნეტის“ ქონების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სანდრო კახნიაშვილს დაუკავშირდა:
_ ჩვენი კომპანიაც, პირადად მეც, ვამბობთ იმას, რასაც ვაკეთებთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ქალბატონმა ასეთი გზა აირჩია. გასულ წელს „სილქნეტსა“ და მაგ ქალბატონს შორის ქირავნობის 1-წლიანი ხელშეკრულება დაიდო, სადაც შავით თერთზე წერია, რომ მის მიერ, ანუ დამქირავებლის გაწეულ დანახარჯებს კომპანია არ აანაზღაურებდა, ანუ თუ რამეს გააკეთებდა, ეს მისი გადაწყვეტილება იქნებოდა. გადის დრო და ამ ქალბატონს დავალიანება აქვს, კაპიკი არ გადაუხდია. ერთ მშვენიერ დღესაც ოფისში მოდის და გვეუბნება, რომ მე 50 000 ლარი დავხარჯე და ამინაზღაურეთო. ხელშეკრულებით ანაზღარურება არ გვევალება, მაგრამ ხელშეკრულების იქით ხომ არსებობს მორალიც. ვუთახრი, _ ამ ერთი წლის მანძილზე თუ იქ ისეთი რამე გააკეთე, რაც ჩვენ ისედაც უნდა გაგვეკეთებინა, მაგალითად, კანალიზაცია, დავითვალოთ და თუ ეს ისედაც ჩემი ხარჯი იქნებოდა, შევთანხმდეთ-მეთქი. სუფთა ქრისტიანული მორალიდან გამომდინარე, რომ რაღაცნაირად არ დაგვეზიანებინა იგი იმის მიუხედავად, რომ ხელშეკრულება ამას არ ითვალისწინებდა. მერე მოხდა ის, რაც მოხდა: ჩემმა მეგობარმა რაღაც ვიდეო მაჩვენა, სადაც ამბობდნენ, „სილქნეტის“ თაღლითობააო თუ რაღაც...
_ თქვენ თუ იცით ზვიად კიკნაძისა და მისი მიმოწერის შესახებ?
_ ზვიად კიკნაძე ჩემი მოადგილეა.
_ დამქირავებელი ამბობს, რომ მას ფასის მომატება შესთავაზეს, ანუ ქირის რაოდენობის გაზრდა.
_ არა, სისულელეა. მოგეხსენებათ, 2018 წლის შემოდგომაზე „ჯეოსელი“ და „სილქნეტი“ გაერთიანდა. ფართების ოპტიმიზაციის მიზნით გეგმა გვქონდა, რომ „ჯეოსელის“ ოფისები ჩვენს ოფისებში გადმოგვეტანა, რათა ზედმეტი თანხები აღარ გვეხადა. ეს ქალბატონი მოვიდა და შემოგვთავაზა, რომ თუ ხელშეკრულებას გამიგრძელებთ, 500 ამერიკულ დოლარს გადაგიხდით, ანუ რა თანხასაც ვუხდიდით დედოფლისწყაროს „ჯეოსელის“ ოფისს ფუნქციონირებაში. ამაზე არც თანხმობა მითქვამს და არც უარი იმიტომ, რომ ჩვენი ფართის ამბავი შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო სხვა კუთხით. ვუთხარით, _ დავთვალოთ და შევაფასოთ, რა ხარჯები გაწიეთ ამ დაქირავებული ფართისთვის-მეთქი... მერე ეს ქალი დაიკარგა, ახლა თქვენთან მოვიდა და ზვიადმა ეს მომწერა და ის მომწერაო... წავიდეს სასამართლოში, მეტი რაღა ვუყო?
_ ქალბატონი ამბობს: „იანვარში შევხვდით ნათია კავთიაშვილს, შეხვედრაზე შემომთავაზეს გაზრდილი ქირის გადახდა _ 500 ლარის ნაცვლად 500 დოლარი (1325 ლარი) თვიურად, რასაც თურმე დედოფლისწყაროში „სილქნეტ-ჯეოსელის“ ოფისში იხდიდნენ, რომელიც ზაზა თარალაშვილისგან ჰქონდათ ნაქირავები 500 ამერიკულ დოლარად და თუ მე მათ ამ თანხას ჩავუნაცვლებდი, 3-წლიან საიჯარო ხელშეკრულებას დამიდებდნენ, რაზეც მე უარი განვაცხადე“.
_ გატყუებთ, გატყუებთ! ეს კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუკი უარს ვეტყოდით და ხელშეკრულებას გავუწყვეტდით. მაგრამ თვითონ შემოგვთავაზა, რომ ოღონდ „ჯეოსელი“ სადაც არის, იქ იყვნენ და ის ხალხი ვინც იქ მუშაობს, თქვენს ოფისში არ გადმოიყვანოთ და მე გადავიხდი იმდენ ქირას, თქვენ ის ფართი ისევ იქირაოთო (500 ლარის ნაცვლად 500 ამერიკულ დოლარს). ამის მერე წავიდა, ახლა ამბობს, რომ ჩვენ შევთავაზეთ ვითომ და ასეც რომ იყოს, რა მოხდა? მაგრამ არ გვითქვამს და რა ვქნა, ახლა?!
მაგ შეხვედრას მეც ვესწრებოდი, როცა ეს ქალბატონი მოვიდა, დედა-შვილია... დედოფლისწყაროში რაღაც ფულის დაბანდებას თუ აპირებდა, ჰკითხა მაინც ვინმეს, თუ 50 000 ლარს ხარჯავდა?! 50 000 ლარი საერთოდ ღირს ეგ ქონება? რომ ეთქვა, ვინმე ხომ ეტყოდა, _ ან ჩადე ეგ ფული, ან არ ჩადოო? ან გაგიგრძელებ ხელშეკრულებას, ან არაო... მაგრამ შევედით ადამიანურ მდგომარეობაში, ატირებულები მოვიდნენ, ამდენი ფული ჩავდეთო და მე ადამიანურად ვუთხარი, _ თუ ამდენი ჩადეთ, გავიდეთ, დავითვალოთ და იქნებ, რაღაც მიახლოებულ ციფრთან მივიდეთ-მეთქი. თვითონ ამბობს, კანალიზაცია შემოვიყვანეო. თუ ეს იყო გასაკეთებელი, მაგის საქმის კურსში არ ვარ. მოკლედ, რაღაც შუალედამდე მივიდოდით, მაგრამ ძალიან სამწუხაროა. გადაეცით მაგ ქალბატონს, რომ თუ ასე უნდა, წავიდეს თავისი სურვილით სასამართლოში.
P. S. ფაქტი კი ერთია:
საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირის დახმარებით, ემიგრანტთა სარეინტეგრაციო პროგრამა განახორციელა. პროექტი, რომლის განსახორციელებლადაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მოიპოვა გრანტი, მალევე დასრულდა, თუმცა გაირკვა, რომ ბევრმა არც კი იცოდა ამ პროგრამისა და ემიგრანტების მიმართ ხელისუფლების მხრიდან გამოჩენილი ყურადღების შესახებ.
რას მიყვება კერძოდ მე, ერთ ადამიანს, ემიგრანტი ქალის ისტორია სამშობლოში დაბრუნების შემდეგ?.. ასე არსად მოგექცევიან, ალბათ, რომ ფართი მოგაქირავონ, 50 000 ლარის ინვესტიცია ჩაგადებინონ და მერე უცებ ხელშეკრულება შეგიწყვიტონ.
ასეთი ფორმით მორიგებას, სამართლებრივად, კაბალური ხელშეკრულება ჰქვია. თავისთავად, კაბალური ხელშეკრულება მონურს ნიშნავს, სადაც ხელშეკრულების ერთი მხარე მეორეს იმონებს.
ასეა, როცა ემიგრანტები ქვეყანაში ბრუნდებიან, ილისმაგვარად ფიქრობენ: „როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე?.. რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე?“ და თუ შინ ჯანგამოცლილს ბოლო დანაზოგს რომელიმე კომპანია ისე დაგახარჯინებს, რომ წამლის ფულსაც არ დაგიტოვებს, აუცილებლად იკითხავ, _ ჩემი სამშობლო სად არის?
რაც ყველაზე საინტერესოა, „სილქნეტი“ ამბობს, რომ ქეთევან თევდორაძეს იჯარის თანხა არ გადაუხდია, მაგრამ მას ხელთ გადახდის ქვითრები აქვს,
„ქრონიკა+“ აღნიშნულ თემაზე მუშაობას აგრძელებს...
მაკა მოსიაშვილი