QronikaPlus
მორიგი გასაიდუმლოებული კონტრაქტი

მორიგი გასაიდუმლოებული კონტრაქტი

2018-01-26 11:08:58

20 დეკემბერს თბილისში, პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე, ცნობილი გახდა, რომ საქართველომ ხელი მოაწერა, ჯერ კიდევ, 2012 წელს წამოწყებულ შეთანხმებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე სავაჭრო დერეფნების მონიტორინგთან დაკავშირებით. საქმე ეხება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას, რომელიც დაარსებიდან დღემდე მუშაობს სავაჭრო ურთიერთობების გამარტივებასა და დავების მოგვარებზე. ჩვენი ქვეყანა ამ ორგანიზაციას 2000 წლის 14 ივლისს შეუერთდა და ახლა მისი სრულუფლებიანი წევრია. ორგანიზაციაში ახალი წევრის მისაღებად ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო, ამის მისაღწევად კი ჩვენს მეზობელ რუსეთს 18 წელი დასჭირდა. მას შემდეგ, რაც საქართველო ამ ორგანიზაციის წევრი გახდა, იგი დაბრკოლებას წარმოადგენდა რუსეთისთვის, რადგან საქართველო და რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ განთიადისა და როკის საბაჟო-გამშვები პუნქტების თაობაზე ვერ თანხმდებოდნენ, საქართველო მათზე სამართლებრივი სტატუსის დადგენას, კონტროლსა და მონიტორინგს ითხოვდა. ზუსტად 5 წლის წინათ ჟენევაში ნეიტრალური მხარის, შვეიცარიის მონაწილეობით, ორივე მხარე _ საქართველო და რუსეთი _ შეთანხმდა, რომ ზემოთაღნიშნულ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე სავაჭრო ტვირთების მიმოსვლას ნეიტრალური კომპანია გააკონტროლებდა, ხოლო ამ კომპანიას ორივე ქვეყანასთან კონსულტაციის შედეგად აირჩევდა თავად ნეიტრალური მხარე, შვეიცარია. ხელშეკრულებაში მხოლოდ გეოგრაფიული კოორდინატებია მითითებული და არა კონკრეტული დასახელება. შეთანხმების თანახმად, ჩამოყალიბდა სამი სავაჭრო დერეფანი: ადლერი-ზუგდიდი, სოფელი ნარი (ჩრდილოეთ ოსეთი)-გორი და ყაზბეგი-ზემო ლარსი. აქ მიმოსვლის მონიტორინგი სწორედ ნეიტრალურ კომპანიას დაევალა. აქვე, რუსეთის ფედერაიაც და საქართველოც აღნიშნულ სავაჭრო დერეფანში საქონლის საბაჟო მონიტორინგისა და ადმინისტრირების მექანიზმების შექმნაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, კრიმინალისა და კონტრაბანდის პრევენცია, საეჭვო ტვირთების ხელახლა შემოწმება, მონაცემთა ურთიერთგაცვლა _ ეს ის დეტალებია, რაზედაც ყურადღება გამახვილდა. ორივე სახელმწიფო შეთანხმდა, რომ მექანიზმი მოიცავს ორ მიმართულებას, როგორც ელექტრომონაცემების გაცვლას (EDES), ისე საერთაშორისო ზედამხედველობის სისტემას (IMS). 2012 წელს უკვე რუსეთის ფედერაცია წევრიანდება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და ძალაში შედის შეთანხმება, რომლის თანახმადაც შვეიცარიამ ტენდერის მეშვეობით ნეიტრალური კომპანია SGS Societe Generale de Surveillance SA გამოავლინა, რომელსაც ზედამხედველობის ფუნქცია უნდა შეესრულებინა, ამ კომპანიასთან კი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას ცალ-ცალკე უნდა დაედო კონტრაქტი. უკვე მომდევნო, 2013-2014 წლებში, SGS-ის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვიდნენ და სამუშაო შეხვედრებისას კონტრაქტის პირველადი ვარიანტი შეიმუშავეს. 2015 წელს კი ნეიტრალური მხარის, შვეიცარიის შუამავლობით საქართველოსა და რუსეთს შორის, SGS-ის წარმომადგენლების მონაწილეობით, კონტრაქტების ტექსტის საბოლოო შეჯერების მიზნით შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაზე, გარდა კონტრაქტებისა, კიდევ ორი დოკუმენტის განიხილეს, ეს გახლდათ ერთობლივი კომიტეტის რეგლამენტი (საქართველო-რუსეთის ფედერაციის შეთანხმებით გათვალისწინებული დავებისა და მიმდინარე საკითხების განხილვის ორგანო, ნეიტრალური მხარის მონაწილეობით) და სატრასტო ფონდის დოკუმენტი, რომელიც შვეიცარიაში ანგარიშის გახსნასა და SGS-ის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების გადარიცხვის წესებს ადგენს. გასული წლის დასაწყისში, იანვარ-თებერვალში, ქართულმა მხარემ საბოლოოდ ჩამოაყალიბა და შეათანხმა ხელშეკრულების ტექსტი კომპანია SGS-თან, რუსულ მხარეს ეს არ გაუკეთებია და მას კვლავ დარჩა დასაზუსტებელი საკითხები. საბოლოოდ, გვეგონა, რომ მონიტორინგის მექანიზმი ჯერაც არაა ამოქმედებული და მხარეები კიდევ ტექნიკურ და იურიდულ დეტალებს ათანხმებდნენ, თუმცა ერთი კვირის წინ გავიგეთ, რომ საქართველომ უკვე ხელი მოაწერა კონტრაქტს. „ქრონიკა+“ ესაუბრა სერგი კაპანაძეს, რომელიც 2012 წელს თავად იყო ჩართული აღნიშნულ საკითხში: _ თავის დროზე, როცა ეს ხელშეკრულება დაიდო, მისი არსი ის იყო, რომ რუსეთი დაგვევალდებულებინა, საერთაშორისო მონიტორები ყოფილიყვნენ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ჩრდილოეთით, რათა როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაცია მიგვეღო, თუ რას ვაჭრობს რუსეთი ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია ამ არალეგალური ვაჭრობის შესახებ და ეს ხელშეკრულება მისი მოპოვების საშუალებას გვაძლევდა. მას მერე 5 წელი გავიდა, არადა, იმ კონტრაქტის აღსრულება, რომელიც SGS-თან დაიდო, ჩემი ღრმა რწმენით, ძალიან მალე შეიძლებოდა მოგვარებულიყო, თუმცა გაიწელა. პირველ რიგში იმიტომ, რომ რუსეთს არ უნდოდა მისი მიღება, მაგრამ არც ქართული მხარეა უცოდველი ამ შემთხვევაში. საქართველოს ხელისუფლების უცოდინარობით, გაუბედაობითა და, ზოგადად, მსგავს საკითხებზე არსებული დამოკიდებულებით, იგი დაიკარგა. 20 დეკემბერს, პარლამენტში, როგორც გავიგეთ, ქართულმა მხარემ კონტრაქტს ხელი მოაწერა, დეტალები არ ვიცით. ძალიან მაინტერესებს, რა არის ისეთი, რასაც 5 წელი დასჭირდა მაშინ, როცა უკვე შეთანხმებული იყო მანდატის ძირითადი პარამეტრები SGS-ისთვის გადასაცემად? რა არის განსხვავება ამ პარამეტრებში? ყველაფერი პარამეტრების ფარგლების შესაბამისად უნდა იყოს მოქცეული, რადგან სახელმწიფო დონეზე იყო ეს შეთანხმებული და კონტრაქტი არ შეიძლება, განსხვავებული იყოს. მთავარი იდეა იყო ის, რომ სარკისებრი, მსგავსი კონტრაქტი ჰქონოდა ქართულ და რუსულ მხარეს, ჩვენს ინტერესში არ იყო განსხვავებული პირობების შეტანა. დანარჩენი უკვე ხელისუფლებას უნდა ჰკითხოთ, ისიც ცნობილია, რომ რუსულ მხარეს კონტრაქტისთვის ჯერ ხელი არ მოუწერია. რომან გოცირიძე _ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ეკონომისტი: _ ხელშეკრულება უკვე გაფორმდა საქართველოსა და შვეიცარიულ კომპანიებს შორის. ამაზე 5-6 წელია, საუბარია და რუსეთი თავის პირობებს აყენებდა, რომელიც საქართველოსთვის მიუღებელი იყო. ახლა საქართველომ, მოულოდნელად, ცალმხრივად, ისე, რომ არ დაელოდა რუსეთის პირობებს, კონტრაქტს ხელი მოაწერა. ჩვენ არ ვიცით, რუსეთი რა ფორმის ხელშეკრულებას გააფორმებს ამ კომპანიასთან. ყველაზე უცნაური ის არის, რომ სახელმწიფოს მიერ ხელმოწერილი კონტრაქტი, რომლის მიმართაც ძალიან დიდი საზოგადოებრივი ინტერესია, გასაიდუმლოებულია, არადა, დაუშვებელია, რომ ეს იყოს საიდუმლო! ახლა კი ეს არის კონფიდენციალური კონტრაქტი. ბოლოს, 20 დეკემბერს, როდესაც პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ვკითხე, იქნებოდა თუ არა ინფორმაცია საჯარო, მან თქვა, რომ ეს არ არის პრობლემა და მას ნდობის ჯგუფში განიხილავს. ანუ ეს კონტრაქტი არ იქნება საჯარო, ამ ნდობის ჯგუფში 5 ადამიანს აჩვენებენ, თანაც, აღნიშნული ნდობის საბჭო ბიუჯეტისა და სამხედრო სფეროში დაფინანსების საკითხებს იხილავს ფარული, დახურული მუხლების მეშვეობით, ის არ არის ორგანო, სადაც შეიძლება ეს კონტრაქტი იხილებოდეს. ფაქტობრივად, საქართველოს მთავრობამ გაასაიდუმლოა კონტრაქტი. ჩვენ შვეიცარიულ მხარეს ფულს ვუხდით, შესაბამისად, ის დაინტერესებულია კომერციულად, რომ კონტრაქტი გაფორმდეს და შვეიცარიული მხარე საქართველოს ვერ უკარნახებს თავის პირობებს, მით უმეტეს, ეს არის უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხი, რომლის შედეგადაც, ფაქტობრივად, აფხაზეთიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთიდან შეიძლება ტვირთები წამოვიდეს როგორც საქართველოს, ისე სომხეთის ტერიტორიაზე. ისევე როგორც მნიშვნელობა არ აქვს, მანქანა გაივლის როკის გვირაბიდან თბილისისაკენ, ასევე მატარებელი შეიძლება წამოვიდეს ფსოუდან ერევნისაკენ, არავითარი განსხვავება, რა სახის ტრანსპორტი იმოძრავებს, არ არის. რეალუარად კი ამ კონტრაქტზე ხელის მოწერით ჩვენ შეიძლება ხელ-ფეხი გავუხსნათ რუსეთის გარკვეულ მცდელობებს. ამიტომ რა წერია ამ კონტრაქტში და 100%-ით შეესაბამება თუ არა იმას, რაც საქართველო-რუსეთმა გააფორმა რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში მიღების სანაცვლოდ, სწორედ ესაა სანახავი. პირველ რიგში, მოვითხოვთ, სასწრაფოდ გასაჯაროვდეს კონტრაქტი. ორივე მხარე ცალ-ცალკე აწერს ხელს და გამორიცხული არაა, რომ საქართველოსა და რუსეთის კონტრაქტების შინაარსი განსხვავებული იყოს. არადა, ის ერთნაირი უნდა გახლდეთ. გია ჯანდიერი _ „ახალი ეკონომიკური სკოლა _ საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი: _ რუსეთი დაეთანხმა ამ ხელშეკრულებას და ამით აღიარა საქართველოს საზღვრები. ვაჭრობის საერთაშორისო ორგანიზაცია კი, თავის მხრივ, საშუალებას იძლევა, რომ ცივილიზებულად მოგვარდეს ურთიერთობები და თუ რუსეთის მხრიდან ეს არ მოხდება, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ იგი დავბლოკოთ. დასავლეთს უნდოდა, რუსეთი ამ ორგანიზაციაში შეეყვანა, რადგან მათთან დავა საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებს გარეთ რთული იყო, თუმცა როცა ორგანიზაციაში წევრიანდები, იქ წერია, თუ როგორი წესით, რა მექანიზმებით ხდება დავა და როგორ გვარდება იგი. ეს ხელშეკრულება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ოკუპირებული ტერიტორიების არა რუსეთის, არამედ საქართველოს ნაწილად აღიარების კუთხითაც. შეგახსენებთ, რომ ხელშეკრულებაში თითოეული სავაჭრო დერეფნის კოორდინატთა ბადის წერტილები განსაზღვრულია UTM კოორდინატთა სისტემის მიხედვით, და მასში კონკრეტული გეოგრაფიული არეალის დასახელება არ გვხვდება. ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემის საშუალებით კი რუსი და ქართველი მებაჟეები ნეიტრალურ კერძო კომპანიას ინფორმაციას მიაწვდიან ყველა საბაჟო და სავაჭრო ოპერაციის შესახებ, თუმცა, დღეის მდგომარეობით, კონტრაქტს მხოლოდ ქართული მხარე აწერს ხელს, თანაც მისი შინაარსი გასაიდუმლოებულია და ჩვენ არ ვიცით, თუ რა არსებითი განსხვავებაა მასსა და პირვანდელ ვარიანტს შორის. „ქრონიკა+“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუ რატომ მოეწერა კონტრაქტს ხელი მანამდე, სანამ რუსული მხარეც გააკეთებდა ამას? რა პირობებია მასში წარმოდგენილი და რატომ არ საჯაროვდება არსებული კონტრაქტი და არის თუ არა საშიშროება იმისა, რომ რუსეთმა სხვა პირობებით მოაწეროს ხელშეკრულებას ხელი ისე, რომ ქართული მხარისთვის ეს არათუ მოგების, არამედ, პირიქით, ზარალის მომტანი იყოს? თუმცა სამინისტროდან პასუხი არ მიგვიღია.

ნინო ტაბაღუა

გაზიარება