რა გვჭირს და სად ვართ? სად მივდივართ? სამწუხაროდ, ამ კითხვებს ძალიან ცოტა ჩვენი თანამოქალაქე სვამს და რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ისიც მხოლოდ პრივატულ საუბრებში. ყველაზე მეტად, რაც ამ წინასაახალწლო დღეებში გვესმის, არის ფრაზა, _ ფული არ მაქვს.
ქვეყანაში, სადაც ხალხს ფული აქვს ბღუჯა-ბღუჯად, რეალურად, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ღარიბია და მეტიც, _ შიმშილობს.
ქართული საფინანსო კორპორაციების გაუმაძღრობა, ნავთობპროდუქტების სექტორის მფლობელთა უკიდეგანო მადა, ხელისუფლების უუნარობა, სტაგნაციაში მყოფი ეკონომიკური პროცესები და სხვა თანმდევი გარემოებები მოსახლეობას უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაში ამყოფებს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ხალხი დუმს. სიმართლე გითხრათ, ეს დუმილი ფრიად ავისმომასწავებელ მდგომარეობად მიმაჩნია. ერთი: იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანები ამ ყოფას ეგუებიან და მეორე: იმ ვითარებაშიც, თუ ეს უარყოფითი ენერგიის დაგროვებაა, რომელიც ყველა კანონის მიხედვით ამოიფრქვევა. როდის? ეს დროის საკითხია.
ცალკეული პირებისგან შესაძლებელია მოვისმინოთ, რომ ჩვენი მდგომარეობაც არ არის რადიკალურად პესიმისტური შეფასების ღირსი. მაგრამ ცხადია, რომ ისინი მნიშვნელოვნად არიან დისტანცირებულნი რეალობას და საკუთარი სოციალური მდგომარეობის პრიზმაში აფასებენ ვითარებას.
მოსახლეობა კი დუმს. ყოველი არჩევნების წინ საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილი აპელირებს, რომ აუცილებელია პარტიების პროგრამების ანალიზი და არჩევანის ამის მიხედვით გაკეთება. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ ამომრჩეველი პარტიებისგან პოლიტიკური დაპირების შესრულებას არ ითხოვს, რაც ცხადყოფს, რომ მათი არჩევანი არანაირად ეფუძნებოდა გამარჯვებული პარტიის საარჩევნო პროგრამასა და დაპირებებს.
ამ წლების განმავლობაში, საქართველოშიც უმრავ პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა დახვეწილი და რეალისტური პროგრამა. ეს პროგრამები უფრო მეტად რეალისტური და ეფექტიანი იყო, ვიდრე „მრგვალი მაგიდა _ საქართველოს“, „მოქალაქეთა კავშირის“, „ნაციონალური მოძრაობის“, ან „ქართული ოცნების“ პროგრამები, მაგრამ არჩევანი სხვადასხვა ეტაპზე მათ სასარგებლოდ გაკეთდა. თუმცა თუ საკუთარ თავთან მართლები ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ, რომ არჩევანი კეთდებოდა არა პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ, არამედ ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად.
რატომ? ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი აცხადებს, რომ გადამწყვეტი როლი ითამაშა რწმენამ, რომ სწორედ ეს პიროვნებები შეძლებდნენ თავისი დაპირებების რაღაც მინიმუმის შესრულებას.
„ჩვენი ამომრჩეველი წლების მანძილზე არ ენდობოდა არც დოქტრინიორებს და არც პოპულისტებს, სამაგიეროდ, ნდობას უცხადებდა იმათ, ვისშიც იმ კონკრეტულ ისტორიულ მომენტში რაღაც ძალზე მნიშვნელოვანის გაკეთების უნარს გრძნობდა, ხოლო როდესაც ეს კონკრეტული მავანი საკუთარი თავის განმეორებას იწყებდა და სიტუაცია ჩიხში შეჰყავდა, უკუაგდებდა მას“, _ აცხადებს ფირალიშვილი.
ამ კანონზომიერების გათვალისწინებით, აუცილებლად დადგება ივანიშვილის უკუგდების დროც, სჯერა ეს მას თუ არა.
შეუძლებელია, ხალხმა არ შეცვალოს დამოკიდებულება პოლიტიკური ცხოვრების მიმართ. ეს ევოლუციური პროცესებისას მოხდება თანდათან, მაგრამ აუცილებლად. რაც შეეხება რევოლუციურ პროცესებს, ამისთვის სულაც არ არის საჭირო დაუღალავად ვიძახოთ, _ რაღაც დალპა დანიის სამეფოში, ან ზამთრის პირობებში არ გცემდეს დამპლის სუნი.
ქართული პოლიტიკური გარემო საკმაოდ დაუნდობელია. არა შიდა კონკურენციის თვალსაზრისით, არამედ ამომრჩევლის დამოკიდებულების კონტექსტში. ქართველ ხალხს ადვილად შეუძლია მოითმონოს დიდი ხანი, შემდეგ დენთივით აფეთქდეს და ზენიტში მყოფნი წამიერად ჩაფლას უფსკრულში.
სამწუხაროდ, ამომრჩევლის ამ ხასიათს საერთოდ არ ითვალისწინებს ქართული პოლიტიკური სპექტრი და გუშინდელი ცალ-ცალ „კალოშა“ როდესაც გაყოყოჩდება და საკუთარ ხალხს ჭკუის სწავლებას დაუწყებს, ეს ხალხი ჯერ გაოცებული აკვირდება, შემდეგ ალმაცერად გახედავს და ბოლოს თავს წააწყვეტს ხოლმე. ეს კანონზომიერებაა, ხოლო პროცესი _ ვადა და ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.
ისევ ბატონ ზაზა ფირალიშვილს მოვიშველიებ: „როგორც კი ამომრჩეველი იგრძნობს, რომ პოლიტიკოსი მასზე მაღლა აყენებს თავს და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების სიმაღლიდან ერთგვარ პედაგოგიურ ფუნქციას კისრულობს, ჩათვალეთ, რომ ის გაირიყება და მარცხისთვის არის განწირული“.
ქართული პოლიტიკური ველი ძლიერ დანაგვიანებულია და რეალურად არსებობს იმის განცდა, რომ მოსახლეობა, ხალხი, ამომრჩეველი ამ ნაგვის გატანისთვის ემზადება, რადგან ის პოლიტიკოსებში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვერ გრძნობს გულწრფელობას, ნებას და ენერგიას.
ნურავის, განსაკუთრებით, პოლიტიკოსებს ნუ გაუკვირდებათ, რომ ქართველი ამომრჩეველი თავისი თავის პიარხრიკებით გაბითურებაზე ხუჭავს თავს. იცით, რატომ აკეთებს ამას? მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში „ასეა საჭირო“, რადგან „ამჟამად“ ალტერნატივა არ არსებობს. ეს მდგომარეობა ერთგვარად სიბრძნედაც შეიძლება შეფასდეს.
თუ, თავის დროზე, ქართველი ამომრჩეველი მზად იყო, ერთდროულად მოეთმინა სააკაშვილის პიარიც, ძალადობაც და პარალელურად თავს იმით იმშვიდებდა, რომ ხედავდა წარმატებებს, ის საკუთარ თავს იმის საშუალებასაც აძლევდა, დაევიწყებინა შავბნელი 90-იანი წლები. ივანიშვილის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანით მან ძალადობა ჩამოიშორა და ერთგვარი საინფორმაციო სიმშვიდეც დაუწესა საკუთარ თავს, მაგრამ ახლა ცხადად ხედავს, რომ მოენატრა შენება, მოენატრა წარმატება, მოენატრა საქართველო, რომელსაც ვერ გრძნობს და ვერ განიცდის. სწორედ ეს მონატრება იქნება გადამწყვეტი ივანიშვილის რეჟიმის შესაცვლელად. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მანამდე მას აუცილებლად მოუწევს ძალადობით გამოწვეული შიშის დაძლევა.
„საზოგადოება ნელ-ნელა გამოდის იმ ინფანტილიზმიდან, რომლის გახსენებაც დღეს გვრცხვენია. დღეს თითქმის ყველამ იცის, რომ არ შეიძლება, ყველა პასუხისმგებლობის ერთი ადამიანისთვის გადაბარება და რომ, საბოლოოდ, ეს ერთი მავანი აუცილებლად თავის ინტერესებსა და გემოვნებაზე მორგებულ მახინჯ სისტემას შექმნის“, _ ამბობს ზაზა ფირალიშვილი.
დიახ, იცის და ელოდება ალტერნატივას, რომელსაც აუცილებლად იპოვის. დღეს კი მოსახლეობა რაციონალურად პასიურია, რადგან ქართულ პოლიტიკურ გარემოში არ არსებობს ძალა, რომელიც შეძლებს და მოსახლეობის უდიდესი ნაწილის უპირობო მხარდაჭერას მოიპოვებს.
ცხადია, რომ ქართველი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი საერთოდ აცდენილია რეალობას და მათთვის პოლიტიკა საკუთარი ოჯახის რჩენის საშუალებაა. მათ რეალურად არ უდევთ ხელი ქვეყნის _ საზოგადოების ცხოვრების პულსზე და საერთოდ უგრძნობელნი არიან საზოგადოების მოთხოვნილებების მიმართ. სამაგიეროდ, საკუთარ უუნარობას პოპულიზმით ანაცვლებენ.
„ჩვენში კი ჯერაც ყოველი ლიდერი თუ პოლიტიკური ჯგუფი საკუთარ თავს წარსულში განცდილი წარმატების მწვერვალზე განიხილავს და არ სურს დაინახოს, რომ საზოგადოებრივ განწყობებში ბევრი რამ სწრაფად იცვლება და რომ სიტუაცია მათგან ცვლილებებს მოითხოვს“, _ აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მტკივნეულია იმის გააზრება, რომ ჩვენ ჯერაც არ გვყავს მძლავრი სამოქალაქო საზოგადოება სამოქალაქო პასუხისმგებლობითა და ვალდებულებებით; არ გვყავს უამრავი, დემოკრატიული პროცესებისთვის აუცილებელი ინსტიტუტი; არ გვყავს, მინიმუმ, პროფკავშირები, რომელიც ატროფირებული და მერკანტილური მიზნებით მოქმედი პოლიტიკური პერსონებისა თუ ჯგუფების ნაცვლად იკისრებდა დასაქმებულთა უფლებების დაცვას, დაუსაქმებლებზე რომ არაფერი ვთქვათ; არ გვყავს საზოგადოება, რომელსაც ექნებოდა იმის განცდა, რომ ხელისუფლება ბატონი კი არ არის, არამედ მოსახლეობის მიერ დაქირავებული ადამიანების გუნდია, რომელიც ხალხს უნდა ემსახურებოდეს და არა პირიქით _ ხალხს იმსახურებდეს.
რატომ არის ასე ღატაკი ჩვენი მოსახლეობა? რატომ ეშინიათ მშობლებს, რომ შვილებს საშობაო საჩუქრებს ვერ გაუკეთებენ? რატომ ვერ ყიდულობენ შვილები მშობლებისთვის წამლებს? რატომ?! რატომ?! რატომ?!
კი, კანონზომიერებაა, რომ ყველაფერი უკეთ იქნება, მაგრამ კანონზომიერებაა ისიც, რომ დრო გადის და ჩვენ კიდევ ბღუჯა-ბღუჯა ფულის ქონას გვაყვედრიან, რომლითაც ვერაფერს ვიყიდით.
ჰო, ცხოვრება ასეა, ვიღაცას პარლამენტში ბატონ ვოლსკის მიერ სკამზე შემოწყობილი ფეხები ჰგონია კანონზმიერება, ვიღაცას კი სახურავზე მყოფი მიხეილ სააკაშვილი.
ილიასი არ იყოს: მოძრაობა და მარტო მოძრაობაა, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“.
ისე, „ოცნებამ“ თუ იცის, რომ ხალხს საქართველო ენატრება?
არმაზ მეტრეველი