საბჭოთა კავშირში დაბადებულ და თეატრზე შეყვარებულ რეჟისორს რომ შეხედოთ, უკვე მიხვდებით, თუ რამდენად გულწრფელი, იდეებით სავსე და მაყურებლისთვის საყვარელი პერსონაა იგი. მასთან მცირე ხანს თუ გაატარებთ, მიხვდებით, რომ ეს არ გყოფნით და გინდათ, მეტი დრო დაუთმოთ ურთიერთობას, რადგან მისგან წამოსული საინტერესო, ჯერარმოსმენილი და განსხვავებული იდეები თავდაპირველად ღიმილს მოგგვრით, მერე დაგაფიქრებთ, ჭკუაში დაგიჯდებათ და ბოლოს მათ განხორციელებაზე იფიქრებთ.
მისთვის ამოსავალი წერტილი სიყვარულია _ ესაა ის, რაც ცხოვრების ხალისსა და ქმედების სტიმულს აძლევს და როცა მის გვერდით საყვარელი ადამიანია, მნიშვნელობა არ აქვს, რა უბედურება ტრიალებს დედამიწაზე, მას უყვარს, ის ბედნიერია!
მის სპექტაკლებში კარგად ჩანს ის სოციალური თუ ადამიანური პრობლემები, რის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა და, ზოგადად, საზოგადოება დგას. ის დაგანახებთ, თუ როგორ შეუძლია ფულს იყიდოს ქვეყანა და გაგვაყიდინოს ადამიანები, როგორ შეიძლება გვიყვარდეს, ან უარვყოფდეთ, ვიპირფეროთ ან შური ვიძიოთ, ბოროტება ჩავიდინოთ და სინდისმა დაგვტანჯოს...
მარჯანიშვილის თეატრის ეს საინტერესო და მუდამ კრეატიული რეჟისორი, რომელიც ჰიპერაქტიური ქმედებებითა და განსხვავებული ხედვით გამოირჩევა, სანდრო ელოშვილია და დღეს იგი „ქრონიკა+“-ს სტუმრობს.
_ მომიყევი ცოტაოდენი შენზე: ვინ ხარ, წარმოშობით საიდან, რამდენი წლის, რას საქმიანობ?
_ მე საბჭოთა კავშირში დავიბადე, თუმცა ეს იმპერია უკვე სულს იმდენად ღაფავდა, რომ არც მე მახსოვს რამე მის შესახებ და არც მას რამე ჩემზე, არადა, „დაფასებული“ კაცი ვიქნებოდი, საქართველოს გასაბჭოების დღეს, 25 თებერვალს ვარ დაბადებული, 1988 წელს. სახელი ორი მაქვს, მშობლებს სანდროს დარქმევა უნდოდათ, მაგრამ მაშინ ოფიციალურ დოკუმენტებში ალექსანდრე იწერებოდა. ამას ემატება ერთი 5-6 მეტსახელი და მოკლედ, თითქმის ყველა ზედსართავზე ვიხედები.
_ როდიდან დაინტერესდი თეატრით და რა გზა გაიარე დიდი სცენის რეჟისორობამდე?
_ თეატრით დამაინტერესეს! მანამდე, ვფიქრობ, ექიმობა მინდოდა, ყოველ შემთხვევაში, არა რეჟისორობა. 1996 წელს რუსთაველის გამზირზე, ჩემი სახლის გვერდით, ადამიანთა ჯგუფმა მიწა ამოთხარა, ვიფიქრე, ომი იწყება და „ბუნკერს“ აშენებენ-მეთქი, თუმცა, თეატრი გამოვიდა. ეს იყო თეატრალური სარდაფი. მეც ჩავედი და მართლა ომი დაიწყო, ომი და ბრძოლა, რომ იმ არეულობის წლებში გადარჩენილიყო ქართული თეატრი. არ ვიცი, ახლა როგორ აფასებენ „სარდაფის“ ფენომენს, მაგრამ ვფიქრობ, მან ეს თუნდაც იმიტომ მოახერხა, რომ დღეს ვისაც სცენაზე ან ეკრანზე ხედავთ, ერთხელ მაინც მდგარა იმ სცენაზე. სხვა თუ არაფერი, პირველი სპექტაკლი ხომ გენიალურმა რამაზ ჩხიკვაძემ ითამაშა იქ, სადაც რამდენიმე კვირის წინათ ვირთხები მშვიდად და უდარდელად ცხოვრობდნენ. ასე რომ, დიდი არჩევანი აღარ მქონდა და როგორც ნამდვილ ომში მიყვები ფრონტის ხაზს, ხარ იქ, სადაც ის გადის.
_ როდის და რატომ გადაწყვიტე რეჟისორობა?
_ რეჟისორობა სარდაფში გადავწყვიტე. თავიდან მსახიობობა უფრო მომწონდა, 4-წლიან სამსახიობო კარიერაში 10 როლის თამაშიც მოვასწარი, თუმცა გამორიცხულია, რვა წლიდან უყურებდე ლევან წულაძეს და მისმა ქარიზმატულობამ არ მოგხიბლოს. ასე რომ, ჯერ „ჭოლაობა“ მომინდა და შემდეგ უკვე რეჟისორობა.
_ რა სირთულეები შეგხვდა გზად?
_ სირთულეები, ალბათ, ყველა პროფესიას ახლავს, მაგრამ ჩვენს პროფესიას _ განსაკუთრებით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მსაჯულად მაყურებელი გყავს, სადაც შეიძლება გვერდიგვერდ ისხდნენ მოსამართლე და კრიმინალი, სპორტსმენი და მეცნიერი, ბებია და შვილიშვილი, ქართველი და ბელგიელი. შენი ამოცანა კი ისაა, რომ ამ ხალხს საერთო სალაპარაკო ენა გამოუნახო და შენი სათქმელი უთხრა. თუკი კარგ მცხობელს არ დაენანება გემრიელი ინგრედიენტები და არც შრომას დააკლებს, მისი შექმნილი პროდუქტი კარგი იქნება და გაყიდვადი, თეატრში ასე არ ხდება, შეიძლება საუკეთესო პიესა აარჩიო, საუკეთესო მსახიობები დააკავო, შენც ყველაფერი სწორად გააკეთო, მაგრამ მაყურებელმა მაინც არ მიიღოს შედეგი. რაღაც ჯადოქრობაა მაყურებელთან პრემიერით შეხვედრა. თუკი სასწაული მოხდება, ერთ წამში შენ მიგიღებენ, შეგიყვარებენ, გულს გადაგიხსნიან. თუ არ მოხდება, ყველაფერი წყალშია გადაყრილი. მთავარი სირთულეც, ალბათ, ესაა. არსებობს გამოთქმა: რეჟისორობა ვაჟკაცი ხალხის პროფესიაა!
_ რა მოგცა იმან, რომ დღეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს შენი თვალით აჩვენებ ამა თუ იმ პრობლემას, ან მოვლენას?
_ ყველაზე ბანალურ პასუხს გავცემ, ყოველ შემთხვევაში, თეატრის მოყვარულებისთვის მაინც: თუკი სპექტაკლის შემდეგ ერთ ადამიანს მაინც სასიკეთოდ შეცვლი, ამაზე დიდი სიამოვნება და ჯილდო არ არსებობს _ თავიდან სახალხო არტისტების ავტობიოგრაფიულ წიგნში მისაწერი ფრაზა მეგონა, მაგრამ როდესაც ერთხელ მოხდება ეს თქვენს ცხოვრებაში, შემდეგ დამოკიდებული ხდები ამაზე. ერთგვარი ეგოისტური სიამოვნებაა.
_ რეჟისორობის გარდა რას აკეთებ?
_ რეჟისორობის გარდა სხვას ვერაფერს იზამ. მთელი სამყარო შენი ინსპირაციის წყაროა, სადაც ნაკუწ-ნაკუწ უნდა ააგროვო შენი მომავალი სპექტაკლი. შეიძლება, დილით მიხვიდე პანაშვიდზე, შემდეგ ზოოპარკში ბამბის ნაყინით ხელში რამდენიმე საათი აკვირდებოდე სპილოს, საღამოს სადმე სკვერში უცნობ ადამიანებთან ერთად დათვრე, მიხვიდე სახლში და გადაწყვიტო: ხვალიდან ვიწყებ „რომეო და ჯულიეტას“, რადგან იმ დღეს შენთვის გათამაშდა ეს ტრაგიკული ამბავი სიყვარულისა, შენ იმ დღეს შეაგროვე ყველა ის ემოციური მუხტი, რაც შენთვის არის ეს პიესა. ასე რომ, რეჟისორის სამუშაო საათები არის _ 24 საათი.
_ რომელ სპექტაკლზე მუშაობ ახლა?
_ ახლა ვმუშაობ იტალიურ ზღაპარზე, კარლო გოცის „მეფე _ ირემი“, რომლის რეპეტიციებიც საგრძნობლად დიდხანს გაგრძელდა და იმედს ვიტოვებ, ეს შრომა უქმად არ ჩაივლის.
_ ვინ გიფასებს ყველაზე ობიექტურად შენს ნაშრომს?
_ ალბათ, ის მეგობრები რომლებსაც ჩემთან თვალთმაქცობა არ სჭირდებათ და ხვდებიან, რომ თუკი სიმართლეს მეტყვიან, მე ეს არ მეწყინება.
_ რას აკეთებ ყველაზე დიდი სიამოვნებით?
_ მივდივარ და მოვდივარ თეატრში, ვჭამ, ვსვამ, მძინავს, მიყვარს. მოკლედ, პირველს თუ გამოვაკლებ ყველაფერს, რასაც ცხოველები აკეთებენ...
_ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის (საქმეში)?
_ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანია გარემო და განწყობა. კარგ გარემოში, სადაც დადებითი და მხიარული განწყობაა, ყველაფერი უკეთ გამოდის.
_ რა არის ყველაზე ღირებული ადამიანში? რას აფასებ ყველაზე მეტად?
_ თუკი მუსიკოსს მისი მუსიკით ვაფასებთ, მხატვარს მისი მხატვრობით, ე. ი. ადამიანშიც, პირველ რიგში, ადამიანობა და მისი ჰუმანიზმი უნდა დავაფასოთ.
_ გადაწყვეტილება, რომელიც გინანია?
_ ძალიან ბევრია ასეთი. ხშირად მსმენია ასაკოვანი ხალხისგან, უკან რომ დამაბრუნო მაინც ასე ვიცხოვრებდი და არაფერს შევცვლიდიო. ტყუილი მგონია. შეიძლება, ისეთი რამე ქნა, სხვები ვერ მიხვდნენ, იმ წამს შენ თვითონაც კი, მაგრამ გავა დრო და მიხვდები, რომ სჯობდა, სხვანაირად მოქცეულიყავი, ამას ვეღარ შევცვლით, მაგრამ კარგად უნდა დავიმახსოვროთ, რომ მომავალში სხვაგვარად და უკეთესად მოვიქცეთ.
_ რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
_ როდესაც რამეს გიმალავენ, გატყუებენ და თან ისე გიყურებენ, რომ ჰგონიათ, შენ ამას ვერ ხვდები.
_ რისთვის არ გენანება დრო?
_ სიყვარულისთვის, რადგანაც როდესაც შეყვარებული ხარ, გგონია, რომ ეს უსასრულობაა, თითქოს დრო გაჩერებულია.
_ მაქსიმალისტი ხარ?
_ ყველას უნდა, რომ მაქსიმალისტი იყოს, მეორეა, რამდენად გამოსდის ეს, ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ადამიანებს მაინც ჩვენ-ჩვენი სისუსტეები გვაქვს, ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები, ისე კი, ალბათ, მაქსიმალისტი ვარ. ყოველ შემთხვევაში, შეიძლება არ ვთქვა, მაგრამ მომთხოვნი ვარ და თუკი რამე ისე არ ხდება, როგორც მინდა, შინაგანად ვქრები და მწარედ განვიცდი.
_ რაზე ოცნებობ?
_ ადრე ვოცნებობდი, ახლა რადგან, ასე თუ ისე, გავიგე, რა მინდა ცხოვრებაში, ვფიქრობ, როგორ მივაღწიო ამ ყველაფერს.
_ თუ გყავს ფილმის ან წიგნის გმირი, რომელსაც გგონია, რომ ჰგავხარ?
_ ასეთი ბევრია, განწყობას და ხასიათს გააჩნია. ხან კირილე მიმინოშვილს ვგავარ, ხანაც ჩეხოვის სიჩუმე დგება ცხოვრებაში. ხანდახან რომეო მინდა ვიყო და ოტელო გამომდის. კლასიკური ნაწარმოების გენია ისაა, რომ ის რომელიღაც დღეს, რაღაც ადგილას, ვიღაცას კი გადახდა თავს, მაგრამ ყოველდღიურად ხდება ჩვენში.
_ ვინ არის მისაბაძი მაგალითი შენთვის? რატომ?
_ გამიმართლა, რომ ბევრი მისაბაძი ადამიანი მყავს ირგვლივ. ამას ემატება კიდევ საჯარო და სახელგანთქმული ადამიანები, რომლებმაც თავიანთი ქცევები ან ცხოვრების გზა სახელმძღვანელოებად აქციეს. ასე რომ, თუკი გინდა, უკეთესი იყო და საკუთარი თავის პროგრესზე ფიქრობ, ყოველთვის მოახერხებ გაარჩიო კარგი და ცუდი ერთმანეთისგან.
_ დღეს რა პრობლემას ხედავ იმ სფერო(ებ)ში, სადაც მოღვაწეობ და, ზოგადად, საქართველოში?
_ დღეს საქართველოში ძალიან ბევრი პრობლემაა, ხანდახან იმასაც ვფიქრობ, იმდენია, რომ აზრი აღარ აქვს არაფერს, მაგრამ ეს ქვიშიან სანაპიროზე თამაში არაა, სასახლეს რომ ვერ ავაშენებთ, მივატოვებთ და გვერდით ახლის შენებას დავიწყებთ. თუკი რამე პრობლემები არსებობს, ეს ჩვენი დამსახურებითაა, ასე რომ, კეთილი ვინებოთ და გამოვასწოროთ.
მთავარი პრობლემა კი მაინც გაუნათლებლობა მგონია. სხვისკენ არ ვიშვერ ხელს, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვგულისხმობ. რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ და გავაფართოოთ ჩვენი თვალსაწიერი, დავიწყოთ აზროვნება უფრო მასშტაბურად, გავეცნოთ უცხო ქვეყნების კულტურას და წეს-ჩვეულებებს, ბრმად ნუ გავეკიდებით ნურავის, ავწონ-დავწონოთ, რაც კარგი გვაქვს, ის დავტოვოთ, სხვას რაც აქვს კარგი, ფრთხილად გადმოვიღოთ და გავიაზროთ. მეტი ვიფიქროთ და უფრო მეტი ვიმოქმედოთ. გვახსოვდეს, რომ ერთი დღით ცხოვრება შეიძლება ადამიანისთვის მისაღები იყოს, მაგრამ სახელმწიფოსთვის დამღუპველია, ის ყოველთვის მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული, მუდმივ განვითარებაზე. ამდენ რევოლუციას სჯობს, ერთი რევოლუცია საკუთარ თავებში მოვაწყოთ. სახეები და სახელები კი არ ვცვალოთ და შემდეგ მათ კი არ ვაბრალოთ ჩვენი წარუმატებლობა, ჩვენი თავი შევცვალოთ, სახელმწიფოებრივი აზროვნება ვისწავლოთ, ზრუნვა ვისწავლოთ, ჩვენს პასუხისმგებლობებში და უფლებებში გავერკვეთ. შევდგეთ, როგორც მოქალაქეები და მერე ყველა პრობლემას ეშველება ჩემს სფეროშიც და სხვის სფეროშიც.
_ როდის ისვენებ ხოლმე და როგორ?
_ რატომღაც, არ ვიღლები. თუკი ჩემთვის ძვირფას ადამიანს, ცნობილ ექიმსა და ნევროლოგს დავუჯერებთ, ჰიპერაქტიური ვარ და მაქვს ყურადღების დეფიციტი. ასე რომ, ჩემი დასვენებაც სხვებისთვის ხშირად დამღლელია.
_ ვინ გენატრება ყველაზე მეტად?
_ სამწუხაროდ, სოციალურმა ქსელებმა, მობილურმა ტელეფონებმა და კომუნიკაციის უამრავმა საშუალებამ მონატრებას სიმძაფრე მოაკლო, ასე რომ, იშვიათად ვინმეს მონატრება მტანჯავდეს, მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც აღარ არიან და კითხვები, რომელიც მათ მიმართ დაგვრჩა, ან გვიჩნდება დროდადრო, აცოცხლებს მათ ჩვენში.
_ რა არის შენთვის ის საქმე, რასაც აკეთებ?
_ ჩემი გზა. აუცილებლად გასავლელი გზა. არ ვიცი, დაღლილი მივალ თუ ენერგიული, პირველი თუ უკანასკნელი, მაგრამ ფინიშის ხაზთან აუცილებლად მივალ.
_ შენი აზრით, თავისუფალი ხარ?
_ არა, თავისუფლება შინაგანი მდგომარეობა არ არის. თავისუფლება შენი ფიქრების, შენი სურვილებისა და შენი ეგოს ბრძოლაა სამყაროს დაუსრულებელ წინააღმდეგობებებთან. ვფიქრობ, აბსოლუტური თავისუფლება არც არსებობს. არსებობს „ეს იმაზე მეტად თავისუფალია“, ასე რომ, მისწრაფება თავისუფლებისკენ უსასრულოა. დონ კიხოტის ბრძოლას ჰგავს ქარის წისქვილთან.
_ ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა?
_ გამიგონია, რომ არსებობს ცხოვრების 4 ეტაპი: 1-ლი _ მე;. მე-2 _ მე და მოცარტი; მე-3 _ მოცარტი და მე; მე-4 _ მოცარტი. მგონი, ახლა მეორე ეტაპის ბოლოში ვარ გასული.
_ საკუთარი თავი ნაპოვნი გაქვს?
_ ვფიქრობ, საკუთარი თავის პოვნა და შეცნობა ცხოვრების დასასრულია. მანამდე კი, სანამ ცოცხლები ვართ, მუდმივ უნდა ეძებდე. ყოველდღე ახლებურად ხედავდე არა მარტო საკუთარ თავს, არამედ შენ ირგვლივ მყოფ ადამიანებსაც. რომ გავიგო, ვინ ვარ მე, ხვალ რა ვკითხო ჩემს თავს?
_ რაიმე მისია გაქვს ცხოვრებაში?
_ კი. ყველა ადამიანს აქვს მისია ცხოვრებაში. ვფიქრობ, ჩვენი საქმით და ჩვენი ცხოვრებით რაიმე ისეთი ღირებული უნდა შევქმნათ, რომ სიკვდილის შემდეგ ჩვენგან მხოლოდ მიწის ქვეშ ერთ ყუთში ჩაყრილი ძვლები არ დარჩეს.
გალაკტიონმა რომ თავი მოიკლა, მას შემდეგ, თითქმის, 60 წელიწადი გავიდა. ამდენი, ალბათ, მარტო შეყვარებული წყვილი მიდის მის საფლავზე ყოველდღე და ერთმანეთს მისი სიტყვებით, მისი სტროფებით, მისი ლექსებით სიყვარულს უხსნის. რა უნდა იყოს ამაზე დიდი მისია?!
_ რა არის ის, რისთვისაც იბრძვი?
_ გამარჯვებისთვის! მთავარია, ამ ბრძოლაში არ დავკარგოთ ის, რაც ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის. შექსპირს გენიალურად აქვს ეს ყველაფერი აღწერილი „მეფე ლირში“: „უღირდა კი ეს ბრძოლა მეფეს კორდილიას, მისი უსაყვარლესი უმცროსი გოგონას სიკვდილად? ასეა. ყველაფერს თავისი ფასი აქვს, ყველაფერს თავისი სახადი“,
_ შენი ნება რომ იყოს, რას შეცვლიდი, ან გამოასწორებდი შენს ცხოვრებაში, ან ქვეყანაში, ზოგადად?
_ ასე ზუსტად არ ვიცი, რას შევცვლიდი, მაგრამ მიზანი მექნებოდა ის, რომ ისე შემეცვალა ყველაფერი, რომ ადამიანებმა მეტი გაუღიმონ ერთმანეთს.
_ რა არის ცხოვრების აზრი შენთვის?
_ სიყვარული.
_ როგორ ფიქრობ, გაქვს თუ არა წარმატების მიღწევის შანსი დღევანდელ საქართველოში?
_ მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში ახალგაზრდებისთვის არათუ წარმატების, არსებობისთვისაც კი რთული პირობებია შექმნილი, მით უმეტეს, ხელოვნების სფეროში მყოფი ახალი თაობისთვის, შეუძლებელი მაინც არაფერია, გვჭირდება ცოტა მეტი ერთობა, მონდომება, ერთი აზრისა და იდეის ქვეშ გაერთიანება და ყველაფერს შევძლებთ. ცალ-ცალკე და სათითაოდ ნამდვილად არ გამოვა.
_ გაქვს ისეთი პრინციპი, რომელსაც არასდროს უღალატებ?
_ პრინციპი ზუსტად ისეთივე აუცილებელი რამ არის ადამიანისთვის, როგორც ჰაერი. თუკი უჰაეროდ ის ფიზიკურად განადგურდება, უპრინციპოდ დაკარგავს სულიერებას. პრინციპები და პრინციპულობა განაპირობებს ადამიანის სიძლიერეს. უპრინციპო კაცი დიდ ოკეანეში დინების გატაცებულ ნავს ჰგავს, პრინციპული ადამიანი კი დიდ გემს, რომელმაც ქარის საწინააღმდეგოდაც რომ მომართოს აფრები, აუცილებლად გაცურავს იქით, საითაც უნდა. თუმცა პრინციპი ღირებულებებზე უნდა იყოს დაყრდნობილი და არა, უბრალოდ, ახირებებზე. ასე რომ, მეც მაქვს, რა თქმა უნდა, ღირებულებები, რომელიც უფრო ძვირფასია, ვიდრე ფიზიკური არსებობა. პრინციპიც ეს არის, გააკეთო არჩევანი, რა უფრო ძვირფასი და ღირებულია შენთვის.
_ რომ არა ის, ვინც ახლა ხარ, ვინ იქნებოდი?
_ ალბათ, გაიძვერა პოლიტიკოსი. ცრემლებს დავღვრიდი ხოლმე ხალხის წინაშე და ვიტყოდი: თქვენ მოგიკვდით, ეს რა დღეში ხართ-მეთქი.
_ რას მოაქვს ყველაზე დიდი სიმშვიდე შენთვის და როგორ გგონია, სად არის ხსნა ადამიანებისთვის?
_ სიმშვიდე მოაქვს სიყვარულს, წარმატებას, საყვარელი საქმის კეთებას, შენ ირგვლივ მყოფი ადამიანების კეთილდღეობას. ადამიანების ხსნა კი, ზუსტად ვიცი, სწორ, უანგარო და წრფელ სიყვარულშია.
_ საყვარელი გამონათქვამი, რასაც ყველაზე ხშირად იყენებ ხოლმე.
_ არ დავკვირვებივარ. გამონათქვამებში აზრის გარდა მისი მელოდიურობა და რიტმულობა მომწონს, ასე რომ, ხშირად გადამდის ხოლმე შემდეგ და ვივიწყებ. ისე კი წლებია, ერთი ძველი სიმღერიდან ფრაზას ვღიღინებ ხოლმე, ხანაც კი ლექსად ვიმეორებ: „მე მიყვარხარ, შენ კი ქვის გული გაქვს, ქვის. გადახედე თბილისს, რა ლამაზად წვიმს“.
_ ვინ ხარ რეალურად და ვისთან ხარ ნამდვილი სანდრო?
_ ვფიქრობ, ადამიანი ნამდვილი მხოლოდ ძილის წინ, თვალებდახუჭული, ჩაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრეა. ისე კი ხშირად საკუთარ თავსაც კი ატყუებს და სხვაგვარად სურს წარმოჩნდეს.
_ რა იქნება შენი გზავნილი საზოგადოებისთვის?
_ ხშირად იარეთ თეატრში.
ნინო ტაბაღუა