QronikaPlus
მორიგი სკანდალი თსუ-ში

მორიგი სკანდალი თსუ-ში

2017-12-01 13:04:09

„ქრონიკა+“ აგრძელებს ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენების ამსახველ სერიას და ამჯერად პროფესორ ცირა ბარამიძის მიერ შედგენილ დარღვევათა სკანდალურ ნუსხას გთავაზობთ. ცირა ბარამიძე _ პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი: _ დარღვევებზე, პირველ რიგში, განცხადებით მივმართე თსუ-ში საკონკურსო კრიტერიუმების შესახებ აკადემიურ საბჭოს და განხილვა მოვითხოვე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე კანონდარღვევით მიმდინარეობს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად საკონკურსო კრიტერიუმების შექმნა-განხილვის პროცედურა. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ დავაფიქსირე ჩემი კატეგორიული პოზიცია, რომ ამ დოკუმენტის როგორც შექმნის, ასევე მისი განხილვის დროს დაირღვა და დღესაც ირღვევა საკანონმდებლო მოთხოვნები, რის გამოც ფაკულტეტებმა გადაწყვეტილება მიიღეს დოკუმენტის განხილვის შეწყვეტის თაობაზე. _ მიმართვაც გაავრცელეთ? _ კანონი უზენაესია და მოცემულ სიტუაციაში აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ უარი არ უნდა თქვას იმ დარღვევების გამოსწორებაში აქტიური მონაწილეობის მიღებაზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც მეცნიერებისთვის, ასევე მთელი უნივერსიტეტის მომავლისთვის. გადაწყვეტილების მიღებისას მიმღების მიერ უნდა შესუსტდეს მისაღები გადაწყვეტილების ნეგატიური მხარეები, რათა გონივრული ალტერნატივით ჩაენაცვლოს. _ რომელ ნეგატიურ მხარეებზე საუბრობთ? _ ნეგატიური მხარეებია ის, რომ დაირღვა დოკუმენტის შედგენის არა მხოლოდ პროცედურული მხარეები, არამედ დარღვეულია მატერიალური მხარე და მიღებული გადაწყვეტილება ლახავს აკადემიური პერსონალის _ პროფესორების კანონით გარანტირებულ უფლებებს. _ თუ შეიძლება, დარღვევები ჩამოგვითვალეთ... _ პირველი დარღვევა: აკადემიური პერსონალის საკონკურსო კრიტერიუმების შემუშავებასა და წარდგენასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ დაარღვია საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ“ მე-10 მუხლის დანაწესი _ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში კომპეტენციათა გამიჯვნის თაობაზე. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კანონის შესაბამისად ამტკიცებს აკადემიური და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს; მეორე დარღვევა: თსუ-ს მართვის ორგანოები არღვევს ასევე ამავე კანონის მე-15 მუხლს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის შესახებ, კერძოდ, ამ მუხლის პირველ პუნქტს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოები და მათ შორის კომპეტენციები ნაწილდება დაწესებულების წესდებით. ცნობისთვის: წესდებაში ცვლილება არ მომხდარა და ასეთ პირობებში დაუშვებელია ამ კანონის ძალის მქონე დოკუმენტის მიხედვით არსებული რეგულაციების უგულებელყოფა; მესამე დარღვევა: თსუ-ს წესდების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, რექტორი „თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს უნივერსიტეტის მართვას“. წარმოდგენილი კრიტერიუმების შექმნის პროცესით დარღვეულია კომპეტენციათა გამიჯვნა, ანუ დარღვეულია კანონის რამდენიმე მუხლი. რამდენად ვრცელდება ამგვარი დოკუმენტის შექმნა თსუ-ს მართვის ორგანოებზე? ეს დოკუმენტი არ შეიძლებოდა საერთოდ განხილულიყო, რადგან იგი შეიქმნა კანონის დარღვევით, კერძოდ, კომპეტენციათა აღრევით, რაც ადასტურებს, რომ უგულებელყოფილია არა მარტო კანონი, არამედ პროფესორთა ინტერესები; მეოთხე დარღვევა: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის (აკადემიური პერსონალის უფლებები) 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში ამ კანონისა და დაწესებულების წესდების შესაბამისად. ასევე 37-ე მუხლის (აკადემიური პერსონალის უფლებები) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, აკადემიური პერსონალი ვალდებულია, დაიცვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების მოთხოვნები, რაც, როგორც ვხედავთ, ჩვენი ვალდებულებაცაა უფლებასთან ერთად; მეხუთე დარღვევა: თსუ-ს წესდების მე-14 მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით, რექტორი უფლებამოსილია, მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად სათათბირო ორგანოს სახით შექმნას საკონსულტაციო საბჭოები და კომისიები, რომელთა საქმიანობა რეგულირდება რექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამგვარად, შემოთავაზებულ დოკუმენტთან დაკავშირებით უნივერსიტეტში განხორციელებული ყველა ქმედება უკანონოა! _ ეს საკმაოდ ხმამაღალი განაცხადია, ქალბატონო ცირა... _ ზუსტად ასეა! მეექვსე დარღვევა: წესდების თანახმად, რექტორი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახალი საკონკურსო კრიტერიუმების შესამუშავებლად ქმნის საკონსულტაციო საბჭოს, ანუ კოლეგიას პარიტეტულ საწყისებზე ფაკულტეტების მიერ წარდგენილი პროფესორებით, რომლის ქმედება განისაზღვრება რექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით _ ასეთია კანონის დანაწესი. ეს კი ჩვენს შემთხვევაში არ მომხდარა; მეშვიდე დარღვევა: საკონსულტაციო საბჭოს მიერ შექმნილი დოკუმენტი შეიძლებოდა ყოფილიყო ორგვარი: მოქმედი დოკუმენტის შესწორებული, დახვეწილი ვარიანტი, ან თვისობრივად ახალი, განსხვავებული დოკუმენტი. ორივე შემთხვევაში აღსრულდებოდა კანონის მოთხოვნა, რომ ბენეფიციარების ჩართულობა დოკუმენტის შექმნაში განსაზღვრავდა მის კანონიერებას; მერვე დარღვევა: ყოველივე ზემოთქმულის შემდგომ რექტორის ბრძანებით უნდა განხორციელებულიყო საკონსულტაციო საბჭოს მიერ შექმნილი დოკუმენტის საჯარო განხილვა ფაკულტეტების ფართო წარმომადგენლობასთან და უნდა გათვალისწინებულიყო პროფესორთა დამატებითი შენიშვნები, რაც, რა თქმა უნდა, ასევე არ მომხდარა; მეცხრე დარღვევა: ფაკულტეტების საბჭოების მიერ საყოველთაო მხარდაჭერის შემთხვევაში უნდა გასულიყო მომზადებული დოკუმენტი აკადემიურ საბჭოზე და დამტკიცების შემთხვევაში _ წარმომადგენლობით საბჭოზეც. აქ არ ვსაუბრობ „განსაკუთრებული“ პირობებით განსახილველად წარმოდგენილი დოკუმენტის შინაარსზე. ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან უნივერსიტეტის მართვის ორგანოებმა, ხარისხის სამსახურის ჩათვლით, დაარღვიეს საკითხთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები. _ კი მაგრამ, მაშინ ვინ შექმნა ეს საკონკურსო კრიტერიუმები? _ რამდენიმემ, შეიძლება, ერთიც იყო, „რჩეულმა“ პროფესორმა შექმნა ახალი დოკუმენტი (აქვს ამბიცია, რომ ყველა ფაკულტეტისა და დარგის სპეციფიკას იცნობს) უნივერსიტეტში თუ მის გარეთ, თუმცა არც ამას აქვს დღეს მნიშვნელობა, რადგან ეს დოკუმენტი მოჰყვა განათლების სამინისტროდან პორტირებულ ხელმძღვანელ პირებს და დაუყოვნებლივ ამოქმედდა სწორედ მას შემდგომ, რაც საშუალო განათლების დონეზე უკვე გარკვეული იყო, „რა დაბალი დონის მასწავლებლები გვყავს“ და ახლა უკვე უნივერსიტეტის პროფესურის დონის განსაზღვრა დადგა დღის წესრიგში. ამ დოკუმენტის შესაქმნელად რომ არანაირი ადმინისტრაციული აქტი არ გამოცემულა, ეს არ კმაროდა, არც მის განსახილველად იყო რაიმე აქტი საჭირო. სათავო „განხილვამ“ გამოკვეთა ნეგატიური დამოკიდებულება და ახლა ფაკულტეტებზე მიდგა ჯერი. არც ერთ პროფესორს არ გვიკითხავს, შეიქმნა თუ არა ეს დოკუმენტი კანონის დაცვით? ფაკულტეტებზე ნეგატიური შეფასების შემდეგ განხილვის დრო და მოვლენები დაჩქარდა. დეკანებმა და ფაკულტეტის წარმომადგენლებმა მხოლოდ ახლა მიიღეს ზეპირი დირექტივა (და არა ადმინისტრაციული აქტი): შექმენით თქვენ თვითონ, ოღონდ გაითვალისწინეთ „თვლა“ და „ლექცია“; აქაც დაირღვა კომპეტენციათა ზღვარი და ეს ზეპირი წინადადება კანონგარეშეა, რადგან ცალ-ცალკე „შექმნილი“ დოკუმენტი ასევე იქნება კანონგარეშე, როგორი სრულყოფილიც არ უნდა იყოს იგი. _ ანუ დოკუმენტი, რომელიც, რეალურად, აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის წესს განსაზღვრავს, არ არსებობს? _ ისეთი დოკუმენტის შექმნა, რომელიც განსაზღვრავს აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის წესს, არ შეიძლება განხორციელდეს ვინმეს პირადი სურვილისა თუ ამბიციების საფუძველზე, არსებული მკაცრი რეგლამენტაციის (საკანონმდებლო იმპერატივი) უგულებელყოფით. წესდებაში არ მომხდარა ცვლილება და ასეთ პირობებში მიღებული ახალი რეგულაცია უკანონოა იმდენად, რამდენადაც, ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი დარღვევებით მიღებული ნებისმიერი სახის დოკუმენტი, თუკი აკადემიურ საბჭოზე განსახილველად წარადგენენ, კანონდარღვევა იქნება და დაინტერესებული პირის მიერ სასამართლო დავის დაწყების შემთხვევაში ანულირდება სრული მოცემულობით. ამასთან, დავის დასაწყისშივეა შესაძლებელი, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება შეჩერდეს საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი), რაც ძალიან მტკივნეული იქნება, ზოგადად, უნივერსიტეტისთვის და თსუ-ს მართვის ორგანოების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. _ ქალბატონო ცირა, რა გზას შეიძლება მიმართოს უნივერსიტეტმა ნეგატიური მოვლენების თავიდან ასაცილებლად? _ მოვლენების ამგვარად განვითარების თავიდან ასაცილებლად გთავაზობთ საკითხის მოგვარების შემდეგ გზებს: აუცილებლად უნდა შეიქმნას სამეცნიერო სტანდარტი კანონის მოთხოვნათა დაცვით; ასევე შეიქმნას ახალი კრიტერიუმები კანონის მოთხოვნათა დაცვით და პროფესურას მიეცეს გარკვეული ვადა, მინიმუმ, ოთხი წელი, ახალი კრიტერიუმების მიხედვით საკონკურსოდ მოსამზადებლად; მე-2 პუნქტის შესასრულებლად გადავადდეს არსებული ხელშეკრულებები, ხოლო ალტერნატიულ შემთხვევაში, დარჩეს მოქმედი კრიტერიუმები; უნდა გამოირიცხოს თვლადობა და შეფასებები ციფრებით, რადგან ეს არ შეესაბამება არც სამეცნიერო და არც სასწავლო პრინციპებს. _ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დიდი დილემის წინაშე დგას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი? _ ეს არ არის პრობლემები, რომელიც ერთ დღეში დაგროვდა. ზოგადად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში უნივერსიტეტის მიმართ მიდგომა შეიცვალა, რამაც პროფესორის სტატუსისა და ღირსების დევალვაცია გამოიწვია. იმასაც ვიტყვი, რომ განხორციელდა მთელი რიგი რეფორმები თავისი პოზიტიური ცვლილებებით, მაგრამ იყო ნეგატიური მოვლენებიც და, საერთო ჯამში, საზოგადოების ხედვა უნივერსიტეტისადმი ისეთი გახდა, რომ ეს ის უნივერსიტეტი აღარ არის! რომ ეს ის პროფესურა აღარ არის! მინდა, პირველ რიგში, დავიცვა ჩვენი პროფესორების ღირსება, პირადად ჩემი ღირსება, როგორც პროფესორისა და დავიცვა ის, რაც კანონით არის ჩვენთვის გარანტირებული, როგორი ცუდი კანონიც არ უნდა იყოს იგი.

თამარ როსტიაშვილი

გაზიარება