QronikaPlus
აღწერა – მაკა მოსიაშვილის ბლოგი

აღწერა – მაკა მოსიაშვილის ბლოგი

2017-11-20 06:31:35

მე მაკა ვარ... 17 წელია, იმ საქმეს ვაკეთებ, რაც ასე ძალიან მიყვარს... მაშინაც კი არ გადამიდევს კალამი, როცა ყველაზე რთული დღეები მქონდა ცხოვრებაში. პირიქით, „მელანი“ ჩემი მორფინია, რომელიც თანამედროვე სისტემამ ვორდის ფაილითა და კლავიატურის ჩხაკუნით შემიცვალა... თუმცა სარკაზმი ცხოვრებაშიც და წერაშიც... ასე რომ, დღეს ჩემს ფელეტონს გმირი არ ჰყავს, უბრალოდ, გავეცნოთ, როგორია „აღწერა“. ჩემს ბავშვობაში თელავის ცენტრში არსებულ „ბავშვთა სამყაროსა“ და „ნადიკვარის“ მაღაზიას ნოქარი, პერიოდულად, კარის შიგნიდან დიდ აბრას დაკიდებდა, რომელზეც ეწერა: „აღწერაა“. ჩემს ცნობიერებაში აღწერა ნიშნავდა იმას, რომ მაღაზიაში არსებულ საქონელს ახარისხებდნენ, უვარგისსა და კარგს აცალკევებდნენ, შემდეგ კი ჩამოწერილ საქონელს იაფად ყიდდნენ. მგონი, სწორად ვხვდებოდი აღწერის მთავარ არსს. თუმცა ჩამოწერილ საქონელში ხშირად კარგი საქონელიც ერია და ამით ნოქარი კარგად ითბობდა ხელს. მაშინდელი აღწერიდან და ჩემი ბავშვობიდან კი გავიდა 30 წელიწადზე მეტი, მაგრამ მთავარი რამ გამახსენა _ ეს აღწერა და „დაბრაკული“ საქონელი. ახლა მაგაზე გადავალ. მოკლედ, 13 ნოემბერს თელავის ახალი მერი უკვე უფლებამოსილი პირი ხდება, მართოს მუნიციპალიტეტი... მაგრამ მართვაც არის და გამართვაც. რომ წარმოიდგინოთ ქორწილი მაყრის, პატარძლის სუფრის, სეფისა და პურ-მარილის გარეშე, აი, ასეა ახლა მისი საქმე. ჯერ საკრებულოს უფლებამოსილება არ უღიარებია საარჩევნო ოლქს, რაც იმას ნიშნავს, რომ გვყავს მერი, რომელსაც არ აქვს არც ხელი, არც ფეხი, არც ტანი, უბრალოდ, თავია... ხერხემალი კი, ფაფუუუ!.. ჰოდა, მერს არ შეუძლია ჰყავდეს მოადგილე, სამსახურის უფროსი, სპეციალისტი და, უბრალოდ, ყავის მომდუღებელიც კი. პრინციპში, თუ არავინ ეყოლება, საქმეც არ ექნება; თვის ბოლომდე არც საკრებულოს ექნება უფლებამოსილება; მერს კი ექნება ფული, მაგრამ სეიფის გასაღები არ ექნება; მერს კი ენდომება, რომ ყავა ვინმემ მოუდუღოს, მაგრამ საკრებულო არ ეყოლება და მას საშტატო ნუსხას ვერავინ დაუმტკიცებს; მერს კი ენდომება მანქანა, მაგრამ ბენზინს ვერავინ ჩაუსხამს; მერს კი ენდომება ბრძანების დაწერა, მაგრამ ბრძანება ვისზე, ან რაზე დაწეროს, ეგ არ ეცოდინება; მერს კი ექნება კაბინეტი, არა _ კაბინეტები და, უფრო სწორად, მთელი სამი სართული შენობა სულ მისი იქნება, მაგრამ აზრი არ ექნება ქონების ქონას. ჰოდა, ჩვენი მერი 13 ნოემბრიდან თვის ბოლომდე როცა მოქალაქეებს მიიღებს, ვერც დაეხმარება, ვერც ხელს გაუმართავს, ვერც დაჰპირდება მათ რამეს. ერთადერთი, რაც შეიძლება მერმა მოქალაქეს უთხრას, _ ჩემს ჯიბეში კანფეტია, ასე ტკბილად დამიბერდიო... ჰოდა, ამ მარტო მერისა და სამსართულიანი სადროშოს იმედად დარჩენილი თელავის ბედი ასეა... შენობაში, რეალურად, დიდი აღწერაა, „ტავარია“ გადასარჩევი, ზოგი გადაირჩევა, ზოგი ვერ გადაირჩევა... ზოგი „დაიბრაკება“, ზოგიც უფრო მაღალი ფასით შეფასდება. აღმწერები ღიად არ ჩანან, რადგან მერე გაბრაზებული რომ ვინმე მოადგეთ, ხელი ხომ სხვისკენ უნდა გაიშვირონ?! ჰოდა, აი, ასე უჩინმაჩინებივით მხოლოდ მერი დარჩა არენაზე, 13-დან არავინ იმუშავებს, არც სამსახურში მივლენ. და ვისაც დაუძახებენ, 1-ლი დეკემბრიდან კი გავარდება მისთვის „ავრორა“. მაგრამ აღწერას რომ გადაურჩე, რა აუცილებელი პირობებია ამისთვის, ესაა ახლა მთავარი მოხერხება, თუმცა უკვე დაგვიანებულია. გინდა, ისევ იყო მერიის თანამშრომელი? _ მაშინ შენ არ ლაპარაკობ იმდენს, რამდენსაც აკეთებ. ერთი მარტივი მიზეზის გამო _ სხვების მოსმენით შენ უფრო ჭკვიანი ხდები, თუმცა შეიძლება, სულაც უსაქმური იყო. საკუთარი პროფესიის გარდა მოაჩვენე თავი მერს, რომ მრავალ საქმეში ხარ ინფორმირებული. შენი განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ შენ მრავალმხრივი ინტერესი გაქვს, მერს კი ასეთი ადამიანი სჭირდება. შენ საკუთარ დროს, სამსახურს, სახლსა და პირად ინტერესებს მოხერხებულად ანაწილებ, ამასთან ერთად, ამ ბალანსის დაცვა განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გამოგდის. ისწავლე _ ტყუილია, რომ სახლის დრო სამსახურს დაუთმო, სამსახურის დრო კი _ სახლს. შენ ყველა აქტუალურ ინფორმაციას მუდმივად თვალი უნდა ადევნო. ყოველთვის არა, მაგრამ საკმაოდ ხშირად სოციალური და პოპულარული საიტები უნდა დაათვალიერო, რათა შენი თვალთახედვის არედან მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია არ გამოგრჩეს. და უცებ, როცა ყველა ღვინისძიებაზეა გადასული, შენ უნდა ისაუბრო „ბიბისის“ ახალ ამბებზეც. ძნელბედობის ჟამსაც კი სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო და პანიკაში არ ჩავარდე, რადგან იცი, რომ „ფატალური მოვლენის“ გარდა, შენი ტვინი ყველაფრიდან ნახავს გამოსავალს. და თუ 1-ლ დეკემბერს არ მიგიღეს სამსახურში, არ უნდა აყმუვლდე, უნდა დაელოდო ახალ წელს, რომ პირველმა მიულოცო ტელეფონზე მერს შობა. შენ ყველაფერს გააკეთებ, რომ ადამიანები, ვისთანაც მუშაობდი, უფრო ჭკვიანები, კომუნიკაბელურები და პოპულარულები გახადო, თუმცა ყველა შენზე უნდა დაიქვემდებარო. საკუთარი განათლების შესახებ ხმამაღლა არასდროს იყვირო, ეს ინფორმაცია მხოლოდ შენს რეზიუმეში შეგიძლია ამოიკითხო, რადგან შენი დიპლომის ფასი შესაძლოა, მწვანილზე იაფად შეფასდეს. შენ არასდროს და არანაირ სიტუაციაში სულელად არ უნდა წარმოაჩინო არავინ, თუნდაც ძალიან ადვილი გასაკეთებელი იყოს. მწარე გამოცდილებამ უნდა დაგანახოს, რომ ვიღაცის სულელად წარმოჩენა შენც არასახარბიელო მდგომარეობაში ჩაგაგდებს. თქვენ უკვე გაიგეთ ჭკვიანი ადამიანის დამახასიათებელი ნიშნები. თუ გინდათ, რომ გახდეთ ასეთი, გაითვალისწინეთ გახეხილ ჯინსებიანი, წვერგაუპარსავი ბუდისტის, სტივ ჯობსის აზრი: „ყველაფერი, რასაც ირგვლივ ვხედავთ, ადამიანების მიერ არის შექმნილი, რომლებიც ჩვენზე ჭკვიანები არ არიან. ჩვენ შეგვიძლია ვცვალოთ ყველაფერი, გავლენა მოვახდინოთ მათზე და შევქმნათ ახალი!“ დაბოლოს, თუ გინდა, რომ აღწერას გადაურჩე, მე არ უნდა მომხვდე თვალში. ხვალიდან ჩვენი მერი სუფრის თავში დაჯდება და თვის ბოლოს დაელოდება, როდის მოვა საკრებულო, რომ სული ჩაჰბეროს... P. S. ის ანეკდოტი ვინც იცის: _ ალო, ეს მილიციაა? _ არა, ეს პოლიციაა. _ კარგი, მერე გადმოვრეკავ. _ ალო, ეს ქალაქის მერიაა? _ არა, ჯერ არ ვიცით, რისი მერიაა. _ კარგით, მერე გადმოვრეკავთო და აჰაა, მოვალთ ჩვენც მერე, როცა ყველა ერთად შეიკრიბებით.

მაკა მოსიაშვილი

გაზიარება