QronikaPlus
ქართველი სპორტსმენის ამერიკული ოცნებები

ქართველი სპორტსმენის ამერიკული ოცნებები

2015-08-09 07:01:54

ჩემი მეგობრის, გაზეთ „ქრონიკა+“-ის გამომცემლისა და მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის უკვე დაჟინებული მოთხოვნით ისევ ვბრუნდები „დიდ ავიაციაში“ _ ჟურნალისტიკაში. ოღონდ, ამჯერად, ნიუ-იორკიდან შევეცდები გაგაცნოთ საინტერესო და წარმატებული ადამიანები საქართველოდან და ის სირთულეებიც, რაც ემიგრაციას ახლავს საზღვარგარეთ. მოგიყვებით ადამიანებზე, რომლებმაც ოკეანის გაღმა, თითქოს ხელშესახები, მაგრამ საბოლოოდ ფუჭი „ქართული ოცნება“ ამერიკულ ოცნებაზე გაცვალეს და ამით შეეცადნენ საკუთარი თავისა და ოჯახის გადარჩენას, ქვეყნისთვის დახმარებას. ამერიკა მართლაც ოცნებების რეალიზების ქვეყანაა, თუ გაქვს სწორი მიზნები და ხარ შრომისმოყვარე. თავის დროზე, ეს ქვეყანაც ამ ორი ძირითადი პრინციპითა და გონივრული, კეთილშობილური პრეცედენტებით შეიქმნა. ამჯერად ჩვენი პირველი სტუმარი გახლავთ ახალგაზრდა ქართველი მოკრივე, ჩემი თანაქალაქელი, ქუთაისელი გოგა გელაშვილი, რომელმაც ამერიკის ჩემპიონატი კრივში პირველივე შეჯიბრში მოიგო და ამერიკელი პრომოუტერებიც დააინტერესა. „ამერიკა ჩემთვის შესაძლებლობების ქვეყანაა“, _ მითხრა გოგა გელაშვილმა, რომელიც სულ 6 თვეა, აშშ-ში ჩამოვიდა, დღეში 7-8 საათი ვარჯიშობს და სავარჯიშო დარბაზში მისასვლელად, ყოველდღე, 5-საათიანი დამქანცველი მგზავრობა უწევს ქუინსის ბოლოდან - ბრუკლინის ბოლომდე. თუმცა მისი მიზნები მკაფიოა, სჯერა საკუთარი შესაძლებლობებისა და ამერიკული ოცნების ახდენის იმედიც აქვს. „ესეც ოცნების ახდენაა, დღეს „ბარქალაი ცენტრში“ ვიყავი აწონაზე და ჩემს თვალწინ იდგნენ ისეთი მსოფლიო დონის მოკრივეები, როგორებიც არიან კრის ალჟირი, პოლ მანიჯანჯი, პატრიკ დეი და დენი გარსია. ერთ დროს მე ამ ადამიანებს ტელევიზორში ვუყურებდი გაფართოებული თვალებით და დღეს ამათგან პირველ სამს ვესპარინგე კიდეც, უბედნიერესი ვარ! მჯერა, რომ ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე“, _ ამბობს ამერიკისთვის ახალბედა ჩემპიონი და საქართველოში გატარებულ წლებს იხსენებს: „გარკვეული წარმატებები იქაც მქონდა, ვიყავი საქართველოს ჩემპიონი, ზაალ ჯავახაძესთან ვვარჯიშობდი, ვგეგმავდი ოლიმპიადისთვის მზადებას, მაგრამ უცებ შანსი გამოჩნდა და ამერიკაში წამოვედი. ალბათ, იქ ბევრი შრომის გარდა, ბევრ დათმობაზე წასვლა მომიწევდა და გულგატეხილობაც მეტი იქნებოდა, თუნდაც ე. წ. ლობისტების დონეზე. საბოლოო ჯამში, შენს რეალურ უპირატესობებს და შესაძლებლობებს საქართველოში არავინ აქცევს ყურადღებას, თუ ოდნავ შენი პრინციპები გაქვს და, თუნდაც, უსამართლობაზე ხმამაღალი პროტესტი გამოთქვი, შეიძლება მთელი ცხოვრება ამის გამო დაისაჯო. ეს კი სპორტსმენისთვის დამატებითი სტრესია და, საბოლოოდ, სტიმული გეკარგება. ამიტომ, როცა ეს შანსი გამოჩნდა, არც კი დავფიქრებულვარ, ისე წამოვედი ამერიკაში. ვიცოდი, რთული იქნებოდა ადგილის დამკვიდრება, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ჩამოვედი და ახლა უკვე მომავლისაც მჯერა. პირველი ხუთი თვე, ფაქტობრივად, მოლოდინში დავკარგე, მაგრამ მერე ავთანდილ ხურციძე, „ჩაქუჩა“ ჩამოვიდა ამერიკაში და პრომოუტერებთან კონტაქტებში დამეხმარა. მას აქ კარგად იცნობენ და პატივს სცემენ. ასე მოვხვდი დიდ ამერიკულ კრივში და პირველ ნაბიჯებსაც ვდგამ. უკვე მაქვს პირველი მოგება, ჩემით დაინტერესდნენ კრივის პრომოუტერები, კონკრეტულად დიმიტრი სალიტა და მთელი წლის მანძილზე, თითქმის ყოველ თვე, ერთი შეჯიბრი მაქვს ჩანიშნული. პირველი მოგება ამერიკელ ტიმოთი ჰილთან მქონდა და, ალბათ, ეს უფრო ჟინი იყო საკუთარ თავთან ბრძოლის. რაც ყველაზე მთავარია, ამ მოგებაში ძალიან დამეხმარნენ ქართველი გულშემატკივრები, რომლებმაც ყველა საქმე გადადეს, დაძაბული გრაფიკის მიუხედავად და დარბაზში მოვიდნენ, თავიანთი შეძახილებით მამხნევებდნენ. ეს ყველაზე მაგარი სტიმული და მოტივაცია იყო, იმისთვის რომ ბრძოლა მომეგო და მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს ამ მხარდაჭერისთვის“. გოგა გელაშვილს ამერიკაში დიდი გეგმები და სერიოზული პერსპექტივები აქვს და იცის, რომ: „ამ ქვეყანაში შრომა ფასდება. ადვილი არაფერია, ხშირად ბევრი ფიზიკური შრომაც შეიძლება მოგიწიოს, უცხო და ჩამოსული კი არა, ადგილობრივები, ბევრი წარმატებული ადამიანი მუშაობს აქ ფიზიკურად. ეს, ერთი მხრივ, კარგიცაა, როცა რაღაცის მიღწევა ბევრი შრომის ფასად გიწევს. მერე უფრო აფასებ შენს შრომასაც და სხვასაც. ასეთ შემთხვევაში ამერიკა მართლაც შესაძლებლობების ქვეყანაა“, _ ამბობს ახალგაზრდა სპორტსმენი და უნდა, რომ ყველა მისი წარმატება საქართველოს მიუძღვნას.  

                                                                                                                          ზვიად ხუჯაძე

     

გაზიარება