ერთიანი ეროვნული გამოცდები 2015 დასრულდა. აბიტურიენტებმა ბოლო გამოცდა ქიმიაში ჩააბარეს. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში 40 000-მდე აბიტურიენტმა მიიღო მონაწილეობა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში 4000-ზე მეტმა სტუდენტმა, საერთო სამაგისტრო გამოცდაში _ 12 500-ზე მეტმა კანდიდატმა, პრაქტიკოსი მასწავლებლების საგნის გამოცდაზე _ 17 000-ზე მეტმა პედაგოგმა მიიღო მონაწილობა.
მიმინოშვილის თქმით, საგამოცდო პროცესმა უხარვეზოდ ჩაიარა:
„ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იმ მთლიანი პროცესისა, თუმცა წინ ძალიან მღელვარე პერიოდი გველოდება, რადგან ინტენსიურად მიმდინარეობს გასწორების პროცესი. შემდეგ იქნება აპელაციების პროცესი, შემდეგ სახელმწიფო გრანტის განაწილება და ა. შ. ჩვენი აპლიკანტები და არა მხოლოდ აბიტურიენტები მოუთმენლად ელოდებიან შედეგების გამოცხადებას“, _ აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველად 2005 წელს ჩატარდა.
მოქმედი საგამოცდო სისტემის პრობლემებზე, საერთოდ, დღევანდელ სკოლაში არსებულ მდგომარეობაზე, „ქრონიკა+“ ა/ო „საგანმანათლებლო ალიანსის“ დამფუძნებელს, მარიამ რამინაშვილს ესაუბრება:
_ როგორ ჩატარდა ბოლო ეროვნული გამოცდები, მასთან დაკავშირებულ რა პრობლემებს გამოჰყოფდით?
_ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, 2005 წლიდან მისაღები გამოცდების ახალი მოდელის შემოღებასთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და წინგადადგმული ნაბიჯი გახლდათ, რომელიც მისი არსებობის მე-10 წელსაც ინარჩუნებს შეფასებისთვის აუცილებელ სამართლიან, გამჭვირვალე და უნიფიცირებულ პრინციპებს.
თუმცა უმაღლესი სასწავლებლებისთვის რამდენად უზრუნველყოფს საუკეთესო აბიტურიენტების შერჩევას, ეს საკითხი უკვე ეჭვქვეშ დგება. გამოცდები აუცილებლობიდან გამომდინარე გულისხმობს უნარებისა და ცოდნის კომპლექსურ შეფასებას, მაგრამ თუ გადავხედავთ სასკოლო, საგნობრივი პროგრამების სტანდარტებს, განსაკუთრებით მე-12 კლასში და შევადარებთ ერთიანი ეროვნული გამოცდების საგნობრივ პროგრამასა და იმ ტესტებს, რომელიც გამოყენებულია გამოცდებზე აბიტურიენტების ცოდნის შესაფასებლად, ადვილად დავრწმუნდებით, რომ ტესტების შეფასებისას გადამწყვეტი პოზიცია უნარების წილზე მოდის და ძალიან მცირე დოზითაა ცოდნის რაოდენობის შეფასება. სწორედ ეს ფაქტორი, ერთგვარად, ავტონომიურს ხდის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლისა და უმაღლესი განათლების დამაკავშირებელ შუალედურ რგოლს _ ერთიან ეროვნულ გამოცდებს.
ფაქტობრივად, აბიტურიენტთა სრული უმრავლესობა სკოლას განიხილავს, როგორც ადმინისტრაციულ ერთეულს, რომლისგანაც ისინი საჭიროებენ მხოლოდ დოკუმენტს _ სკოლის ატესტატს; ხოლო რეალურად არსებობს დე ფაქტო სასწავლო სექტორი რეპეტიტორების სახით, რომელთაგან აბიტურიენტები იღებენ იმ ცოდნას, რაც საჭიროა ერთიანი ეროვნული გამოცდების მინიმალური კომპეტენციის გადასალახად.
მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ბოლო წლების სტატისტიკა, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელია არსებული მდგომარეობის შეფასება და იმ პრობლემების გაანალიზება, რომელიც ამ კუთხით უკვე დაუფარავად არსებობს სისტემაში და სამინისტროს აქტიურ მუშაობას ითხოვს მათ გამოსასწორებლად. გამოკვეთილია სავალალო შედეგი _ მობილობის პროცესში სტუდენტთა მასიური ჩართულობა არა მხოლოდ ინსტიტუტის შეცვლის, არამედ პროფესიებისა და მიმართულებების აბსოლუტური ცვლილების სახით.
ასევე, თუ გადავხედავთ 2012, 2013, 2014, 2015 წლების ზოგადი უნარების გამოცდის შედეგების სტატისტიკას, საინტერესო სურათს დავინახავთ. კერძოდ, 2012 წელს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა მონაწილე აბიტურიენტთა 7,89%-მა, 2013 წელს _ 8,04%-მა, 2014-წელს _ 11,24%-მა; 2015 წელს _ 12,7%-მა.
_ რაზე მიანიშნებს სტატისტიკა?
_ წლების მიხედვით, ზოგადი უნარების გამოცდაზე იზრდება ჩაჭრილ აბიტურიენტთა რაოდენობა. ერთი მხრივ, ყოველივე ეს გამოიწვია იმან, რომ ზოგადი უნარების გამოცდისთვის საგრანტო უპირატესობის ჩამოცილებით, აბიტურიენტებმა შეასუსტეს ყურადღება აღნიშნული გამოცდის მომზადებაზე და მეორე _ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო პროცესის ჩამოშლამ, სკოლებში საშუალო საფეხურის მოსწავლეთა დასწრების დაბალმა მაჩვენებელმა და ამ პრობლემაზე სამინისტროს ინდიფერენტულმა დამოკიდებულებამ ასახვა ჰპოვა მოსწავლეთა ზოგადი განათლების ხარისხზე, რაც გამოჩნდა კიდეც ზოგადი უნარების გამოცდების შედეგებში. ჩამოთვლილ სტატისტიკაში ჩაჭრილთა ყველაზე დიდი პროცენტი 2015 წელმა აჩვენა _ ეს სწორედ ის თაობაა, რომელმაც საშუალო საფეხური სრულად 2012/13 სასწავლო წლიდან გაიარა.
ანუ რადგან ზოგადი უნარები, როგორც საგანი, არ ისწავლება სკოლაში და ასევე, ამ წლებში არ შეცვლილა აღნიშნული გამოცდის პროგრამა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ამ გამოცდის შედეგების სტატისტიკური მონაცემები ერთგვარად მოსწავლეთა ზოგადი განათლების ხარისხის მაჩვენებლად შეიძლება ჩავთვალოთ. მოსწავლეთა თავდაპირველი წარმატება გამოწვეული იყო ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის ურთიერთქმედებით:
ერთი _ სკოლებმა დაიწყეს მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესის ხარისხზე ზრუნვა, მოსწავლეთა დასწრება საგაკვეთილო პროცესზე გაიზარდა, რაც თავისთავად პოზიტიურად აისახა მოსწავლეთა ზოგადი უნარების მაჩვენებელზე და მეორე _ ამ საგნის გადამწყვეტმა როლმა გრანტის მოსაპოვებლად აბიტურიენტების მოტივაციაც _ მიეღოთ მაღალი შეფასება, _ გაზარდა.
როგორც შედეგებიდან გამოჩნდა, პრობლემა, საშუალო საფეხურზე მოსწავლეთა ჩართულობასთან დაკავშირებით, გაღრმავდა, რადგან სკოლამ ვერ უზრუნველყო მოსწავლეთა დაკვეთის შესრულება, სრულფასოვნად მოემზადებინა ისინი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და, თავის მხრივ, მინიმალური კომპეტენციით უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრილმა აბიტურიენტებმა ვერ გაამართლეს უმაღლესი სასწავლებლების მოლოდინი, მიეღოთ საგნობრივი კომპეტენციით აღჭურვილი კონტინგენტი.
შესამჩნევი გახდა დაცილება ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს სასწავლებლებს შორის და საერთო განათლების ხარისხის დაბალი მაჩვენებელიც ამ ორ სისტემას შორის ურთიერთგადაბრალების საგნად იქცა.
სამინისტრომ 2012 წლიდან, როცა პროექტმა (ერთიანი ეროვნული გამოცდები) წარმატების პიკს მიაღწია (ამაზე მიანიშნებს გამოცდებზე წარმატებული შედეგების მქონე აბიტურიენტთა მაღალი პროცენტული მაჩვენებელი), არ იზრუნა სისტემურ ცვლილებაზე, რათა არ მომხდარიყო მოდელის დაშტამპვა; არ განახორციელა წამოჭრილი პრობლემების გათვალისწინებით სიახლის შემოტანა, რამაც მიგვიყვანა კიდეც ამ სიტუაციამდე _ სახელმწიფოს აქვს ორი, თითქმის ერთი და იგივე დანიშნულების გამოცდა _ ერთი სასკოლო დონეზე გამოსაშვები გამოცდების სახით (ცატ), ხოლო მეორე _ ერთიანი ეროვნული გამოცდები. ორივე მათგანის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს, თუმცა უშედეგოდ; რადგან პირველი მხოლოდ საგნის ცოდნის რაოდენობის შემოწმებას ცდილობს, თუმცა ვერ ახერხებს მის შეფასებას, ხოლო მეორე, უმეტესწილად, მოსწავლის უნარების შეფასებას ახორციელებს, რაც არასაკმარისი წინაპირობაა უმაღლესი სასწავლებლებისათვის შემდგომი მიზნების განსახორციელებლად.
_ ამ ფონზე, რა ხდება დღეს ზოგადაგანმანათლებლო სკოლებში? როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება სკოლაში არსებული გამოწვევების მიმართ?
_ სკოლებში საკმაოდ რთული სიტუაციაა, შეიძლება ითქვას, უკიდურესად რთულიც… შემთხვევით ვნახე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ თბილისის რამდენიმე ათეულ სკოლაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების ამსახველი დოკუმენტი, რომელშიც ერთ-ერთ პუნქტად მითითებულია, რომ შემოწმებული სკოლების თითქმის ნახევარში „აქტუალური პრობლემა საშუალო საფეხურის მოსწავლეთა დასწრების დაბალი მაჩვენებელი და მასწავლებელთა მხრიდან გაკვეთილის გაცდენის ფაქტია“.
ბუნებრივია, როგორც აღვნიშნე, მოსწავლეების უმრავლესობა საშუალო საფეხურზე ცდილობს, თავი აარიდოს სასწავლო პროცესს, რადგან მიაჩნია, რომ ეს წარმოადგენს მხოლოდ დროის კარგვას; მას მთელი ყურადღება გადატანილი აქვს მხოლოდ იმ მინიმუმის დაკმაყოფილებაზე, რაც საჭიროა სკოლის ატესტატის მოსაპოვებლად.
სკოლების უმრავლესობაში გამოუცდელი და არაკომპეტენტური კადრების დირექტორებად დანიშვნამ (მოგეხსენებათ, მინისტრმა დისკრეციით, უმრავლეს შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო), ჩამოშალა მართვის მექანიზმები და საგაკვეთილო პროცესი ქაოსს დაემსგავსა. ამას დაემატა პედაგოგებისადმი სახელმწიფოს მხრიდან დამცინავი დამოკიდებულება, რამაც პედაგოგთა შორის მოტივაციის სრული მოშლა განაპირობა; და იმ სოციალური პოლიტიკის ფონზე, რასაც სახელმწიფო მასწავლებლებისთვის ახორციელებს, სულაც არაა გასაკვირი, რომ მათმა უმრავლესობამ საერთოდ უარი თქვას პროფესიაზე და ცდილობს ალტერნატიული გზები ეძიოს გადასარჩენად. მხედველობაში მაქვს გაუაზრებელი პროფესიული და კარიერული ზრდის ახალი სქემის შეთავაზება, როგორც მათი სახელფასო ზრდის წინაპირობა; ასევე, ის მწირი ფინანსური ბენეფიტები, რომელიც ძლივს-ძლივს გამოიმეტეს პედაგოგთა კორპუსისთვის.
გარდა იმისა, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს პედაგოგთა ხელშესაწყობად, ამ ბოლო დროს, ახალი სტრატეგია აქვთ არჩეული _ უბრალოდ, ხმამაღლა მოიტყუონ და ხელისუფლების წარმატების არგუმენტად პედაგოგებისთვის მათი მხრიდან გაწეულ დახმარებაზე ისაუბრონ. მაგალითად, სულ რამდენიმე დღის წინათ პრემიერმა განაცხადა: „მასწავლებელთა ხელფასები კორექტირებულია, გაიზარდა, რაზედაც 300 მლნ ლარი მივმართეთ“.
რეალობა კი ასეთია: 2013 წლის ბიუჯეტში პირველად განხორციელდა, და ამ დრომდე უკანასკნელად, მასწავლებელთა ხელფასების ზრდა შემდეგი პრინციპით:
_ სრულ განაკვეთზე საბაზო ხელფასი _ 60 ლარით;
- კლასკომპლექტით სწავლების დანამატი _ 6 ლარით;
- კლასის დამრიგებლის დანამატი _ 15 ლარამდე;
- 19-დან 26 საგაკვეთილო საათამდე ჩატარებისას, მასწავლებელს სრული განაკვეთის ხელფასზე დანამატი ყოველ შემდგომ საათზე 5 ლარი;
300 მლნ-ით არათუ მასწავლებელთა ხელფასი არ გაზრდილა, თავად განათლების სამინისტროს ბიუჯეტის (მთლიანად თავისი უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების დაფინანსებიანად) სამივე წლის განსხვავებათა ჯამიც კი არ შეადგენს ასეთ თანხას 2012 წელთან მიმართებით.
_ რა უნდა გაკეთდეს სიტუაციის გასაუმჯობესებლად?
_ სიტუაციის გასაუმჯობესებლად და, მეტიც, სისტემის გადასარჩენად, ვიდრე სრულად ჩამოშლილა და 90-იანების პოზიციას დაუბრუნებია, სასწრაფოდ უნდა იზრუნოს სამინისტრომ, შექმნას ახალი მექანიზმები საშუალო საფეხურზე სწავლის ხარისხის ეფექტიანობის მისაღწევად. დაასრულოს ეს მარაზმი, რომელსაც სავალდებულო მინიმუმ 8 და მაქსიმუმ 12 გამოცდის ჩაბარება ჰქვია უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად.
დაბოლოს, ხელისუფლებამ, სახელმწიფომ მოიძიოს სახსრები პედაგოგთა სოციალურ-ეკონომიკური ფონის გასაუმჯობესებლად, შეეშვას ახალი, არაფრისმომცემი რეგულაციების შექმნას, რაც არასტაბილურობის განცდას ჰმატებს პედაგოგს და შესთავაზოს რეალური, მისაღწევი პროფესიული თუ კარიერული ზრდის აქტივობები, რომელშიც, მერწმუნეთ, ყველა მასწავლებელი დიდი სიამოვნებით ჩაერთვება.
გელა მამულაშვილი