QronikaPlus
„ქრონიკა+“-ის მეშვეობით მივმართავთ ყველას - ბავშვები თავშესაფარში მაინც ჩაგვაბარებინეთ!!!

„ქრონიკა+“-ის მეშვეობით მივმართავთ ყველას - ბავშვები თავშესაფარში მაინც ჩაგვაბარებინეთ!!!

2015-08-06 09:26:21

თბილისში, ათონელის 27-ში ყოფილი 68-ე სკოლის ავარიული შენობა დგას. სწორედ ამიტომ იგი ხუთი წლის წინათ მოსწავლეებისგან დაიცალა, მაგრამ ახლა იქ სახიფათო პირობებში სოციალურად დაუცველი 32 ოჯახი ცხოვრობს, მათგან 80 ბავშვია. მესამე წელია, ისინი სკოლის შენობას იკავებენ და ამბობენ: შენობაში იმიტომ შევედით, სახელმწიფოსია, კერძო არ არის და ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნისო. შენობაში შესვლისთანავე სკოლის მაღალჭერიანი სივრცე, ალაგ-ალაგ აყრილი პარკეტი, საღებავჩამოცვენილი კედლები და ჩამსხვრეული ფანჯრები გეცემათ თვალში. საკლასო ოთახები ახლა რიგითი ადამიანების საცხოვრებლად ქცეულა, თუმცა აქ მყოფი ბავშვების ჟრიამული, ჯერ კიდევ, ბადებს შეგრძნებას, რომ იგი ოდესღაც სკოლა იყო. დერეფნის გავლისას ერთ ქალბატონთან მივეშურები, რომელიც იქვე, საპირფარეშოს ასუფთავებს და განმარტების შემდეგ, თუ ვინ ვარ და რის გამო მოვედი, საქმეში, მეტ-ნაკლებად, გარკვეულ მეზობელებს ეძახის _ მათ, ვინც უშუალოდ იყვნენ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებთან მოთხოვნით, კითხვებითა თუ თხოვნებით. ქალბატონებიც გამოდიან და ყვებიან, თუ როგორ უსამართლიდ მოექცნენ, როგორ არ აქცევს ყურადღებას მთავრობა და დიდ კაცთან პატარა კაცს როგორ არ გასდის მართალი. მათ არ სურთ საუბრის გაზეთში გამოქვეყნება. მიზეზი მარტივია: დაღლა! _ ბევრჯერ შევხვედრივართ მერიის, საკრებულოს, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელსაც, მაგრამ არანაირი რეაგირება, ამიტომ აღარ გვინდა საუბარიო. ამბობენ, ყოფილ სკოლაში შესვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მამუკა ქაცარავამ განაცხადა, რომ მერიის, საკრებულოსა და სახელმწიფო სტრუქტურის კუთვნილი შენობების დროებით თავშესაფრად გამოყენება დასაშვებია, სანამ სახელმწიფო ალტერნატივას შემოგთავაზებთო. რა თქმა უნდა, მათი კომენტარი არასაკმარისია და მეორე სართულზე ვინაცვლებ, სადაც დერეფანში დადგმულ გრძელ ხის სკამზე დაახლოებით შვიდი წლის გოგონა ჩუმად ზის, იქვე ახლოს კი ამავე ასაკის გოგონას ჩვილი ბავშვი უჭირავს და აძინებს. მათ მშობლებს ვესაუბრები, რომლებსაც ერთ-ერთ ქალბატონთან მივყავარ. იგი სოციალურად დაუცველია, წნევა აწუხებს, ინფარქტი გადაიტანა და სხეულის მარცხენა მხრის პარეზი აქვს, ამ ყველაფერს დიაბეტიც ემატება, ამიტომ დღის განმავლობაში ვერ გადაადგილდება: `შვილი გამითხოვდა, თუმცა არამდგრადი ოჯახი ჰქონდა, მეუღლესთან ხშირად ჩხუბობდა, ამიტომ ჩემთან რჩებოდა. გათხოვების შემდეგ ჩემი ოჯახიდან არ ამოწერილა და სოციალურ დახმარებასაც ჩვეულებრივ ვიღებდით. ერთხელაც სოციალური აგენტი მოვიდა და მითხრა, რომ იგი ოჯახის სიიდან უნდა ამოგვეწერა. ორი დღის შემდეგ მეც მივედი სამინისტროში, სადაც განმიცხადეს, რომ უკვე გვიანი იყო და სოციალური დახმარება მომეხსნა. მას შემდეგ აღარ მაქვს, _ საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალე, სხვაგან გადადი და აღგიდგებაო. არადა, სად უნდა გადავიდე?! ვისთან?! ოჯახში ახლა მე, ჩემი მეორე ქალიშვილი და შვილიშვილი ვცხოვრობთ. ოჯახის მარჩენალი დაკარგული გვყავს. არც ვიცი, რა უნდა ვქნათ?! როგორ ვიცხოვროთ?!~ საუბარში ერთვება იქ მცხოვრები სხვა ქალბატონი: `აქ ყველა გაჭირვებულია! ამ დროს სულ ლტოლვილებს ახსენებენ, სოციალურად დაუცველები არავის ახსოვს, არავინ მოსულა დასახმარებლად, მხოლოდ არჩევნების დროს ახსენედება ნარმანიასაც და ხუბულურსაც. ახლა საპირფარეშო უნდა გავაკეთოთ, რამდენიმე სართულს საერთო საპირფარეშო აქვს. 1000 ლარი მაინც უნდა. მთავრობის წარმომადგენლები გვეუბნებიან, _ რამე რომ გაგიკეთოთ და დაგეხმაროთ, არჩევნებს დააბრალებთ და ამიტომ არ ვაკეთებთო. მესამე წელია, უკვე აქ ვცხოვრობ და არავინ გვეხმარება. მანამდე ქირით ვცხოვრობდით, გადასახდელი ფულიც აღარ გვქონდა და მთავრობის შენობას ვეძებდით. მერე ეკონომიკის ბალანსზე ეს შენობა ვნახეთ და შემოვედით. გვყრიდნენ, ღამით პოლიციაც გვყარაულობდა, მაგრამ წასასვლელი არსად გვქონდა და არ გავედით! ამ შენობაში 32 ოჯახი და 80 ბავშვია! ბოლოს და ბოლოს, ბავშვთა დაცვის ორგანიზაციები დაგვეხმარონ, ბავშვებს მიხედონ. თავშესაფარში მაინც მიგვაბარებინონ. ზამთარში ბუნებრივი აირიც კი არ გვაქვს, ამიტომ კალაძის სახელზე წერილი დავწერეთ. მესამე დღესვე შემოყვანის თაობაზე ნებართვა მოგვცა და მისი მადლობელი ვართ. თუმცა ახლა ეკონომიკის სამინისტრო არ აცხადებს თანხმობას და ზამთარში ისევ გაყინვა მოგვიწევს. გთხოვთ, დაგვეხმარეთ! გასაყრელები ვართ? _ გაგვყარეთ, თუ ბინა გვეკუთვნის, მოგვეცით, ან გძელვადიანი შეთავაზებით შეგვასყიდინეთ. ასე არ დავბადებულვართ, ჩვენც ვცხოვრობდით საკუთარ სახლებში, მაგრამ გაჭირვებამ მოიტანა ასეთი ყოფა. იმდენი მაინც გაგვიკეთეთ, რომ ბავშვები გავათბოთ ზამთარში და არ გავიყინოთ!   „ქრონიკა+“-მა კომენტარისთვის სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს საკითხი მერიის კომპეტენციაა! მერია ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციაზე საუბრობს და ამ უკანასკნელის კომენტარია: „თბილისში, ათონელის ქუჩა #27-ში მდებარე ყოფილი #68-ე საჯარო სკოლის შენობა წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, სადაც ფიზიკური პირები სამართლებრივად უსაფუძვლოდ იმყოფებიან. ვინაიდან აღნიშნულმა პირებმა შესაბამისი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე დაიკავეს სახელმწიფო ქონება, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, გასცეს ნებართვა აღნიშნული პირებისთვის ბუნებრივი აირის შეყვანის თაობაზე. ამასთან, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში 2015 წლის მაისში შემოვიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილი, რომლითაც ითხოვენ სსიპ „გურამ რამიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის #20-ე საჯარო სკოლასთან“  (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 27 ივლისის #148/ნ ბრძანება) მიერთებული სსიპ „ქ. თბილისის #68-ე საჯარო სკოლის“ უძრავი ქონების (ს/კ 01.18.03.005.015) პირველადი სარგებლობის უფლებით გადაცემას. აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოში მიმდინარეობს საქმის წარმოება“.  

                                                                                                                      ნინო ტაბაღუა

               

გაზიარება