QronikaPlus
საჭიროა თუ არა მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაცია?

საჭიროა თუ არა მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაცია?

2015-05-31 07:47:24

საზოგადოებაში არ ცხრება დისკუსიები მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით. მომხრეთა არგუმენტი ასეთია _ არ შეიძლება, მომხმარებელი დამნაშავე იყოს, ის პაციენტია, რომელსაც გვერდში დგომა, მკურნალობა სჭირდება. ოპონენტებისთვის მომხრეთა არგუმენტები არასაკმარისია და პროტესტის მიუხედავად, `ქარავანი გზას აგრძელებს~. „ქრონიკა+“ მარიხუანის დეკრიმინალიზაციის პერსპექტივებზე,  მამარდაშვილის ფილოსოფიის ინსტიტუტის დამფუძნებელს, ნონა ხიდეშელს ვესაუბრებით: _ დეკრიმინალიზაცია არ არის ლეგალიზაცია, აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა. დეკრიმინალიზაცია ცალსახად რომ უნდა მოხდეს, აქ ორი აზრი არ არსებობს, თუ სახელმწიფო გვაქვს და მას კონკრეტული ადამიანების ბედი აინტერესებს. ნორკომანია ზოგადი ფრაზაა, მაგრამ ჩვენ შეხება გვაქვს კონკრეტულ ადამიანებთან, კონკრეტული პრობლემებით. ძლიერი, ჯანსაღი ფსიქიკის მქონე და უპრობლემო ადამიანები ნარკოტიკებისკენ არ მიდიან. ნარკოტიკი არის რეალობისგან გაქცევა და წარმოიდგინეთ, ადამიანს თავისი გასჭირვებია, გაურბის რეალობას, პრობლემას ვერ უმკლავდება, ამ დროს კი მას ხელი უნდა მოჰკიდო და პირდაპირ ციხეში გადაიყვანო. ეს არსებული პრობლემის მიმართ, უბრალოდ, თავალების დახუჭვაა. თუ პრეტენზია გვაქვს, რომ ცივილიზებული საზოგადოება ვიყოთ, ცალსახად, მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს, რომ შემდგომში უკვე სათანადოდ შესაძლებელი იყოს მკურნალობა, ფსიქოთერაპია და ა. შ. მაგრამ ლეგალიზაციაზე საუბარიც არ შეიძლება იყოს. აბსურდია, მარიხუანა ლეგალურად დაუშვა და თქვა, რომ მას არასრულწლოვნები, ახალგაზრდები არ მიეკარებიან და ვიღაცა საკუთარი ნებელობის გაკონტროლებას შეძლებს. ეს ყველამ კარგად ვიცით. ვიღაცას მარიხუანის მოხმარება მოსწონს და მისი ლეგალიზებისთვის იბრძვის. ბუნებრივია, ეს უფრო მეტ დამოკიდებულებას გამოიწვევს ნარკოტიკულ ნივთიერებებზე. თვითონ ფსიქოლოგიური კვლევები აჩვენებს _ მარიხუანა ისეთი ნარკოტიკია, რომ ის ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად გადასასვლელი ხიდია დიდ ნარკოტიკებზე. _ მოხმარების კრიმინალიზაციის პირობებში რა შედეგები გვაქვს? _ არ გვაქვს დეკრიმინალიზაცია და ნახეთ, რა ხდება: ადამიანს იჭირენ, რაღაც ჯარიმებია, მერე ეს იზრდება; ნახავენ თუ არა, რომ ადამიანი ნარკოტიკების მომხმარებელია, პირდაპირი დევნა იწყება. მისი პიროვნული უფლებების აბსოლუტური იგნორირება ხდება და ფულის საკეთებელ მანქანასთან გვაქვს საქმე. საქართველო კიდევ, იცით, როგორი ქვეყანაა? _ დედ-მამა ბოლო კაპიკებს გაიღებს, ოღონდ შვილი ციხეში არ აღმოჩნდეს. ბოლომდე გადაიხდიან და გარეთ გამოიყვანენ. ეს არის ჩვენი სამწუხაო რეალობა. გასაგებია, რომ სამართალდამცველი სისტემა და, ზოგადად, მართლმსაჯულება უნდა ემსახურებოდეს კანონს, მაგრამ ესეც ზოგადი ფრაზაა. მოგეხსენებათ, ისიც კონკრეტული ადამიანებისგან შედგება, ასეთივე არასრულფასოვნებებითა და პრობლემებით. საბოლოო ჯამში მივიღეთ, რომ ეს საცოდავი ხალხი, რომელსაც დახმარება-შველა  სჭირდება, ფულის საკეთებელი, ასევე დევნის ობიექტები გახდა, მათ ადამიანებადაც აღარ მიიჩნევენ. ამის გამო სავალალო შედეგს ვიღებთ და პიროვნების სრული განადგურება ხდება, პრობლემა ფსიქოლოგიურ ჭრილში რომ განვიხილოთ. ადამიანი უფრო შეშინებულია და კიდევ უფრო ეჯაჭვება ამ ნარკოტიკს. იმის მაგივრად, რომ თავი დაანებოს, უფრო ეჯაჭვება, რადგან ფსიქიკური მდგომარეობა უფრო ურთულდება. _ თუ სამომავლოდ სახელმწიფო ამ ნაბიჯს გადადგამს და მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას დაუშვებს, როგორ უნდა მოევლოს ამ პაციენტებს? _ ესეც რთული საკითხია. არავის აქვს იმის ილუზია, რომ ვინმე მოვა და იტყვის, _ გამარჯობა, აი, მე მოვედი, ნარკომანი ვარ და დამეხმარეთო. ამისთვის აუცილებლად ფსიქოთერაპიული ცენტრები უნდა გაიხსნას. დღეს ძალიან ძვირია ფსიქოლოგის მომსახურება, საქართველოში კი არა, მსოფლიოში ყველგან ასეა. რახან ჩვენთან ამდენი პრობლემაა, ზღვარსგადასული უმუშევრობაა, ამდენი არარეალიზებულია, ხშირად ამის გამო მიდის ადამიანი სასმელისკენ თუ ნარკოტიკისკენ, ეს საკითხი დასარეგულირებელია. ასევე უნდა გაიხსნას ცენტრები, რომლებიც სახელმწიფო პროგრამაში ჩაჯდება და მას სახელმწიფო დააფინანსებს, სადაც ნდობის ფაქტორს გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება. ეს სფერო კრიმინალიზებული რომ აღარ იქნება, ადამიანს აღარ შეეშინდება. დღეს ნდობა არ არსებობს. პაციენტი ფსიქოლოგთანაც რომ მოდის, კარგა ხანი ეშინია და არ ამბობს, რომ ნარკოტიკზე დამოკიდებულია, რადგან ნდობის ფაქტორი არ მოქმედებს, ხოლო ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ თუ პაციენტის ნდობა არ მოიპოვე, არანაირ თერაპიას აზრი არ აქვს. ძალიან სერიოზული პროექტებია გასაკეთებელი. სახელმწიფოს ჩართულობა არა მარტო სიტყვებით, ლოზუნგებითა და შოუებით უნდა შედგეს, არამედ სერიოზული ფინანსური და ინტელექტუალური რესურსით, რაც ამ ფსიქოთერაპიას ეხება. ეს ჯგუფები რომ გაკეთდება, დროთა განმავლობაში ვიღაც მოვა, მერე მას სხვა მოჰყვება და ნელ-ნელა არსებული რეალობა შეიცვლება. _ მოდიან თუ არა ასეთი პაციენტები თქვენთან, როგორც ფსიქოლოგთან და რატომ ირჩევენ ამ გზას? _ რა თქმა უნდა, მაქვს მსგავსი შემთხვევები. როცა თერაპიას იწყებ და კარგად გაეცნობი მათ პრობლემებს, ხვდები, რომ აქ ნარკომანია მეორეხარისხოვანია, ანუ სხვა ტიპის პრობლემებთან გვაქვს საქმე. ზოგის პრობლემებს ბავშვობაში მივყავართ, ზოგს თინეიჯერობის ასაკში ქუჩური ცხოვრება მოსწონს და ა. შ. მოკლედ, მრავალფეროვანი პრობლემებია და თინეიჯერობისთვის დამახასიათებელი გადახრებიც ნორმალურია. საბოლოო ჯამში, ეს ილუზორული სიამოვნების მომენტია, ადამიანი გარბის რეალობისგან. მაგალითად მარიხუანას თავიდან ის თვისება აქვს, რომ თითქოს შემოქმედებით უნარს ამაღლებს. მისაუბრია კიდეც შემოქმედ ადამიანებთან, ვინც მოიხმარს და ისინი მიიჩნევენ, რომ ეს საშუალება შემოქმედებითობას ზრდის. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს სიამოვნების დონე გასაზრდელია და ამასთან შეგუება ხდება. ამ დროს  მარიხუანა ტვინის ისეთ რეცეპტორებზე მოქმედებს, რომელიც პასუხისმგებელია მეხსირებზე, აღქმაზე, აზროვნების პროცესზე და წარმოიდგინეთ, გონების სრული შენელება იწყება. შემგომში კიდევ უფრო რთულადაა საქმე. საერთოდ კი, როდესაც ასეთი ადამიანი მოდის, გვიან იხსნება, რომ ნარკომანია. ის თავადაც არ მიიჩნევს, რომ ეს რეალური პრობლემაა, საწინააღმდეგო დამოკიდებულებას იშვიათად აქვს ადგილი. მარიხუანის მომხმარებლებს ხშირად ეს ილუზია აქვთ, ჰგონიათ, რომ სრულიად ჯანმრთელები არიან. ამიტომ რთული ვითარებაა, კომპლექსური მკურნალობა მიმდინარეობს და ეს აუცილებლად დროში იწელება. რასაკვირველია, ამას კონკრეტულ პრობლემებამდე მივყავართ. მარიხუანა, ნარკოტიკი, ეს არის გაქცევა რეალობიდან, სწორედ ჩვენი ეს რეალობა არის გასარკვევი და დასარეგულირებელი. _ შესაბამისად, ისევ იქამდე მივდივართ, რომ ისინი პაციენტები არიან და არა დამნაშავეები... _ აქ ორი აზრი არ არსებობს. XXI საუკუნეში ამაზე დავა, საუბარიც აღარ უნდა იყოს. სირცხვილია დღეს იმაზე აქცენტი, რომ ნარკოტიკის მომხმარებელი დამნაშავეა, თან რამხელა სასჯელი მოქმედებს. წარმოიდგინეთ, მკვლელობასა და მოხმარებაზე ლამის ერთნაირი სანქციებია. რა აბსურდულად არის ეს სფერო დარეგულირებული! _ რამდენად არის მთავრობის ნება, რომ დეკრიმინალიზაციაზე წამოვიდეს? _ ვიკითხე და იურისტებმა მიპასუხეს, რომ კატეგორიულად წინააღმდეგი არიანო. მაგრამ მიმაჩნია, რომ საზოგადოებამ, ყველამ ერთად, ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, ეს ნაბიჯი გადადგას. ამაში პროფესიონალები უნდა ჩაერთონ, მთელი საზოგადოება, რადგან ეს ნებისმიერის შვილს, ნათესავს, მეგობარ-ახლობელს შეიძლება დაემართოს. ჩვენ, საზოგადოებამ, უნდა ვაიძულოთ, რომ ხელისუფლებამ ამ პრობლემას ცოტა სხვანაირად შეხედოს, თუკი ხელისუფლებას სულ ცოტათი მაინც ადარდებს კონკრეტული ადამიანების რეალური ყოფა. ფსიქოლოგმა მშვენივრად იცის, რომ ნარკომანი არის პაციენტი, რომელსაც მკურნალობა სჭირდება. მათ სინდისზე იყოს, თუ რომელიმე ფსიქოლოგი ხელისუფლებასთან კავშირს ამ საკითხში სათავისოდ იყენებს. მივიჩნევ, რომ დიდი აქტივობები უნდა იყოს, მაქსმალური ჩართულობა, მათ შორის, ეკლესია თუ ხმას ამოიღებს, ცუდი არ იქნება. ვიცი, რომ მონასტრებში ბევრი ასეთი ხალხი მიდის და ცდილობს თავშესაფრის მიღებას, მაგრამ მარტო ეკლესია და მონასტრული ცხოვრება მათ ვერ დაეხმარება. აქ თერაპიული მიდგომაა საჭირო და კარგი იქნება, თუ ავტორიტეტული ორგანიზაციები ხმას ამოიღებენ. იმედი მაქვს, იქნებ, დეკრიმინალიზაციას მივაღწიოთ, აქ ლეგალიზაციაზე საუბარიც არ არის.   „ქრონიკა+“-მა ამ თემაზე კომენტარი სთხოვა შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურ დირექტორს, ლაშა კილაძეს: _ დეკრიმინალიზაციის მომხრე დამატებით არგუმენტებს არ ვიცნობ. მიჭირს რაციონალური მარცვლის მოძებნა, როდესაც საუბარია, რომ კანონმდებლობის ლიბერალიზაცია პაციენტის სრულფასოვანი მკურნალობისთვის უნდა მოხდეს. დეკრიმინალიზაციის მომხრეთა ერთ-ერთი არგუმენტი ის გახლავთ, რომ თითქოსდა, მარიხუანა დამოკიდებულებას არ იწვევს. სინამდვილეში, ის საკმაოდ ხშირად იწვევს მიჯაჭვულობას. მაგალითისთვის, შემიძლია გითხრათ, რომ კანაბისი ყველაზე ხშირი ნარკოტიკია კლიენტებისთვის, რომლებიც ევროპის ფარგლებში მიმართავენ მკურნალობას პირველად. ანუ ეს მეცნიერული ფაქტი და რეალობაა. მართალი გითხრათ, ამდენი ხნის განმავლობაში ვერც ერთი წონადი არგუმენტი იმისთვის, რომ ქვეყანაში მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხდეს, არ მომისმენია. ჩემს ხელთ არსებულ კვლევებსა და მონაცემებზე დაყრდნობით, არ მიმაჩნია, რომ ლიბერალიზაცია არსებულ სიტუაციას გამოასწორებს. გნებავთ, ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა რიცხვის ან სხვა სტატისტიკური მონაცემის მიხედვით გააუმჯობესებს მდგომარეობას. შესაბამისად, დეკრიმინალიზაციის აზრს, უბრალოდ, ვერ ვხვდები. ეს ყველაფერი ემოციურ დონეზე, კონკრეტული ადამიანების თავისუფლებისა და მათი უფლებების შეზღუდვის კუთხით არის წარმოდგენილი. მაგრამ რა რისკები შეიძლება დაემუქროს საზოგადოებას, ამაზე არგუმენტს ძალიან იშვიათად და შემთხვევით თუ გადავაწყდებით ხოლმე. არ ვფლობ ისეთ ინფორმაციას, რომელიც გვაჩვენებს, რომ მარიხუანის დეკრიმინალიზაცია უკეთესობისკენ შეცვლის ქვეყანაში არსებულ ნარკომდგომარეობას.  

                                                                                                გელა მამულაშვილი

     

გაზიარება