იმაზე, რომ რუსი ბაიკერები საქართველოში მხოლოდ ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნის ჟინით აღტყინებულები არ ჩამოსულან, ალბათ, დავა არ ღირს. მათი აქ ჩამოსვლის გზავნილი ბევრად უფრო პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. თუმცა ამ დრომდე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება იმაზე, მისცა თუ არა ვინმემ, ან რომელიმე უწყებამ საქართველოს ხელისუფლებიდან რუს ბაიკერებს საქართველოში გადაადგილებისას უსაფრთხოების დაცვის პირობა, ან გარანტია? ანუ ისინი აქ ისე, ალალბედზე ჩამოვიდნენ, იმის იმედით, რომ ხალხი ეთნიკური რუსებისადმი აგრესიულად განწყობილი არ არის, თუ უფრო მეტის იმედი ჰქონდათ, ვიდრე მოქალაქეების კეთილგანწყობაა?
დავიწყოთ იმით, რომ რუსი ბაიკერების მთავარმა დამრტყმელმა ძალამ, „ღამის მგლებმა“, საქართველოში ჩამოსვლისგან თავი შეიკავა. ეს, ალბათ, იმითაც იყო განპირობებული, რომ მათმა ერთმა ვიზიტმა ქვეყანაში, როცა მათ სვეტიცხოველიც მოილოცეს და პატრიარქსაც შეხვდნენ, ლამის იყო, სკანდალი გამოიწვია. ამჯერად „ღამის მგლებმა“ გამოსავალი მარტივად მოძებნეს: ისინი ტამბოვში ჩავიდნენ, იქაური ბაიკერები დააკვალიანეს, საქართველოს თავისებურებები აუხსნეს და მოტოგარბენში მონაწილეობისთვის საქართველოსკენ გზა დაულოცეს.
ყოველგვარი გართულებების თავიდან ასაცილებლად ტამბოველი ბაიკერები განთავისუფლდნენ „ღამის მგლების“ აბრევიატურისგან, თუმცა, ყველაზე მთავარი, რაც მათი აქ ჩამოსვლის მიზანი და შემდეგ გაპიარებაა, ხელუხლებელი დატოვეს _ „გეორგიევსკის ლენტი“.
სანამ იმის განხილვაზე გადავალთ, რა თავგადასავალი გადახდათ, ან გადახდებათ ბაიკერებს ამ ლენტების გამო, გავარკვიოთ, საიდან მოდის, რა დანიშნულებისაა, ვინ და რატომ შემოიღო `გეორგიევსკის ლენტები~, როგორც გამარჯვების სიმბოლო?
ძალიან ბევრი, მით უმეტეს, რუსეთსა და ბევრი საქართველოშიც, გეტყვით, რომ ეს ლენტები ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლოა. ეს მთლად ასეც არ არის. დიახ, „გეორგიევსკის ლენტი“ გამარჯვების სიმბოლო გახლავთ, მაგრამ არა ფაშიზმზე გამარჯვების, უფრო სწორად, არა მხოლოდ ფაშიზმზე გამარჯვების:
„გეორგიევსკის ლენტი“, ანუ სწორი ქართულით რომ დავწეროთ _ გიორგის ბაფთა _ 2005 წელს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 50 წლისთავთან დაკავშირებით, როგორც პატრიოტულ-პოლიტიკური სიმბოლიკა, შემოიღო რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, შემდეგ კი ეს რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის, რუსეთის იმპერიული დიდების დაბრუნების სიმბოლო გახდა.
თავად ლენტი დააარსა რუსეთის იმპერატორმა, ეკატერინე მეორემ, 1769 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. იგი გადაეცემოდათ იმპერიის სამსახურისთვის თავდადებულ და ერთგულ რაინდებს. ამიტომ „გეორგიევსკის ლენტი“ იმპერიალისტური ჯილდოა, რომელსაც საიმპერატორო სახლი ერთგულ ვასალებზე გასცემდა.
მოგვიანებით, მედლით „ჩეჩნეთისა და დაღესტნის დამორჩილებისთვის“, რომელიც გადაეცემოდათ წმ. ალექსანდრე ნეველისა და წმ. გიორგის (გეორგიევსკის) კომბინირებულ ლენტებზე, ჯილდოვდებოდნენ კავკასიის არმიისა და მარიონეტული მილიციის ყველა წოდებანი რიგითიდან გენერლამდე, მიიღეს რა უშუალო მონაწილეობა იმაამ შამილის წინააღმდეგ ომში 1857-1859 წწ.-ებში „კავკასიის ხაზის ყოფილ მარცხენა ფლანგზე დაღესტანში“, სხვადასხვა მოხალისეები (დღევანდელი გაგებით, დაქირავებულები) და არასამწყობრო დაბალი ჩინები, რომლებიც საომარი მოქმედებების დროს იმყოფებოდნენ რაზმებთან და მონაწილეობდნენ ბრძოლაში; სამხედრო და სამოქალაქო უწყებების ჩინოვნიკები, რომლებიც სამსახურებრივი საქმით იმყოფებოდნენ ჯარებთან; აგრეთვე მედიკოსები და სასულიერო პირები, რომლებიც ასრულებდნენ თავიანთ ფუნქციურ ვალდებულებებს სამეფო ჯარების საომარი მოქმედებების დროს ჩეჩნეთისა და დაღესტნის ხალხების წინააღმდეგ.
სულ მოიჭრა 145 ათასი ვერცხლისა და 2 ათასი ბრინჯაოს სამკერდე მედალი „ჩეჩნეთისა და დაღესტნის დამორჩილებისთვის“. 1911 წლის 13 აგვისტოს ახალი განკარგულებით, ყველა ის პირი, რომელმაც მიიღო ჭრილობა ან კონტუზია ამ „ისტორიულ ბრძოლებში“, ატარებდა ამ მედლებს ბაფთით. მისი პოპულარობის გამო სტალინმა ანალოგიური ბაფთა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდების ორდენს გაუკეთა და ის ბევრ ქართველსაც მიუღია.
ასე რომ, „ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლოდ“ ეს ლენტი მხოლოდ სტალინისა და პუტინის ნებით იქცა, სინამდვილეში კი რუსული იმპერიალისტური ჯილდოა, გადაწყვეტილია რუსეთის იმპერიის დროშის ფერებში და გამოხატავს სწორედ რუსეთის იმპერიის სიძლიერეს.
არავისთვისაა დასამალი, რომ პუტინს სსრ კავშირის დაშლა „მეოცე საუკუნის გეოსტრატეგიულ შეცდომად“ მიაჩნია, სსრ კავშირი კი სხვა არაფერი იყო, თუ არა მოდერნიზებული რუსეთის იმპერია. ანუ ვლადიმირ პუტინი ფარულად სწორედ რუსეთის იმპერიის სიძლიერესა და ძლევამოსილებას მისტირის და, აქედან გამომდინარე, გასაგებია, რატომაც აღაზევა „გეორგიევსკის ლენტი“. ეს განსაკუთრებით გამოჩნდა ყირიმის ნახევარკუნძულზე, სადაც არც მეორე მსოფლიო ომი იყო რაიმე კავშირში რუსეთის ქმედებებთან: „გეორგიევსკის ლენტი“ იქ გამოჩნდა, როგორც უკრაინის ამ ნაწილზე _ ყირიმზე რუსეთის იურისდიქციის გავრცელების სიმბოლო, ოკუპაციისა და ანექსიის სიმბოლო.
ასე რომ, როცა „გეორგიევსკის ლენტის“ წინააღმდეგ გამოვდივართ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩრდილს ვაყენებთ ან ვაკნინებთ ჩვენი ბაბუების ღვაწლს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც ამას მავანნი გვიკიჟინებენ. ეს ნიშნავს, რომ ვილაშქრებთ რუსული იმპერიალისტური, ძალით თავსმოხვეული სიმბოლოს წინააღმდეგ.
„სხვათა შორის, თქვენი ბაბუებიც ომობდნენ“,_ ეს სიტყვები რუსი ბაიკერების განუყრელი პასუხია პრეტენზიის დროს. ერთმა ახალგაზრდამ ამ პასუხის დროს ვერ მოითმინა და პირდაპირ მიახალა რუს ბაიკერს თბილისში: „ჩვენი ბაბუები თქვენს ბებიებსაც ტყ**დნენ და რა გამოდის, თქვენ ბაბუაჩემის შვილიშვილები ხართ?“
კურიოზების გარეშე რუს ბაიკერებთან ურთიერთობას არც ჩაუვლია და არც ჩაივლის. მეტიც, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსი მოტოციკლეტისტები პროვოკაციასაც გეგმავენ: იმის მიუხედავად, რომ უკვე კარგად იციან საზოგადოების ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულება ამ ლენტებისადმი, ისინი 9 მაისს ვაკის პარკში მიხრიგინების შემდეგ ჯერ პარკში, შემდეგ კი ჭავჭავაძის გამზირზე „გეორგიევსკის ლენტების“ დარიგებას გეგმავენ. ასეთმა აქციებმა უკვე ჩაიარა ნიუ-იორკსა და აშშ-ის სხვა ქალაქებში, მაგრამ, მოგეხსენებათ, ნიუ-იორკში უამრავი ეთნიკური რუსი ცხოვრობს და ეს ლენტები რომ რუსებით დასახლებულ რაიონებში დაარიგეს, იმიტომ არ მოხდა კონფლიქტი, თბილისში კი საქმე სხვაგვარად იქნება:
„ქრონიკა+“-მა ექსკლუზიურად შეიტყო, რომ 9 მაისისთვის აქცია „აუხსენი და მოხსენი“ იგეგმება. ზოგადად, ეს აქცია ბაიკერებისთვის ლენტის წარმოშობის ახსნას და მოტოციკლებიდან მის მოხსნას ითვალისწინებს, მაგრამ რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, საქმე ასე მარტივად არ ჩაივლის და არც შეტაკებებია გამორიცხული, თუკი, რასაკვირველია, ისევ პატრული არ იყოჩაღებს: ამ ჯგუფის წევრებმა ალტერნატიული სტიკერი დაამზადეს და მასზე გვამია გამოსახული, რომელსაც ამოსაცნობი აღწერილობის ნაცვლად ფეხის ცერა თითზე... „გეორგიევსკის ლენტი“ აქვს შებმული. სწორედ ამ სტიკერების დაკვრას აპირებენ ურჩი ბაიკერების მოტოციკლებზე, რასაც, სავარაუდოდ, დაპირისპირება მოჰყვება... „აუხსენი და მოხსენის“ ჯგუფში, ყოველი შემთხვევისთვის, კუნთმაგარი ახალგაზრდები სჭარბობენ და ალტერნატიული სტიკერების ბეჭდვაც გამალებულად მიმდინარეობს.
შეიძლება თუ არა „გეორგიევსკის ლენტას“ კანონი დაუპირისპირდეს და ის კანონგარეშედ გამოცხადდეს? დიახ, შეიძლება, მაგრამ ამისთვის საჭიროა 2013 წლის დეკემბერში ცვლილებებით დამტკიცებული კანონის „თავისუფლების ქარტიის“ მიხედვით, შსს-სთან არსებულმა სპეციალურმა კომისიამ ლენტი შეიტანოს „კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკების“ სიაში _ სწორედ ეს კომისია ადგენს ნუსხას იმ სიმბოლიკებისა, რომლებიც ამ კანონით იკრძალება და აღმოფხვრას ექვემდებარება. მოასწრებენ კი ამის გაკეთებას შსს-ში, ან, საერთოდ, აქვთ კი სურვილი, გააკეთონ?
ალბათ, არა, რადგან ეს ზედმეტად თავის ატკივებაა: იმ შემთხვევაში, თუ „გეორგიევსკის ლენტი“ ამ ნუსხაში შევა, შსს-ს მისი აღმოფხვრისთვის ზომების გატარება მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიციელებმა რუს ბაიკერებს მოტოციკლიდან სიმბოლიკის მოშორება უნდა მოსთხოვონ და განუმარტონ, რომ ამას კანონი ავალდებულებთ...
ამაზე საქართველოს ხელისუფლება რომ წამსვლელი ყოფილიყო, აქამდეც წავიდოდა. ესე იგი, არანაირი ცვლილება არ მოხდება და ყველა მოცემულობა ძალაში რჩება:
რუსი ბაიკერები „გეორგიევსკის ლენტებით“ უკვე თბილისში არიან;
ლენტების ტარება არ არის აკრძალული კანონით მანამ, სანამ ის არ შევა აკრძალული სიმბოლიკების არსებულ ნუსხაში;
ლენტებით რუსების გადაადგილება აგრესიას იწვევს საზოგადოების დიდ ნაწილში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ერთ შემთხვევაში რუსმა ბაიკერებმა აგრესიას აგრესიით უპასუხეს, რის გამოც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, უფრო ადრე კი დააკავეს „თავისუფალი ზონის“ ბიჭები, რომლებმაც თვითნებურად მოხსნეს ლენტები მოტოციკლებიდან, ხოლო რუსეთის სახელმწიფო დროშა დაჭრეს.
დაპირისპირება კულმინაციას მიაღწევს 7-9 მაისს, როცა რუს ბაიკერებს დასკვნითი ჯგუფი შემოუერთდება და თბილისში მასობრივ მოძრაობას, პლუს ლენტების დარიგებას დაიწყებენ...
შს სამინისტრო მზად არ აღმოჩნდა, სიმბოლიკა აეკრძალა. ისმის რიტორიკული კითხვა: მზადაა თუ არა უწყება მოსალოდნელი გართულებებისთვის?
დოროთე გითოლენდია